„კობახიძის გუნდს უკვე ივანიშვილის ფიგურის მოხმობა დასჭირდა ბესელიას წინააღმდეგ“

„კობახიძის გუნდს უკვე ივანიშვილის ფიგურის მოხმობა დასჭირდა ბესელიას წინააღმდეგ“

ყოფილ თანაგუნდელებს ეკა ბესელია „ებრალებათ“ და თითქმის ერთმანეთის მიყოლებით გვარწმუნებენ, რომ ბესელიას თანაგრძნობა, ნუგეში სჭირდება. ისეთი შთაბეჭილება რჩება, თითქოს ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობენ პრობლემების მოსაგვარებლად ამბოხებულ დეპუტატს. თუმცა ამ მზრუნველობის მიუხედავად, უკვე მესამედ ვრცელდება ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები და ბესელიაც უკვე მერამდენედ გმობს მის წინააღმდეგ განხორციელებულ მორალურ ტერორს.

მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ გადაკვეთა წითელი ხაზები და უკვე ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვა „უმწიფარი კაცუნების“ დაშოშმინება, კობახიძის ფრთამ მას გაუხსენა, რომ სწორედაც ბიძინა ივანიშვილი იყო 2016 წელს საარჩევნო სიაში ბესელიას შეყვანის წინააღმდეგი. თავის მხრივ, ამბოხებული დეპუტატი აცხადებს, რომ საკუთარ პარტიაში დასარჩენად არავის რეკომენდატორობა არ სჭირდებოდა.

მართალია, ეკა ბესელია ირწმუნება, რომ ყოველი წინააღმდეგობა მას აძლიერებს და საბრძოლველად განაწყობს, მაგრამ მის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები ერთი რამის საფუძველს იძლევა - ბესელია როგორმე ჩამოაშორონ პოლიტიკას. ასეთი სცენარი რამდენად იქნება დანაკლისი ქართული პოლიტიკისთვის?

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს მიაჩნია, რომ დანაკლისი ქართული პოლიტიკისთვის საქართველოში არ არსებობს, ვინაიდან ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. სააკაშვილიდან დაწყებული, ნებისმიერით დამთავრებული, პოლიტიკიდან წასვლა არ ყოფილა დანაკლისი. იგივე შეიძლება ითქვას შევარდნაძის წასვლის შესახებაც.

რაც შეეხება ეკა ბესელიას, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ბესელიამ, ფაქტობრივად, აირჩია სწორი მიმართულება. მართალია, ცალკეული დეპუტატები ირწმუნებიან, თითქოს ივანიშვილს 2016-ში არ უნდოდა ბესელიას ყოფნა პარტიულ სიაში, მაგრამ, თუკი ბესელია არ უნდოდათ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობა რატომ ჩააბარეს?!

„ცხადია, კითხვები არსებობს. უფრო მეტიც, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ რომ გადახალისების, გადაჯგუფების პროცესი დაიწყებოდა, ესეც ცხადი იყო. 2016 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ საკომანდო პუნქტებზე მოსულმა ადამიანებმა ძირითადი სადავეები აიღეს, პარლამენტის თავმჯდომარიდან დაწყებული, ინიციატივა ხელში აიღო ახალმა ჯგუფმა, რომელიც „ოცნებას“ 2016-ში შემოუერთდა და არა მანამდე. ამიტომ აშკარა იყო, რომ სწორედ ეს ჯგუფი იქნებოდა წამყვანი 2020 წლის არჩევნებისთვის. მაშინვე ვამბობდით, რომ „ქართული ოცნება“ ერთგვაროვანი არ იყო და ამ სახით ვერ მივიდოდა საპარლამენტო არჩევნებამდე, მაგრამ მთავარი ის იყო, როდის და როგორ დაიწყებოდა ეს პროცესი. შესაბამისად, ბესელიამ და მისმა ჯგუფმა მოძებნეს ყველაზე კარგი ვარიანტი, როცა თემა თავისთავად იყო ძალზე სენსიტიური, რადგან ეხებოდა საზოგადოებაში ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე მოსამართლეებს. ეს თემა გამოყენებულ იყო იმისთვის, რომ ამბოხებულებს თავიანთი ადგილი განესაზღვრათ. მაშინ, როცა ბესელია და მისი თანამოაზრენი მოსამართლეთა ამ ჯგუფის წინააღმდეგ წავიდნენ და მათ ჰქონდათ საზოგადოების მხარდაჭერა, ისინი ცდილობდნენ, ეს თემა გამოეყენებინათ „ქართული ოცნების“ შიგნით გავლენების მოსაპოვებლად. უპირველესად ლაპარაკია ივანიშვილის მხრიდან გავლენის მოპოვებაზე, რადგან, თუ ივანიშვილი იტყოდა, რომ ბესელიას ჯგუფი კარგია, ბუნებრივია, უმრავლესობაც გადაეწყობოდა ამაზე. ეს ფაქტორი გამოიყენა ბესელიამ და სწორადაც გამოიყენა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ივანიშვილმა მხარი დაუჭირა არა ბესელიას და ამ დაჯგუფებას, არამედ ახალგაზრდულ ჯგუფს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას და ეკა ბესელიას მეორე ტაქტიკაზეც საუბრობს.

