„ბადრი პატარკაციშვილი დიდი ადამიანი იყო“

„ბადრი პატარკაციშვილი დიდი ადამიანი იყო“

(იბეჭდება შემოკლებით)

ვახტანგ რჩეულიშვილი: „ოლიგარქი არის მდიდარი ადამიანის პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ რეალურად, საქართველოში ტიპური ოლიგარქი ორი იყო, ახლა ერთი დარჩა: ბიძინა ივანიშვილი.

ოლიგარქი ნიშნავს დიდი ფულის პატრონს, ჩვენ კი არც ერთს არ გვაქვს დიდი ფული, ამიტომ ჩვენი ფული სახელმწიფოსთვის საშიში არ არის. შესაბამისად, დაბალია იმის საშიშროება, რომ ჩვენნაირი ოჯახების ფულმა სახელმწიფოზე გადამწყვეტი ზემოქმედება მოახდინოს.

ხელისუფლებამ დაინახა, რომ პარტიული ნიშნით დაკომპლექტებულმა სიამ არ გაამართლა, ამიტომაც ახალი სახეების მოძიებას ცდილობენ ცნობილი ბიზნესმენების სახით.

ბადრი ნამდვილი ოლიგარქი იყო და ის ძალიან სახიფათო თამაშში შეიჭრა. მისი დამარცხება სააკაშვილის დონეზე არ მომხდარა. მიმაჩნია, რომ ბადრი პატარკაციშვილმა მოინდომა ის, რასაც მას არც რუსეთი და არც ამერიკა არ გააკეთებინებდა: ბადრი პატარკაციშვილს საქართველოს არავინ ჩაუგდებდა ხელში.

ბადრი პატარკაციშვილი არ იყო მარტოკაცი, ის წარმოადგენდა პატარკაციშვილი - ბერეზოვსკის ძალიან ცნობილ დაჯგუფებას.

რეალურად, ნოემბრის მიტინგი ბადრის მიერ იყო მოწყობილი ოქრუაშვილის მეშვეობით: ოქრუაშვილმა მთლიანად დაანგრია სააკაშვილის რეპუტაცია, ანუ პატარკაციშვილმა ოქრუაშვილის მეშვეობით მოშალა სააკაშვილის შიში და ხალხი ქუჩაში გამოიყვანა, ანუ ბრძოლის პირველი ეტაპი ბადრიმ მოიგო, მაგრამ მეორე ეტაპი, როდესაც საქმეში კოდუა ჩაერთო, არ გამოვიდა.

მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, ეს ოპერაცია არ ჩატარებულა ჩვენი სპეცსამსახურების დონეზე, რადგან ეს იყო საერთაშორისო ოლიგარქიული ჯგუფი, რომლის ინტერესები რთულად გამოსაცნობი იქნებოდა. მან ასეთი თამაში მოინდომა: მთელი მსოფლიო და ბადრი - და წააგო, თუმცა ეს მოწმობს იმას, რომ ის დიდი ადამიანი იყო“.