საქართველოს ეკონომიკა უკვე კარგი ხანია სასაფლაოზე წევს

საქართველოს ეკონომიკა უკვე კარგი ხანია სასაფლაოზე წევს

ლარს აქვს ფუნდამენტური პრობლემა - ის უბრალოდ არ არის ქვეყანაში, - აცხადებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე ლარის კურსის კატასტროფულად ვარდნის კომენტირებისას. "200NEWS“-თან საუბარში გიორხელიძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ლარს წლებია აქვს და რომლის მოგვარებაც ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.

"ლარის კურსის ვარდნაში ახალი არაფერი ხდება. ქართული ლარი შეჩვეულია ასეთ რყევებს. მიზეზი კი ფუნდამენტური პრობლემებია. ფუნდამენტურ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ ლარის მოცულობა არ შეესაბამება ისედაც მწირი ქართული ეკონომიკის მოცულობას. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ ფულით გადაფარული ეკონომიკა მხოლოდ 20 პროცენტით იყოს. ბუნებრივია, ლარის სიმცირე მიმოქცევაში, განაპირობებს მაღალდოლარიანობას და პერიოდულად, როცა ქვეყნიდან გადის თანხა, ანდა ქვეყნის შიგნით ლარის მოთხოვნა იზრდება, იმ წუთიდან იწყება ძალიან გაუგებარი და აბსოლუტურად მიზანმიმართული თამაშები. ეროვნული ბანკის მახინჯი პოლიტიკა ლარის კურსის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომელიც მთლიანად 2-3 ბანკის ხელშია, მიზანმიმართული ქმედების სერიოზულ საფუძველს ქმნის.

გონიერი ხალხი ამას შესანიშნავად იყენებს. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ეროვნული ბანკი გამოყენებული იქნა კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, ფულის საკეთებლად. სერიოზულად ქვეყნის ეკონომიკაზე არავინ ფიქრობს. ხელისუფლებასთან ახლო მყოფი გავლენიანი ფინანსური ჯგუფები აკეთებენ იმას, რომ საკუთარი ინტერესების ხარჯზე ქვეყნის ეკონომიკა ფაქტობრივად გათელილია. ილუზიებს, რომ ქართულ ეკონომიკაში კარგად არის საქმე, თან სდევს ერთი უბედურება. ლარის კურსის ყოველ მატებაზე ან კლებაზე, საქართველოს მოქალაქეები იხდიან სოლიდურ თანხას“, - აცხადებს გიორხელიძე.

ექსპერტის აზრით, რომ არა ემიგრანტების გადმორიცხვები, ქვეყანაში გაცილებით რთული ეკონომიკური მდგომარეობა იქნებოდა.

"ახლა კონკრეტულად რა მოხდა და რატომ დაეცა ლარის კურსი, არ ვიცი. შეიძლება, დიდი რაოდენობით თანხა გავიდა ქვეყნიდან, რამაც განაპირობა ლარზე მოთხოვნის გაზრდა და სიმართლე გითხრათ, იმპორტზე ჩამოკიდებულ ქვეყანას არ გააჩნია ვალუტის შემოსავლების მყარი წყაროები. რომ არა ჩვენი ქვეყნის მილიონნახევარი მოქალაქების გადმორიცხვები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, სიტუაცია უფრო კატასტროფული იქნებოდა. ლარი ქართული ეკონომიკის 18,5 პროცენტია. რა უნდა იყოს დანარჩენი, რომ იარსებოს ქართულმა ეკონომიკამ? ლარის სიმცირის გამო, მისი კურსი ხელოვნურად მაღალია. არ არის საქართველოში ისეთი ეკონომიკა, ისეთი დიდი ფინანსური შესაძლებლობები, რომ ლარის ასეთი მაღალი კურსი განაპირობოს“, - აცხადებს ექსპერტი.

"ლარს აქვს ფუნდამენტური პრობლემა, ის უბრალოდ არ არის ქვეყანაში. ყველა ქვეყანაში რამდენიც არის ეკონომიკის მოცულობა, იმდენია ფული. საქართველოში კი ფული ხუთჯერ ნაკლებია, რაც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ლარის კურსი ხელოვნურად მაღალი რომ არის, ეს ეკონომიკას ხელოვნურად აჩერებს. რეალურად რომ გითხრათ, ლარის კურსი გაცილებით დაბალი უნდა იყოს. ლარის კურსი უნდა შეესაბამებოდეს იმ წონას, რაც ქართულ ეკონომიკას გააჩნია. არ შეიძლება გვინდოდეს, რომ 50 შაური ღირდეს დოლარი.

ეს მთლიანად გაანადგურებს ქართულ ეკონომიკას, იმიტომ რომ ყველანაირი წარმოების აზრს მოსპობს. არც ერთი ერთზე არ უნდა გინდოდეს ლარის კურსი, იმიტომ რომ ის ამერიკაა და შენ საქართველო ხარ. ამ ორი ქვეყნის ეკონომიკის შესაძლებლობები შეუდარებელი სიდიდეებია. ამიტომ, ამას სჭირდება პოლიტიკა და პროფესიონალიზმი, რაც მთავარია, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, რომელიც 30 წელია არ არსებობს. აუცილებელია, რომ პროფესიულმა მთავრობებმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება გაიხადონ უპირველეს მიზნად. ეს არამარტო მთავრობის, არამედ ხელისუფლების მიზანი უნდა იყოს “, - განაცხადა გიორხელიძემ.

ექსპერტის თქმით, ლარის კურსის რყევები კარგად მართული პროცესია.

"ლარის კურსის ცვალებადობა კარგად მართული პროცესია. როცა საჭიროა, ლარი დაეცემა და ფული ამოიქაჩება, როცა საჭიროა უკუპროცესი წავა და ფული კვლავ ამოიქაჩება. რა თქმა უნდა, მთავრობამაც და ეკონომიკის სამინისტრომაც იცის, რომ ხვალ ხუთი და ექვსი ლარი არ გახდება დოლარი, მაგრამ ეს რა შეღავათს აძლევს ეკონომიკას? ასეთი რამ რომ ხდებოდეს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. ქვესკნელში იქნება ჩატანილი. თქვენ მკითხავთ, ქართული ეკონომიკა, როგორ არის ცოცხალიო, მაგრამ ქართული ეკონომიკა უკვე კარგი ხანია, ქვესკნელში. შესაბამისად სასაფლაოზე ქარიშხალი არაფერს წყვეტს. გამოიდარებს და ყველაფერი ნორმლურად იქნება“, - აცხადებს გიორხელიძე.

ცნობისათვის, ლარის კურსი საქართველოში ბოლო დროს კატასტროფულად კლებულობს. ბოლო დღეებში აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 2.7435 ლარი შეადგინა.