"მალე დოკუმენტურად დადასტურდება, რომ "ვერის უბნის მელოდიები" 3 მილიონი დაჯდა"

"ჟურნალისტებს არ უხდებათ პოლიტიკოსობა. უნდა დაეტიონ თავის ადგილას და თავიანთი საქმე აკეთონ", - ამბობს ხატია სიჭინავა. მან ინგა გრიგოლია ვერ დაინახა, როგორც პოლიტიკოსი. იმავეს ფიქრობს გიორგი თარგამაძეზე. თვითონ ამ ნაბიჯს არასდროს გადადგამს. მეუღლეს, რამაზ ნოზაძეს კი ყველგან გაჰყვება, სადაც ის წავა, ომშიც კი.

- სოციალურ ქსელში შენი სტატუსები მოულოდნელად ოპოზიციური გახდა. მანამდე არ იყავი პოლიტიკურად აქტიური. რატომ შეიცვალე?
- მინდა გითხრა, რომ სულ ოპოზიციურად განწყობილი ვიყავი.

- თუმცა ამას ხმამაღლა არ ამბობდი...
- რა თქმა უნდა, და ამის მიზეზიც მქონდა. ოპოზიციურად მას მერე ვიყავი განწყობილი, რაც 7 ნოემბერს რუსთაველზე დაინგრა ქვეყანა. იმ პერიოდში სულ მიტინგებზე ვიდექი. თუმცა მე პოლიტიკოსი არ ვყოფილვარ და სიტყვით არ გამოვსულვარ. ხმამაღლა ამ ყველაფერზე არ ვლაპარაკობდი და არც განცხადებებს ვაკეთებდი. 7 ნოემბერს შეტაკების ეპიცენტრში აღმოვჩნდი. გაზის პატარა ბალონებს ისროდნენ. ერთ-ერთი ფეხში მომხვდა, აფეთქდა და იქვე გავითიშე. იქ მყოფმა ბიჭებმა მომიყვანეს სახლამდე. მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როცა არ მქონდა ოჯახი და არ მყავდა შვილები. 2007 წელს ჩემმა მეგობრებმა დამირეკეს და მითხრეს, ვინც 7 ნოემბერს მიტინგზე იყო, აბსოლუტურად ყველას მონაცემები ედოთ "სოდში". ამის შემდეგ მოხდა ისე, რომ ვეღარსად დავიწყე მუშაობა, თუმცა კონკრეტულ მიზეზს, რატომ არ ვიწყებდი მუშაობას, არავინ მეუბნებოდა.

- თუ სწორად მახსოვს, ტელევიზიაში 7 ნოემბრამდე უკვე აღარ მუშაობდი...
- 2007 წელს წამოვედი "სტერეოდან" და სხვა ტელევიზიაში გადავედი. ამ დროს დაიწყო ქვეყანაში არეულობა. შესაბამისად, ტელევიზიაში სირბილისთვის არ მეცალა. როცა მოვიცალე, მივედი და რამდენიმე პროექტი მივიტანე, კონკრეტული უარი არავის უთქვამს, მეუბნებოდნენ, ძალიან კარგი პროექტია და ხვალ დაგირეკავთო. ეს ხვალ გრძელდებოდა რამდენიმე თვე და მერე ვხვდებოდი, რომ აღარ დარეკავდნენ.

- მახსოვს, რამდენჯერმე პრესაში დაიწერა, რომ ახალ გადაცემას წაიყვანდი...
- რა თქმა უნდა, მე ვამბობდი ინტერვიუებში, რომ მალე დავიწყებდი მუშაობას. ამის საფუძველი მქონდა. მეუბნებოდნენ, ხვალ თუ არა ზეგ აუცილებლად გავა ეთერში გადაცემაო. იყო რამდენჯერმე შემთხვევა, რომ ტელევიზიების ჩატარებულ კასტინგებში მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე, მაგრამ მერე მეუბნებოდნენ, უი, შენ კი არა სხვა ავირჩიეთო და სხვა აჰყავდათ სამსახურში.

