გამოძიება ოპოზიციის ლიდერების დაკავებას აანონსებს

გამოძიება ოპოზიციის ლიდერების დაკავებას აანონსებს

საქართველოს პარლამენტში გიორგი გახარიას 28 ივნისს მოუსმენენ. შს მინისტრმა წერილობით მიმართა პარლამენტს და 20–21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლა ითხოვა. გახარია პარლამენტში მისვლას პარლამენტის რეგლამენტის 154–ე მუხლის საფუძველზე ითხოვს. მმართველი გუნდი მზად არის უმასპინძლოს შს მინისტრს.

ოპოზიცია პოზიციას არ იცვლის. ძალაშია მოთხოვნა გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, გიორგი გახარია სხდომათა დარბაზში ვერ შევა.

„უგუნურებაა, რომ გიორგი გახარია პარლამენტში მისვლას გეგმავს. მთელი ქვეყანა გახარიას გადადგომას ითხოვს, რათა მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. საზოგადოების სრული იგნორირებით უტიფრად უნდათ, გახარია მოიყვანონ. ცეცხლზე ნავთს ასხამენ. შეგნებულად აღიზიანებენ ხალხს, შეგნებულ პროვოკაციაზე მოდიან. გაფრთხილებთ, მთელი პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ, რადგან გარეთ სხვა განწყობაა, რასაც ვერ ხედავთ. გახარია ამ დარბაზში ვერ შემოვა, ამის პირობას გაძლევთ. გახარია პარლამენტში ვერ მოვა – გახარია უნდა გადადგეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შს მინისტრის მოსმენის სურვილი არ აქვს „ევროპული საქართველოს“ წევრს, აკაკი ბობოხიძეს, რომლის განცხადებით, მას არ სურს დამნაშავე მინისტრს მოუსმინოს პარლამენტში.

„ბიძინა ივანიშვილს აქვს განცდა, რომ დღეს გახარიას პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მისი მხრიდან იქნება სისუსტის გამომჟღავნება. მოუწევს ამ საკითხის დაყენება. მიუხედავად იმისა, რომ მივიღეთ შემოთავაზება, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავდივართ, ერთია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მეორეა კონკრეტულ მოქმედებაზე კონკრეტული პასუხისმგებლობა. გავრილოვის ღამეზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. დღეს საქართველოს ჰყავს მინისტრი, რომელიც არის ჯალათი და რომელიც არის მკვლელი“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

„უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა“, – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა 20 ივნისს აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება. პარალელურად, 20–21 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება აქციის ცალკეულ მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალისა და კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს, უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების სრულყოფილად გამოძიების მიზნით.

როგორც უწყებაში განმარტეს, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად უკიდურესად მნიშვნელოვანია შეიქმნას მომხდარის სრული სურათი, რათა რეაგირების გარეშე არ დარჩეს არც ერთი მცირედი სამართალდარღვევაც კი. შალვა თადუმაძის უწყებაში არ აკონკრეტებენ ვის წინააღმდეგ დაიწყება სამართლებრივი დევა. თუმცა, სავარაუდო სია უკვე ცნობილია – ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა,  რომლებიც იმის მიუხედავად, რომ დაკითხვაზე დაბარებულები არიან, უარს ამბობენ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.

უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნიკა მელია, შესაძლოა, მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ მოხვდეს, რადგან ის იყო მომწოდებელი, რომ პარლამენტი შტურმით ყოფილიყო აღებული.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პოლიტიკოსები, რომლებიც არიან დესტრუქციულები, გადიან კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოებიდან, მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ დასხდებიან და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო თუ სხვა პოლიტიკური სუბიექტი, ალბათ, ასე უნდა მოქმედებდეს.

„ზუსტად ისე უნდა გაიგოთ როგორც ვამბობთ. პოლიტიკოსები, რომლებიც არიან დესტრუქციულები, გადიან კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოებიდან, მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ დასხდებიან და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო თუ სხვა პოლიტიკური სუბიექტი, ალბათ, ასე უნდა მოქმედებდეს. აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ იგულისხმოთ ნებისმიერი, ვინც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას აკეთებს. კონკრეტულ პერსონებზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის, მაგრამ მე გავბედავ და ვიტყვი, რომ მაგალითად ნიკა მელია, ის იყო მომწოდებელი შტურმით ყოფილიყო აღებული პარლამენტი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ერთ–ერთია ვისაც გამოძიება დაკითხვაზე ელოდება, ამბობს, რომ პროკურატურას ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკითხვაზე დაბარების სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. მისი თქმით, 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობა პირველ რიგში, „ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს და შს მინისტრს, გიორგი გახარიას ეკისრება. შესაბამისად, ოქრუაშვილი თვლის, რომ კანონის წინაშე მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„თუ უნდათ მათ, რომ თეთრზე დაწერონ შავი, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ამაში ხელს ვერ შევუშლით. ადეკვატურობა მათ არ ახასიათებთ, პირიქით, არაადეკვატურები არიან. გონიერება ივანიშვილს დღეგამოშვებით აქვს, როგორც ჩანს. თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ და გადაწყვეტენ, ეს გააღრმავებს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს და ბუნებრივია, გაცილებით ადრე დაასრულებს ივანიშვილის ხელისუფლებას“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

thrgg@yahoo.com პასუხი აგეთ თქვე ქაჯებო იმაზე რაც ჩაიდინეთ, ერთხელ მაინც, ნაცსექტა კანონგარეშე უნდა გამოცხადდეს!!!
3 თვის უკან
თამაზი ქაჯო ბობოხიძე, მიკროფონთან მდგარ პეტრე მაქმრაძეს რომ მიეჭერი და ჩაარტყი, ეს ძალადობა არ იყო არამზადა კაცო. საერთოდ, ეს თახსირი, მოძალადე
ნაცების ორივე ფრთა სხვის ძალადობაზე რა ნამუსით ლაპარაკობთ
3 თვის უკან
სერმინე გთხოვთ, შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთ და ამ კრიმინალებსა და მათ თანამოაზრეებს ოპოზიციად ნუ მოიხსენიებთ.
3 თვის უკან