რა შესთავაზა თეიმურაზ მეფეს სომეხთა კათალიკოსმა და რაზე სდუმან ქართველი მემატიანენი

რა შესთავაზა თეიმურაზ მეფეს სომეხთა კათალიკოსმა და რაზე სდუმან ქართველი მემატიანენი

გვიან ფეოდალურ ხანაში სპარსეთისგან დაპყრობილმა ქართლისა და კახეთის სამეფოებმა ბევრი დამცირება და სიმწარე გადაიტანეს. ამ საკითხზე არც ერთი მემატიანე არ დავობს. მაგრამ, არის მემატიანეთა ერთი ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სულ მცირე, სამჯერ მაინც – ქართლ-კახელებსაც შეეძლოთ სპარსეთის დაპყრობა. ოღონდ, ამ თემაზე არც ერთი იმდროინდელი ქართველი მემატიანე არ საუბრობს. ამ ყველაფრის ირგვლივ, უფრო დაწვრილებით, ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე გვესაუბრება.

ბატონო გელა, რომელმა ქართველმა მეფეებმა ვერ დაიპყრეს სპარსეთი და როდის? რატომ დუმან ამ თემაზე ქართველი მემატიანენი, პირი შეკრეს?!

– 1632 წელია, ქართლისა და კახეთის გაერთიანებულ ტახტზე თეიმურაზ პირველი ზის. სპარსეთში, 1629 წელს, შაჰ-აბას პირველის სიკვდილის შემდეგ ატეხილი არეულობა ჯერაც არ ჩამთავრებულა... ახალი რეალობით უკმაყოფილო დაუდ-ხან უნდილაძე, შაჰ-სეფის შემოსწყრა და თეიმურაზ პირველს მიეკედლა.

თეიმურაზმა დაუდ-ხანი აიყოლია (თუ პირიქით?) და ქართლ-კახეთის ლაშქრით, იმერეთის მეფის, ალექსანდრეს (საკუთარი სიძის) და სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის (საკუთარი მამიდაშვილის) მონაწილეობით, კახეთის სამხრეთით მდებარე ტერიტორია (რომელიც სპარსეთის მოხარკე გახლდათ) მოარბია და მოითარეშა... ქართველი მემატიანენი აქ ამთავრებენ თხრობას და გადადიან სპარსეთის კარზე ამ ამბით აღშფოთებულთა რეაგირებისა და სათანადო ზომების მიღების აღწერაზე.

რომელი ქართველი მემატიანენი? თუ შეიძლება კონკრეტულად დაგვისახელეთ.

– არჩილ მეფე, ბერი ეგნატაშვილი, ვახუშტი ბატონიშვილი.

მათ გარდა, განსხვავებულ ვითარებას ვინ აღწერს?

– ქართველ მემატიანეთაგან არავინ.

მაშინ, არაქართველი ავტორები დაგვისახელეთ.

– ასეთი მხოლოდ ერთი იყო – სომეხი ფარსადან გორგიჯანიძე. თუმცა, მის მოსაზრებას სხვა სომეხი მოღვაწენიც ავითარებენ... და ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარიც მიიჩნევს, რომ მათ მსჯელობაში საყურადღებო მარცვლებია.

თქვენ ადრეც განაცხადეთ, რომ ფარსადანი სომეხი გახლდათ, რით ამყარებთ ამ ვერსიას?

– ფარსადან გორგიჯანიძე რომ სომეხია, ისეთივე ჭეშმარიტებაა ჩემთვის, როგორც ორჯერ ორი ოთხია! საკმარისია, მის მატიანეში გაბნეული „შეგონებანი” ამოიკითხოთ, რომ სადავო საკითხს გადაჭრილად ჩათვლით. ჩემს სხვა არგუმენტებს არ მოგაწვდით, ღია კარის მტვრევას ნუ დამაწყებინებთ – მარი ბროსემ და ივანე ჯავახიშვილმა ჩემზე გაცილებით ადრე გაარკვიეს ეს საკითხი.

რასაკვირველია, იმათი ვინაობაც დაზუსტებით ვიცი, ვინც ფარსადანს ქართველად მიიჩნევს და რატომაც მიიჩნევს. ახლა, ამაზე არ შევჩერდები, ძირითად თემას ნუ გადავუხვევთ.

მაინც, რა თქვა ფარსადანმა განსხვავებული, რაც სხვებს არ უთქვამთ?

– თეიმურაზ მეფე იმ დარბევის შემდეგ გორში დაბრუნდა. მაგრამ სანამ „ნაგორალი” გახდებოდა, ჯერ ისევ „ბარდას იჯდა”, როცა „განძასარის სომეხთ კათალიკოზი, დიდის ჯარითა და ფეშქაშით, ბატონს თეიმურაზს მოუვიდა.”

რაო, სომეხთა მწყემსმთავარმა?

– მან თეიმურაზს საკუთარი ჯარის მიშველებაც შესთავაზა და თანაც, სპარსეთის დაპყრობის იდეა მიაწოდა.

თქვენი ინტონაციიდან გამომდინარე, ალბათ, ამ იდეას არარეალურად მიიჩნევთ?

