ხელისუფლებას სიგარეტის შემდეგ თამბაქოს შესაძლო გაძვირების გამო აკრიტიკებენ
მას შემდეგ, რაც საქართველოში სიგარეტის ფასი ყოველდღიურად იზრდება, მწეველებმა მისი ჩანაცვლების ალტენატიულ გზად თუთუნი ნახეს. თუმცა თამბაქოს მომხმარებლებს ახალი სიუპრიზი ელით, რადგანაც დეპუტატი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ სიგარეტის გაძვირების შემდეგ თუთუნის ფასიც მოიმატებს. მისი თქმით, თუ ე.წ. გასახვევი თამბაქო, რომელიც თითქოს საბითუმოა და სინამდვილეში საცალოდ იყიდება, იაფი დარჩა, ადამიანები ერთი პროდუქტიდან მეორეზე გადავლენ და მოხმარება არ შემცირდება.
ზოიძის განცხადებას "მთელ კვირასთან" დარგის სპეციალისტები და ანალიტიკოსები უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ თამბაქოს გასაყიდი ფასი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან უნდა გამომდინარეობდეს. მათი აზრით, სიგარეტზე აქციზის ნებისმიერი ზრდა არის მომხმარებლის პრობლემა. მწარმოებელი და იმპორტიორი ამ დროს, ფაქტობრივად, არ ზარალდებიან. მოკლევადიან პერიოდში აქციზის გაზრდა კი თამბაქოს მოხმარებას ვერ შეამცირებს და ამისათვის მრავალმხრივი კამპანიაა საჭირო.
დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი ამ დროს, ფაქტობრივად, არ ზარალდებიან. ისინი ინარჩუნებენ მოგების მარჟას, ზრდიან პროდუქციის ფასს და ამ გაზრდილ ფასს მომხმარებელი იხდის. სიგარეტი არის ის პროდუქტი, რომელზეც ერთბაშად უარის თქმა ძნელია, ამიტომ ფასნამატის მთელი ტვირთი მომხმარებელს აწვება.
მათივე აზრით, დაუსაბუთებელია ხელისუფლების არგუმენტი იმის შესახებ, რომ სიგარეტზე ფასის ზრდა მოხმარებას შეამცირებს და ამბობენ, რომ სიგარეტით ვაჭრობა "შავ ბაზარზე" გადაინაცვლებს და არალეგალური სიგარეტის შემოდინება გაიზრდება. საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი შემთხვევებიც უკვე ამაზე მეტყველებს.
დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ არალეგალური სიგარეტის შემოდინება ორი მიმართულებიდან მოხდება - რუსეთიდან აფხაზეთის გავლით და სომხეთიდან.
აკაკი ზოიძე კი აცხადებს, რომ თუ თამბაქოს ყველა პროდუქტი არ გაძვირდა, მოხმარება ვერ დაიკლებს.
"დადგენილია, რომ თამბაქოზე 30%-იანი ფასის მატება იწვევს 5-8%-ით მოხმარებას შემცირებას. ეს მოხდება, თუ თანაბრად გაძვირდება თამბაქოს ყველა პროდუქტი და არა მხოლოდ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტი," - აღნიშნავს ზოიძე.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება არ იგეგმება, მაგრამ მომავალში თამბაქოს ყველა ნაწარმზე აქციზის გადასახადი გასაზრდელია, როგორც ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროდირექტივა მოითხოვს.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა იფიქროს შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე ისევე, როგორც კონტრაბანდული სიგარეტის პრობლემაზე.
"ის ადამიანები, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრებენ, გადმოდიან, გადმოაქვთ იქაური სიგარეტი და ხშირ შემთხვევაში ამაზე არ ხდება რეაგირება გასაგები მიზეზების გამო. მესმის, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება ეს შემოსავლის წყაროა, მაგრამ, მეორე მხრივ, კონტრაბანდის მასშტაბები (აფხაზეთის მიმართულებით) იზრდება და ეს არის აღსაკვეთი.
"ზოგადად, სხვა მიმართულებით კონტრაბანდის პრობლემა არ უნდა იყოს. სულ 1,5%-იანი კონტრაბანდული სიგარეტის მოხმარება, რაც ძალიან დაბალი პროცენტია ევროპის მასშტაბითაც კი," - განაცხადა ზოიძემ.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა. ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი კი 10%-დან 30%-მდე გაიზარდა.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ, ევროდირექტივის შესაბამისად, 2024 წლისთვის ყველა სახის თამბაქოს ნაწარმზე აქციზის თანდათანობით მატება მოსალოდნელია, რისი მიზანიც თამბაქოს მოხმარების ზიანის შემცირებაა.
ეკონომისტი, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ თამბაქოსა და სიგარეტზე ფასის ზრდა მწეველების რიცხვის შემცირებას არ გამოიწვევს, პირიქით, უკუეფექტი ექნება და სოციალურად ისედაც მოწყვლად ჯგუფს ფინანსურად დაარტყამს. მისი აზრით, წარმოუდგენელია, ქვეყანაში იმაზე არ დარდობდნენ, რომ ამდენი ადამიანი შიმშილობს და სიგარეტის მწეველები ანაღვლებდეთ.
