მილიარდერი საქართველოს ლიდერს გამოწვევის წინაშე აყენებს

მილიარდერი საქართველოს ლიდერს გამოწვევის წინაშე აყენებს

ბიძინა ივანიშვილი 8 წლის განმავლობაში ზემოდან გადმოჰყურებდა თბილისს თავისი $50 მილიონიანი მინისა და ლითონის ციხესიმაგრის, შუა საუკუნეების ქალაქის თავზე აღმართული, ფუტურისტული სახლი-ოფისიდან.

ბ-ნ-მა ივანიშვილმა, მილიარდერმა, რომელმაც თავისი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი 1990-იანი წლების რუსეთში დააგროვა, უმეტესწილად უხილავად ცხოვრობდა, საოცარი ხელოვნების ნიმუშების კოლექციას აგროვებდა, რომლის შორისაა ლიჰტენშტეინის, ფროიდისა და ჰირსტის ნამუშევრები, და თავის სიმდიდრეს მთელ საქართველოში სხვადასხვა საქველმოქმედო საშუალებებით მშვიდად ხარჯავდა.

ეს იყო გასული წლის ოქტომბრამდე, ვიდრე, ივანიშვილი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მთიდან ჩამოვიდოდა.

მიუხედავად იმისა, რომ არავითარი პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნდა, მან 10 თვის განმავლობაში ქვეყნის არაერთგვაროვანი ოპოზიციის კონსოლიდაცია მოახერხა და პირველად ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა – გმირობა, რომელსაც ალტერნატიულად მის ქარიზმას და საფულეს მიაწერენ.

ბ-ნ ივანიშვილის კამპანია მოულოდნელი თავდასხმა აღმოჩნდა, როგორც მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, ასევე თავად ბ-ნი სააკაშვილისთვის, რომელიც ებრძვის ისეთ მოწინააღმდეგეს, რომლის ქონებაც Forbes-ის თანახმად $6.4 მილიარდსა და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით ნახევარს უტოლდება. ბ-ნ ივანიშვილი ირწმუნება, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში მან საქართველოში $1.7 მილიარდი დახარჯა.

დამოუკიდებელი „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მილიარდერის კოალიცია ხმათა მხოლოდ 12 პროცენტს მიიღებს, ხოლო მმართველი პარტია – 37 პროცენტს და 43 პროცენტს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია ან უარს ამბობს პასუხზე. მაგრამ, სახელმწიფოს რადიკალურმა მცდელობებმა, მაგნატი საბანკო ქონების და საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით ჩამოეშორებინა, ივანიშვილს მეტი მხარდაჭერა მოუტანა.

თბილისის სასახლეში ინტერვიუს დროს, ივანიშვილი დრამატულად აღწერდა იმას, თუ როგორ ემოციურად ეგებებოდნენ მას კამპანიის დროს ქვეყნის პატარა, შორეულ სოფლებში.

„ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და ხალხს ვხვდები. ხალხი ტირის… იმედი გაჩნდა,“ ამბობს იგი.

შეკითხვაზე თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩაბმა, მას ვრცელი და უცნაური ანალოგი მოჰყავს, ყვება თუ როგორ უყვარდა კითხვა, თუმცა შემდეგ „ეს მოსაწყენი გახდა“ და სანაცვლოდ წერა დაიწყო.

„ჩემი მთავარი კაპიტალი ფული არ არის,“ აცხადებს ის. „მე პატივს ვცემ საკუთარ თავს, პატივს ვცემ ჩემს ქვეყანას.“

მათიას ჰიუტერი, „საერთაშორისო გამჭირვალობის“ უფროსი ანალიტიკოსი თბილისში, ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკა „მესიის მოსვლისა და ქვეყნის გადარჩენის“ ელემენტს ყოველთვის შეიცავდა. მაგრამ ბ-ნი ივანიშვილი ამ მეტაფორას კიდევ უფრო ექსტრემალურ მნიშვნელობას მატებს.

ქვეყნის უდიდესმა ქველმოქმედმა 500 სკოლა, 600 ეკლესია და ქვეყნის სამხედრო ბაზა ააშენა. მის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში მცხოვრებლები უფასო და უახლეს ჯანდაცვას იღებენ მის მიერ აგებულ საავადმყოფოში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პარტია ამომრჩევლებს $1 მილიარდიანი სოფლის მეურნეობის ფონდის შექმნას დაპირდა, რომლის მესამედს პირადად ივანიშვილი დააფინანსებს.

ამ ფონდის გარდა, კანდიდატის პლატფორმა ბუნდოვანია და ისეთ ზოგად დაპირებებს მოიცავს, როგორიც არის ჯანდაცვის გაუმჯობესება და 16% უმუშევრობასთან გამკლავება; მმართველი პარტიაც ასეთივე დაპირებებს გასცემს.

