კორუფცია და დაუსჯელობის სინდრომი ის თემაა, რომელიც ამ ხელისუფლების ხელწერად იქცა. ფაქტები, რომლებსაც სტატიაში მოვიყვანთ ტიპიურია დღევანდელი საქართველოს ფაქტობრივად ყველა რაიონისა და რეგიონისთვის, ამიტომაც არის ერთდროულად შემაშფოთებელიც და ტრაგი-კომიკურიც. საქმე ეხება ოზურგეთის გამგეობისა და საკრებულოს მიერ 30 და 50 თეთრად გაყიდულ ზღვისპირა მიწებს და ურეკის ტროტუარებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016-17 წლების საქმიანობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ამ წლებში გაყიდული მიწებიდან მუნიციპალიტეტს ნაცვლად 357 600 ლარისა, უნდა მიეღო 10 მილიონ 722 ათას 200 ლარის შემოსავალი. შესაბამისად, ოზურგეთის გამგეობის და საკრებულოს პასუხისმგებელი პირების მოქმედების შედეგად, ბიუჯეტმა დაკარგა რამდენიმე მილიონი ლარი.
აუდიტის სამსახური ასკვნის: „მუნიციპალიტეტის მიერ ქონების მართვის პროცესში გამოვლენილი დარღვევები იმდენად ყოვლისმომცველია, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების გაყიდვა განხორციელდა არა თვითმმართველობის, არამედ კონკრეტული პირების პირადი ინტერესების გათვალისწინებით“.
საინტერესოა, რაშია ოზურგეთის მაშინდელი გამგებლის მერაბ ჭანუყვაძისა და დღემდე მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას საარაკო მოხერხებულობის ამბავი და რატომ დადიან ეს პირები დღემდე დაუსჯელები?!
ფაქტები ღაღადებენ შემდეგს: ზღვის პირას 30 და 50 თეთრად გაყიდული ყველა მიწის საქმეში ფიგურირებს კერძო აუდიტორი დავით რობაქიძე, რომელიც თითო, მილიონობით ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის შეფასებაში იღებდა თურმე 7-9 ლარს, რაც ფორმალურად მისი თბილისიდან ოზურგეთში ჩასვლის ხარჯებსაც ვერ ფარავდა. მაშ რა ინტერესი ჰქონდა, ქველმოქმედების ჟინით შეპყრობილ აუდიტორ დავითს?! დავიწყოთ იმით, რომ თუ ის ოზურგეთში ვერ ჩადიოდა, გამოდის, რომ ის მიწის შეფასებას მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული წყაროებით ახდენდა, რაც თავისთავად გამორიცხავს ობიექტურ შეფასებას. „ქველმოქმედი“ დავითი ისეთი გულმოდგინებით აფასებდა ზღვიდან 350-600 მეტრში არსებულ მიწის ნაკვეთებს 30 და 50 თეთრად, რომ არც ოზურგეთის გამგებელს - ჭანუყვაძეს და არც საკრებულოს თავმჯდომარეს - დარჩიას, კითხვა არ გასჩენიათ, რატომ იყიდებოდა ამ მიწების მიმდებარედ იმავე პერიოდში მიწები 120 და 160 ლარად. ან კი როგორ გაუჩნდებოდათ, როცა 30 და 50 თეთრად ზღვისპირა მიწების მყიდველები დარჩიას სიძე და ჭანუყვაძის მეზობელ-მეგობარი იყვნენ?!
გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მინიმუმ სოფლის გამგებლისთვის რომ მიემართათ, რამდენად იყიდებოდა მომიჯნავე მიწები, ისინი აღმოაჩენდნენ, რომ ზღვისპირა სანაპირო ზოლში მდებარე მიწის ნაკვეთების ღირებულება მერყეობს 50-დან 150 ლარამდე, როგორც ამ სოფლებში გამგებლების წარმომდგენლებმა წერილობით აცნობეს აუდიტის სამსახურს.