- ალბათ იმ ამბავს გულისხმობ, ლიტვაში რომ აღარ წახვედი და შენ ნაცვლად სხვა გოგონას მიჰყავდა გათამაშება...
- რა თქმა უნდა, მაგას ვგულისხმობ. დამტკიცებული ვიყავი გადაცემის წამყვანად. კონტრაქტზე მქონდა ხელი მოწერილი. ფაქტობრივად, თვითმფრინავიდან მომხსნეს.

- როდის მიხვდი, რომ ეს ყველაფერი 7 ნოემბრის აქციის გამო ხდებოდა?
- როცა ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, შენი ფოტოები "სოდში" დევს და მოერიდე პოლიტიკურ სიტუაციებსო. არ შეიძლება, რამდენჯერმე დაემთხვეს ერთი და იგივე. თუმცა მე მაინც ჩემსას ვცდილობდი. პოლიტიკური გადაცემა არასდროს წამიყვანია. არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო ასეთი რამ ხდებოდა ქვეყანაში, თორემ, რა თქმა უნდა, სულელი არ ვიყავი და მივხვდი, რომ მბლოკავდნენ. ბოლოს უკვე აღარც მივდიოდი ტელევიზიებში. მერე გავთხოვდი, შვილები მეყოლა და აზრი აღარ ჰქონდა სამსახურის ძებნას. ტელევიზიაში მისვლაზე თავსაც აღარ ვიწუხებდი. თუმცა ჩემმა ქმარმა არ დაიჯერა, რომ ასე იყო და სთხოვა რამდენიმე მაღალჩინოსანს, ჟურნალისტია, სახლში რატომ უნდა იჯდეს, რამე სამსახური როგორ არ არსებობს ტელევიზიაში, რომ დააინტერესოთო. ზუსტად იგივე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ხვალვე დაგირეკავთო, უთხრეს, მაგრამ ის ხვალ არ დადგა. ანუ სიტუაცია ძველებურად გრძელდებოდა. მე კი ამ ყველაფერზე უკვე მეცინებოდა.

- მეუღლემ ვის სთხოვა შენთვის სამსახური?
- ლადო ვარძელაშვილს. სხვას ვის მიმართავდა ჩემი ქმარი დასახმარებლად. ვინც იყო მისი უფროსი და ვისთანაც მეგობრობდა, ჰქონდა ისეთი ურთიერთობა, რომ შეეძლო ასეთი რამ ეთხოვა. ჩემი ქმარი არაა ისეთი პიროვნება რომ ვიღაცები შეეწუხებინა და ბევრთან დაერეკა ცოლის სამსახურის გამო. უბრალოდ, თავისი აზრი გაანდო ლადოს.

- საბოლოოდ რამ გადაგა­წყვეტინა, ოპოზიციური განცხადებები ხმამაღლა გაგეკეთებინა?
- გასულ ზაფხულს მაქსიმალურად ვცდილობდი, ნაკლები პოლიტიკური აქტივობა გამომეჩინა. ბევრი ფაქტი იყო ცნობილი, როცა ოჯახებს ემუქრებოდნენ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო. ჩემი და მუშაობს სახელმწიფო სამსახურში. ჩემი დედამთილი იყო ბაღის გამგე... ციხის კადრების მერე გაჩნდა სოციალურ ქსელში ჩემი პოლიტიკური სტატუსები. ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი ქმარი ყოფილ მთავრობასთან დაახლობული პირი იყო. შეიძლება, თავზე არ გადაგვდიოდა ფული და ვიღაცებივით მილიონებს არ ვშოულობდით, მაგრამ თავისთვის იყო და თავის საქმეს აკეთებდა. ჭიდაობის ფედერაციაში კომიტეტის წევრია, თავისი ბიზნესი აქვს, პოლიტიკაში არ ყოფილა გარეული. ცნობადი სახე რომ იყო, როცა ნაციონალებს გვერდზე დგომა სჭირდებოდათ, ურეკავდნენ, მოდი, გვერდზე დაგვიდექი და შენი პოზიცია დააფიქსირეო. როცა ის საზარელი კადრები გავრცელდა, ჩემმა ქმარმა იმ დღესვე გადაწყვიტა, პოზიცია დაეფიქსირებინა. ორი კვირა მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ რამაზი არ წასულიყო პოლიტიკაში. მეშინოდა, ჩემს ოჯახს რამე არ დამუქრებოდა. ორი პატარა ბავშვი მყავს და არ მინდოდა, განგაშის და შიშის ქვეშ გვეცხოვრა. მერე ვეღარ შევძელი მისი შეჩერება, თან ნაციონალები ურეკავდნენ, გვერდში დაგვიდექიო. ხალხის სიძულვილს ისევ ამათი სიძულვილი სჯობსო, თქვა და "ოცნების" წევრი გახდა, ეკა ბესელიას დაუდგა გვერდით. მე კი იქ ვარ, სადაც ჩემი ქმარია, ომში რომ წავიდეს, იქაც გავყვები.

