გიორგი ბარამიძე - „საქართველოში სექსუალური რევოლუცია უნდა მოხდეს“

გიორგი ბარამიძე - „საქართველოში სექსუალური რევოლუცია უნდა მოხდეს“

(იბეჭდება შემოკლებით)

გიორგი ბარამიძე - პარლამენტარი, ადამიანის უფლების დაცვის და ნაციონალური უმცირესობის საკითხთა კომისიის მდივანი. სმკ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

რომელი სკოლა დაამთავრეთ და რა ნიშნებზე?

- ბევრი სკოლა შემოვიარე. ბოლოს თბილისის 23-ე საშუალო სკოლა წარმატებით დავამთავრე.

დღის რეჟიმი?

- თუ ვიძინებ ღამის 4 საათზე, მუშაობას დილის 10 საათზე ვიწყებ. თუ პირველზე ვიძინებ, მუშაობას 9-ზე ვიწყებ.

საყვარელი საჭმელი?

- ხინკალი და ღომი სულგუნით.

აყვარელი სასმელი?

- ალკოჰოლებიდან - ადესის ღვინო, სანთლის არაყი. უალკოჰოლოებიდან - სახლში გაკეთებული კომპოტი.

მისაბაძი პოლიტიკოსი?

- ედუარდ შევარდნაძე და ზურაბ ჟვანია.

როგორ მოხვედით სმკ-ში?

- როგორც ყველა ჯანსაღი აზროვნების ადამიანი, რომელთაც სურდათ გაერთიანებულიყვნენ და ერთიანი ძლიერი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებისათვის დაედოთ დასაბამი. ჩვენს ორგანიზაციაში მრავალი განსხვავებული აზრია, მაგრამ პოლიტიკური მიმართულება ერთია. ჩვენ ერთი დინების პარტია ვართ.

ამის შემდეგ არ გიჭირთ განსხვავებული მოსაზრების გამოთქმა, თუ ასეთი არც დაგბადებიათ?

- როგორ არა, სისტემატურად განსხვავებული აზრი მაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ მსჯელობის პროცესში. როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია, მე მისი მკაცრი დამცველი ვარ.

ასეთი მოსაზრება არსებობს, რომ სმკ-ს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ძველი წყობის დაბრუნებაა მოსალოდნელი...

- ეს არის სხვადასხვა პარტიების მოსაზრებები, რომელთაც ერთი სურვილი აქვთ - სმკ არჩევნებში არ გავიდეს. მაგრამ ჩვენ გავალთ და გავიმარჯვებთ კიდევაც, შემდეგ ხალხი დაინახავს რისი გაკეთებაც შეგვიძლია.

იზა ორჯონიკიძემ კარიერისტი გიწოდათ?

- მე ეს არ მიკვირს, ისეთი ადამიანები მესხმიან თავს, რომლებიც საზოგადოებაში არაერთგვაროვან აზრს იწვევენ. არ მინდა ვინმე გავაკრიტიკო. მაგრამ თუ ეს პოლიტიკური კარიერის თვალსაზრისით ითქვა, ეს ასეა. მე ვცდილობ, ჯანსაღი კარიერა გავიკეთო და  რომელი პოლიტიკოსიც ამას უარყოფს, ის თვალმაქცი და მატყუარაა. არ ვიცი, იქნებ ისიც ჩამითვალეს კარიერისტობად, მე და ჩემი მეგობრები გუდაუთაში ტყვეების გამოსასყიდად ჩვენს თავს რომ ვთავაზობდით.

შევარდნაძის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში დატოვებთ თუ არა პოზიციებს?

- ღმერთმა დაიფაროს, ეს ჰიპოთეტური ვარიანტია. თუ წელს ეს არ მოხდება, შევეცდებით მომავალ არეჩევნებში მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში პოზიციებს არ დავტოვებთ, იმიტომ რომ სწორ პოლიტიკურ გზას ვადგივართ.

თქვენი ხელფასი?

- ორგანიზაციის სიმბოლურ ხელფასს პლუს დეპუტატობის ხელფასი. ფინანსურად მშობლები და ბიზნესით დაკავებული მეგობრები მეხმარებიან, თუმცა პრაქტიკულად ფული არ მეხარჯება.

რა თანხაა საჭირო ადამიანის არსებობისათვის?

- გააჩნია რას დავარქმევთ ნორმალურს. ალბათ, თითო სულზე თვეში მინიმუმ 50 დოლარი.

როგორ უყურებთ საყვარლის ყოლის პრობლემას?

- ოჯახის სიმტკიცის თვალსაზრისით, რბილად რომ ვთქვა, აღმოსავლური ტიპი ვარ. ისე საქართველოში სექსუალური რევოლუცია უნდა მოხდეს, სექსის პრობლემა არ უნდა არსებობდეს, ეს ყველა ადამიანში ნორმალურ შეხედულებას გამოიწვევს.

ოფიციალური საროსკიპოების მომხრე ხართ?

- როდესაც უამრავი არაოფიციალურია, ჯობს ერთი ოფიციალური იყოს. ოღონდ ნორმებით და სანიტარული კონტროლით. ამის მოსპობა არავის შეუძლია, ისევ ალბათ, ოფიციალური სახე უნდა მიიღოს.

თქვენი თავდაცვის საშუალება?

- პასუხს არ ვცემ. ქუჩაში მუშტი მაქვს და ვიცი, როგორ მოვიქცე. პარლამენტში და პრესის ფურცლებზე ლამაზი არ არის კინკლაობა გავმართო.