ჩრდილო–კავკასიაში ანტისააკაშვილისეულ განწყობას რელიგიური საფუძველი უდევს

ჩრდილო–კავკასიაში ანტისააკაშვილისეულ განწყობას რელიგიური საფუძველი უდევს

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია კავკასიელ ბიჭებთან მოლაპარაკების პროცესში რომ ჩარეულიყო, ლოპოტას ხეობაში კონფლიქტი უსისხლოდ დამთავრდებოდა. ახლა კი ჩრდილო კავკასია საქართველოს ხელისუფლების მიმართ არის აღრენილი.

საქართველოს მთავრობის მისამართით ქისტების მუქარის შემონათვალი რას უნდა ნიშნავდეს?

- დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ჩეჩნების საერთო მოსაზრებაა. საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩრდილო კავკასიაში საერთო განწყობა ასეთია და ახლა ტექნიკურად ვინ შეასრულა მუქარის გზავნილი და რა დონის გრამატიკული ქართულით, ეს ნამდვილად აღარ მაინტერესებს. მე გეუბნებით, რომ ზოგადად, განწყობა ასეთია. ჩეჩნები და ქისტები კონკრეტულად ერთი ხალხია. ეთნიკურად ქისტები ჩეჩნები არიან, უბრალოდ, ესენი არიან საქართველოში გადმოსული ჩეჩნები.  აქ უკვე ეთნიკურ წარმომავლობას იმდენი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც მე ვხვდები და ვატყობ, ამ გაერთიანებას ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ უფრო რელიგიური საფუძველი აქვს, ვიდრე ეთნიკური. 

პუტინმა ჩეჩნების სისხლი არაერთხელ დაღვარა. აქედან გამომდინარე, რატომ არ უჩნდებათ მის მიმართ ქისტებს ან ჩეჩნებს ასეთი წერილების მიწერის სურვილი?

- რუსეთის პრეზიდენტ პუტინს წერილიც მისწერეს, ბომბებიც გადაუგდეს და ფედერალური ჯარების წინააღმდეგ ყოველ კვირას ომია გაჩაღებული. თანაც, მე არ ვიცი, რატომ მიწერეს წერილი საქართველოს პრეზიდენტს. ალბათ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაღაც სხვა შეთანხმება ჰქონდა ამ მებრძოლებთან და სხვანაირად იყო ამ ხალხთან გარიგებული, და მერე მუხანათურად დახოცაო ისინი - ამბობენ. ე.ი. უღალატა და პირობა დაარღვია. ჩვენი ხელისუფლების ენაზე რომ ვილაპარაკოთ, გადააგდო ისინი. ანტისააკაშვილისეულ განწყობას რელიგიური საფუძველი უდევს ჩრდილო კავკასიაში და წერილის პათოსი აბსოლუტურად მისაღებია ყველა ჩრდილო კავკასიელისთვის.

თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილო კავკასიელებს ჩვენს ხელისუფალთა ფოტოები ჰქონიათ. ალბათ, სააკაშვილის ფოტოს მოძიება არც დასჭირდებადათ და მისი ფოტო ისედაც ექნებოდათ. თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, კიდევ რომელი მაღალჩინოსნის ფოტოებზეა საუბარი?

- რამდენადაც ვიცი, მათი მუქარა მარტო სააკაშვილს არ შეეხება. ეს მონაცემები აქვთ კიდევ რამდენიმე ადამიანზე, თავიანთი  სახელებით, გვარებითა და თანამდებობებით. უბრალოდ, მე არ დავინტერესებულვარ, მოეწოდებინათ ჩემთვის ეს ინფორმაცია, რადგან ეს ფოტოები საველე ფოსტით გავრცელდა და არ მინდა, ცხვირი ჩავყო მათ საქმეში. არ მინდა, ჩემი ორგანიზაციის საქმიანობა გავაიგივო მაგ ხალხთან.

ამდენად, თქვენ არ იცით ქისტების მუქარის ადრესატები საქართველოს ხელისუფლებიდან ვინ არიან?

- ვერ გეტყვით, არ მიკითხავს, დაახლოებით ვიცი იმ ორი ადამიანის სახელი და გვარი, რომლებიც დღემდე ხელისუფლებაში არიან და, რომლებიც ამ ადამიანებთან დიდი ხნის მანძილზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, მაგრამ, სანამ თვითონ არ იტყვის დაზარალებული მხარე, სანამ ზაკაევის ე.წ. კომისია არ იტყვის ამ სახელებისა და გვარების შესახებ რაიმეს, ჩვენ ამისგან თავს შევიკავებთ.

