პატიმრობაში მყოფი გიორგი დემეტრაძე, საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის ფარგლებში, "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტმა #17 დაწესებულებაში მოინახულა. დემეტრაძე ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 2010 წელს დააპატიმრეს. მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული. გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი დემეტრაძესთან.
- გიორგი, პატიმრობის განმავლობაში თუ განხორციელებულა თქვენზე რაიმე სახის ზეწოლა?
- ვიმყოფებოდი ჯერ გლდანის, შემდეგ რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში. ამ ხნის განმავლობაში კარცერში ერთხელ ვარ ნამყოფი, ეს მოხდა მეექვსე განყოფილებაში. უფროსი იყო დათო მარგებაძე. 28 დღე ჩამკეტეს, ბარათი დამიბლოკეს, არც კბილის ჯაგრისი მქონდა, არც ქაღალდი. ჩემი ჩაკეტვის მიზეზი აუხნელი იყო. 28 დღის განმავლობაში დღეში ერთი საათით მიშვებდნენ, გარდა შაბათ-კვირისა. ამის მერე დავწერე საჩივარი, რომლის შემდეგაც ჩემთან მოვიდა გაგა მკურნალიძე. ვკითხე, რატომ გამომკეტეს. მან კითხვა დამიბრუნა, რატომ არ გიშვებენო? საჩივრის დაწერის მერე მომხსნეს კარცერიდან.
- სხვა პატიმრების წამების ფაქტები თუ გინახავთ რომელიმე საპყრობილეში?
- გლდანის ციხეში სულ მესმოდა პატიმართა ყვირილი და განწირული ხმები. ყველაზე მეტად ოლეგ ფაცაციას არ აქებდნენ.
- თქვენი დაპატიმრების ოფიციალური მიზეზი ცნობილია, თუმცა ამ მოტივს არ ეთანხმები, როგორ ფიქრობ, რატომ დაგაკავეს?
- დღემდე ვერ გავიგე ეს. არც ვიცოდი, რა მუხლია ქურდული ტრადიციები. ციხეში გავიგე ამ მუხლის შესახებ. ადამიანი, რომელთანაც სატელეფონო საუბარი გამომიქვეყნეს, არის ჩემი მეგობარი. მან მომიკითხა, როგორ ხარო? შემდეგ ერთმანეთს უნდა შევხვედროდით, თუმცა ერთმანეთამდე არც მიგვიშვეს და ერთად დაგვიჭირეს. ჩემს მეგობარს დათუნა გაგნიძეს ჩემს თვალწინ ჩაუდეს იარაღი. ამის მერე გვეუბნებოდნენ, რომ დანაშაული გვეღიარებინა. გვითვლიდნენ პროკურატურიდან და გვევაჭრებოდნენ - აღიარეთ და ამდენი გადაიხადეთო. აღიარების დროს ხელი უნდა დაგვედო ერთმანეთისთვის, რაზეც განვაცხადეთ კატეგორიული უარი. სასამართლოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს. ჩვენ კი გვაქვს მტკიცებულებები, რომ უდანაშაულოები ვართ. საქმეში წერია, რომ მანუჩარ მარგიანმა და ვინმე კურცხალიამ ამოუღეს იარაღი გაგნიძეს. ეს ორი პირი რომ დაიბარეს სასამართლოში, მათ თქვეს, რომ იარაღი არც ერთს არ ამოუღია გაგნიძისთვის. მათ კითხეს, ვინ ამოუღო იარაღი, თუმცა თქვეს, რომ არ იცოდნენ ამის შესახებ. გვედავებიან, რომ კიევში იყო ქურდული გარჩევები და იქ ერთად იყავითო. დათუნა ჩემს ჩასვლამდე იყო კიევში და საზღვარი, შესაბამისად, სხვადასხვა დროს გადავკვეთეთ. ეს მტკიცებულებაც მივიტანეთ, მაგრამ არ გაითვალისწინეს. ჩვენ მოვითხოვეთ იარაღზე ექსპერტიზაც იმის დასადგენად, რომ დათუნას ანაბეჭდები იყო თუ არა იარაღზე, მაგრამ ექსპერტიზა არ ჩაგვატარებინეს.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ კალაძესთან მეგობრობის ფაქტორიც იყო თქვენი დაკავების საფუძველი?
- შეიძლება ასეა, მაგრამ ვერაფერი გავიგე. აღიარებითი ჩვენება რომ არ მივეცით, ვირთხა მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა გაგვასამართლა ასე.
- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ძველი ხელმძღვანელობის პირობებში თუ გქონდათ შიშის ფაქტორი?
- შიშის ფაქტორი არასდროს არ მქონია. პირველი ღირსება, კაცობა და ადამიანობაა. შიში რომ მქონოდა, დანაშაულს ვაღიარებდი.
- სამედიცინო მომსახურება როგორია დაწესებულებაში?