– ივანე ჯავახიშვილი თეიმურაზის მიერ არაზსაქეთა ტერიტორიის დარბევასაც კი წინდაუხედავ ნაბიჯად მიიჩნევდა.

იქნებ თეიმურაზს სპარსეთის დაპყრობის მინიმალური შანსი მაინც ჰქონდა?

– არავითარი. ვინც ამ გეგმას „მომხიბლავს” და „მიმზიდველს” უწოდებს, მანაც კი აღიარა, რომ „თეიმურაზმა კათალიკოსის გეგმა, სავსებით სამართლიანად, არ მიიღო”.

მაშინ რით იყომომხიბლავიდამიმზიდველიეს იდეა, თუ ვერ განხორციელდებოდა?

– საკითხავი აი, ეგ არის!... განა, მეფე არჩილი ამ თემას ყურადღების ღირსად არ გახდიდა?

რატომ მხოლოდ არჩილი და ბერი ეგნატაშვილი ან ვახუშტი არა?

– იმიტომ, რომ არჩილს, მათთან შედარებით, ორი დიდი უპირატესობა ჰქონდა: ჯერ ერთი, კახეთშიც ჰქონდა მეფობის გამოცდილება და, იმერეთშიც, ამიტომ მისი ტვინი გაცილებით „სახელმწიფოებრივად” იყო მომართული; და მეორეც, როდესაც თეიმურაზის თავგადასავლის მოყოლას იწყებს, აღნიშნავს: „მეფის თეიმურაზის ამ ქვემოს ხსენებულთ სახელთა და სარჯელთ ამბავი თვითმნახავთა და თან ნაახლთ მის ყმათ ქართველთა და კახთაგან მსმენოდა, არა ხოტბა, არამედ მართალი; რამეთუ ათორმეტ წელს კახეთს ვმეფობდი, მისნი დაზრდილნი და ნამსახურნი დარბაისელნი გვერთს მახლდენ, ვჰკითხავი ნაქმარსა მეფისასა და მიამბობდეს”.

ვინ იყო ის ქართველი მეფე, რომელმაც სპარსეთის დაპყრობის მეორე შანსი გაუშვა ხელიდან?

– თუ სომხებს დავუჯერებთ და კიდევ ზოგიერთ უცხოელსაც, რომელთაც, არაა გამორიცხული, ასეთი მოსაზრება მათვე მიაწოდეს, ეს გახლდათ ქართლის მეფე, ვახტანგ მეექვსე. თუმცა, თანამედროვე ქართველი მემატიანენი ამ თემაზე კრინტს არ სძრავენ!

რომელი მემატიანენისეხნია ჩხეიძე და ვახუშტი ბაგრატიონი?

– და გურამიშვილიც, განა არ შეიძლება, მატიანის პოეტურად აღწერა?

როდის უნდა დაეპყრო ვახტანგს სპარსეთი?

– 1722 წელს. ჯერ ლეკები უნდა გაენადგურებინა, შემდეგ კი მათ კვალს სპარსელებს გაუყენებდა.

რატომ გეეჭვებათ ამ ფაქტის შესაძლებლობა? ვახტანგის მხედრული გამოცდილება გაფიქრებთ?

– უწინარეს მაფიქრებს და მაეჭვებს სხვა რამ: რაღა სომხებმა „დაინახეს” სპარსეთის აღსასრულის შანსი და ქართველებმა ვერა?

ვახუშტი ხომ ვახტანგის შვილია, მისგან მრავალმხრივ დავალებული და თქვენ თვითონაც გითქვამთ ჩემთვის, რომ მისი თავგადასავლის გადმოცემისას, ობიექტური ვერ იქნებოდა და არც ყოფილაო! იქნებ გურამიშვილმაც დაინდო პოეტი მეფე, რომელთანაც პიროვნულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა?

– რომ დაენდო აღარ დაწერდა: „მართალს ვიტყვი, შევიქნები, ტყუილისა მოამბე რად?”

მაშინ იმ სომეხთა ვინაობა გაგვაცანით, რომელნიც სპარსეთის დაუპყრობლობას ვახტანგს დიდ შეცდომად უთვლიან!

– განძასარის კათალიკოსი – ესაია ჰასან ჯალალიანი და კიდევ ორი სომეხი პატრიოტი – ისრაელ ორი და ტიგრან მინასიანი... იყვნენ სხვებიც.

რაო, რას ამბობენ ჩვენი მეზობლები, რა გვინდაო?

– სპარსეთი დაიპყარით და ქართულ-სომხური თანასწორუფლებიანი ფედერაცია შექმენითო. მეფე, რა საკვირველია, ქართველი იყოსო!

რით არის დასაძრახი ეს იდეა?

– თქვენს კითხვას თავს ავარიდებ და თუ ვინმეს მართლა რეალურად მიაჩნია ამ ამბის განხორციელება, აკაკი ბაქრაძის ნაწერების წაკითხვას ვურჩევ!