კერძოდ, ბესელია დაუპირისპირდა არა ივანიშვილს, არამედ ახალგაზრდულ ჯგუფს, რომლის მიმართაც იმავე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შორის, ძველ გვარდიაში, არც ისე კეთილი განწყობა იყო. ამასთანავე, ბესელია ივანიშვილთან ინარჩუნებდა ნეიტრალურ დამოკიდებულებას. ეს ტაქტიკაც აღმოჩნდა სწორი და სწორედ ამ ტაქტიკაზე პასუხი იყო ის, რაც გავრცელდა გუშინ, რომ ივანიშვილი თურმე ბესელიას სიაში ჩასმის წინააღმდეგი იყო. ანუ ახალგაზრდულ გუნდს, კობახიძის გუნდს, უკვე ივანიშვილის ფიგურის მოხმობა დასჭირდათ ბესელიას წინააღმდეგ.

„ამ დაპირისპირებაში კობახიძის ჯგუფმა შემოიყვანა ივანიშვილის ავტორიტეტი, რადგან თავად ვერ შეძლეს ბესელიას განეიტრალება. თურმე 2016 წლიდან არ უნდოდა ივანიშვილს ბესელია. ასე რომ, ბრძოლა არ დასრულებულა და ამას დაემატა, რომ ბესელიას შესახებ კადრები უკვე მესამედ გავრცელდა. ეს ბრძოლა ბესელიას წისქვილზე ასხამს წყალს და არა პირიქით. ერთხელ გამოაქვეყნეს ის კადრები, რომელიც 6 ათასმა კაცმა ნახა, თუ 600 ათასმა. ვინც არ ნახა, დაახლოებით ხომ იცის, რა კადრებზეცაა საუბარი? რამდენჯერაც უნდა ატრიალონ ეს კადრები, თუ უნდათ დილა-საღამოსაც ატრიალონ ტელევიზორში, რა პრობლემაა? თუ იმუშავებდა იმ კადრების გამომზიურება, იმუშავებდა პირველად, როცა პირველად გავრცელდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არ იმუშავა. საზოგადოებრივი აზრი არ შემისწავლია, მაგრამ მაინცდამაინც უარყოფითი დამოკიდებულება არც გამიგია ამ კადრების მიმართ“, - აცხადებს პოლიტოლოგი და მიიჩნევს, რომ ასეთი მეთოდებით ბესელიას ჩამოშორებას ეს ჯგუფი ვერ შეძლებს, პირიქით, ამით აძლიერებენ ბესელიას ავტორიტეტს და პოლიტიკურ ქულებსაც მატებენ.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, როგორც ჩანს, კობახიძის ჯგუფმა უკვე მოსინჯა სხვა მეთოდი, რომ საბრალო ბესელიას თურმე თანაგრძნობა სჭირდება, მაგრამ არც ეს გამოდგება. პრობლემა ის არის, რომ კობახიძის ჯგუფი ვერ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, მას აკლია გამოცდილება, პოლიტიკური სიბრძნე, რომ ამ პაექრობაში მოიგოს. ამდენად, თუკი ის ვერ ახერხებს, ბესელიას მოუგოს პოლიტიკური ბრძოლა, მაშინ რა იქნება, როცა ეს ბრძოლა ქვეყნის შიგნით კი არა, საგარეო პოლიტიკაში გადავა. ეს პრობლემა უფრო მძიმეა, ვიდრე ის, რომელი გუნდი დარჩება მოგებული.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ახალგაზრდების ჯგუფს, რასაკვირველია, ექნებათ მცდელობა, ბესელია საერთოდ ჩამოაშორონ პოლიტიკას, მაგრამ თუკი მათი ძალისხმევა ამაზე იქნება მიმართული, ამას აზრი არ ექნება. ეს ახალგაზრდები ახლა ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს ბესელიას დახმარება სჭირდება, მაგრამ ძალზე უხარისხოდ ცდილობენ ამას, ესეც მესიჯბოქსის ტრაგიკომიკური თემაა. იმასაც ცდილობენ, რომ ყურადღების მიღმა დატოვონ ბესელია, მაგრამ ვერც ამ ხაზს დაიჭერენ, რადგან ამის არც კვალიფიკაცია აქვთ და არც მორალური უფლება, ვინაიდან ამ ახალგაზრდებს სამშობლოს განცდა არასდროს ჰქონიათ. მათ არც ერთი დღე არ უბრძოლიათ, ისინი მზამზარეულზე მოვიდნენ 2013 წლის შემდეგ, აბსოლუტურად დაუმსახურებლად აღმოჩნდნენ სადღაც, მოვიდნენ არსაიდან და მიდიან არსაით.

