10 იანვარი ჩვენთვის, და ალბათ ბევრისათვის, ფრიად მნიშვნელოვანი დღე იყო: თბილისის „დინამოს“ დიდი ხნის გულშემატკივარი გახლავართ, მაგრამ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა შუა ზამთარში სტადიონის თითქმის სავსე ტრიბუნები ვიხილეთ და ეს ხილვა იყო საამაყო, განმადიდებელი, რადგან იგი კეთილშობილური საქმით იყო გამოწვეული.
ყველამ იცის, რომ ამ დღეს დასავლეთ გერმანიის ქალაქ ბრემენის „ვერდერმა“ და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა ჩაატარეს საქველმოქმედო მატჩი, რომლის მთელი შემოსავალი მიწისძვრისგან დაზარალებული სომხეთის რაიონების აღორძინების ფონდში გადაირიცხა.
აფერუმ გერმანელ და ქართველ სპორტსმენებს, ამაზე საამაყო რა უნდა იყოს. ეს არის მსოფლიო ხალხთა ურთიერთთანადგომა გაჭირვების ჟამს. ეს დღე ამ მხრივ მთელი სიცოცხლის მანძილზე სამახსოვროდ დარჩება ჩემთვისაც და ყველასათვისაც, მაგრამ...
მაგრამ ის, რომ ეს დღე, სამწუხაროდ, სხვა მხრივაც, ცუდ მოგონებადაც ჩაიბეჭდება მეხსიერებაში.
საქმე ის არის, რომ გერმანელ ფეხბურთელებს თან გულშემატკივართა დიდი ჯგუფი ჩამოჰყვა და ისინი თითქმის ერთად, ერთ ტრიბუნაზე დასვეს. ესეც კარგია, მაგრამ ცუდი ის მოხდა, რომ სად იყო და სად არა, მათ გარს შემოეხვია ჯგრო ჩვენებური ახალგაზრდებისა, რომლებიც, ხელგაწვდილნი რას არ სთხოვდნენ ჩამოსულ სტუმრებს: სიგარეტებს, კევს, სანთებელებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, „შნაპსის“ პატარა დაცლილ ბოთლებსაც, რომლებიც გერმანელებს თან „გამოჰყოლოდათ“.
სირცხვილია! სირცხვილი თქვენ, ხელგაწვდილებო, თუ ქართველები გქვიათ, თუ თბილისელები ხართ, როგორ იკადრეთ? ამით ხომ მარტო თქვენ თავს კი არა, მთელ ქალაქსა და რესპუბლიკას არცხვენთ.
აი, ეს იყო იმ დღის ტრაგედია ჩემთვის.
ეს იმ დღის შესახებ მოგახსენეთ,რაც აშკარად თვალშისაცემი იყო, თორემ ბევრმა განა არ ვიცით, თუ რა ხდება სხვაგანაც?!
აბა, რამდენიმე ხნით დადექით სასტუმროებთან, სადაც უცხოელები არიან დაბინავებულნი! ათასი ჯურის ყმაწვილები განა არ სთხოვენ მათ ათასგვარ „სუვენირებს“? სირცხვილია! სირცხვილი! ამ საქმეს სერიოზული მიხედვა უნდა, ფრიად სერიოზული!
იმ უცხოელებს ხომ ჩვენს შესახებ ასეთი ფაქტებისაგან ექმნებათ წარმოდგენა და შემდეგ წერენ თეთრზე შავით. მოდი და უმტკიცე მერე მათ, რომ ამას ქართველი, თბილისელი არ ჩაიდენდაო.
ვაი, თავის მოჭრავ!