აუდიტის ჯგუფმა დამატებით შეისწავლა უძრავი ქონების სააგენტოების ვებ-გევრდებზე არსებული სარეკლამო განცხადებები, სადაც ოზურგეთის გამგეობისა და საკრებულოს მიერ 50 თეთრად გაყიდული მიწების მიმდებარედ და მომიჯნავედ მდებარე მიწების გასაყიდი ფასი 50 დოლარიდან იწყებოდა. შესაბამისად, 1 კვ. მეტრის 100 ლარად გაყიდვის შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მუნიციპალიტეტი ნაცვლად 357 600 ლარისა, მიიღებდა, 10 მილიონ 722 ათას 200 ლარ შემოსავალს. რა თქმა უნდა, მიწების გაყიდვა მიმდინარეობდა გაუმჭვირვალე, უკონკურენტო გარემოში.
მეორე შემთხვევა, ზღვიდან 350 მეტრში მდებარე 18350 კვ/მ. ეხება, რომელიც 9175 ლარად გაიყიდა ანუ კვადრატული 50 თეთრად. ქონება აუქციონზე შეიძინა ლაშა მგელაძემ, რომელიც გახლავთ იმ დროინდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის მეზობელ-ახლობელი. აუდიტორული დასკვნის მიხედვით, ზუსტად იმ დროს ამ ნაკვეთის მიმდებარედ იყიდებოდა ორი მიწის ნაკვეთი 124 და 164 ლარად. მგელაძემაც არ დააყოვნა და 50 თეთრად შეძენილი მიწა რამდენიმე დღეში გასაყიდად 166-ჯერ ძვირად გამოიტანა!
აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ამ 9175 ლარად გაყიდული, 18350 კვ. მეტრიანი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 2 მილიონ 38 ათას ლარს.
საინტერესოა ისიც, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა, რომ 2017 წლის ბიუჯეტში მათი საკუთარი ანუ ადგილობრივი შემოსავლები უნდა ყოფილიყო მხოლოდ 2 მილიონ 74 ათასი ლარი. სწორედ საკუთარ შემოსავალში შედის უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხები. გამოდის, რომ მხოლოდ ლაშა მგელაძისთვის ფაქტობრივად ნაჩუქარი მიწის ნაკვეთის ღირებულება აღემატებოდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლების ნაწილს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაწყებული აქვს გამოძიება და მისი მოთხოვნით სასამართლოს დაყადებული აქვს ის მიწის ნაკვეთები, რისი გაყიდვაც მგელაძემ ვერ მოასწრო.
არანაკლებ საინტერესოა მესამე ეპიზოდი, რომელიც ურეკის ტროტუარების გაყიდვას ეხება. საქმეში კვლავ მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დარჩია და მისი სიძე ბახვა ჩხარტიშვილი ფიგურირებენ.
2017 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ურეკის საზოგადოებრივი სარგებლობის სივრციდან - ტროტუარიდან გამოყო ორი მიწის ნაკვეთი და გაიტანა გასაყიდად, საიდანაც ერთი - 70 კ. იყიდა კვლავ საკრებულოს თავმჯდომარის დარჩიას სიძემ ბახვა ჩხარტიშვილმა. რეალურად, მუნიციპალიტეტის მიერ რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს ტროტუარს და რეკრეციულ ზონაში არსებულ მწვანე ნარგავებს და მისი გასხვისება დაუშვებელია, რადგან ნაკვეთების გასხვისებით და მასზე კონსტრუქციების ანდა ნაგებობის განთავსებით მნიშვნელოვნად ფერხდება დამსვენებლების გადაადგილება, რადგან სხვა საფეხმავლო სივრცე ურეკში მთავარი გზის გასწვრივ ფიზიკურად არ არსებოს. ამდენად, ისინი წარმოადგენენ რეკრეციულ ზონაში მდებარე მუნიციპალიტეტის ქონების განუსხვისებელ კატეგორიას და მათი გასხვისება დაუშვებელია. ამ მიზეზის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის საკითხების კომისიამ ზემოთხსენებული ტროტუარის მონაკვეთები ამოიღო საპრივატიზებო ქონების ნუსხიდან, რის შემდეგაც საკითხი არ განხილულა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, თუმცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მაინც მოახერხა ამ მიწის ნაკვეთების პრივატიზება. როგორ? როგორ და იმგვარად, რომ ისე დაამტკიცა საპრივატიზებო ქონების ნუსხა, რომ არც კი განუხილავს, კონკრეტულად რომელი მიწის ნაკვეთები უნდა გასხვისებულიყო. შესაბამისად, არც სხდომის ოქმიდან ჩანს კონკრეტულად რომელი ნაკვეთების შეტანა მოხდა საპრივატიზებო ნუსხაში.