- სწორედ ეგ მინდოდა მეკითხა. შენმა ერთ-ერთმა სტატუსმა გამაკვირვა, ჩემი ქმარი ომში რომ წავიდეს, მეც დიდი სიამოვნებით წავიდოდი მასთან ერთადო.
- მართლაც ასეა. ჩემი ოჯახი იმდენად შეკრული და მყარია, რომ ჩემი ქმარი სადაც უნდა წავიდეს, დიდი ბოდიში ჩემს შვილებთან, მაგრამ მათ დავტოვებ ისეთ ხელში, რომ მეცოდინება, კარგად არიან და ყველგან გავყვები, რომ ქმრის გვერდით ვიყო... მისთვის პოლიტიკა იყო აბსოლუტურად უცნობი სფერო, ამიტომ გავყევი ფოთში. მე, ჩემი ქმარი და ჩემი მაზლი წავედით. ამასობაში იყო ბევრი მუქარა. წინასწარ არჩევნების შედეგი არავინ იცოდა. ჩვენ ზუსტად ვიცოდით, ნაციონალებს რომ გაეყალბებინათ არჩევნები და ხელისუფლებაში დარჩენილიყვნენ, ჩვენი ოჯახი, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გასაქცევი გახდებოდა, იმდენად დაიძაბა სიტუაცია.

- სოციალურ ქსელში არ ერიდები კონკრეტული პიროვნებების მიმართ ანტიპათიის გამოხატვას. მაგალითად, ჩიორა თაქთაქიშვილზე თქვი, ვნახავდი შენს ბუმბულს გაშლილს, გაფანტულს ველადაო. ასეთ სტატუსებს როგორი გამოხმაურება აქვს ხოლმე?
- მთელი საქართველო ჩემს პირად ცხოვრებას ეხებოდა და მლანძღავდა, ისეთებიც კი, საერთოდ რომ არ მიცნობდნენ და მე რატომ არ მაქვს უფლება, ვინმე არ მომეწონოს. არ შეიძლება, დავალებული ტექსტები იკითხო. ცოტა საკუთარი აზრიც უნდა გაგაჩნდეს.

სოციალურ ქსელში პირველად მაია დარსმელიძეს შევეჯახე. დავპოსტე გიგა ბოკერიას ცოლის სტატუსი, სადაც პროგნოზირებდა, რომ "ოცნება" არჩევნებს წააგებდა. დავწერე, ამ ქალს აშარი ქალის ყველა მონაცემი აქვს-მეთქი. აშარი განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ბინძური ენის პატრონს ნიშნავს. ეტყობა, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით მაია დარსმელიძე იმდენად იყო გაღიზიანებული, კარგად ვერ გაიგო რას ვამბობდი. მე მესმის მისი. როდესაც შოუბიზნესის კლანში ხარ და შოუბიზნესის ფული შენს სახლში შემოდის, ძალიან ძნელია ყველაფრის დაკარგვა. კომენტარი დამიწერა, ამ "სუჩკას" იცნობო? ანუ აშარი ქალი გადათარგმნა, როგორც "სუჩკა". დავწერე, არც ვიცნობ და ამისი არც სურვილი არ მაქვს-მეთქი. მაშინ შენზე ჭკვიან ადამიანებს ჰკითხე აზრი და მერე დაპოსტეო. მერე გაგრძელდა ჩვენი დებატები და მე და მაია ერთმანეთს შევეჯახეთ. ვერ გეტყვი, რომ მანამდე დიდი მეგობრები ვიყავით. ამ დროს მე პირად წერილებს მწერდნენ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში შოუბიზნესში. მომივიდა წერილი, რომ გიგი უგულავას ცოლს ჰქონდა კლანი, სადაც იყვნენ სტეფანე, კახუჩელა, მაია დარსმელიძე და ნინო ჩხეიძე. ისინი მერიაში თვეში 5 ათას დოლარს იღებდნენ. რაც კონცერტები ტარდებოდა რეგიონების მასშტაბით, ფული ამ ადამიანებზე ნაწილდებოდაო. ის ადამიანი, ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა, თავადაც შოუბიზნესის წარმომადგენელი იყო. მეუბნებოდა, მეშინია და ვერ ვამბობ ამ ყველაფერს ხმამაღლა, შენ გეუბნები, რომ ვხედავ არაფრის გეშინიაო.

