შეხლა–შემოხლა პირველი არხის წინ

შეხლა–შემოხლა პირველი არხის წინ

პარლამენტის შენობიდან პირველ არხამდე მოწყობილი მანიფესტაციის შემდეგ, მაშინ, როცა ეკა ბესელია, “სახალხო კრების“ სხვა ლიდერებთან ერთად პირველი არხის გენერალურ დირექტორთან მოსალაპარაკებლად იყო შესული, შენობის წინ “დაიცავი საქართველოს“ ერთ–ერთ ლიდერს, გოგა ხაინდრავას, ჟურნალისტებისთვის უცნობ პიროვნებასა და ტელეკომპანია “რუსთავი 2“–ის ჟურნალისტებს შორის ინცინდენტი მოხდა, რომელსაც ინტერნეტ–ტელევიზია itv.ge-ს ჟურნალისტი, ანა ლაპიაშვილიც შეესწრო.

 

პრესა.გე–ს მკითხველს itv.ge-ს ჟურნალისტი მომხდარის შესახებ უამბობს. ასევე გთავაზობთ გოგა ხაინდრავას კომენტარს, მომხდართან დაკავშირებით.

 

ანა ლაპიაშვილი: როდესაც ეკა ბესელია გია ჭანტურიასთან მოსალაპარაკებლად იყო შესული, გოგა ხაინდრავა მოვიდა. მასთან ჟურნალისტები მივედით ჩასაწერადაც. ხაინდრავამ ჯერ “რუსთავი 2“–ს მოთხოვა გასულიყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ჟურნალისტები შეეცადნენ მისგან პასუხი მიეღოთ, იმ კითხვებზე, რომელიც მათ დაუსვეს. გოგა ხაინდრავა ჟურნალისტებს მეძავებად მოიხსენიებდა, ხოლო “რუსთავი 2“–ს საროსკიპოს ეძახდა.

 

ყველა ჟურნალისტს ასე მიმართავდა?

– არა, ჟურნალისტებს ისე ლანძღავდა – თქვენ არ აშუქებთ ობიექტურადო, მაგრამ კონკრეტულად “რუსთავი 2“–ზე იყო შეტევა და აგრესია, რომ ეს არის საროსკიპო. შემდეგ როდესაც ჟურნალისტი კითხვას უსვამდა – გაგვეცით პასუხი რატომ არ იყავით პარლამენტთანო, მიკროფონს ლოგო მოაძრო, რომელიც ოპერატორმა გამოართვა და მიკროფონს გაუკეთა.

 

ამასობაში, გრძელდებოდა ლანძღვა, რომ კომენტარს არ გააკეთებდა. შემდეგ უკვე ჟურნალისტებიც ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილები, იმის გამო, რომ პრაქტიკულად, პირად შეურაცხყოფას აყენებდა, პირდაპირ მათ ლანძღავდა.

 

შემდეგ, პირველი არხის ჟურნალისტს გადაუგდო ლოგო – თქვენც არ აშუქებთ ობიექტურად, არაეთიკურები და ტენდენციურები ხართო.

 

გოგა ხაინდრავას გვერდით იდგა პიროვნება, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გავარკვიეთ ვინ იყო და რას წარმოადგენდა. მას ჟურნალისტთან შელაპარაკება მოუვიდა – “რუსთავი 2“–ის ჟურნალისტს ხელი ჰკრა. ოპერატორმა ჟურნალისტის დაცვა გადაწყვიტა, კამერა დადო და შეხლა–შემოხლა დაიწყო, მაგრამ ისინი ხალხმა გააჩერა.

 

სამართალდამცავები იქ იყვნენ?

– არა, არ ყოფილან, პირველი არხის წინ იდგა მხოლოდ დაცვა, რომელიც ამ ინცინდენტში არ ჩარეულა.

 

სხვების მიმართ გამოთქვამდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, გოგა ხაინდრავა?

– არა. უბრალოდ, ჩვენ არაპროფესიონალებად და ტენდენციურებად მოგვიხსენიებდა, მარტივი სალანძღავი სიტყვები იყო.

 

პრესა.გე–სთან საუბრისას გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ ის კონკრეტულად სამი ტელეკომპანიის წარმომადგენლებს მიმართავდა და იქ მყოფ სხვა ჟურნალისტებთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონია.

 

გოგა ხაინდრავა: “ის რაც ვთქვი, ეკუთვნოდა “რუსთავი2“–ის, “იმედის“ და პირველ არხის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელში ამ ტელეკომპანიების მიკროფონები ეჭირათ; მათ ჟურნალისტებად არ ვთვლი; ისინი არიან ვანოს მსტოვრები, სპეც–აგენტები. ასე ვთქვათ, ღმერთის წინაშე გეუბნებით, რომ დანარჩენებისთვის არაფერი მითქვამს. ამის გაკეთება აზრადაც არ მომსვლია.

 

რაღაც ყალბი სოლიდარობის შესახებ იქაც მითხრეს, მაგრამ ვისთან სოლიდარობაზე მელაპარაკებით?! პროვოკატორებთან სოლიდარობაზე?!  იმ ადამიანებთან, ვინც ქართულ საზოგადოებას საკუთარი ტელეეთერის მეშვეობით ყოველდღიურად, ყოველწუთიერად შხამავს?! ამიხსენით, მათ ჰქვიათ ჟურნალისტები?!

 

ვინც “რუსთავი 2“–ის ჟურნალისტებთან თავის თავს აიგივებს, ესე იგი მათაც ეკუთვნოდათ ის, რაც ვთქვი, მაგრამ ვიმეორებ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტელეკომპანიების გარდა სხვების მისამართით რაიმეს თქმა აზრადაც არ მომსვლია. სხვა არც დამინახავს, სხვას არც ვუყურებდი; პირიქით, ვუთხარი გაიწიეთ და დანარჩენებს რასაც გნებავთ, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ–მეთქი“.