„კობახიძის ჯგუფს შეიძლება ეშინია ბესელიასი და შიშს დიდი თვალები აქვს, მაგრამ რეალურად ბესელია საერთოდ არ არის სახიფათო, მათ სხვა რამის უნდა ეშინოდეთ. ბესელია, რომელიც აქამდე არ ახსენებდა ბიძინა ივანიშვილს, ახლა უკვე ბიძინაზეც საუბრობს. მე მგონი, ადრეც ფიქრობდა ამაზე, მაგრამ ინტრიგას ტოვებდა, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი. ასეთ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს უკვე არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ჩემთვის ეს პირადი დრამაა, მიუხედავად იმისა, რომ მის პოლიტიკას მწვავედ ვაკრიტიკებ, ჩვენ ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად და მისთვის პიროვნულად ცუდი არ მინდა, მაგრამ ბიძინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩამოშორდეს ხელისუფლებას, ეს თვითონვე მოახერხა. არა მგონია, ბესელია იყოს მნიშვნელოვანი ელემენტი ამ წინააღმდეგობის. მე მაინც მგონია, რომ ბესელიას პოლიტიკური ფაქტორი ქართულ სისტემურ პოლიტიკაში ოდნავ გადაჭარბებულია“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

სოციალისტი თავიდან არ მაინტერესებდა, ყველლაგან აღვნიშნე ეს ამბავი, ბესელასაც მხარს ვუჭერდი როგორც შემეძლო... მაგრამ ახლა უკვე დამაინტერესა, ნეტავ რს ეძახის ეს ხალხი, ეს მასმედია პირად ცხოვრებას" ??!!
5 წლის უკან
Serapina რაც მურუსიძემ იცოდვილა...
ისევ ეჭვი გეპარებათ, რომ ეს,
ივანიშვილმა არ გადაარჩინა ნაცები?

ახლა კიდევ მკითხოს იქნებ ვინმემ... თავად თუ იცი, რა გინდაო...
კი, ვიცი რაც მინდა, ძალიან კარგადაც....
სასამართლოზეა საუბარი ხალხო და მურუსიძე კეკლუცობს,აი ნახეთ 2013 წლის მერე რა გავაკეთეო.
უთხარით,ამ თხლეს და მის პატრონსაც... რაც გააფუჭა იმას რომ არ ეშველება, იმას თუ ხვდება.
მე რას მერჩით,სხვას მოკითხეთო...
აუ,რა მძიმე შემთხვევაა!
5 წლის უკან