"დათო და ბაჩო ახალაიებმა, გია დგებუაძემ - "მასტერამ", დავით ჭაკუამ, სოსო თოფურიძემ, ალექსანდრე მუხაძემ დღემდე ვერ მოახერხეს თურქეთიდან გაღწევა

"ეს დოკუმენტები გაცემულია ქალაქ რიზეს სასტუმროში, სადაც 2012 წლის 5 ოქტომბრიდან თავი შეაფარეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ჭაკუამ, კუდ-ის უფროსის მოადგილემ სოსო თოფურიძემ და გლდანის მერვე საპყრობილის ცნობილმა ინკვიზიტორმა, რომელმაც პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე წამებით მოკლა - ალექსანდრე მუხაძემ! მათ იქ დახვდათ დათა და ბაჩო ახალაიები და ასევე "მასტერა", ანუ გია დგებუაძე", - აცხადებს "ხალხის პარტიის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი ჯუმბერ თავართქილაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა სკანდალურ დოკუმენტებს აწვდიან "ალიას" ახალაიების, მეგის ქარდავას, სოსო თოფურიძის, დავით ჭაკუას, "მასტერასა" და ალექსანდრე მუხაძის ადგილსამყოფელის შესახებ?!

"თოფურიძეს, ჭაკუასა და მუხაძეს რიზეში თან ახლდათ სასულიერო პირი, რომლის ვინაობაც დადგენელია - ჩემმა წყარომ ის სასულიერო პირი ვერ იცნო. ეს ხალხი საბაჟოზე გადაიყვანა აჭარის კუდ-ის უფროსმა თემურ პატარიძემ და ჩაიყვანა ისინი რიზეში, სადაც სასტუმროში დააბინავა კიდეც. ის მარტო არ ყოფილა - მას თან ახლდნენ ცნობილი კრიმინალები: ვალერი ჟღერია, რომელსაც ბათუმში იცნობენ როგორც პატარიძეს ნათლულს, ასევე თემურ ნაკაშიძე და ოთარ ცინცაძე. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ეს პირები ყველანი არიან ნასამართლევები და ესენი საზღვარზე გადავიდნენ ერთი ჯიპით, რომელიც თოფურიძეს, ჭაკუასა და მუხაძეს უკან მიჰყვებოდა. ჩემმა ინფორმატორმა დაინახა, თუ როგორ გამოემშვიდობა "მასტერასა" და თოფურიძეს უკან გამობრუნებისას პატარიძე" ,- აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯუმბერ თავართქილაძე.

"ჩემი ინფორმატორის თქმით, ესენი აპირებდნენ ევროპაში წასვლას, მაგრამ ევროპაში მცხოვრებმა ქართველებმა შეიტყვეს მათი გეგმის შესახებ და ისინი მზად იყვნენ, ამათ იქ დახვედროდნენ. ეს ამბავი, როგორც ჩანს, ამათაც გაიგეს და ევროპაში წასვლა გადაიფიქრეს. ცდილობდნენ თავიანთი ახლობელი თურქი ბიზნესმენების საშუალებით გაფრენილიყვნენ. ამერიკაში, მაგრამ დღემდე ვერ მოახერხეს თურქეთიდან გაღწევა და დღემდე ტრაპიზონში იმყოფებიან კონსპირაციულად. მე 21 ოქტომბერს გადავკვეთე სარფის საბაჟო, ვესაუბრე ჩემს ინფორმატორს და იმავე დღესვე გადმოვკვეთე საქართველოს საზღვარი: ჩემი ინფორმატორის ცნობით, ახალაიებიც ტრაპიზონში არიან, ამის გადამოწმება ყველას შეუძლია", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჩემი ინფორმატორი არის კაცი, რომლსაც ამ ხელისუფლებამ 30 წელი მიუსაჯა შეკრებითობის პრინციპით და რომლის პირადი მტერიც არის აჭარის კუდ-ის უფროსი თემურ პატარიძე! სწორედ მან მომაწოდა ეს ყველაფერი - მინდა გითხრათ, რომ ევროპაში მყოფი ჩვენი ემიგრანტები იქ ძალიან მაგრად აკონტროლებენ სიტუაციას და ესენი რომ რიზეში იყვნენ სასტუმროში, მან ეს ბელგიაში გაიგო, ჩამოვიდა ბელგიიდან და მომაწოდა ეს ყველაფერი. პატარიძე ახლა ბათუმშია და ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს გენერალურ პროკურორს სრული უფლება აქვს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრას თემურ პატარიძის წინააღმდეგ!" - დასძენს ჯუმბერ თავართქილაძე და შეკითხვას - "ეს ქვეყნის დამაქცევრები მირბიან ქვეყნიდან და ეზიდებიან აურაცსელ ქონებას, სარფის საბაჟოზე არავინაა ისეთი, ვინც ამ ვირთხებს საქართველოს ქონებას არ გაატანს?" - პასუხობს:

"ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, სხვა ამას ვერავინ გააკეთებს. ჯერჯერობით ასეთი რეჟიმი სარფის საბაჟოზე შექმნილი არ არის და აწი ვნახოთ!"