ახალი აპარტეიდი აფხაზეთში - საქართველოს მოქალაქეების ნაწილს მემკვიდრეობის მიღების უფლება აღარ ექნება

ახალი აპარტეიდი აფხაზეთში - საქართველოს მოქალაქეების ნაწილს მემკვიდრეობის მიღების უფლება აღარ ექნება

გარდაცვლილი ქართველების შთამომავლებს და ოჯახის წევრებს სახლის გადაფორმება აეკრძალებათ

საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ოკუპირებულ აფხაზეთში მემკვიდრეობის მიღების უფლება აღარ ექნება. სოხუმის რეჟიმს შემოაქვს ახალი „კანონი", რომ იმ ადამიანების შვილებს, ან ოჯახის წევრებს, ვინც ომის დროს აფხაზების წინააღმდეგ იბრძოდა, ან ქართულ ჯარს ეხმარებოდა, აფხაზეთში საკუთარი ქონების, მემკვიდრეობით მიღებული სახლის გადაფორმება აეკრძალოთ.

შესაბამისი „კანონი" პირველი მოსმენით მიიღო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტმა. ინიციატივა დე ფაქტო დეპუტატს, რაულ ლოლუას ეკუთვნის.

მისი განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი მშობლებისა და წინაპრების საკუთრებას იფორმებენ, რაც საკანონმდებლო რეგულაციის ხარვეზია, რომელიც უნდა „გამოსწორდეს".

მამუკა არეშიძის თქმით, ეს არის აპარტეიდის გაგრძელება და კიდევ ერთი დამატებითი წნეხი გალის ქართულ მოსახლეობაზე.

„ჯერ ერთი, ლოლუა რომ გამოდის ამ განცხადებით, ეს ძალიან სასაცილოა. ლოლუა, რომელიც ეთნიკურად ქართველია, ისევე როგორც გალის დე ფაქტო მმართველი თემურ ნადარაია, რომლის ნათესავები ხობში დღესაც ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ ეს კანონი, რომელსაც ეს გააფხაზებული ლოლუა მიიღებს, სხვა ლოლუას შეეხება.

"ასეთი ტიპის კანონები ორიენტირებულია იმისკენ კი არა, რომ ვიღაც იბრძოდა და მის წინააღმდეგაა ეს, არა. სიმართლე რომ ვთქვათ, გალიდან მასობრივი საბრძოლო გამოსვლები არც ყოფილა, 200 კაცზე მეტი არ იბრძოდა, მგონი. იმიტომაც დაბრუნდნენ გალში.

"ძალიან კარგად იციან აფხაზებმა ვინ ომობდა და ვინ - არა და ვინც ომობდა, ის ფეხს არც შეადგამს იქ. ეს ახალი „კანონი" მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ ქართველების ყოფნა გალის რაიონში, რაც შეიძლება მეტი ადგილი გამოათავისუფლონ.

"დრაკონული კანონებია, აპარტეიდული, თუნდაც პასპორტებთან დაკავშირებით, საბუთებთან დაკავშირებით და ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ახლა კიდევ ახალი მოიგონეს, რომ კიდევ ერთი ბარიერი შეუქმნან ქართველების იქ ყოფნას. ახლა ადამიანი, ვინც საკუთრების გასაფორმებლად მივა, ეტყვიან, რომ მამაშენი იბრძოდა და ახლა ამტკიცე, რომ ასე არ იყო.

"თუ სასურველი არ იქნება კონკრეტული პიროვნება, მაგალითად ქართული სკოლის მასწავლებელი, თუ არ არის სასურველი მისი იქ ყოფნა და თუ არ ემსახურება ადგილობრივ რეჟიმს, გამოაძევებენ, ყოველ შემთხვევაში არ დაუმტკიცებენ ქონებას. აქტიური ქართველების წინააღმდეგ არის ეს ღონისძება,"- ამბობს არეშიძე.

მისი თქმით, უბედურება ისაა, რომ პრაქტიკულად ღვთის ანაბარად მიტოვებულია გალის მოსახლეობა. ძალიან ცოტას სახლი გაფორმებული აქვს, მაგრამ დიდი ნაწილია საკუთრების რეგისტრაციის გარეშე.

„ის, რომ ვიღაც ახლა თბილისიდან ჩადის გალში და ამბობს, დამიმტკიცეთ წინაპრის ქონებაო, ეს არის მტკნარი სიცრუე. ეს არის აპარტეიდის გაგრძელება. ამით აფხაზები რასაც „მოიგებენ", საკუთარ თავს დააბრალონ.

"შეზღუდულ უფლებიანი ქართველები ძალიან მოწყვლადი ჯგუფია, ნაწილი გააფხაზდება, ნაწილი დატოვებს იქაურობას, ამ დატოვებულ ტერიტორიას აფხაზები ვერ შეავსებენ და შეავსებენ სხვა ერის წარმომადგენლები,"- ამბობს არეშიძე.

ცნობისათვის, „დეპუტატი" რაულ ლოლუა აცხადებს, რომ ქართველების მიერ ქონების დაკანონებაზე გააქტიურების შესახებ პრეტენზიები „პარლამენტში" აფხაზი ომის ვეტერანებისგან მიიღეს.

„სამოქალაქო კოდექსში, მემკვიდრეობის ნაწილში არსებობს პრობლემა და ეს უნდა გამოსწორდეს. უნდა შევცვალოთ კანონი და აფხაზეთის ტერიტორიაზე უნდა ავუკრძალოთ უძრავ ქონებაზე მემკვიდრეობის მიღება იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მონაწილეობდნენ აფხაზეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ან ეხმარებოდნენ ოკუპანტ ძალებს.

"მოქალაქეებმა მშობლების გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს მემკვიდრეობის დამტკიცებაზე ზრუნვა და ნოტარიუსთან მათი განცხადების მიღება არ უნდა მოხდეს.

"ასეთი შემთხვევები ცოტა არაა, მაგრამ არც მასობრივი ხასიათისაა. ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ. საჭიროა დაიხვეწოს ისეთი მექანიზმები, რომელიც არ დაუშვებს, რომ ამ კატეგორიის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა გაიფორმონ მემკვიდრეობით ქონება," - განაცხადა ლოლუამ.

მოქმედი კანონის თანახმად, მემკვიდრეობის უფლება ეზღუდებოდა იმ ადამიანებს, ვინც აფხაზეთში იბრძოდა ან ეხმარებოდა ქართულ ჯარებს, რომელიც აფხაზურ ე.წ. კანონმდებლობაში საოკუპაციო ძალებადაა მოხსენიებული. ახლა ამ ჩანაწერს ტერმინი „ოჯახის წევრიც" ემატება.