ვახტანგ რჩეულიშვილი ვა-ბანკზე მიდის

ვახტანგ რჩეულიშვილი ვა-ბანკზე მიდის

„სოციალისტთა“  თავმჯდომარის განცხადება პარლამენტის სხდომების ბოიკოტის შესახებ მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო. ბუნებრივია, ლაგოდეხის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია წაუგებელ თამაშს თამაშობდა. თითქოს ერთი მანდატი ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში ეს ძალზე სერიოზული პრეცედენტი იქნებოდა და სასურველ ფონს შექმნიდა მომავალი „ადგილობრივი“ და „საპარლამენტო“ არჩევნებისათვის. დამარცხების შემთხვევაში კი (მიუხედავად იმისა, რეალურად რამდენად სერიოზული დარღვევები დაფიქსირდებოდა ხელისუფლების მხრიდან) უეჭველად ატყდებოდა ბობოქარი მამხილებელი კამპანია საქართველოში „პარტიული დიქტატურის“ თაობაზე.

ოღონდ ვახტანგ რჩეულიშვილი ამჟამად ისე იყო გამწარებული, რომ პრეზიდენტსაც გადასწვდა. დღემდე „სოციალისტური პარტია“ ყოველთვის ცდილობდა, მეტ-ნაკლები ლოიალურობა შეენარჩუნებინა ედუარდ შევარდნაძის მიმართ.

1995 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტებმა შევარდნაძე კანდიდატურადაც კი დაასახელეს. გახსოვთ ალბათ, ამ ნიადაგზე დაპირისპირებაც მოხდა „სოციალისტებსა“ და „მოქალაქეებს“ შორის. ეს უკანასკნელნი ედუარდ შევარდნაძის კანდიდატურის დასახელებას თავიანთ პრეროგატივად მიიჩნევდნენ და რჩეულიშვილის გამოხდომას „გაუგებარ პრეტენზიად“ თვლიდნენ. თვით სახელმწიფოს მეთაური (შემდგომში პრეზიდენტი) ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ვახტანგ რჩეულიშვილს იმედს ბოლომდე არ უკარგავდა.

თუმცა, ეს ტაქტიკური სვლა იყო - სინამდვილეში ედუარდ შევარდნაძეს „სოციალისტურ პარტიასთან“ ალიანსი სწორედ საკუთარი ხელისუფლების განსამტკიცებლად ესაჭიროებოდა, რადგან ალიანსზე პირდაპირ, გულწრფელად, საბოლოოდ უარის თქმა არ გამოდიოდა. ამიტომ ვახტანგ რჩეულიშვილი დღესღა მიხვდა, რომ ედუარდ შევარდნაძე „მოქალაქეთა კავშირთან“ ალიანსს სტრატეგიულ პრიორიტეტად მიიჩნევდა. და რაკი მიხვდა, ვა-ბანკზე წასვლა გადაწყვიტა.

ბოლოს და ბოლოს დაფიქსირდა ბუნებრივი სიტუაცია: შეუძლებელია უპირისპირდებოდე პრეზიდენტის პარტიას და არ უპირისპირდებოდე პრეზიდენტს. ბევრმა შენიშნა ეს უცნაურობა: ვახტანგ რჩეულიშვილი განუწყვეტლივ მწვავედ აკრიტიკებდა მოქალაქეთა კავშირს, მაგრამ არასოდეს არ აკრიტიკებდა აღმასრულებელი ხელისუფლების არც ერთ წევრს, არც ერთ მინისტრს. თუ გაგიგიათ მისგან თუნდაც ერთი დემარში რომელიმე მინისტრის წინააღმდეგ? მიზეზი ადვილი ასახსნელია: აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაპირისპირება (ამერიკული მოდელის გათვალისწინებით) უეჭველად ნიშნავდა პრეზიდენტთან დაპირისპირებას. მაგრამ ამჟამად ვითარება იცვლება.

ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან უკვე არა მხოლოდ „მოქალაქეთა კავშირის“, არამედ პრეზიდენტის წინააღმდეგაც იყო მიმართული. მისი თქმით, „პრეზიდენტიდან დაწყებული, ყველამ უნდა აგოს პასუხი შექმნილი ვითარებისათვის“. მაგრამ საკითხის ასე დასმით „სოციალისტთა“ ლიდერი იმ ელიტასთან დაპირისპირების საფრთხეს იქმნის, რომელიც კვლავინდებურად შევარდნაძეს უჭერს მხარს. ვახტანგ რჩეულიშვილი აზროვნებს 1991-92 წლების კატეგორიებით. იგი იმედოვნებს, რომ თუ პრეზიდენტისა და მისი გუნდისადმი შეურიგებელ ანტაგონიზმს გამოხატავს, ამით პოზიციებს გაიძლიერებს. ეს მართლაც ასე იქნებოდა, ხელისუფლებისადმი ანტაგონიზმი ელიტის საერთო აზრი რომ იყოს.

ამრიგად, ერთადერთი სერიოზული საკითხი, რაც შეიძლება „მოქალაქეებს“ აღელვებდეთ, არის კვორუმი. შეგროვდება თუ არა ყველა სხდომაზე 118 ხმა მუშაობის დასაწყებად? ალბათ მაინც შეგროვდება, ვინაიდან „მემარჯვენე ოპოზიციური პარტიები“ პარლამენტის დატოვებას არ აპირებენ.

ზოგიერთი სიმპტომის მიხედვით, რჩეულიშვილის შერიგება მმართველ პარტიასთან მაინც არ არის გამორიცხული, ვინაიდან რაც უფრო ხშირად შეახსენებენ მას „შევარდნაძესთან ერთობლივ ბრძოლას ზვიადისტებისა და მხედრიონელების წინააღმდეგ“ მით უფრო მალე მიხვდება, რომ სამოქალაქო ომი საქართველოში ჯერ არ დამთავრებულა.