ხუხაშვილი დეპუტატ აკაკი ზოიძეს მოუწოდებს, რომ სოციალური რისკები კარგად დათვალოს და გაიაზროს, რომ ფასების ზრდა კორუფციის საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის. მისი აზრით, ეს ქვეყანაში შავი ბაზრის არსებობას ხელს შეუწყობს და ამით კიდევ უფრო ბევრი ადამიანი დაზარალდება. თამბაქოს მწარმოებლი კომპანიები ბრუნვას გაზრდიან და მათთვის ეს პრობლემა არ იქნება, ისინი მოგებას მაინც ნახავენ. ყველაზე მთავარი ისევ ის ადამიანებია, რომლებიც სიგარეტზე დამოკიდებულები არიან და ასე ადვილად თავს ვერ დაანებებენ.
"ძალიან მაინტერესებს, მარიხუანის თემაზე ამ კაცს ხმა რომ არ ამოუღია, ახლა სიგარეტზე ასე რამ გააგიჟა. მაინცდამაინც ქვეყანაში სიგარეტის მწეველების ბუნტი უნდა მოაწყოს?
"იმას კი არ იკვლევენ, სტატისტიკურად ამდენი ადამიანი სიგარეტს რატომ ეწევა. არც იმას, მწეველთა ჯგუფის კატეგორია ასე სწრაფად რატომ იზრდება და რა უნდა ვქნათ. ზოიძემ არ იცის, რომ სიგარეტი დამოკიდებულებას იწვევს და ფასის ზრდის გამო ადამიანი მას თავს ვერ დაანებებს? ან ქვეყანაში სხვა პრობლემები არ გვაქვს?
"ხალხი შიმშილით რომ გვეხოცება, მაინცდამაინც თამბაქოს და სიგარეტს უნდა მივვარდეთ და ქვეყანაში ახლა ეს ნომერ პირველი პრობლემა გვაქვს? რისკები მაიტერესებს, რასაც სიგარეტის და თამბაქოს ფასის ზრდა გამოიწვევს, დათვლილი აქვს? გააანალიზა? კორუფციის რისკებს გაზრდის და აფხაზეთიდან კონტრაბანდის შემოტანას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
"კომპანიები ბრუნვას გაზრდიან და მათ არაფერი ზარალიც არ მიადგებათ, ამით ისევ ხალხი ზარალდება. პოლიტიკურად "ოცნების" ნავი ყოველდღე იძირება და ამ არასერიოზული განცხადებებით ესენი ხელს კიდევ უფრო უწყობენ. იმდენს იზამენ, სიგარეტის გამო ქვეყანაში ხალხს გარეთ გამოიყვანენ," - აცხადებს "მთელ კვირასთან" ხუხაშვილი.
ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ფასების ეტაპობრივი ზრდა ქვეყანაში მწეველების რაოდენობას ვერ შეამცირებს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი განსაზღვრული შედეგი შეიძლება მართლაც მოიტანოს - "ვიღაცამ შეიძლება უარი თქვას მოწევაზე, მოხმარება შეამციროს, ან შედარებით დაბალი ხარისხის თამბაქოთი ჩაანაცვლოს, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში აქციზის გაზრდა თამბაქოს მოხმარებას ვერ შეამცირებს," - აღნიშნა ლექვინაძემ.
ეკონომისტი ფიქრობს, რომ სიგარეტზე აქციზის ნებისმიერი ზრდა არის მომხმარებლის პრობლემა. მწარმოებელი და იმპორტიორი ამ დროს, ფაქტობრივად, არ ზარალდებიან. ისინი ინარჩუნებენ მოგების მარჟას, ზრდიან პროდუქციის ფასს და ამ გაზრდილ ფასს მომხმარებელი იხდის. სიგარეტი არის ის პროდუქტი, რომელზეც ერთბაშად უარის თქმა ძნელია, ამიტომ ფასნამატის მთელი ტვირთი მომხმარებელს აწვება და ისედაც სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას დამატებით ფინანსურ პრობლემას შეუქმნის.
"იმპორტიორი და მწარმოებელი თავიანთი მოგების მარჟას არ შეამცირებენ და აქციზის მოცულობას პირდაპირ ფასს მიაბამენ. თამბაქოს გასაყიდი ფასი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამიტომ პირველ და მთავარ დარტყმას მწეველები მიიღებენ.
"სიგარეტზე ადამიანი დამოკიდებულია და მასზე ფასის ზრდა მოხმარების შემცირებას ასე სწრაფად ვერ გამოიწვევს. ეს მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ვიფიქროთ. სიგარეტს ადამიანი მაშინ დაანებებს თავს, თუ მისი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდება," - აცხადებს ლექვინაძე.