ბინძური ცილისწამება, რომელიც მაჟორიტარი კანდიდატის დისკრედიტაციას ემსახურება

ბინძური ცილისწამება, რომელიც მაჟორიტარი კანდიდატის დისკრედიტაციას ემსახურება

ბიძინა ივანიშვილის მძიმე ბრალდებებს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან ”ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები,“ შალვა შავგულიძე საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება.

სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი “ქართული ოცნების” ლიდერმა „ნაციონალური მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა. მან საზოგადოებაც გააკრიტიკა, როდესაც შავგულიძეს გმირად, ხოლო მოსამართლე ლევან მურუსიძეს ანტიგმირად ახასიათებენ.

შალვა შავგულიძე სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს და ხსნის, თუ რატომ არ გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. შავგულიძის თქმით, მაშინდელი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო მოეთხოვა მსჯავრდებულის ქმედებისთვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება ან საქმის ძიებაში დაბრუნება.

„ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ მსჯავრდებულებისთვის მათი ქმედების არსებული კვალიფიკაციის ფარგლებში ცოტა უფრო მძიმე სასჯელის დაკისრება მოგვეთხოვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არსებობდა საშიშროება, რომ თუ სასამართლო ჩვენს ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, გირგვლიანის საქმის წარმოება სააპელაციო ინსტანციაში დასრულდებოდა და ჩვენ აღარ გვექნებოდა არც საკასაციო ინსტანციისთვის და არც ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ გავასაჩივრებდით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს სააპელაციო ინსტანციაში, არსებობდა 2 შესაძლო ვარიანტი. პირველი, თუ სააპელაციო საჩივარს შეიტანდა ან პროკურორი ან რომელიმე მსჯავრდებული, ჩვენ როგორც სუბსიდიური ბრალმდებელი, სრულფასოვნად მივიღებდით მონაწილეობას საქმის სააპელაციო განხილვაში და გვექნებოდა შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საკასაციო ინსტანციაში გაგვესაჩივრებინა. მოვლენები სწორედ ასე განვითარდა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არც პროკურორი და არცერთი მსჯავრდებული პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებდა სააპელაციო ინსტანციაში, საქმე ადგილობრივ სამართალწარმოებაში დასრულდებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც გვრჩებოდა შესაძლებლობა, რომ ევროპული კონვენციის მე-13, მე-6 და მე-2 მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით, ესენია – უფლება ეფექტურ ზომაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლება, სიცოცხლის უფლება, მიგვემართა ევროპული სასამართლოსთვის. შექმნილ ვითარებაში მიზანშეწონილად მივიჩნიეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გაგვესაჩივრებინა სააპელაციო ინსტანციაში, რათა გარანტირებულად შეგვენარჩუნებინა ევროპულ სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობა მაინც,“ – განაცხადა შავგულიძემ.

შავგულიძის თქმით, ევროპულმა სასამართლომ დაზარალებული მხარის არგუმენტები, სადაც დასაბუთებული იყო, თუ რატომ არ გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, გაიზიარა.

შავგულიძემ ბიძინა ივანიშვილის გუშინ გაკეთებული განცხადებები „ბინძური ცილისწამებად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ ეს ყოველივე მის დისკრედიტაციას ემსახურება.

„ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მე გირგვლიანის საქმეზე წარმოვადგენდი რა დაზარალებულის უფლებამონაცვლე, ირინა ენუქიძის ინტერესებს, ჩემი მარწმუნებლის ინტერესების საზიანოდ ვმოქმედებდი. კერძოდ, ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების არგასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში თავდაპირველად უყურადღებობის შედეგად, ჩემ მიერ დაშვებულ პროფესიულ შეცდომად მიაჩნდა, ხოლო მოგვიანებით, მას გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მე ჩემი მარწმუნებლის ზურგს უკან, მისი ინტერესების საზიანოდ, მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და პროკურატურასთან შეთანხმებულად განზრახ ვმოქმედებდი. მან ასევე განაცხადა, რომ სწორედ სააპელაციო ინსტანციაში, ჩემ მიერ პირველი ინსტანციის განაჩენის არგასაჩივრებამ მოისპო შესაძლებლობა საკასაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძეს, რომ დაეკმაყოფილებინა ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისთვის ქვემდგომ ინსტანციაში დაებრუნებინა.

„ეტყობა ბატონ ივანიშვილს იმდენად სჭირდება მისგან კონტროლირებად მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში და მათი შენარჩუნება სასამართლო სისტემაში, რომ ამისთვის სიცრუეს და ცილისწამებას არ ერიდება. კიდევ ერთი მიზეზით შეიძლება აიხსნას ბატონი ივანიშვილის მაგვარი საქციელი. როგორც ჩანს, ბატონი ივანიშვილი ძალიან შეაშფოთა „თავისუფალი დემოკრატების“ და “ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკად გაერთიანებამ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში და აღარაფერს ერიდება ჩემი, როგორც ამ ბლოკის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის დისკრედიტაციისთვის. ვფიქრობ, რომ წარმატებული არ იქნება ბატონო ბიძინა თქვენი ეს მცდელობა,“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.