მანანა კობახიძე ცოლად ბავშვობის სიყვარულს გაჰყვა

მანანა კობახიძე ცოლად ბავშვობის სიყვარულს გაჰყვა

მანანა კობახიძემ პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში "ქართულ ოცნებაში" გადადგა. ბიძინა ივანიშვილმა პირველ პარტიულ ყრილობაზე ის პარტიის თავმჯდომარედ დაასახელა. შემდეგ იყო რთული საარჩევნო პერიოდი. მანანა კობახიძე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მეორე ნომრად დასახელდა, არჩევნების მოგების შემდეგ კი პარლამენტის ვიცე-სპიკერად წარადგინეს. მძიმე პოლიტიკური მოვლენების პარალელურად მანანა კობახიძის ცხოვრებაში ბავშვობის სიყვარული დაბრუნდა. ზაზა გოგიჩაიშვილი პროფესიით მშენებელ-ინჟინერია. მათი სიყვარულის ისტორია კი საკმაოდ უჩვეულოა...

- ქალბატონო მანანა, არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ერთ-ერთ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია თქვენი დაოჯახების შესახებ.
- საერთოდ, არ მიყვარს პირად თემებზე საუბარი. ვფიქრობ, ყველას გვაქვს ჩვენი ავტონომიური სფერო და ეს არის პირადი. სამწუხაროა, რომ ისე გაავრცელეს ეს ინფორმაცია, სტატიის ავტორმა ერთი კითხვაც არ დამისვა. არაფრის დამალვას არ ვაპირებ. ნამდვილად ასე მოხდა, მე და ზაზა გოგიჩაიშვილმა ოჯახი შევქმენით. ის არ არის ცნობილი ადამიანი. ერთ ეზოში ვცხოვრობდით, ერთად გავიზარდეთ და ბაღიდან ვიცნობთ ერთმანეთს. შემდეგ ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ზაზა დაოჯახდა, მაგრამ მეუღლეს მალე დაშორდა. მე კი 2001 წელს მეუღლეს სამართლებრივად დავშორდი და შემდგომ, 2009 წელს ის გარდაიცვალა. ბავშვები გვყავს და ნორმალურ ურთიერთობას ვინარჩუნებდით. ჩვენ ერთად აღარ ვცხოვრობდით, როდესაც ის გარდაიცვალა. ვფიქრობ, ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება და მეორედ დაოჯახება არ არის ცოდვა და დანაშაული. საზოგადოების წინაშე თავის მართლებას არ ვაპირებ, სასაცილო იქნება, ეს რომ განსჯის საგანი გახდეს, მით უმეტეს XXI საუკუნეში.

- ცნობილი სახე ხართ და ამიტომ გაიზარდა საზოგადოების მხრიდან ინტერესი.
- დიახ, საზოგადოების ინტერესი რომ დავაკმაყოფილო, ამიტომ გესაუბრებით. ზაზასთან 20 წელზე მეტია არანაირი ურთიერთობა არ მქონია. მისი დაოჯახების შემდეგ ჩვენი გზები გაიყო. მეც 20 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი. ჩვენი მამები, დედები მეგობრობდნენ, ერთ ეზოში ათი წელი ვიცხოვრეთ.

- მაშინ არავითარი გრძნობა არ ყოფილა თქვენ შორის?
- დიახ, ბავშვობის "რაღაც" იყო (იღიმება). კარგი მეგობრები ვიყავით, ერთად გავიზარდეთ. ეს იყო თბილი და მეგობრული ურთიერთობა, გრძნობაც იყო, მაგრამ უფრო მისგან. ალბათ ჩემგანაც, მაგრამ ეს იყო ბავშვური გრძნობა. შემდეგ, როგორც გითხარით, ჩვენი გზები გაიყო და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახებს ბოლომდე ჰქონდა ურთიერთობა, ზაზა 20 წელზე მეტია არ მინახავს. ის თავისთვის იყო, მე ჩემი ოჯახი მქონდა, ქმარ-შვილი მყავდა. სიმართლე გითხრათ, ცოტა გასაკვირია, რომ ამდენი წელი ერთ ქალაქში ცხოვრობ და შემთხვევითაც არ შეგხვედრია ადამიანი. შეიძლება, ისიც არიდებდა თავს ამ შეხვედრას...

- ამდენი წლის შემდეგ სად შეხვდით ერთმანეთს?
- არ შევხვედრილვარ, "ფეისბუქზე" მომწერა. ოღონდ ჩემს პარტიულ დაწინაურებამდე (იღიმება). ეს იყო აღდგომამდე, ჯერ პარტიული კრებაც არ იყო ჩატარებული. "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფში ვიყავი, მაგრამ არანაირი თანამდებობა არ მეკავა. ზაზა რომ ჩემი პოლიტიკური გააქტიურების შემდეგ გამოჩენილიყო, შეიძლება ვინმეს, ან მეც ეჭვი შემპარვოდა, რომ ეს გააქტიურება ჩემს კარიერულ მდგომარეობას უკავშირდებოდა. ზაზა პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის. რა თქმა უნდა, გვერდში მიდგას და ჩემი წარმატება უხარია, მაგრამ რაც უფრო ნაკლებად ვიქნები დატვირთული, მისთვის უკეთესია.