ახმედ ზაკაევმა აღნიშნა, რომ ჩეჩნები საკუთარი კომისიის შექმნას აპირებენ. ირიბად, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ისინი არ ენდობიან საქართველოს ხელისუფალთ, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ გავრცელდა განცხადება, რომ მომხდარში საქართველოს ხელისუფლება დამნაშავე არ არის. ჩრდილო კავკასიელთა მხრიდან რას ნიშნავს ამ ინციდენტის ასეთი ორმაგი შეფასება?

- წინასწარი შეფასებების გაკეთებისგან ჩვენ თავს ვიკავებთ. უბრალოდ, გვინდა ვთქვათ, რომ გვაქვს მექანიზმი, გავაკონტროლოთ, თუ რამდენად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ზაკაევი. რაც შეეხება თავად ზაკაევის გადაწყვეტილებას, ქართველებისთვის, საქართველოს მოსახლეობისა და სახელმწიფოებრიობისთვის ეს კარგია, რადგან დაზარალებული მხარე ვერაფერს ვეღარ დააბრალებს ვერც ხელისუფლებას, ვერც მთლიანად საქართველოს. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიებას.

ბოლოდროინდელ წერილს თუ გავყვებით, აქ ადრესატად ჩანს პირდაპირ სააკაშვილი და არა მთავრობის სხვა ჩინოვნიკები, რომლებიც ჩვენ ზოგადად ვახსენეთ. მეტიც, აქ ასეთი რამ წერია: უმოწყალოდ დახოცეს ჩვენი ბიჭები და იამაყეს კიდეც, რომ პანკისობის, ბასაევისა და ლეკების დრო წავიდა.

- თუ გახსოვთ, პირველსავე დღიდან ჩვენ ამის კატეგორიული წინააღმდეგნი ვიყავით. ეს ოპერაცია რომ დაიწყო, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციამ დილიდან ამ ხელისუფლებისა და მისი ცრუ საინფორმაციო გადაცემების მხილება დაიწყო. კარგად მახსოვს, პირველად ასეთი ინფორმაცია გავიდა-საქართველოში ლეკიანობააო. ლეკმა ბოევიკებმა ქართველები მოიტაცეს. მერე იგივე თქვეს ჩეჩნებზე. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და მმართველ გუნდს დაქვემდებარებულ მედიას აკლია განათლება და არ იციან, როგორ უნდა ილაპარაკონ, ამიტომ შესაძლოა, შეგნებულადაც, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ჩრდილო კავკასიელებს. განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი იყო მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც მან გააკეთა ყვარლიდან, თავისი ადგილ-მამულიდან. ამ მთების იქით მტრები არიანო. ეს იყო აბსოლუტურად უცოდინარი ადამიანის განცხადება, ადამიანის, რომელიც ვერც კავკასიის ეთნიკურ წარმომავლობებში ერკვევა, ვერც ისტორიაში და არც ის არ იცის, მომავალში როგორ უნდა დაალაგოს ურთიერთობა და რა მიმართულება უნდა მისცეს კავკასიურ პოლიტიკას.

თუ ჩვენმა ხელისუფლებამ მართლაც შემოუშვა ჩრდილო კავკასიელები, (რომლებიც თურმე, ერთი ვერსიით, დაღესტანში გადასვლას აპირებდნენ, მეორე ვერსიით,  სირიაში აპირებდნენ წასვლას), მაშინ რატომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ესენი დაღესტნელი ლეკები იყვნენ? გამოდის, ჩვენმა ხელისუფლებამაც არ იცოდა, ლეკები შემოუშვა თუ სხვები...

- ჩვენ პირველსავე დღეს ვამხილეთ ეს ხელისუფლება, რომ ესენი არ იყვნენ დაღესტნელები, ესენი არ იყვნენ შემოსულები და ეს არ იყო ტერორიზმი, რომელიც ქართველი ადამიანების მოტაცებისკენ იყო მიმართული. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არც სირიაში მიდიოდნენ და არც შემოსულები არ იყვნენ. ისინი აქ იყვნენ.

ანუ მხოლოდ აქაური ქისტები იყვნენ?

- არა მარტო აქაურები, არამედ ჩამოსულებიც იყვნენ, მაგრამ ამ ხელისუფლების გარეშე ვერავინ ჩამოვიდოდა და ვერავინ გავიდოდა აქედან.

მაშინ, რაკი ამ ხელისუფლებამ თვითონვე ჩამოიყვანა, ძალიან კარგადაც უნდა სცოდნოდა, რომ ესენი დაღესტნელი ლეკები არ ყოფილან?!

