უვიზო რეჟიმს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს - “სამწუხაროდ, ძალიან ახლოს ვართ შეჩერების მექანიზმით გაწერილ კრიტერიუმებთან”

უვიზო რეჟიმს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს - “სამწუხაროდ, ძალიან ახლოს ვართ შეჩერების მექანიზმით გაწერილ კრიტერიუმებთან”

„ამ ეტაპზე ოფიციალურად არცერთ ქვეყანას არ დაუყენებია საკითხი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ, თუმცა ეს გარანტიას არ გვაძლევს იმისა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება უახლოეს პერიოდში, თუ სიტუაცია არ შეიცვალა," - აცხადებს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას.

უვიზო მიმოსვლას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, რისი რეალური საფუძველიც უკვე არსებობს. სისხლის სამართლის კოდექსში განიხილავენ სწორედ იმ ცვლილებებს, რომელიც საზღვარგარეთ მიგრაციის ხელშეწყობის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ეხება. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ უკანონო მიგრაციასთან ერთად გაზრდილია, საზღვარზე უარის თქმის მაჩვენებელი, რაც, ფაქტობრივად, სიგნალია იმისა, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ პლენარულ სხდომაზე უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლოა ამოქმედებაზე ისაუბრა, რასთანაც, მისი თქმით, საქართველო ძალიან ახლოსაა.

„საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ევროკავშირს, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესაძლებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო. ძალიან ბევრი რეფორმის გატარება გახდა საჭირო - კანონის მიღება, ინსტიტუციური რეფორმების გატარება, იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო.

„პლიუს ამას, ევროკავშირი მუშაობდა შეჩერების მექანიზმზე და გახსოვთ, მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველა პირობა გვქონდა შესრულებული, ლოდინი მოგვიწია 2015 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტამდე, როცა პოლიტიკურად მზად იქნებოდა ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან. მაშინ ევროკავშირმა შეიმუშავა საერთო მექანიზმი ყველა ქვეყნისთვის და ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის გაკეთებული მექანიზმი და ყველა ქვეყანა, ვისთანაც აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა, დაუქვემდებარა ე.წ. შეჩერების მექანიზმის მოქმედებას.

„შეჩერების მექანიზმი ნიშნავს იმას, რომ თუ წინასწარ განსაზღვრული პირობები სახეზე იქნება, აქვს უფლება წევრ ქვეყანას ან კომისიას, რომ სწრაფად მოითხოვოს თავისუფალი რეჟიმის შეწყვეტა. სამწუხაროდ, წინაპირობები, რომელიც შეჩერების მექანიზმითაა გაწერილი, გარკვეულწილად, ფორმალურად ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ კრიტერიუმებთან - უკანონო მიგრაციის რაოდენობით, ასევე საზღვარზე უარების რაოდენობით.

„2018 წელს 2017 წელთან შედარებით 200%-ით არის გაზრდილი საზღვრიდან ჩვენი მოქალაქეების უკან მობრუნება. იმატებს ასევე თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის მაჩვენებლები. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ სახელმწიფო ნება ვაჩვენოთ. ვაჩვენოთ ის, რომ უკანონო მიგრაციას ხელს ვერ შევუწყობთ," - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ვანო ჩხიკვაძის განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია საზღვარგარეთ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, რაც შესაძლოა საფუძველი გახდეს იმისა, რომ ევროკავშირმა შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობა გამოიყენოს.

„დღეს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ძალიან მაღალია. ეს ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი. შეჩერების მექანიზმის კრიტერიუმის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში თუ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, რომელთაც არ აქვთ საფუძველი მოითხოვონ თავშესაფარი, 50%-ზე მეტია წინა წელთან შედარებით, ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს უფლება, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დააყენოს.

„შეჩერების მექანიზმი თუკი შემოღებულ იქნება, უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან შესაძლოა 18 თვის ვადით შეჩერდეს და მოხდეს დაკვირვება, შეიცვლება თუ არა ამ პერიოდში სიტუაცია. თუკი არ შეიცვლება, შესაძლებელია ამას ისევ 9 თვე დაემატოს და ეს პერიოდი 27 თვემდე გაგრძელდეს.

„იმ შემთხვევაში თუკი ამოქმედდა შეჩერების მექანიზმი, ისევ დავუბრუნდებით იმ ძველ პერიოდს, როდესაც ვიზებით შეგვძელო ევროკავშირისა და შენგენის ზონების ქვეყნებში გადასვლა," - აღნიშნავს ჩხიკვაძე.

რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ მსგავსი საფრთხე თავიდან აირიდოს?

ჩხიკვაძის თქმით, ამისათვის საჭიროა საქართველოში ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რადგან, ძირითადი მიზეზი, რის გამოც საზღვარგარეთ მიდიან, მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონია.

„ჩვენ ძალიან შეზღუდული ვართ იმ არსენალში, რაც გაგვაჩნია. რა შეიძლება გავაკეთოთ ამის წინააღმდეგ? ერთი - საინფორმაციო კამპანია, - მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ეს არ არის სწორი. გრძელვადიან პერსპექტივაში, მხარდაჭერა და მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება.

„ძირითადი მიზეზი, რის გამოც მიდიან და თავშესაფარს ითხოვენ, 20 ათასიდან მხოლოდ 3%-მა მიიღო თავშესაფარი, ესენი არიან ძირითადად შრომითი მიგრანტები, რომლებიც ცდილობენ, რომ არსებულ ეკონომიკურ-სოციალურ სიტუაციას გაექცნენ. გამოსავალია ადგილების შექმნა და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება," - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.