12 ხმა საკონსტიტუციო უმრავლესობამდე? "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე იოლად დაძლევადი პრობლემა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვება მგონია" - ხათუნა ლაგაზიძე
"ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვებაში ყოფილი "ნაციონალები" დაეხმარებიან და ეს პირველივე სხდომაზე გამოჩნდა. თუმცა რეალურად მათ 10-12 დეპუტატის ხმა ისევ აკლდებათ. ის, რომ ახალ საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება მოუწევს, ახალი არ არის. თუნდაც ის ფაქტი, რომ ქუთაისის პარლამენტში მუშაობა შეუძლებელია, ნათლად აჩვენებს, რომ ახალი უმრავლესობა ძალიან მალე დადგება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის საჭიროების წინაშე. საინტერესოა ისიც, რომ ამის შესახებ განცხადებები ახალი უმრავლესობის მხრიდან უკვე კეთდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 12 ხმა საკონსტიტუციო უმრავლესობამდე / "ერთი ძალის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის ყოლა დადებითად ვერ ჩაითვლება".
"პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება, საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ მყარი კონსტიტუციური საფუძველი შეექმნას. "ისეთი კონსტიტუციაა შესაქმნელი, რომელსაც ერთი თვის განმავლობაში პარლამენტის ორი მესამედი ვეღარ შეცვლის. ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციური დემოკრატია. კანონის უზენაესობის დეფიციტი სათავეს იღებს სწორედ იქიდან, რომ კონსტიტუცია იქნა შეურაცხყოფილი. ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო", - განაცხადა უსუფაშვილმა. მისი თქმით, დღევანდელი კონსტიტიუცია კრიზისების აცილებაში კი არ ეხმარებათ, არამედ პირიქით, ქმნის მას. მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო უმრავლესობა დეპუტატთა 2/3-ზე მეტი უნდა იყოს. ანუ, მინიმუმ, 101 ხმაა საჭირო. დღეს კი უმრავლესობა მხოლოდ 85 დეპუტატითაა წარმოდგენილი, რაც ცოტა არ არის, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის არასაკმარისია და მათ კიდევ 16 ხმა სჭირდებათ", - აღნიშნავს გამოცემა.
"რა თქმა უნდა, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით უმცირესობასთან შეთანხმებაც იქნება შესაძლებელი, მაგრამ "ნაციონალების" მხრიდან უკვე კეთდება განცხადებები, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ არც პარლამენტის ისევ თბილისში გადატანას და არც სხვა მსგავს საკითხებს. მაგრამ პირველივე სხდომაზე აღმოჩნდა, რომ პარლამენტში "ნაციონალების" სახელით გასული ხუთი მაჟორიტარი საპარლამენტო უმცირესობაში არ გაერთიანდა. ამიტომაც დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ გადამწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით ისინი მხარს უმრავლესობას დაუჭერენ. გარდა ამისა, პარლამენტის სპიკერატში წარმოდგენილ პოსტებზე დამტკიცებისას კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატებმა იმაზე მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე კოალიციას პარლამენტში სადეპუტატო მანდატი აქვს", - დასძენს გამოცემა.
"საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი კი ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. "თითოეული დეპუტატი თავად წყვეტს. უმცირესობის გადაწყვეტილება დავით ბაქრაძემ გაგაცნოთ და თუ კონკრეტულ დეპუტატს სხვა პოზიცია აქვს, ის ალბათ ამის შესახებ გამოვა და თავად იტყვის. მე სიღრმეებში არ ვეძიები", - აღნიშნა მაჭავარიანმა. რაც შეეხება იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან პარლამენტში გასული ხუთი დეპუტატი უმცირესობის ფრაქციაში არ გაწევრიანდა, მაჭავარიანი აცხადებს, რომ ეს მათთან შეთანხმებული იყო. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ პოტენციურად შვიდი დეპუტატი უმრავლესობის მხარდამჭერი იქნება და მათ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის მხოლოდ ცხრა დეპუტატი აკლდებათ", - წერს სტატიის ავტორი.
"თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ უმრავლესობიდან სამი მაჟორიტარი მინისტრად დაინიშნება და მათ ადგილმონაცვლე მომავალი წლის ნოემბრამდე ვერ ეყოლებათ, რადგან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გამოკლებული მაჟორიტარის ადგილმონაცვლე მხოლოდ ოქტომბერში შეიძლება იქნას არჩეული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობას საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კიდევ სამი დეპუტატის მიმხრობა დასჭირდება. საერთო ჯამში, მინიმუმ, 12 დეპუტატზეა საუბარი. მეორე მხრივ, უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის პრობლემა დგება, რაც გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქვეყნისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ აღმოჩნდა. თუმცა პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ახლა ვითარება განსხვავებულია და ქვეყანა იგივე საფრთხის წინაშე არ დადგება, თუკი უმრავლესობა საკონსტიტუციო ნიშნულს მიაღწევს", - დასძენს სტატიის ავტორი.
"საკონსტიტუციო უმრავლესობამდე, ალბათ მივდივართ: გარდა იმ ხუთი დეპუტატისა, რომლებიც "ნაციონალებიდან" პირველი სხდომაზე გამოვიდნენ, კენჭისყრის დროს ორი უცნობი ადამიანი აქტიურად აძლევდა ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატებს. სულ ცოტა, ამ ორ ადამიანზეც შეიძლება ითქვას, რომ "ნაციონალების" აღარ არიან. ამის შემდეგ სულ რაღაც რვა დეპუტატი რჩება საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის და, თუკი პირველი სხდომაზე შვიდი დეპუტატი გამოჩნდა, ვისაც "ნაციონალებთან" ყოფნა აღარ უნდათ და ყოფილი უმრავლესობიდან რვა დეპუტატის წასვლაც აღარ იქნება პრობლემა. ეს პროცესი განსაკუთრებით მას შემდეგ დაჩქარდება, რაც დაიწყება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების საქმეების შესწავლა სხვადასხვა დანაშაულების გამო და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
"ასე რომ, "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე იოლად დაძლევადი პრობლემა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვება მგონია. შემდეგ უკვე იქნება ის ეტაპი, რომ "ქართული ოცნება" ხომ არ გახდება ახალი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობის ყოლით. მაგრამ კოალიციის შიგნით არის საღი კონკურენცია და ამიტომ ეს არ იქნება ისეთი მონსტრი გაერთიანება, როგორიც იყო "ნაციონალური მოძრაობა" და ესეც არის იმედის მომცემი. თავისთავად ერთი ძალის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის ყოლა დადებითად ვერ ჩაითვლება და მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც ხიბლავს ასეთი რამ, რა კეთილშობილური მიზნებითაც არ უნდა იყოს ეს შექმნილი", - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.