- რა თქმა უნდა, დაღესტნელი ლეკები რომ არ იყვნენ, იცოდნენ და დაღესტნელები სპეციალურად ახსენეს, რათა თავიანთი ჭკუით, ჩეჩნები არ გაეღიზიანებინათ. მიცვალებულებს რომ მიუტანდნენ და დამარხავდნენ, რა, დაიმალებოდა ეს ამბავი?! ეს რა სისულელე იყო. საქართველოს მოსახლეობის მოტყუება უნდოდათ და საერთაშორისო საზოგადოებისთვის უნდოდათ, ეჩვენებინათ, რომ თურმე ტერორიზმთან მებრძოლ მთავრობას წარმოადგენენ.

ასევე, ალბათ, აქ პუტინისადმი რევერანსიც არ გამოირიცხება.

- პუტინისადმი რევერანსი არ გამოირიცხება კი არა, ჩვენს პირველ ვერსიას ბოლომდე ვუჭერთ მხარს, რომ ეს წინასწარ იყო რუსეთის სპეცსამსახურებთან შეთანხმებული.

და ამიტომაც ჩამოიყვანა ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ბიჭები ავსტრიიდან?

- არა მარტო ეგ. მაგ ბიჭის ხელში ჩაგდება რუსებმა ვერ მოახერხეს უკვე აგერ, ორი-სამი წელია. საუბარია ახმედ ჩატაევზე. სამმა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის, უკრაინამაც, სადაც ჩატაევი დაკავებული ჰყავდათ, უარი უთხრა რუსეთს ჩატაევის გადაცემაზე და ახლა პირდაპირ გალიაში გამოუმწყვდია პუტინს სააკაშვილმა ეს ავტორიტეტული კაცი. და ამას რაც მოჰყვება, თავის თავს დააბრალოს.

ანუ ჩატაევს გადასცემენ რუსეთს და მას კიდევ დამატებითი პრობლემები შეექმნება?

- დაიჭერენ და რა პრობლემები უნდა შეუქმნან, შეაგდებენ ციხეში.

მაგრამ, დაჭერაც არის და დაჭერაც.

- დიახ, დაჭერაც არის და დაჭერაც და მას მისცემენ სამუდამო პატიმრობას, მაგრამ ამას მერე მოჰყვება მართლაც სერიოზული რეაქცია ყველასგან, აქ ეთნიკური წარმომავლობა არაფერ შუაშია. ამას რელიგიური საფუძველი აქვს უკვე და მთელი ჩრდილო კავკასია არის აღრენილი.

ძალიან ბევრჯერ ითქვა ამის თაობაზე, რომ ლოპოტას ხეობაში ოპერაციის დროს  უხუცესთა ფაქტორის გამოყენება შეიძლებოდა. ასევე, მამუკა არეშიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ბიჭები საძილე ტომრებში მძინარეები ჩახოცეს.

- ასეთ დეტალებს არ ჩავრღმავებივართ, ახლა საძილე ტომრებში ჩახოცეს თუ მერე ჩაალაგეს, ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ საქართველოს მოსახლეობას, კავკასიელებს და საერთაშორისო საზოგადოებას ვუთხარით სიმართლე. რუსეთთან გარიგებასა და ცხედრებით პოლიტიკურ სპეკულაციაში, მეზობლების ინტერესების გათელვაში ვამხილეთ ეს ხელისუფლება. ჩვენ ვამხილეთ ეს ხელისუფლება ცრუ ანტიტერორისტულ ოპერაციაში და შიგნით დეტალები აღარ გვაინტერესებს. ახლა უკვე ვაკონტროლებთ, რა შედეგები დაიდება ზაკაევის კომისიის მხრიდან. რაც შეეხება ჩარევასა და შუამავლობას, კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია რომ ჩარეულიყო ამ საქმეში, გარანტიას ვიძლევი, 99%-ით უსისხლოდ დამთავრდებოდა ეს კონფლიქტი.

მართალია, ჩრდილო კავკასიელთა მხრიდან მუქარა ხელისუფლების და არა ქართველი ერის მიმართ წამოვიდა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამან საქართველოში ტერორისტული აქტები გამოიწვიოს? არის ამის საშიშროება?

- ამის შესახებ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება და ამის თაობაზე აღნიშნეს კიდეც ჩრდილო კავკასიელმა მებრძოლებმა. ჩვენი დიდი ძალისხმევით, იმ შედეგს მივაღწიეთ, რომ ჩრდილო კავკასიელებმა ერთმანეთისგან გამიჯნეს საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს მოსახლეობა, მაგრამ ვერაფრის გარანტიას ვერავინ  იძლევა და, კაცმა არ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ობიექტურად მოხდება გამოძიება და დაისჯებიან თუ არა ის პიროვნებები, რომლებიც დამნაშავენი არიან მათთან მოლაპარაკებაში, მათ ჩამოყვანასა და მერე მათ დახოცვაში.