ქისტებმა პრეზიდენტს მუქარა შემოუთვალეს

ქისტებმა პრეზიდენტს მუქარა შემოუთვალეს

 

„ჩვენი ძმების სისხლის არცერთ წვეთს არ შევარჩენთ პრეზიდენტს!“ - ასეთია  ქისტების რამდენიმე ღია წერილი, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა პანკისის ხეობის, ასევე, ევროპისა და არაბეთის ქვეყნებში მცხოვრები ეთნიკური ქისტებისგან მიიღო. წერილები გამართული ქართულითაა დაწერილი და მასში ქართველი პოეტის აკაკი წერეთლის „გამზრდელიდან“ ციტატაც არის მოყვანილი, რომლითაც ტრადიციების დამცველმა ბათუმ „მორდუობის გამტეხ“ ძუძუმტეს -საფარ-ბეგს მიმართა: „დღეიდან ჩვენ ორს შუა, მოციქული არის ტყვია"...

ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, რასაც ქისტი და ჩეჩენი ახალგაზრდები შეეწირნენ, ეთნიკური ქისტები საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრებიან.

„ჩვენ, პანკისში მცხოვრები ქისტები, არც ტერორისტები ვართ და არც რადიკალი ვაჰაბიტები, როგორც ამას ზოგიერთი ჟურნალისტი და „ექსპერტი" ავრცელებს. ჩვენ ჩვენი რელიგიის მიმდევრები ვართ და ვცდილობთ დავიცვათ შარიათის კანონები. ჩვენ თუ წვერი გვექნება და მეჩეთში ვივლით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტერორისტები ვართ. უბრალოდ, ვცდილობთ შევასრულოთ ღმერთის მიერ ჩვენთვის დავალებული აუცილებლობები“,_ნათქვამია წერილში.

აქვე ქისტები საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავენ ქართველებთან მიმართებით და ადასტურებენ, რომ მათ ქართველ ერთან, როგორც მოძმეებთან, მტრობა არ ჰქონიათ. უფრო მეტიც, ისინი ირწმუნებიან, რომ შეიარაღებულები არ დადიან და ეს ხელისუფლების მიერ აგორებული ჭორებია, რათა თავიანთ საქციელს ფარდა  ააფარონ.

ქისტები ხელისუფლებას საკუთარ მენტალიტეტსაც შეახსენებენ და აცხადებენ, რომ  ლაფანყურის მოვლენების დავიწყებას არ აპირებენ.

„ვერ შევარჩენთ. ის ლომები, რომლებიც ამ მთავრობამ უმოწყალოდ გაანადგურა ლოპოტას ხეობაში, ჩვენი ძმები იყვნენ, ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი რელიგიური ძმები, ლომები რომლებიც როგორც ჩეჩნეთის დასაცავად მიდიოდნენ, ასევე საქართველოსაც იცავდნენ საქართველოში ყოფნისას, მათ უკან დასახევი გზა არ მისცეს, როგორც რუსეთმა, ასევე სააკაშვილმა. ბიჭები ჩვენს შორის ვაჟკაცობითა და სიბრძნით გამოირჩეოდნენ, ასე უმოწყალოდ დახოცეს და ამაზე იამაყეს კიდეც; პანკისობის, ბასაევისა და ლეკების დრო წავიდაო... ისინი, სავარაუდოდ, საქართველოდან ლოპოტას ხეობის გავლით დაღესტანში გადასვლას აპირებდნენ, იქიდან ალბათ ჩეჩნეთში, განა არ დაბრუნდებოდნენ, რომ დაებრუნებინა საქართველოს ეს ბიჭები მშვიდობიანად? განა არ შეეძლო ამ მთავრობას მათთან მოლაპარაკება მშვიდობიანად? მაგ ბიჭებს არანაირად არ აწყობდათ საქართველოში არეულობა ან დაპირისპირება“.

ქისტების აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიოს წინაშე და საქართველოში მცხოვრებ მუსულმანთა დასაშინებლად გაითამაშა ეს ოპერაცია.

