"სააკაშვილის ხელისუფლება თავგამოდებით ემზადებოდა 2 ოქტომბრისთვის, მაგრამ ტოტალური გაყალბებისა და ძალის გამოყენების გეგმები დღის წესრიგიდან მოიხსნა, რაც დასავლეთის დიდი ძალისხმევის შედეგია. ვფიქრობ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სააკაშვილს ისეთი ალტერნატივა დაანახვა, რომ ის იძულებული შეიქნა, განზრახვაზე ხელი აეღო - შეიძლება სააკაშვილს გარკვევით უთხრეს, რომ მის მიერ ძალის გამოყენების შემთხვევაში, იმისთვის, რომ რუსეთი ამ საბაბით არ დახმარებოდა ოპოზიციას, დაახლოებით ისე, როგორც დასავლეთის ქვეყნები ეხმარებიან არაბული ქვეყნების ოპოზიციებს და რომ არ გამოეყენებინა ეს საქართველოს ინტერვენციისთვის, ამერიკელი საზღვაო-ქვეითთა შენაერთები ჩაერთვებოდნენ ქართული ოპოზიციის დაცვის პროცესში", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რა არჩევანის წინაშე შეიძლება დაეყენებინა დასავლეთს მიხეილ სააკაშვილი / "ბიძინა ივანიშვილს ჯადოსნური ჯოხიც რომ ჰქონდეს, ყველას სურვილი ერთბაშად მაინც ვერ ახდება".
"გასათვალისწინებელია, რომ არჩევნებამდე საქართველოში ჩამოსული იყო ამერიკელ საზღვაო-ქვეითთა მაღალჩინოსნების ჯგუფი. ასეთ შემთხვევაში სააკაშვილს არც "იმედის" მოდელირებული "ქრონიკის" ვერსია და გმირის მანტიით ქვეყნის დატოვება გამოუვიდოდა და არც გაყალბებული შედეგები შერჩებოდა. სავარაუდოდ, მას მოვლენების განვითარების მეორე ვარიანტსაც შესთავაზებდნენ. ანუ, თუ საქართველოში პროცესები მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ ჩარჩოში წარიმართებოდა, სააკაშვილს დაუბრუნებდნენ "დემოკრატიის შუქურის" წოდებას და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ამ წოდებით ატარებდნენ აქეთ-იქით მსოფლიოში, მოკლედ, სააკაშვილმა მიიღო გარკვეული გარანტიები და რა გასაკვირია, რომ სწორედ მეორე აერჩია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"ნაციონალურ მოძრაობას~ ხელისუფლებაში დაბრუნების მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. ეს, მგონი, სააკაშვილმაც მშვენივრად იცის. ვგულისხმობ მის განცხადებას გამგებლების, მერებისა და გუბერნატორების არჩევითობაზე. გარდა ამისა, მეეჭვება, ძალაუფლების დაბრუნების გეგმის მქონე პარტიის წევრები ისე იქცეოდნენ, როგორც ახლა იქცევიან "ნაციონალები". ვგულისხმობ, ახლახან პარტიის გენერალურ მდივნად დანიშნული ვანო მერაბიშვილის ქვეყნიდან გაუჩინარებას, აგრეთვე, შაშკინის, ადეიშვილისა და ა.შ. გაქცევას. საეჭვოა, ეს პროცესები მიმდინარეობდეს იმ გუნდში, რომელსაც ხელისუფლებაში ხელახლა მოსვლის რამე გეგმა აქვს. ასეთი ძველი და ერთგული მხარდამჭერები თუ ქვეყნიდან გარბიან, რიგითი მხარდამჭერების მხრიდან, ალბათ, დიდი ერთგულების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ფინანსური რესურსი, ალბათ, აქვთ ბანკებში, მაგრამ მისი გამოყენების შანსი დაბალია, რადგან საეჭვოა, რომ ეს კანონიერი რესურსი იყოს", - მიიჩნევს პოლიტოლოგი და შეკითხვას - "რას იტყვით ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაზე?" - პასუხობს:
"საქართველოში ყოველთვის იდგა საკადრო პოლიტიკის პრობლემა, თუმცა ეს მინისტრთა კაბინეტი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, უფრო პროფესიული და აქამდე პატიოსანი შრომით მოსული ადამიანების ნაკრებია. ჯერჯერობით ის საქართველოს ისტორიაში შესულ ყველა მინისტრთა კაბინეტს სჯობია. ახლა ჯერი საქმის კეთებაზეა. პარლამენტის პირველმა სხდომამ აჩვენა, რომ ახალი ხელისუფლება შეურიგებელი იქნება ძველი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ. ეს გამოჩნდა დავით უსუფაშვილის გამოსვლაში, როდესაც მან ირინა ენუქიძე გაიხსენა და იმაშიც, როდესაც უმრავლესობა პრეზიდენტს ფეხზე ადგომით არ შეხვდა. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ისინი იწყებენ უკვე არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ბრძოლას. ახალი ხელისუფლებისგან საზოგადოება ბევრს ელის, ეს გუნდი ჯერ საქმეში არ გვინახავს, თუმცა ბრძოლაში ვნახეთ. სახელმწიფო პრობლემების გადაწყვეტის პროცესი საკმაოდ რთულია. ალბათ, იქნება იმედგაცრუებაც, ოღონდ ამ იმედგაცრუებაზე საჭირო იქნება შესაბამისი პასუხი ხელისუფლებისგან. "ნაციონალურ მოძრაობას" სწორედ ეს პრობლემა ჰქონდა: როდესაც ვერ ახერხებდნენ პრობლემის გადაჭრას, საზოგადოებასთან ლაპარაკს წყვეტდნენ. მოსახლეობასთან კონტაქტი არ უნდა გაწყდეს, იმ უნდობლობამ, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით საზოგადოების ნაწილში აუცილებლად გაჩნდება, კრიზისი რომ არ წარმოშვას. ბიძინა ივანიშვილს ჯადოსნური ჯოხიც რომ ჰქონდეს, ყველას სურვილი ერთბაშად მაინც ვერ ახდება"