23 ივნისს აფხაზეთის ტელევიზიამ ქართველი რეჟისორის, მამუკა ყუფარაძის დოკუმენტური ფილმის "ნების არქონა" ჩვენება მოაწყო. ფილმის ჩვენებას აფხაზურ საზოგადოებასა და დე ფაქტო მთავრობაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ფილმი მიიღო, ნაწილს კი ამის მიმართ ძალიან დიდი პროტესტი ჰქონდა, რადგან ფილმი ქართველ რეჟისორს ეკუთვნოდა.
აღსანიშნავია, რომ 47-წუთიან ფილმში ძირითადად ქართული მხარის მიერ დაშვებულ შეცდომებზეა საუბარი. თუმცა, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ამანაც ეჭვი გამოიწვია აფხაზ მოსახლეობაში.
ფილმის ჩვენების შემდეგ ამა თემაზე დისკუსიაც გაიმართა.
სეპარატისტული სახალხო კრების დეპუტატი დაურ არშბა აღშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ აფხაზეთის ტელევიზიამ ქართული დოკუმენტური ფილმი "ნების არქონა" აჩვენა.
"გუშინდელი ქართული ფილმის ჩვენება არის დასაწყისი ოკუპირებულ ტერიტორიებთან საქართველოს სტრატეგიის გატარებისა", - მიჩნევს არშბა.
მისი თქმით, ფილმის ჩვენებისათვის დრო პოლიტიკურად არასწორად იყო შერჩეული. ჩვენების შემდეგ კი მას აქტიურად ურეკავდნენ აღშფოთებული ამომრჩევლები და ფილმთან დაკავშირებით თავის უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდნენ.
"მინდა დეპუტატების ყურადღება გავამახვილო იმაზე, თუ რა ფონზე მიმდინარეობდა ფილმის ჩვენება - გაძლიერებული ტერორისტული მოქმედებები საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებში, ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობა გალის რაიონში, ასევე ლიტვის სეიმის გადაწყვეტილება და ამაზე ჩვენი პასუხი. თითქოსდა ფილმში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ მსგავსი ფილმების ჩვენება ალბათ უპრიანია იყოს მოლაპრაკებების პროცესში და არა ფართო აუდიტორიისთვის განსასაჯელად", - განაცხადა დაურ არშბამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან ამ ფილმის სახალხო კრებაში ჩვენება და შემდეგ დისკუსიის გამართვა მოითხოვა.
"ფილმის ავტორები გვეუბნებიან, რომ, მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა წარმომადგენლებმა შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ქართველი ხალხი მაინც ძალიან კარგია და, მოდით, ერთად ვიცხოვროთ და ჩვენ შეგიქმნით იმაზე საუკეთესო ცხოვრების პირობების, ვიდრე რუსები", - კიდევ უფრო აკონკრეტებს თავისი უკმაყოფილების მიზეზს "დეპუტატი".
აღსანიშნავია, რომ ამ ფილმთან დაკავშირებით აფხაზეთში ამტყდარ აჟიოტაჟს აფხაზური სეპარატიზმის ცნობილი ლობისტი, ბრიტანელი პროფესორი ჯორჯ ჰიუიტი გამოეხმაურა. მან საგანგებო წერილიც გაუგზავნა "აფსნიპრესს", სადაც აფხაზებს მოუწოდებს, რომ ფილმი არ აკრიტიკონ.
ჰიუიტის ცნობით, ამ ფილმის პრეზენტაცია 2009 წელს ლონდონში ბრიტანეთის პარლამენტში მოეწყო, რის შემდეგაც გაიმართა საინტერესო დისკუსია. ბრიტანელი პროფესორი ამბობს, რომ ფილმის ჩვენებიდან მეორე დღეს ის პირადად შეხვდა მამუკა ყუფარაძეს და მადლობა გადაუხადა საინტერესო ფილმისთვის, რომელიც ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებს ეხება.
"ძალიან გახარებული ვიყავი, რომ ამ ფილმა გამოიწვია დიდი რეზონანსი საქრათველოში და სხვადახვა მოსაზრებები გააჩინა სხვასხვა აუდიტორიებში მიუხედად ასაკობრივი განსხვავებისა. ასევე ძალიან გამიხარდა, რომ მამუკა ყუფარაძის ფილმის ჩვენება გაიმართა აფხაზეთის ტელევიზიით", - აღნიშნავს ჰიუიტი.
შეგახსენებთ, რომ ასოციაცია "სტუდია რე"-მ, ბრიტანული ორგანიზაცია "შერიგების რესურსებისა" და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით, კონფლიქტის თემაზე აღნიშნულირი ფილმი 2009 წლის მაისში დაასრულა.
"ნების არქონა" 47-წუთიანია და მისი სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდა თაობაა, რადგან ფილმის რეჟისორის, მამუკა ყუფარაძის აზრით, კონფლიქტის მოგვარება დღეს სწორედ ახალგაზრდა თაობას შეუძლია.
