„პოლიტიკური კაპიტალით მოსული პოლიტიკოსი ვიღაც-ვიღაცებს არ სურთ“

„პოლიტიკური კაპიტალით მოსული პოლიტიკოსი ვიღაც-ვიღაცებს არ სურთ“

პანკისის მოვლენების შემდეგ ცალკეულ ადამიანებს გაუმყარდათ ეჭვი, რომ „პრემიერ-მინისტრი არის გახარია და არა ბახტაძე“. ყოველ შემთხვევაში, ასეთნაირად ფიქრობს „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მისი თქმით, ის რაც დღეს ხდება, აბსურდის თეატრია და დღეს მთავრობაში ვინც თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, ეს არის გახარია.

წინა კვირას გახარია ეროვნული უსაფრთხოების მდივნად დანიშნეს. შესაბამისად, მისი მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდა მთელი საპასუხისმგებლო უწყებები, მათ შორის, პროკურატურა, სუს-ი, საგარეო საქმეთა სამინისტრო.

როგორც დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, ივანიშვილს გახარია პრემიერად არ სჭირდება, რადგან მას საჭიროების შემთხვევაში ჰყავს „პრემიერი გამოძახებით“ და ეს ე.წ. ვირტუალური პირი იმ დროს არის პრემიერი, როცა დაავალებენ. ამ ფონზე ივანიშვილმა ყველა სამინისტრო სწორედ გახარიას დაუქვემდებარა.

რისთვის ამზადებენ გიორგი გახარიას და ვინ გვევლინება დღეს ქვეყნის რეალურ პრემიერად?!

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩვენს ცალკეულ პოლიტიკოსებს შორის ვის რა ეჩვენება და რა ელანდება, ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს და რეალურად ასე არ არის, თითქოს გახარიაა პრემიერ-მინისტრი.

„რისთვის ამზადებენ გახარიას და როგორ ამზადებენ? ეს „ოცნების“ შიდა სამზარეულოს საქმეა და დამოკიდებულია იმაზე, როგორ იხარშება მოვლენები „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში, პარლამენტში, თუნდაც იგივე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის თავმჯდომარე რას ფიქრობს. ცხადია, ახლა ისეთი ვითარებაა, გახარიამ ისეთი ავტორიტეტი შეიქმნა და ისეთი სახელი გაიკეთა, რომ ზოგიერთებს მოლანდებები დაეწყოთ და ფიქრობენ, გახარიაა უფრო პრემიერი, ვიდრე მამუკა ბახტაძე. ეს ყველაფერი გახარიას პოლიტიკურ წონაზე მეტყველებს. ეს ჰაერიდან არ მოდის, რაღაც საფუძველი აქვს, რომ მასში ხედავენ მძიმეწონიან პოლიტიკოსს, ვიდრე თუნდაც პრემიერში, მაგრამ იმის თქმა, რომ რეალური პრემიერი გახარიაა, არასწორია“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას ძალიან მოსწონს შს მინისტრი გიორგი გახარია. მიიჩნევს, რომ გახარია ერთ-ერთი რაციონალური ადამიანია, რომელიც ამ ხელისუფლებაში არსებობს. ანალიტიკოსის აზრით, გახარიამ ეს საქმითაც დაამტკიცა, როცა ორჯერ საკმაოდ რთული სიტუაციიდან გამოიყვანა მთელი ხელისუფლება და მმართველი პოლიტიკური ძალა.

„მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ დღეს პრემიერი ბახტაძე უბრალოდ ტექნიკური პრემიერია, როგორც კირიენკო იყო რუსეთში. მე თუ მკითხავთ, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ დე ფაქტოდ ბევრად უკეთ აიღო პოლიტიკური მართვის სადავეები და გამოაჩინა, რომ შეუძლია პრობლემების გადაწყვეტა კრიზისულ პერიოდში. ვგულისხმობ პანკისის ხეობაში არსებულ კრიზისს, როცა პრემიერ-მინისტრი ბუჩქებში იყო, და უფრო ადრინდელ პერიოდსაც, როცა გახარია გამოვიდა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის დროს. ეს შემდგარი ფაქტია. ამიტომ რაც უფრო მალე მოხდება ოფიციალურად დე ფაქტოდან დე იურე პოზიციაში გახარიას გადასვლა, უფრო კარგი იქნება. რატომ არ ჩქარობს ბიძინა ივანიშვილი გახარიას დაწინაურებას, არ ვიცი. ზოგიერთი ამბობს, პანკისის პრობლემა ძალით შექმნეს გახარიას წინააღმდეგო. შეთქმულების თეორიიდან შორს ვარ, უბრალოდ, პოლიტიკური იდიოტიზმის ბრალია, რომ პანკისის პრობლემა შეიქმნა. სახელმწიფო სტრუქტურებში სხედან სრული იდიოტები, რომლებმაც არც რისკის გათვლა იციან, არც კომპეტენტურები არიან. რაც უფრო გაგრძელდება ეს პროცესი, მით უფრო მოირღვევა სახელმწიფოებრიობა, ამის სერიოზიულ ზღვარზე გადავდივართ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, გიორგი გახარიაც არ არის მთლად უკეთესი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჩანს და ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ისევ გახარიაა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ვიღაცებს ეშინიათ გახარიას პოზიციების გამყარების, ვინაიდან გახარიამ შეიძინა პოლიტიკური კაპიტალი. როგორც ჩანს, პოლიტიკური კაპიტალით მოსული პოლიტიკოსი ვიღაც-ვიღაცებს არ სურთ.