ყოველდღე ვადევნებთ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და მავთულხლართების აგებას. ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა. ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებთ იმისთვის, რომ მსოფლიო საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი გზავნილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურის აღნიშნა, ხელისუფლება ძალიან აქტიურია სამშვიდობო პოლიტიკაში და მისი პასუხი ოკუპაციაზე, ამ მტკივნეულ გამოწვევაზე მხოლოდ მშვიდობაა.
„სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ის არ ახდენს თავისი ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა მიღწეული და არ გაჰყავს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ყოველდღე ვადევნებთ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და მავთულხლართების აგებას. ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებთ იმისთვის, რომ მსოფლიო საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი გზავნილი და ჩვენი ხმა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო საზოგადოების კონსოლიდირება მოვახდინოთ, რომ ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა სწორედ ერთობლივი ძალებით იქნას დაძლეული. მე, ამისთვის ვიყენებ ყველა ტრიბუნას ჩემს კოლეგებთან ერთად და გაერო-ს ტრიბუნიდანაც იცით, რომ პირდაპირ იყო მოწოდება ჩვენი მხრიდან, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ის ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც მან ჯერ კიდევ, 10 წლის წინ მოაწერა ხელი. ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები სამშვიდობო პოლიტიკაში და ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ განვითარება და მშვიდობა. ჩვენ გაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, კონკრეტული ინიციატივა, რომელსაც ჰქვია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სრულად არის მხარდაჭერილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიერ“, – განაცხადა პრემიერმა.