ანაკლიის პორტის ირგვლივ ბურუსი იფანტება - დარჩენილია 1 შეუთანხმებელი პუნქტი

ანაკლიის პორტის ირგვლივ ბურუსი იფანტება - დარჩენილია 1 შეუთანხმებელი პუნქტი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეთანხმება მიღწეულია და თითქოს ისე ჩანს, რომ პროექტის განხორციელება არ უნდა შეფერხდეს. 8 პუნქტიდან ინვესტორები და მთავრობა 7-ზე შეჯერდნენ, მაგრამ დარჩენილია ერთი ყველაზე საყურადღებო ნიუანსი, რომელზეც შეთანხმება ვერ ხერხდება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი ლევან ახვლედიანის აცხადებს, რომ პორტში ტვირთბრუნვის დაზღვევის საკითხში, შესაძლოა, ევროკავშირის ერთ-ერთი ფონდი ჩაერთოს. რაც შეეხება მთავრობასთან მოლაპარაკებას, რვა პუნქტიანი მოთხოვნიდან მხარეებს შორის შვიდზე შეთანხმება მიღწეულია. პარალელურად მსჯელობა და მუშაობა დაიწყება ალტერნატიულ გეგმაზე, რომლის მეშვეობითაც კომერციული რისკების დაზღვევის საკითხი უნდა მოგვარდეს.

„შედეგიანი შეხვედრები გვქონდა, პრაქტიკულად 7 საკითხზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია. იურისტებს დამატებით მუშაობა მოუწევთ, რომ ეს შეთანხმებები ქაღალდზე გადაიტანონ. რა თქმა უნდა, ნიუანსებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი გაგრძელდება. დარჩა ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევას ეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ არის ალტერნატიული ვერსიები, მათ შორის საუბარია ევროკავშირის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის ჩართვაზე. ვიმუშავებთ ამ ალტერნატიულ ვარიანტზე და უახლოეს მომავალში შედგება დამატებითი განხილვები“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ჯერ ფინანსთა სამინისტროში, შემდეგ კი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მთავრობას, კონსორციუმსა და დონორ საფინანსო ინსტიტუტებს შორის სამუშაო შეხვედრები იმართებოდა. მაია ცქიტიშვილმა არაერთხელ გაიმეორა, რომ სახელმწიფო საკუთარ თავზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კომერციული რისკების დაზღვევას არ აიღებს. საუბარი არის იმაზე, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ჩართული თითოეული მხარე ცდილობს, გამონახოს ის შესაძლებლობა და ის რესურსი, რომელიც პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა.

„როდესაც ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს კომერციული რისკების დაზღვევა, უნდა გვახსოვდეს, რომ ბანკებმა სესხი უშუალოდ ინვესტორს უნდა მისცენ, ანუ პირველ რიგში, აქ საუბარი ბანკებსა და ინვესტორებს შორის არის. კომერციული რისკების დაზღვევას ინვესტორს სთხოვენ და ასეც უნდა იყოს, თუმცა ყველაზე კომფორტული აღმოჩნდა, რომ მათ შორის, გარანტიების დასაზღვევად მთავრობისთვის მიემართათ, მაგრამ სახელმწიფო ინვესტორების კომერციული რისკების დამზღვევი ვერ იქნება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

იგივე პოზიციას იზირაებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანიც. მისი თქმით, კრედიტორები სწორედ იმიტომ ითხოვენ კომერციული რისკების დაზღვევას, რომ ისინი არსებულ ბიზნეს-მოდელში თავს სრულად კომფორტულად არ გრძნობენ.

„ამ მხრივ, ჩვენ წინ წავედით და ბევრ სხვადასხვა ტიპის რისკს ვუზღვევთ და ვუბათილებთ, თუმცა ტვირთების რაოდენობა იქნება თუ არა ამდენი, და ამ კორიდორზე მოვა თუ არა ეს ტვირთბრუნვა, ჩვენ აქ თავს ვიკავებთ. პროექტი იმიტომ არის კერძო ინიციატივა, რომ ეს რისკები თანაბრად გადანაწილდეს. ჩვენ იმაზე მეტ რისკს ვერ ავიღებთ, რაც სახელმწიფომ უნდა აიღოს.

ჩვენი ვალდებულებაა, რომ უნდა გავიყვანოთ რკინიგზა და საავტომობილო გზა, ასევე მიწების გამოსყიდვაში უნდა დავეხმაროთ კონსორციუმს. ამისთვის 100 მლნ ლარამდე დაფინანსება უნდა გამოვყოთ და ეს ყველაფერი ძალაშია, მაგრამ თუ ამ პროექტის მნიშვნელოვანი რისკის გადმოტანა სახელმწიფოზე მოხდა, მაშინ სად არის კომერციული კომპონენტი? სად არის კერძო ინიციატივა? ეს მიდგომას მთლიანად ცვლის.

ამიტომ ამ ეტაპზე ვთქვით, რომ ბევრ რამეში დავეხმარებით, თუმცა ძირეულ, ფუნდამენტურ ცვლილებას ჩვენ არ მივესალმებით“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრიასას ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარი გააკეთა „ანაკლია სითის“ გენერალურმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმაც და აღნიშნა, რომ პორტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია გზისა და რკინიგზის მშენებლობაც დროულად განხორციელდეს.

„ძალიან მარტივად, ჩვენ შეიძლება  ვიყოთ ან არ ვიყოთ ტრანზიტული ქვეყანა, ეს დამოკიდებულია იმაზე, განვითარდება თუ არა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. აზიის განვითარების ბანკმა დაასახელა ეს პროექტი მნიშვნელოვნად არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის.

დღემდე კონსორციუმმა 70 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. დამატებითი სამუშაოები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ფუნდამენტური სამუშაოები დავიწყოთ. ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე ტენდერი და უახლოეს მომავალში დავასახელებთ გენერალურ კონტრაქტორ კომპანიასაც, რომელიც პორტის ჩაბარებაზე იქნება პასუხისმგებელი. როგორც იყო დაგეგმილი ისე მიმდინარეობს და ამ მხრივ შეფერხებები არ არსებობს.

დღევანდელი განრიგიდან გამომდინარე, ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2021 წლისთვის პორტი მიიღებს დიდ გემებს და გახდება ფუნქციონირებადი. გადამწყვეტი ფაქტორია რკინიგზის და გზის მიყვანა. თუ ისინიც თავის ვადებში არ განხორციელდება, პორტის მუშაობას აზრი ეკარგება“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.