- იცანით, როცა "ფეისბუქზე" მოგწერათ?
- ამ სახელით და გვარით მარტო მას ვიცნობდი. მოკრძალებულად მომიკითხა და მეც ვუპასუხე. ორი თვის განმავლობაში მიმოწერა გვქონდა. ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე და არაფერი ხდება მისი ჩარევის გარეშე. ჩვენს დაოჯახებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მოძღვრებმა - მამა დავითის ტაძრის არქიმანდრიტმა მამა იოანემ და საირმის ტაძრის მოძღვარმა მამა დავითმა. ალბათ მათმა სწორმა დამოკიდებულებამ ამ ურთიერთობის მიმართ, მათმა დარიგებამ, რჩევებმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. მათი დახმარებით მაშინ პატრიარქს შევხვდით. დაგვლოცა და ამან ძალიან დიდი ძალა მომცა. პატარა შვილები არ მყავს. უფროსი 23 წლის არის, მეორე - 20-ის. იმასაც ვფიქრობდი, რას იტყოდა საზოგადოება, ხალხი, ოჯახი... ჩვეულებრივი ქართული ტრადიციული ოჯახი მაქვს, მყავს მამა, ძმა... ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც ცხოვრების განმავლობაში მიმიღია.

- ალბათ წინასაარჩევნო პერიოდში ორმაგად ნერვიულობდით.
- არჩევნებამდე რომ არაფერი მოხდებოდა, ეს ზუსტად ვიცოდი, იმდენად ჩართული ვიყავი საარჩევნო ბრძოლებსა და ბატალიებში. ერთი თვის განმავლობაში საჩხერეში მივდიოდი და მოვდიოდი. დღეში ხან ხუთ შეხვედრას ვატარებდით, მიუვალ სოფლებში დავდიოდი, სადაც სამანქანო გზაც არ იყო, მაგრამ ზაზა ძალიან მეხმარებოდა. შეიძლებოდა, დღის განმავლობაში ორჯერ ჩამოსულიყო საჩხერეში. მას მეტი პრობლემა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ რაღაცაში დამხმარებოდა.

- ალბათ საერთო პოლიტიკური შეხედულებებიც გქონდათ.
- "ქართული ოცნების" ძალიან დიდი მხარდამჭერია. ის რომ "ნაციონალების" მხარდამჭერი ყოფილიყო, გამორიცხულია, მიუხედავად მეგობრობისა, ვერანაირი ურთიერთობა ვერ წარმომიდგენია (იღიმება). თუმცა არაფერში არ ერეოდა, ზედმეტი კითხვაც კი არ დაუსვამს ჩემთვის. უბრალოდ, ის იყო ჩვენი მხარდამჭერი და აქციებზე ჩემთან ერთად დადიოდა. თუმცა დისკომფორტი რომ არ შემქმნოდა, ხშირად რა ადგილას იდგა, ისიც არ ვიცოდი.

- ალბათ მაინც განიცდიდით, შეიძლებოდა, თქვენ გამო იმ პერიოდში პრობლემებიც შექმნოდა.
- არ იყო გამორიცხული, რაიმე პროვოკაცია მისთვისაც მოეწყოთ. მთელ ოჯახს გვისმენდნენ და მათთვის ყველაფერი ცნობილი იყო. ალბათ ერთ-ერთი სამიზნე ზაზაც იყო. მაგრამ ძალიან სუფთა წარსული აქვს და ვერაფერს ამოუქექავდნენ. საფრთხე იყო მისი ოჯახის წევრების მიმართ. ძმას ბიზნესი აქვს და შეიძლებოდა, მისთვის დაეშავებინათ რამე. საფრთხის ქვეშ მის ოჯახსაც ვაყენებდი, მაგრამ ამის გამო, ზუსტად ვიცი, უკან არ დაიხევდა.

- იმ მძიმე პერიოდში როგორ განვითარდა თქვენი სიყვარულის ამბავი?
- ღმერთის გარეშე არაფერი ხდება. ერთი რამ მინდა გითხრათ, არაფერი დამიგეგმავს. ვცხოვრობდი ისე, როგორც ვთვლიდი, რომ უნდა მეცხოვრა. უფლის ჩარევით ხდება ასეთი რაღაცები, მორწმუნე ადამიანი ვარ და მაინც ასე მიმაჩნია.

- როგორ შეგცვალათ გრძნობამ?
- ვნერვიულობდი, იმიტომ, რომ ამისთვის არ მეცალა. ამ ურთიერთობას სჭირდებოდა დრო და სხვა განწყობა. ლამის საომარ მოქმედებაში ვიყავით, მაგრამ როცა ორ ადამიანს შორის თბილი დამოკიდებულებაა, ამას ეს ხელს ვერ შეუშლის. ვფიქრობდი, რომ ეს იყო ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯი, პირველ რიგში, შვილების წინაშე, რომლებიც ძალიან ნორმალურად შეხვდნენ ამ ამბავს. მათ რომ არ ჰქონოდათ ასეთი დამოკიდებულება, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. შვილებს ტკივილს არ მივაყენებდი, მათი მხრიდან რომ პროტესტი დამენახა. მათ დაინახეს ზაზას დამოკიდებულება ჩემ მიმართ, მათ მიმართ და ნორმალურად შეხვდნენ ამ ამბავს.