ურეკის ტროტუარების გასხვისების ფაქტი იმითაც არის საინტერესო, რომ კიდევ ერთხელ ათვალსაჩინოვებს სასამართლო სისტემის „დამოუკიდებლობას“ და „სამართლიანობას“.
მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა ოზურგეთის საკრებულოს გადაწყვეტილებაც და აუქციონის შედეგებიც, რადგან მიიჩნია, რომ ქონების საპრივატიზებო ნუსხაში შეტანის დროს დაშვებული იქნა დარღვევები და, რომ გასხვისებული ნაკვეთი წარმოადგენდა საჯარო გზის ნაწილს, კერძოდ ტროტუარს, ქუთაისის საპელაციო სასამართლოსთვის აღმოჩნდა, რომ ურეკის ტროტუარი ტროტუარი სულაც არ არის და საერთოდაც რა საჭიროა ტროტუარი, როცა ურეკის ქართველ და უცხოეულ დამსვენებლებს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, „თავისუფლად“ შეუძლიათ იმოძრაონ გზის სავალ ნაწილზე მანქანებთან და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან ერთად, რომლებიც, აგრეთვე, ოზურგეთის ყველა დროის ხელმძღვანელობის რუდუნებით, ურეკის თანმდევი ეგზოტიკაა.
საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა: ხათუნა ხომერიკმა, გოჩა აბუსერიძემ და მურთაზ მეშველიანმა კი, როგორც ჩანს, იმიტომ გამოუტანეს ურეკის დამსვენებლებს ტროტუარების წართმევის და სამანქანო გზაზე სიარულის განაჩენი, რომ ოზურგეთის ყოფილი გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე მაღალჩინოსანი ნათესავ-მფარველებით ამაყობს და არც იმას მალავს, რომ დღე-დღეზე თავისი ნათესავების კიდევ უფრო დაწინაურებას ელოდება და შესაბამისად, ხელშეუხებლობაც გარანტირებული აქვს.
ამ შემთხვევაში, ჯერი ისევ უზენაეს სასამართლოზეა, რომელიც საინტერესოა ამ კრიტიკულ სიტუაციაში რას აირჩევს: დაუბრუნებს ურეკის ათასობით დამსვენებელს ტროტუარებით სარგებლობის უფლებას, თუ განამტკიცებს მათზე არსებულ - ყველა ხელისუფლების დანაშაულის მომწმენდის, „გამპრავებლის“ - კლიშეს.
სხვათა შორის, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ლაშა მგელაძისთვის ოზურგეთის საკრებულოს და გამგეობის მხრიდან მიწის „ჩუქების“ გადაწყვეტილებაც გააუქმა და ახლა ჭანუყვაძე-დარჩიას დუეტი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეეცდებიან საქმის თავის სასარგებლოდ „გაჩარხვას“, სადაც მათ ეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოსგან განსხვავებით, იოლად ხელეწიფებათ.
სამწუხაროდ, კორუფციის მხრივ ოზურგეთი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტზე აქვს აუდიტის დეპარტამენტს მოძიებული მსგავსი დანაშაულებრივი ფაქტები. საინტერესოა, როგორი იქნება განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების რეაგირება: დაინტერესდებიან თუ არა ვის ჯიბეებში დაილექა სახელმწიფოს კუთვნილი მილიონები, დაიწყებენ თუ არა ახალ გამოძიებებს და დაასრულებენ თუ არა უკვე დაწყებულს, მით უფრო, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს დაიწყოს გამოძიება. და საერთოდ, აპირებს თუ არა ეს ხელისუფლება დაიწყოს ანტიკორუფციული კამპანია საჯარო მოხელეების სულ უფრო მზარდი თავგასულობის და დაუსჯელობის აღსაკვეთად, თუ კომპრომატებით მართვა ამ ხელისუფლების ნაცად ხელწერად დარჩება.