ის, რაშიც ბ-ნ ივანიშვილი უფრო ძლიერია, არის მისი თავდასხმა სააკაშვილის დემოკრატიულ მიღწევებზე, რომელსაც ის თბილისის შენობებს ადარებს – ამ ნაგებობების ფასადებს მუდმივად ღებავენ, მაგრამ საძირკვლები ინგრევა.

„ეს სააკაშვილის ფასადური დემოკრატიაა, სადაც ყველაფერი ცხადია,“ ამბობს იგი. „სააკაშვილი მხოლოდ იმ ფაქტზე დგას, რომ ის დემოკრატია. თუ [დასავლეთი] ამას უარყოფს, მაშინ ის როგორც შიდა, ასევე გარე რესურსის გარეშე დარჩება.“

დასავლეთის ნებიერა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა, უცხოეთში პოლიციაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ქვეყნის ინფრასტრუქტურის აწყობისა და უფრო ეფექტიანი მთავრობის შექმნის გამო იწონებდნენ. მაგრამ, ბოლო წლებში ქვეყნის შიგნით მისი რეპუტაცია მას შემდეგ შეილახა, რაც ოპოზიციის პროტესტის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მიმდინარე კამპანიის დროს, ოპოზიცია აფიქსირებს იმ ტაქტიკის ფართოდ გამოყენების ფაქტს, რომელსაც მმართველი პარტია უპირატესობას ანიჭებს, პარტია რომელიც მყარად არის გამაგრებული ხელისუფლებაში.

ივანიშვილის მხარდაჭერამ შესაძლოა არ შეუქმნას საფრთხე მოქმედ მმართველს, მაგრამ საარჩევნო ბრძოლაში მისმა ჩართვამ გამოაცოცხლა სახელმწიფო და მმართველი პარტია.

წლის დასაწყისში მილიარდერს საქართველოს მოქალაქეობა ტექნიკური მიზეზების გამო ჩამოართვეს და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების ბრალდებით ჯარიმების სახით $45 მილიონის გადახდა აიძულეს. როდესაც ივანიშვილმა ჯარიმების გადახდაზე თავდაპირველად უარი თქვა, სახელმწიფომ მას „ქართუ ბანკი“ დროებით ჩამოართვა და გამანადგურებელი კრედიტები გასცა, რაც ივანიშვილის შეფასებით $115 მილიონს შეადგენს.

მმართველი პარტიის „ერთიანი ნაიონალური მოძრაობის“ პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ პროკურატურა კანონის ფარგლებში მოქმედებდა. ის აცხადებს, რომ ივანიშვილი საჩუქრებს გასცემდა, რომ „ქართული ოცნების“ მოხალისეები ფლაერებს არიგებდნენ, სადაც ადამიანებს შეეძლოთ მათი „ქართული ოცნება“ ჩაეწერათ, რომლის ღირებულება იქნებოდა 1000 ლარი ($600) – რაც გულისხმობს, რომ ოპოზიციისთვის მიცემული ხმა მატერიალურად ანაზღაურდებოდა.

„ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს ბიზნესსა და პოლიტიკაში მუშაობის პრინციპებს, და ვერ ხვდება, რომ პოლიტიკა მეტ გამჭირვალობას მოითხოვს,“ ამბობს ქ-ნ თაქთაქიშვილი.

მმართველი პარტია ცდილობდა ასევე ბ-ნ ივანიშვილი რუსეთის, საქართველოს ოდინდელი ჩრდილოელი მტრის, მარიონეტად გამოეყვანა.

ივანიშვილი ღიად საუბრობს, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთთან შეწყვეტილი სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა სურს; ის ხაზს უსვამს, რომ მან შემთხვევით არ დატოვა რუსეთი, როდესაც იქ ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინი მოვიდა. „მეტი დემოკრატია იყო ელცინის [ყოფილი პრეზიდენტი] დროს,“ ამბობს იგი.

ბ-ნ ივანიშვილს გულუხვობამ და „აუთსაიდერის“ სტატუსმა იმ ამომრჩევლების მხარდაჭერა მოუტანა, რომლებსაც ყელში ამოვიდათ სააკაშვილის არამდგრადობა. მისმა გადაწყვეტილებამ 2008 წელს საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრია. მაგრამ ზოგს მისი ელვარე იმიჯი იზიდავს.

„ბიძინა ერთადერთი ადამიანია, რომელსაც პოლიტიკა არ ადარდებს,“ ამბობს დავით თარჩია, 58 წლის ფერმერი ქვეყნის აგრარული რაიონიდან. „ამის ის აკეთებს, რადგან ეს ქვეყანა, ეს ხალხი უსაზღვროდ უყვარს.“
foreignpress.ge