- ჯვარი დაიწერეთ?
- მანამდე ხელი მოვაწერეთ. საკმაოდ უცნაური ისტორიაა, დროის უქონლობის გამო ხელი სახლში მოვაწერეთ. "კონკიდან" რეესტრის თანამშრომელი სახლში მოვიწვიეთ. როდესაც უფროსს, გვარად კობახიძეს, გაუგია, ვისთან მოდიოდა, თვითონ მოვიდა. საღამოს რვა საათი იყო, მე საჩხერიდან მოვდიოდი და მძღოლს ვთხოვდი, ისე ევლო, რვა საათზე სახლში ვყოფილიყავი (იღიმება). ჯვარი 11 ოქტომბერს მამა დავითის ეკლესიაში დავიწერეთ. ზაზას პირველ ქორწინებაში არ ჰქონდა ჯვარი დაწერილი. როგორც გითხარით, პირველ მეუღლეს მალე გაშორდა. მე ჯვარდაწერილი ვიყავი, მაგრამ აქრიმანდრიტის კურთხევით და შესაბამისი პროცედურების დაცვით, რადგან ყოფილი მეუღლე გარდაცვლილია და თან მანამდეც დაშორებულები ვიყავით, ნება დაგვრთეს, ჯვარი დაგვეწერა. ეს იყო ზაზას ძალიან დიდი სურვილი.

- ქორწილი არ გადაგიხდიათ?
- ჯვრისწერას მხოლოდ მეჯვარეები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ასევე ბატონი ბიძინა მეუღლესთან ერთად.

- ბიძინა ივანიშვილი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
- მომილოცა, ძალიან გაუხარდა. ყველაზე მეტად ამის გამხელა მამაჩემსა და ბატონ ბიძინასთან მერიდებოდა (იღიმება). არ მინდოდა ეფიქრა, რომ ამხელა თანამდებობაზე ვიყავი და ახლა დავიწყე პირად ცხოვრებაზე ფიქრი. მითხრა, რომ ოჯახური ცხოვრება საჭირო და აუცილებელია, ამას მხოლოდ მიესალმებოდა, მთელი გულით მომილოცა. ჯვრისწერამ ნორმალურად ჩაიარა. პოლიტიკოსებიდან ელისო ჩაფიძე და ეკა ბესელიაც დაესწრნენ. საღამოს ვახშამი გვქონდა. მინდოდა, ჩვენი ვიწრო პარტიული აქტივისთვის მეუღლე გამეცნო. ვცდილობდი, წყნარად ჩაევლო ყველაფერს, მაგრამ რესტორანში მისვლამდე ზაზას მეგობარმა დაურეკა, ვის რესტორანშიც ვიხდიდით ვახშამს და უთხრა, გარეთ ბევრი ჟურნალისტი დგას და რამე მოიფიქრეო. საერთოდ ჟურნალისტებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რომ ეთხოვათ, გადაღება პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ იმდენად ჩასაფრებულად მოიქცნენ, მეწყინა. რესტორანში სხვა შესასვლელიდან შევედით, ვერ დაგვინახეს (იღიმება). პირველად ვისაც ღიად ვესაუბრები, თქვენ ხართ.

- პოლიტიკური ოცნება აისრულეთ და პირად ცხოვრებაშიც ბედნიერი ხართ, ახლა რა დაგრჩათ საოცნებო?
- მნიშვნელოვანი წელია, ხალხს ჩვენი ძალიან დიდი იმედი აქვს. არ მინდა, ოდნავ მაინც გაუცრუვდეთ. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მთხოვს შეხვედრას და სამსახურს. ამ წუთას ჩემი ფიქრი და ოცნება ის არის, რომ ისე შევძლოთ პარლამენტმა და მთავრობამ მუშაობა, ქვეყანა ამ სიდუხჭირიდან გამოვიდეს. ხალხი არ გვაპატიებს არც მე და არც ჩვენი გუნდის შემადგენლობას. ბრძოლა ახლა იწყება და ჩვენი სურვილია, ეს ოთხი წელი წარმატებული იყოს და მერე ეს აისახება პირადზეც. როცა სახლში ნორმალური ურთიერთობა გაქვს, სამსახურშიც კარგ ხასიათზე მიდიხარ და უფრო მეტი სტიმული გაქვს, რომ ხალხს ემსახურო. მნიშვნელოვანი იყო, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში და რაც მთავარია, ჩემ გვერდით ისეთი ადამიანია, რომელიც ყველა პრობლემის გადაწყვეტაში დამეხმარება. ვერც კი დავუშვებდი იმას, რომ ახლა გამოჩნდებოდა ვინმე ჩემს ცხოვრებაში (იღიმება).