მსოფლიოშიც და საქართველოშიც საწვავის გაიაფების დრო დადგა. უკვე კვირაზე მეტია ნავთობი თავბრუდამხვევი სისწრაფით გაიაფდა, რასაც ნავთობიმპორტიორების ადეკვატური რეაქციაც უნდა მოჰყვეს.
მსოფლიო ბანკმა 2019 და 2020 წლებში ბარელი ნავთობის ფასის პროგნოზი 66 და 65 დოლარამდე შეამცირა. ამის შესახებ ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშში - „მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივა: დაძაბულობის ზრდა, ინვესტიციების დაცემა“, არის ნათქვამი.
„როგორც პროგნოზირებენ, ნავთობის ფასი შეადგენს 2019 წელს, საშუალოდ, 66 დოლარს ერთ ბარელზე და 2020 წელს - 65 დოლარს, ეს უმნიშვნელო ცვლილებაა შემცირების მიმართულებით იანვრის თვის შეფასებასთან შედარებით და ასახავს გლობალური აქტივობის შესუსტებას.
პროგნოზი რჩება საკმაოდ გაურკვეველი და დამოკიდებულია პოლიტიკური გადაწყვეტილებებზე. კერძოდ, გაგრძელდება თუ არა 2019 წლის მეორე ნახევარში ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმება ოპეკის წევრ ქვეყნებსა და მის პარტნიორებს შორის“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ნავთობის ფასმა აღდგენა დაიწყო და შეადგინა, საშუალოდ, 64 დოლარი ერთ ბარელზე, რასაც ხელი შეუწყო ოპეკისა და მისი პარტნიორების შეთანხმებამ, ასევე აშშ-ის გადაწყვეტილებამ, გაეკეთებინა გამონაკლისები ირანის წინააღმდეგ სანავთობო სანქციებიდან. საბოლოოდ მთელი გაზაფხული შავი ოქრო ნელ-ნელა ძვირდებოდა და საბოლოოდ 76 დოლარსაც მიაღწია.
რამდენიმე დღის წინ კი ყველაფერი ელვისებურად შეიცვალა და ნავთობმა თავბრუდამხვევი გაიაფება დაიწყო. ამჟამად 1 ბარელი 61 დოლარი ღირს. მიზეზი მსოფლიო ეკონომიკის შენელება, სავაჭრო ომები და ჭარბი მიწოდებაა.
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის შეფასებით, ფასზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა გავლენა, რის გამოც ბირჟებზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
„ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისია. ირანის გარშემო კვლავინდებურად დაძაბული სიტუაციაა და დაწესებული სანქციები თავიდან ბოლომდეა ამოქმედებული, რის ფონზეც ნავთობზე ფასები ცვლილებას განიცდის. ბოლო ერთი კვირაა, მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა და შეიძლება ითქვას, ჩამოიშალა ფასი, რისი უმთავრესი მიზეზი ქვეყნებს შორის მიმდინარე სავაჭრო ომია.
ეს გახდა წინაპირობა იმისა, რომ უახლოეს პერიოდში ნავთობზე გლობალური მოთხოვნა შემცირდება. აქვე იგულისხმება ეკონომიკის ზრდის ის დონე და ტემპი, რომელსაც პროგნოზირებდნენ, მაგრამ მიღწეული არ იქნება.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ნიუანსი პირდაპირ გავლენას ახდენს ფასზე. საკმაოდ რთული მოცემულობა შეიქმნა. ფასი წამოვიდა კლებისკენ, მაგრამ მარაგი გაზრდილია, წარმოებაც (მათ შორის ფიქალური ნავთობისა), მნიშვნელოვნად არის მომატებული. მთლიანობაში, ბევრი წინააღმდეგობრივი მომენტია. ერთი მხრივ, ძალაშია ის პროცესი, რაც საწვავის გაძვირებას უკავშირდება და მეორე მხრივ, ყველა მოცემულობა - ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება, სავაჭრო ომი შეერთებულ შტატებს, მექსიკასა და ჩინეთს შორის, ფასის შემცირებაზე მოქმედებს“, - ამბობს მთვრალაშვილი და დასძენს, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გამოძახილი მოჰყვება საერთაშორისო პროცესებს საქართველოში და როგორ შეიცვლება ფასები მომდევნო პერიოდის განმავლობაში, როცა ლარი საკმაოდ არის გაუფასურებული.
„საერთაშორისო ფასი საქართველოშიც მოახდენს გავლენას, მაგრამ ჯერ პროგნოზი ნაადრევია. გაიაფების პროცესი რამდენიმე დღის დაწყებულია, ტენდენცია შენარჩუნდება თუ შეიცვლება, ამაზეა დამოკიდებული ადგილობრივი ბაზარიც. ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღის ტენდენციას ვაკვირდებით და ასე მოკლე პერიოდში პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. მთავარია, ის მოცემულობა შენარჩუნდეს, რაც საწვავის გაიაფებას უზრუნველყოფს. აქ მნიშვნელოვანია ლარის კურსიც, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან იყო გაუფასურებული“,- აღნიშნა მთვრალაშვილმა.