ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიური ექსპანსია მიმდინარეობს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიური ექსპანსია მიმდინარეობს

აფხაზეთში ოკუპანტებმა მე–11 საუკუნის ქართულ სასწაულმოქმედ ტაძარს რუსული გუმბათი დაადგეს. ოჩამჩირეში, ილორის წმიდა გიორგის ტაძარში, ქართული კვალის წასაშლელად, გარე ფასადი მთლიანად, შიდა კი – ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს. აღმოსავლეთის მხარე, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი და მთლიანად შელესილია.

„ქართველ მართლმადიდებლებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში მსახურების საშუალება არ აქვთ“, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების მდგომარეობაა ასახული. 
„ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევრებს არ აქვთ საშუალება იმსახურონ ქართულ სოფლებთან – ნულთან, ერედვთან, მონასტერთან და გერთან ახლომდებარე ეკლესიებში, რადგან ამ ტერიტორიას სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ პრობლემები არსებობს
ეკლესიებში მისვლისა და ახლობლების საფლავების მონახულების მიზნით ადმინისტრაციული სარზღვრების გადაკვეთის დროსაც, განსაკუთრებით კი ე.წ. სამხრეთ ოსეთში. 

აქვე ნათქვამია, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებს რუსული საოკუპაციო ჯარები უჭერენ მხარს, მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და ამდენად, ამ ტერიტორიებიდან რეალური ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია. 

„აფხაზი ლიდერის მიერ 1995 წელს გამოცემული ბრძანებით, რეგიონში იეღოვას მოწმეების საქმიანობა აიკრძალა და ეს ბრძანება დღემდე ძალაშია, თუმცა, რეალურად არ ხორციელდება. ამ ადამიანების ჯგუფი აცხადებს, რომ რეგიონში კვლავ საქმიანობს, მაგრამ ამ ბრძანების გამო მოქმედება შეზღუდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბაპტისტებს, ლუთერანებს და კათოლიკებს აფხაზეთში საქმიანობის ნება დართეს, მაგრამ რეალურად ეს შეუძლებელია. 

„2008 წელს რუსეთის მართლმადიდებლურმა სინოდმა გამოსცა რეზოლუცია, რომლითაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეპარქიებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია აღიარა, მაგრამ 2009 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქართული ეკლესიისგან „დამოუკიდებლობა“ გამოაცხადა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რელიგიური ექსპანსიაზე ყურადღებას ამახვილებს „კავკასია.გე“. 

„ცხინვალში სამსახურებრივი მივლინებით მყოფმა ისლამური აღმსარებლობის პირებმა ადგილობრივ რეჟიმს ქალაქში მეჩეთის აშენების მოთხოვნა წაუყენეს, რამაც სამხრეთ ოსეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამჯერად მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღების ინიციატივით გამოვიდნენ აღდგენით სამუშაოებზე დასაქმებული და სამხედრო კონტრაქტით მყოფი მუსლიმები.

თუ მე-19 საუკუნეში ოსებს შორის მუსულმანობის გავრცელებას ხელს უწყობდნენ შამილის ემისრები, თანამედროვე პირობებში ეს მისია იკისრეს ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მიერ წარგზავნილმა მეომრებმა და სამშენებლო კომპანია „Чеченстрой“-ს პერსონალმა. 

ვითარებას ართულებს ის გარემოება, რომ აღნიშნულ პირებს სერიოზულ ლობირებას უწევენ სხვა ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებიც. მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური - თეიმურაზ მამსუროვი, რომელიც აღმსარებლობით მუსულმანია. არსებული ინფომაციით, ისლამის მიმდევრებს მხარდამჭერები ჰყავთ ადგილობრივ ხელისუფლებაშიც.

რელიგიურ საკითხებში კოკოითის რწმუნებულის, სონია ხუბაევას განცხადებით, ტრადიციული ისლამის პარალელურად, ფიქსირდება რადიკალური ისლამის - ვაჰაბიტური მიმდინარეობის გავრცელების ტენდენცია. ვაჰაბიტები ცდილობენ ოსი ახალგაზრდებისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების გადაბირებას. 

კერძოდ, 2008 წლის სექტემბერში, ცხინვალში იმყოფებოდა რუსეთის მუფტების ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობდა ადგილობრივი ახალგაზრდების შესაკრებად, მათი ხაჯში (მოსალოცად და მუსულმანური სიწმინდეების მოსანახულებლად) მონაწილეობის მიღების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ წინააღმდეგობა გაუწია მათ, ხაჯში მონაწილეობა მაინც მიიღო ოსი ეროვნების ათმა პიროვნებამ.

არსებული მონაცემებით, ისლამის გავრცელების პირველ მცდელობას ადგილი ჰქონდა 1992 წელს, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, როდესაც სეპარატისტული რეჟიმის მხარდასაჭერად ცხინვალში ჩავიდნენ მთიელ ხალხთა კონფედერაციის წარმომადგენლები. თუმცა, მოთხოვნაზე - მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის მიღების შესახებ, მაშინდელი ლიდერის ლუდვიგ ჩიბიროვისაგან სასტიკი უარი მიიღეს.

გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა ისლამის გავრცელების მეორე მცდელობა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, როდესაც აღნიშნული რელიგიის წარმომადგენელთა მხრიდან კატეგორიულად დაისვა საკითხი ისლამის მიმდევრებისათვის ფართო უფლებების მინიჭების შესახებ. მათ შორის, ისლამური სათვისტომოს შექმნისა და მეჩეთის ასაშენებლად, ცხინვალში მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ. 

საყურადღებოა ის გარემოება, რომ „მუსლიმი ძმები“ ადგილობრივ ხელისუფლებას ხშირად ახსენებენ მათი „დამსახურების“ შესახებ ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში და საკითხის მოკლე დროში გადაწყვეტას მოითხოვენ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ისლამის გავრცელების გაძლიერება მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია ჩრდილოეთ ოსეთის მუფტის ალი-ხაჯის (სერგეი ევტეევი) სახელთან. იგი ამჟამად თვის ოჯახთან ერთად საუდის არაბეთშია გაქცეული. მუფტი გამოირჩეოდა რადიკალური ხედვით და მისი აქტიურობა უკმაყოფილებას იწვევდა ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის სასულიერო იერარქებში.

ალი ევტეევი ჩრდილოეთ ოსეთის მუფტის თანამდებობიდან გადადგა მიმდინარე წლის მაისში გაკეთებული სკანდალური ინტერვიუს გამო, სადაც მან განაცხადა, რომ იგი რადიკალია, ჩადიოდა ჩეჩნეთში ცნობილ ტერორისტ ხატაბთან, სადაც ღებულობდა რჩევებსა და რეკომენდაციებს ვაჰაბიზმთან დაკავშირებით.

მუფტი ევტეევის ამ განცხადების შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდნენ მისი პიროვნების მიმართ. რუსეთიდან ალი ევტეევის წასვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კომენტარები არ გაკეთებულა.

რუსულ-ქართული ომის დასრულების მეორე დღეს, ცხინვალში სწორედ ეს მუფტი ალი-ხაჯი ჩავიდა. მან შეხვედრები გამართა როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან (ყოფილი ვიცე-პრემიერი ბორის ჩოჩიევი), ისე – ე.წ. „ალანიის ეპარქიის“ ხელმძღვანელთან - მამა ფუხატესთან. მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას „ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“. 

ალი-ხაჯიმ ამ უკანასკნელს კეთილგანწყობის ნიშნად გადასცა ყურანი. თავის მხრივ, მამა ფუხატემ მადლობა გადაუხადა მუფტის საჩუქრისათვის და საქართველოს წინააღმდეგ „მუსლიმი ძმების“ მიერ გაწეული დახმარებისთვის. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ორგანიზებული იყო იმავე სონია ხუბაევას მიერ.

“გასაკვირიც არ იქნება, რომ დროთა განმავლობაში, კოკოითმა მუსლიმ ძმებს ნება დართოს მეჩეთის მშენებლობაზე გარკვეული სარგებლის ფასად, მაგრამ ამას სონია ხუბაევასნაირი პირები ისე „შეფუთავენ“ ტოლერანტობის მოტივით, რომ ადგილობრივებს არც შეეკითხებიან”, – წერს „კავკასია.გეს“ მიმომხილველი რუსლან სალბიევი.

რაც შეეხება ბოლო ინფორმაციებს აფხაზეთიდან, იქ მე–11 საუკუნის ქართულ სასწაულმოქმედ ტაძარს ოკუპანტებმა რუსული გუმბათი დაადგეს. ოჩამჩირეში ილორის წმიდა გიორგის ტაძარში, ქართული კვალის წასაშლელად, გარე ფასადი მთლიანად და შიდა კი ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს. აღმოსავლეთის მხარე კი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად შელესილია. ეკლესიაზე დამონტაჟებულია კონდიციონერები. საფრთხე უნიკალურ ფრესკებსაც ემუქრება. აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრების მთავარ სალოცავთან და სასწაულმოქმედ ტაძართან ახლა რუსული მძიმე ტექნიკა დგას.

ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკელესია, ოჩამჩირეში მე-11 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია. ტაძარში საუკუნეების განმავლობაში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინებოდა. სწორედ ილორი იყო აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრების სალოცავი ადგილი. არქიტექტურული ძეგლი მტრების შემოსევებისას სხვადასხვა დროს რამდენჯერმე განადგურდა.

ილორში ქართული მღვდელთმსახურების შეწყვეტა კომუნისტებმაც ვერ მოახერხეს. წირვა-ლოცვა იქ 90-იანი წლებიდან აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ შეწყდა.

ილორის წმიდა გიორგის ეკლესიის ხელყოფისთვის, ოფიციალური თბილისი მსოფლიო სიძველეთა დაცვის ორგანიზაციებს სპეციალურ მიმართვას გაუგზავნის. ქართული მხარე იუნესკოსგან, ხუროთმოძღვრული ძეგლის დაზიანების გამო, ოკუპანტების ქმედებებზე დაუყონებლივ რეაგირებას ითხოვს.

ილორის წმიდა გიორგის ეკლესიის გარდა, ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ხუროთმოძღვრული ყველა ძეგლი ასევე დაუცველია. სულ რეგიონში ქართული არქიტექტურული 1100 ძეგლია.