"სხდომათა დარბაზის მედიისთვის განკუთვნილ განყოფილებაში, რომელიც ძალიან პატარაა, მხოლოდ ოპერატორები შეუშვეს. დანარჩენი ჟურნალისტები კი ერთ ოთახში ვიყავით, სადაც სხდომისთვის ეკრანებიდან უნდა გვედევნებინა თვალი. დიახ, მხოლოდ თვალი, რადგან ხმა საერთოდ არ ისმოდა. ტექნიკური განყოფილებიდან იფიცებოდნენ, გუშინ რომ შევამოწმეთ, მუშაობდა და არ ვიცით, ახლა რა მოუვიდაო და დიდი ხნის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ ხმის აწევას. დღის ბოლოს კი, როდესაც სხდომა უკვე მთავრდებოდა, აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ეკრანებს ხმა ჰქონდა ჩაწეული და პრობლემა პულტზე ერთი ხელის დაჭერით მოგვარდა. სამაგიეროდ, კონდიცირების სისტემა არ აღმოჩნდა ასე მარტივად მოსაგვარებელი და ზოგან სუნთქვა ჭირდა, ზოგან კი ისე ციოდა, რომ ყოფნა შეუძლებელი იყო." - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პირველი სხდომა და ახალი "სასწაულების" მოლოდინი.
"განსაკუთრებით საინტერესოდ სველი წერტილებია გაკეთებული. ხელის დასაბანი ონკანები ისეა დამონტაჟებული, რომ ნიჟარას არსად არ წვდება და წყალი ნიჟარის ნაცვლად კედელსა და ნიჟარას შორის იღვრება. შემდეგ ნიჟარის ქვემოდან ჟონავს და ტუალეტებში ისეთი გუბეები იდგა, რომ დამლაგებლები გაწმენადს ვერ აუდიოდნენ. რაფერს ვამბობთ იმაზე, რაც საერთოდ დასამთავრებელია და არავინ იცის, როდის დამთავრდება. უკვე ითქვა, რომ დეპუტატებისთვის არანაირი სამუშაო პირობები არ არსებობს. მათ ჯერ სამუშაო ოთახებიც კი არ გააჩნიათ. ასევე გაურკვეველია, ჩვეულებრივ დღეებში სად და რა პირობებში იმუშავებს მედია. მით უმეტეს, რომ მედიის უდიდესი ნაწილი თბილისიდან ჩადის და პარლამენტის შენობასთან ახლოს ინტერნეტკაფეები კი არა, მაღაზიებიც კი არ არის. მით უმეტეს, რომ არც ერთ შენობაში არანაირი კვების ობიექტი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი მაინც თვლის, რომ მან სასწაული მოახდინა და კიდევ ერთი სასწაულის ჩადენის პირობას იძლევა. ეს სასწაული კი, როგორც ჩანს, "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნებაა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვალებადობა ჩვეულებრივ ამბად უნდა იქცეს. არსებული მენტალიტეტი - გამარჯვებული იღებს ყველაფერს, ნელ-ნელა გაქრება. სიტუაციის დამძაბავი რიტორიკაც გაქრება და საქართველო გახდება ნორმალური ევროპული დემოკრატია და ჩვენთვის გაიღება ევროკავშირის კარი. ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს ისტორიულ ოჯახში. ამისთვის ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ინსტიტუტებს, ოპონენტებს და კონსტიტუციას. ის, ვინც ოპოზიცია იყო, დღეს მთავრობაშია და ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა. საინტერესო კი ის არის, რომ პარლამენტის ახალი უმრავლესობა, უმცირესობისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილს ფეხზე წამოდგომით არ შეხვედრია. კობა დავითაშვილის განმარტებით, "ეს იყო პოლიტიკური პროტესტი მიხეილ სააკაშვილის მიმართ იმ ავტორიტარული რეჟიმის, ტირანიის, ადამიანთა წამებისა და ძალადობის გამო, რომელსაც სააკაშვილის გუნდი წლების განმავლობაში ახორციელებდა", - დასძენს გამოცემა.