- ახლა ალბათ უკვე შეგიძლია გაამჟღავნო მისი ვინაობა...
- ვერ გეტყვით. ამ ინფორმაციის გადამოწმება ძნელი არაა. მალე ერთი ცნობილი ადამიანი კულტურის სფეროდან ამ ყველაფრის გადამოწმებას აპირებს და საბუთებს მიიღებს. ის დოკუმენტებით ისაუბრებს ამ ყველაფერზე. დოკუმენტებით დადასტურდება ისიც, რომ "ვერის უბნის მელოდიები" 3 მილიონი დაჯდა. კარგი მსახიობები, რომელთაც ამ ქალაქში სიტყვა ეთქმით, უმუშევრები არიან და "ვერის უბნის მელოდიები" კი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სოფო ნიჟარაძეს სურდა, 3 მილიონი დაჯდა. ამ ყველაფერზე ადამიანური პროტესტი მიჩნდება. თუ რამე არ მოეწონა ჩემს ნათქვამში მაია დარსმელიძეს ან სხვებს, ეს მათი პრობლემაა.

- თუ გიფიქრია, როგორ წარიმართება შენი ცხოვრება ამ ყველაფრის შემდეგ?
- დიდი იმედი მაქვს, რომ მუშაობას დავიწყებ. წინასწარ არ ვიცი, ეს პოლიტიკური თოქშოუ იქნება თუ გასართობი. დიდი გამოცდილება მაქვს, ადრე ვმუშაობდი "მეცხრე არხზე". კიკინები მქონდა და "ცხელი ცხრიანი" მიმყავდა. კარგად მახსოვს, "მეცხრე არხი" 1-ელ აპრილს დაიხურა. სანამ დაიხურებოდა, ყოველ დღესასწაულზე დამლაგებლიდან დაწყებული, დირექტორით დამთავრებული ყველას პრემია ჰქონდა, ოღონდ ყველას ერთი და იგივე თანხა. ბიძინა ივანიშვილი თვალით არ გვყავდა ნანახი, სანამ პოლიტიკაში გამოჩნდებოდა. ეს კაცი ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის დაიცავს და ჩვენს ფულს არ შეჭამს, თუნდაც იმიტომ, რომ თავისიც ძალიან ბევრი აქვს. ესაა ჩემი პოზიცია და თუ სხვები არ მეთანხმებიან და მიშას პოზიცია მოსწონთ, იყვნენ მასთან ერთად.

- პოლიტიკური გადაცემის წაყვანას გარისკავდი, ამის გამოცდილება ხომ არ გაქვს?
- გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ჟურნალისტი თუ ხარ, თუ ერკვევი სიტუაციაში, აზროვნებ და წიგნი გაქვს წაკითხული, არ უნდა გაგიჭირდეს პოლიტიკური გადაცემის წაყვანა. ერთ საიდუმლოს გაგანდობთ. მე ველოდები კოკა ყანდიაშვილის საქართველოში დაბრუნებას. მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ რადგან საქართველოში სამართალი აღდგა, კოკაც დაუბრუნდება ჟურნალისტიკას. მინდა, მასთან გავიარო კონსულტაცია და მერე გავაკეთო არჩევანი.