რეჟისორს თავდაპირველად ჩაფიქრებული ჰქონდა ფილმი მხოლოდ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე გადაეღო, თუმცა, გადაღებების დაწყებიდან ერთ თვეში რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, ამიტომ ფილმის პირველი ნაწილი აფხაზეთის თემატიკას შეეხება, ხოლო მეორე ნაწილში ცხინვალის რეგიონზეა საუბარი.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ფილმის ჩვენებამ აფხაზი ხალხის ძირითადი ნაწილის გაბრაზება გამოიწვია.
"ამ ფილმის ჩვენებით გარკვეულწილად მივიღეთ პასუხი - თუ რამდენად არის მზად აფხაზური საზოგადოება ქართველებთან შესარიგებლად. ამ ფილმის ნახვის მერე, კი ნათელი გახდა, რომ ისინი ამისთვის მზად არ არიან.
"საგულისხმოა ის, რომ ქართულ ხელისუფლებასაც არ მოსწონს ეს ფილმი, დღემდე არ აჩვენებენ არც ერთ ნაციონალურ არხზე, რადგან ამ ფილმში ქართული მხარის შეცდომებზეა საუბარი. ეს ფილმი როგორი მიუღებელიც არის ქართული მხარისთვის, ასეთი მიუღებელია აფხაზებისთვისაც, რაც საგულისხმოა.
"მოსახლეობას ჰქონდა ძალიან ცუდი რეაქცია. მათ ფილმის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მაგრამ არ უნდათ არაფერი ქართული. მათ ძალიან გააკრიტიკეს თავად ის ფაქტი, რომ ქართული ფილმი გაუშვეს აფხაზეთის ტელევიზიაზე. თავად ფილმი არ არის იმდენად მიუღებელი მათთვის, ფილმის და მისი შინაარსის საწინააღმდეგო იმდენად არაფერი აქვთ. მათ არც კარგი და არც ცუდი, საერთოდ არაფერი ქართული არ უნდათ", - განუცხადა "რეზონანასს" პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, ფილმის ჩვენება საზოგადოებრივი პროექტის ფარგლებში მოხდა, სადაც ქართული და აფხაზური ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ.
"ჩვენ, საუბედუროდ, ქართულ ტელევიზიებზე არ გვაქვს გავლენა, თორემ აფხაზურ ტელევიზიებზე გვაქვს იმდენი გავლენა, რომ ფილმები ვაჩვენოთ", - დასძენს ზაქარეიშვილი.
რაც შეეხება დაურ არშბას ინიციატივას, რომ სეპარატისტთა პარლამენტში მოეწყოს ფილმის ჩვენება, ზაქარეიშვოლი ამას მიესალმება და ელოდება კიდეც მათ გამოხმაურებას მომავალში.
პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე, მიიჩნევს რომ ფილმი ცოტა კონიუნტქურულია. მისივე თქმით, ფილმი ორიენტირებული იყო ძირითადად იმაზე, რომ სოხუმში ყოფილიყო ნაჩვენები და ამიტომ ძირითადად ქართული მხარის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბარს ეთმობა.
"უნდა ითქვას, რომ სიმართლე ბევრია ამ ფილმში და ზოგიერთი მიდგომაც სწორია. მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრი საპრეტენზიო მაქვს ფილმის შემქმნელებთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ევროპულ კლასიკურ ტრადიციებზე შექმნილი ფილმი, რომელშიც ძირითადად კონფლიქტის მოგვარების გზებზეა საუბარი, მაინც მიმაჩნია, რომ ადგილობრივი მენტალიტეტიდან გამომდინარე, უფრო მეტი კორექტულობა იყო საჭირო.
"მე ვიცი, რომ აფხაზური საზოგადოების ნაწილი ამ ფილმს დადებითად მოეკიდა, ნაწილი მოეკიდა ეჭვით. აფხაზებს მუდმივად აქვთ ეჭვი, რომ მათ ატყუებენ და ამიტომ ამ ფილმსაც გარკვეულწილად ეჭვის თავლით უყურებენ. იქ ყველაფერი ქართული აკრძალული არ არის. ოფიციალური თანხმობა არ არსებობს ქართული პროდუქციის ჩვენების, მაგრამ ჩუმი თანხმობა არსებობს ამაზე", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მისივე განცხადებით, ფილმი აფხაზურ ტელევიზიაში დე ფაქტო მთავრობის ნებართვით გავიდა. ასევე მიიჩნევს, რომ ფილმის ზოგიერთმა ნაწილმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციაზე დაასხა წყალი, რაც, ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
"მიმაჩნია, რომ თუ ამ ფილმში იქნებოდა ორივე მხარის შეცდომებზე საუბარი და არა მარტო ქართული მხარის, მაშინ უფრო ნაყოფიერი გამოვიდოდა და შედეგიც მეტი იქნებოდა ფილმის ჩვენების შემდეგ", - ამბობს არეშიძე.