ჩემი სათქმელი კი ეს არის – რატომ იმხანის არც ერთ ქართველს არ მოუვიდა თავში ასეთი „გონივრული” და „რეალური” იდეის განხილვა აზრად და რაღა მაინცდამაინც სომხები გვარიგებენ ჭკუას „ბედოვლათ” ქართველებს?!

კახთა მეფესთან, კონსტანტინესთან ნახევარი წლის შემდეგ დამარცხებული და მოგვიანებით, რუსეთს თავშეფარებული ვახტანგი, სპარსეთის დამპყრობი იყო?

მესამედ როდისღაგადაგვირჩასპარსეთი?

– 1751 და 1752 წლებში. სპარსეთს ბედმა გაუღიმა და ორჯერ „გადაგვირჩა” დაპყრობას! ოღონდ, ეგ არის – მაშინდელი ცოცხალი ქართველი მემატიანენიც: პაპუნა ორბელიანი („ამბავნი ქართლისანი”) და ომან ხერხეულიძე („მეფობა ირაკლი მეორისა”), როგორც მოსალოდნელი იყო, კრინტს არ სძრავენ ამის თაობაზე!

აბა, საიდან ვიცით, რომგადაგვირჩნენ”, კვლავ სომხური წყაროდან ხომ არა?

– თითქმის. სომეხი აჯი ჩალაბი ტრაბახობდა: მე რომ ორჯერ არ დამემარცხებინა ერეკლე მეორე და მამამისი თეიმურაზი, ნამდვილად სპარსეთის დამჩოქებელნი იყვნენო!

ერეკლე ხომ უდიდესი მხედართმთავარი იყო, ახლა რაღატომ გაეჭვებთ სპარსეთისგადარჩენისამბავი?

– ქართველი მემატიანენი რატომ ხმას არ იღებენ?!

ხომ შეიძლება, ისინი ჩვენი მეფეების პრესტიჟს უფრთხილდებოდნენ?

– პირიქით, მათი პრესტიჟი მაშინ უფრო აიწევდა, ასეთი ქმედების განაზრახი მაინც რომ ჰქონოდათ. და კიდევ, იცით რას სწერს სწორედ ამ პერიოდში პაპუნა ორბელიანი? – „ალაგი აღარ იყო, რომ ლეკი არ იდგა”. სანამ ლეკურ საკითხს არ მოაგვარებდა, ერეკლე სპარსეთის დაპყრობაზე არც იოცნებებდა.

მერედა, ერეკლე ხომ ისე გარდაიცვალა, „ლეკური საკითხიისევ დღის წესრიგში დარჩა?!

– აქედან დასკვნა – ერეკლეს სპარსეთის დაპყრობაზე არც უოცნებია.

აჯი ჩალაბი, ამ სახელწოდებას მაჰმადიანური იერი უფრო დაჰკრავს, დარწმუნებული ხართ, რომ ის ნამდვილად სომეხი იყო?

– ძალზე ბევრი მიიჩნევს მას სომეხად. ეს ნიუანსი, რომ არ მოგატყუოთ, პირადად არ შემისწავლია. პაპუნა ორბელიანი მის შესახებ წერს, რომ იგი „გვარად ლეკი” იყო. რას გულისხმობდა, ძნელი სათქმელია.

მოგვიანებით, ერეკლეს მიერ სპარსეთის დალაშქვრის გეგმებზე ცნობილი რუსი ისტორიკოსი – ბუტკოვიც ალაპარაკდა და მასზე უფრო ადრე, ზოგიერთი ევროპული გაზეთიც. თუმცა, მათი არგუმენტაცია კრიტიკას ვერ უძლებდა.

ჩემი საუბრის დასასრულს, ამას მოგახსენებთ: ფეოდალურ ხანაში ქართლელები და კახელები არ ინდობდნენ ერთმანეთს; მამა და შვილი, ძმები და მირონით დანათესავებულნი... მეზობელი სომხები ჩვენი პრობლემებით აიტკივებდნენ თავს?

როდესაც ორი ჩხუბობს, მესამე ყოველთვის მოგებულია. საყოველთაოდ დადგენილი წესია. არ არის გამორიცხული, მათ გულშემატკივრობას ჩვენდამი ეს ფილოსოფია განაპირობებდეს.

არც ერთი ის მეფე (თეიმურაზ პირველი, ვახტანგ მეექვსე, თეიმურაზ მეორე, ერეკლე მეორე), რომელთაც ჩვენ ზემოთ შევეხეთ, სპარსეთისადმი კონფორმიზმით არ გამოირჩეოდა. ყველა მათგანს ამ აგრესორმა ქვეყანამ დიდი სულიერი ტკივილი მიაყენა. არც ერთი მათგანი დასაპყრობს – დაუპრობელს არ დატოვებდა. არ უნდა ვიყოთ რომის პაპზე კათოლიკენი... იმ ქართველების გასაგონად ვამბობ, სომხურ ზღაპრებს რომ აჰყვნენ და რეალობის გრძნობა დაკარგეს.

ნუთუ დამაფიქრებელი არ არის, რომ იმ დროის არც ერთი ქართველი მემატიანე ამ დილემას არც კი შეხებია? რაო, ვითომ ყველამ პირი შეკრა?!