"სააკაშვილმა პირველ სესიაზე ახალი იდეაც გაახმოვანა - "გთავაზობთ, ავირჩიოთ ყველა გუბერნატორი. ეს გადამწყვეტი იქნება დემოკრატიის ინსტიტუტების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის საქართველოში. დეცენტრალიზაცია ჩვენი ინსტიტუტების მდგრადი ფუნქციობის საუკეთესო საშუალებაა... ჩვენ, ხალხნო, არ ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ვართ ერთმანეთის პოლიტიკური მეტოქეები. ეს კამპანია იყო რთული, უხამსი, გესლიანი ალბათ ყველა მხრიდან, მაგრამ ახლა თქვენ მთელ ერს წარმოადგენთ. აქამდე კამპანიის და კონკურენციის დრო იყო, ახლა კი მუშაობის დრო დაგვიდგა, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავაუმჯობესოთ სოფლის მეურნეობა, ასევე დემოკრატიული განვითარება. ამის გარდა, უნდა ვიმუშაოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე, დეოკუპაციაზე. არ გავებათ საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტის მიერ დაგებულ არც ერთ ხაფანგში" - განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა უმრავლესობას უსურვა, "არა მხოლოდ არაფერი დაანგრიოს და გააუარესოს", არამედ ის დაპირებები შეასრულოს, რომელიც ხალხს მისცა". ხოლო უმცირესობას უსურვა, იყვნენ კონსტრუქციულები", - წერს რეპორტაჟის ავტორი.
"სიტყვის დასასრულს კი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა სხდომაზე დამსწრეებს: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატესა და წმინდა სინოდის წევრებს, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს. საქართველოს პრეზიდენტმა წარმატება დავით უსუფაშვილსაც მიულოცა და ახალი მოწვევის პარლამენტს "ხალხის საკეთილდღეოდ ნაყოფიერი და შინაარსიანი მუშაობა" უსურვა. მიხეილ სააკაშვილი აპლოდისმენტებით სხდომათა დარბაზიდან ისევ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გააცილეს. "ქართული ოცნების" ლიდერმა კი პარლამენტის შენობის დატოვებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას ვერ წარმოუდგენია, "ნაციონალურ მოძრაობაზე" ქართველ ხალხს გული ისევ შემოუბრუნდეს", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"პარლამენტში პირველი დღე პროცედურის დაცვით წარიმართა და დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტის თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, "რესპუბლიკელების" ლიდერი, დავით უსუფაშვილი 88 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებდნენ. ვინაიდან "ქართული ოცნება" პარლამენტში 85 მანდატით არის შესული, უცნობია, დანარჩენი სამი დეპუტატის ვინაობა, ვინც უსუფაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. თანამდებობაზე დამტკიცებამდე პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ კოლეგებს სიტყვითაც მიმართა და ქართული პარლამენტარიზმის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა... პარლამენტმა ვიცე-სპიკერებიც აირჩია. საინტერესო ის არის, რომ პარლამენტის სპიკერატში წარმოდგენილ პოსტებზე დამტკიცებისას კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატებმა იმაზე მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე კოალიციას პარლამენტში სადეპუტატო მანდატი აქვს", - აღნიშნავს რეპორტაჟის ავტორი.
"კენჭისყრისას კი ასეთი შედეგი დაფიქსირდა: დავით უსუფაშვილი ფარული კენჭისყრის შედეგად დამტკიცდა 88 ხმით არც ერთის წინააღმდეგ. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე 92 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, ასევე, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი ვიცე-სპიკერები - ზვიად ძიძიგური 92 ხმით ერთხმად და ზურაბ აბაშიძე - 90 ხმით ერთხმად დაამტკიცეს. ზურაბ ტყემალაძემ კი უარი თქვა ვიცე-სპიკერობაზე და, სავარაუდოდ, უმრავლესობისთვის არსებული ერთი კვოტა რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების შედეგად გაუქმდება. ასევე, საინტერესოა სპიკერატში აჭარისათვის განკუთვნილ პოზიციაზე წარმოდგენილი მურმან დუმბაძის დამტკიცების საკითხი. კერძოდ, დუმბაძის წარდგენას აჭარის იმ დეპუტატების გარდა, რომლებიც "ქართულ ოცნებაში" არიან წარმოდგენილი, მხარი დაუჭირა "ნაციონალური მოძრაობის" ორმა მაჟორიტარმა აჭარიდან და, შესაბამისად, დუმბაძე სპიკერატში წარმოდგენილი იყო აჭარის 5 მაჟორიტარის მიერ. მისი დამტკიცებისას კი ფარული კენჭისყრის შედეგი იყო 81 ხმა. ბოლოს კენჭი უყარეს უმცირესობის სახელით წარმოდგენილ ვიცე-სპიკერს, გიორგი ბარამიძეს, რომლის დამტკიცებაც მოხდა 92 ხმით 27-ის წინააღმდეგ", - დასძენს სტატიის ავტორი.