- ძალიან ცუდი იყო. ახლაც ალბათ იგივე მდგომარეობაა. სათანადო მკურნალობას ვერ უწევენ ავადმყოფებს. არიან ადამიანები, ვინც ვერ ლაპარაკობენ, ვერ დადიან, ეტლებზე სხედან და აქ იმყოფებიან პირობების გარეშე.
- როგორ შეაფასებდით თქვენი მეგობრის, კახი კალაძის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას?
- კახი ნიჭიერია. როგორც ფეხბურთში იყო ძალიან მაგარი, ამ სფეროსაც აუღებს ალღოს და წარმატებებსაც მიაღწევს.
- აგვისტოში პრეზიდენტმა შეგიწყალათ. თუ გქონდათ სურვილი, რომ შეწყალება შეგხებოდათ ან თუ გქონდათ განცხადება ამის თაობაზე დაწერილი?
- ფურცელი მივიღე, სადაც ეწერა, რომ სასჯელი გამინახევრდა. მე არც მითხოვია შეწყალება და არც ვთხოვდი. თვითონ არ გახდეს სააკაშვილი ცოტა ხანში შესაწყალებელი.
- ახალი ხელისუფლების პირობებში მოითხოვ თუ არა, რომ თქვენი საქმე გადაიხედოს?
- ჩემს მიმართ განხორციელებული უსამართლობის შესახებ ყველამ იცის - ცამდე მართალი ვარ და იმედი მაქვს, რომ როგორც მე, ისე პატიმრების დიდი ნაწილი საკუთარ ოჯახებს ახალ წლამდე ნახავენ. საქმეების გადახედვას წლები დასჭირდება, თანაც იმ ნაძირალა მოსამართლეების ხელში, ვინც დავალებებს ასრულებდნენ, რაც ცუდია და უკანონო პატიმრები უნდა გაგვათავისუფლონ.
- გათავისუფლების შემდეგ რა გეგმები გაქვთ? კალაძის მსგავსად, ხომ არ გეგმავთ სპორტიდან პოლიტიკაში წასვლას?
- 36 წლის ვარ და აქტიურ ფეხბურთს ვეღარ დავუბრუნდები. შემდგომში ვნახოთ. უსაქმურად არ დავრჩები. პატიმრობის პერიოდში მეჩვიდმეტე დაწესებულებაში ფეხბურთს ხშირად ვთამაშობდი პატიმრებთან ერთად. აქ თითქმის ყველა ვარჯიშობს. რაც შეეხება პოლიტიკას, არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია. რომ გავალ, ცოტა ხანს დავისვენებ და შემდეგ მოვიფიქრებ, რა უნდა ვქნა, თუმცა ძალიან მაწუხებს პატიმრების ბედი და თუ გავედი ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკანონო პატიმრებს დავეხმარო. ამ დაწესებულებაში ნახევარზე მეტი პატიმარი მეორე-მესამე ნაწილით სხედან. აქედან 99% შეთითხნილი საქმეებია, ნარკოტიკის ჩადების გამო იმყოფებიან ციხეში. ამის გარჩევა, ვის რამდენი აბი ჩაუდეს, წლების საქმეა და უკანონო პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.
- ცოტა ხნის წინ ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი კადრები გავრცელდა. რა რეაგირება იყო ამ დაწესებულებაში?
- ყველამ იცოდა, რომ პატიმრებს აწამებდნენ, მაგრამ კადრები რომ გავრცელდა, ჩვენზე ძალიან იმოქმედა. ყველაზე დამნაშავეები არიან ის მოსამართლეები, რომლებიც ამდენ ხალხს უშვებენ ციხეებში. პირველ რიგში ასეთი პატიმრების საქმეები უნდა გადაიხედოს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ გავალ აქედან, რითაც შემეძლება, პატიმრებს დავეხმარები. # 6 დაწესებულებაში ჩემთან იჯდა ბიჭი, რომელსაც ტერორისტულ აქტს აბრალებდნენ. მან საერთოდ არ იცოდა, ტერორიზმი რა იყო. რომ გავალ, მას დავეხმარები, რითაც შემეძლება.
უამრავი ადამიანი ზის, რომელსაც შეხება არ ჰქონია დანაშაულთან. შეგიძლია შეხვიდე #6-ში?
- კი, შემიძლია.
- ორი წუთი გთხოვ, რომ ნახო ავთანდილ ძაძუა. ესაა, ვისაც ტერორისტული აქტის მოწყობაში ადანაშაულებენ. აბსოლუტურად უდანაშაულოა და პირველად მართლა ციხეში გაიგო, რა არის ტერორიზმი. ციხემ კარგი რაც მომცა, ის არის, რომ ბევრი ვაჟკაცი და კარგი ადამიანი გავიცანი. მთელი ცხოვრება რომ აქტიურ ცხოვრებას მივსდევდი და უცბად უმიზეზოდ გამომკეტეს, ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი იყო, მაგრამ უნდა გავუძლო და ვუძლებ კიდეც. ყველაზე მეტად ვინც მენატრება, ჩემი ოჯახია, ჩემი და, დის შვილი, მამა და მეგობრები. იმედი მაქვს, მალე გავთავისუფლდები.