"დღის განმავლობაში კი ცნობილი გახდა, რომ ხუთი მაჟორიტარი, რომლებიც მაჟორიტარები "ნაციონალური მოძრაობიდან" გახდნენ, საპარლამენტო უმცირესობაში არ გაერთიანდნენ. ეს დეპუტატები არიან - ხობის მაჟორიტარი გოდერძი ბუკია, დმანისის მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი, ლენტეხის - გოგი ლიპარტელიანი, ცაგერის - სერგო ხაბულიანი და ნინოწმინდის - ენზელ მკოიანი. გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, ენზელ მკოიანი და კახა ოქრიაშვილი წინა მოწვევის პარლამენტში მაშინდელი მმართველი პარტიის გუნდში იყვნენ, სერგო ხაბულიანი კი ახალი დეპუტატია. როგორც გოდერძი ბუკია ამბობს, შესაძლოა, მათ რიგებს კიდევ ერთი მაჟორიტარი შეუერთდეს და ცალკე ფრაქცია შექმნან. თუმცა, მისი ვინაობა ბუკიამ არ დააკონკრეტა. მოგვიანებით კი ასევე ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა", შესაძლოა, ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი გოზალიშვილმაც დატოვოს და დამოუკიდებელ დეპუტატთა რიცხვს შეუერთდეს. თუმცა, მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები მასთან მოლაპარაკებას მართავენ" - აღნიშნავს გამოცემა.
"პარლამენტმა 15 კომიტეტის თავმჯდომარეებიც დაამტკიცა. დადგენილების პროექტების თანახმად, აგრარულ საკითხთა კომიტეტს გიგლა აგულაშვილი (84 ხმით ერთხმად) უხელმძღვანელებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს - ეკა ბესელია (91 ხმით ერთხმად), განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს - ივანე კიღურაძე (82 ხმით 1-ის წინააღმდეგ), გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს - ზურაბ ზვიადაური (82 ხმით ერთხმად), დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს - ზურაბ ტყემალაძე (88 ხმით 1-ის წინააღმდეგ), დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს - გუბაზ სანიკიძე (84 ხმით ერთხმად), ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს - ვიქტორ დოლიძე (88 ხმით ერთხმად), თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს - ირაკლი სესიაშვილი (86 ხმით ერთხმად), იურიდიულ საკითხთა კომიტეტს - ვახტანგ ხმალაძე (90 ხმით ერთხმად), რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტს - ერეკლე ტრიპოლსკი (90 ხმით ერთხმად), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს - თედო ჯაფარიძე (89 ხმით ერთხმად), საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს - ირინა იმერლიშვილი (89 ხმით ერთხმად), საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს - დავით ონოფრიშვილი (85 ხმით ერთხმად), სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს - ლერი ხაბელოვი (90 ხმით ერთხმად), ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს - დიმიტრი ხუნდაძე (87 ხმით ერთხმად). პარლამენტი ამ კვირას სრული დატვირთვით იმუშავებს და პირველ რიგში მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს. ასევე დაიწყება 2013 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა, რომელიც პარლამენტში 3 კვირის წინ შევიდა ძველი მთავრობის მიერ და მისი განხილვის ვადები ირღვევა, რადგან ძველ პარლამენტს საპარლამენტო არჩევნების გამო ბიუჯეტისთვის არ ეცალა", - დასძენს გამოცემა