ამდენად, ქისტებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზნით დახოცა მთავრობამ თავისი მოქალაქეები. „ჩვენი ძმების სისხლის არცერთ წვეთს არ შევარჩენთ, ეს უნდა დაიმახსოვროს პრეზიდენტმა. დღეიდან ძმობა მტრობამ ჩაანაცვლა, სააკაშვილის ბინძურმა პოლიტიკამ და „დღეიდან ჩვენ ორს შუა, მოციქული არის ტყვია. დღეიდან ელოდოს მტრებს და არა ძმებს, მტრებს, რომლებსაც მგლებივით არ ავიწყდებათ მტრობა და შურისძიება სიკვდილის ბოლომდე... „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი, ისე არ ამოსწყდებიან, ჯავრი შესჭამონ მტრისანი"... ჩვენს წინაპრებს უთქვამთ ასევე: „შერჩენილი მხოლოდ ის მტრობაა, რომელიც დავიწყებულია"...

და ბოლოს, ქისტები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ეს მიმართვა არა ქართველებს, არამედ საქართველოს მთავრობას ეხება. ერთ-ერთ წერილს ხელს მუჰამმად ბორჩაშვილი აწერს.

ამ წერილების ავთენტურობისა და მასში გადმოცემული შინაარსის შეფასება For. Ge-მ ექსპერტებს სთხოვა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი გია ყარყარაშვილი აცხადებს, რომ ცოდვა-ბრალი უკვალოდ არასდროს იკარგება, მით უფრო, კავკასიელებში.

„როგორც არ უნდა შეიფუთოს ისტორია, ფაქტია, რომ ტრაგედია დატრიალდა. ვისი რა დოზით არის ცოდვა-ბრალი, ეს იციან მიცვალებულებმა, ასევე, იმ ჯგუფებმა, რომლებსაც ისინი წარმოადგენდნენ და ხელისუფლებამ. ცოდვა-ბრალი ვისზე მეტად მოდის, და ვისზე ნაკლებად, ზუსტად ამგვარი ფორმებით გამომჟღავნდება -წერილებით და სხვა განცხადებებით“, - აცხადებს გია ყარყარაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ქისტების წერილის ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაა და ქართველი ერის მიმართ ქისტებს მტრობა არ აქვთ, გია ყარყარაშვილი მიიჩნევს, რომ, როცა მტრობა იწყება, იქ ძნელია სიმართლის გარჩევა, და მტრობის მსხვერპლი ხდება როგორც ბრალიანი, ისე - უბრალო. უფრო მეტიც, ჩრდილო კავკასიაში ამგვარი ინციდენტები როცა ხდება, იქ ბრალიანსაც ხვდება და უბრალოსაც.

ამასთან, გია ყარყარაშვილი აცხადებს, რომ არ ღირს იმ საკითხში ჩაღრმავება, მოჰყვება თუ არა ქისტების მუქარას ტერაქტები, მაგრამ მიიჩნევს, რომ ამ ტრაგედიის მიმართ ზუსტი დამოკიდებულება დილოპლომატიურად ერთი სიტყვით გამოიხატება - ეს არის ცოდვა-ბრალი. 

„სამწუხაროა, რომ ტრაგედია დატრიალდა და შედეგები როგორი იქნება, ვერ გეტყვით. არავინ იცის, მომავალში რა მოხდება. უბრალოდ, მე ვიცი, რა არის სისხლის ფასი და სისხლის წვეთი რას ნიშნავს. ამ გამოცდილებიდან ვიცი, რომ ცოდვა-ბრალი უკვალოდ არ იკარგება და ყოველთვის მჟღავნდება, თუ ვისი მეტია დანაშაული და ვისი ნაკლები,“- აღნიშნა გია ყარყარაშვილმა.

ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს გამართული ქართულით დაწერილი ეს წერილი არ უკვირს, რადგან ძალიან ბევრმა ქისტმა ქართული იცის, ისინი ქართულ სკოლაში სწავლობენ და ამ პატარა ხეობას სამი-ოთხი კარგი პუბლიცისტიც ჰყავს.

ამასთან, მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, ქისტების მიერ ნახსენებ „ზოგიერთ ექსპერტებში“ თავად იგი იგულისხმება, ამის მიუხედავად, მისი პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რაც იქ ხდება,

„იმ კონდიციის ვაჰაბიტებს, რომლებიც ხეობაში არიან, ნამდვილად არ ვერჩი. ისინი ძირითადად რელიგიური მოღვაწეობით არიან დაკავებულნი და, ჩრდილო კავკასიელების მსგავსად, რელიგიას პოლიტიკურ ელფერს არ აძლევენ, ამის მიუხედავად, ძალიან კარგად ვიცი, რომ, სულ მცირე, ასლან გუმაშვილი და ბაღაკაშვილი ავსტრიიდან ვაჰაბიტური ჯამაათის ლიდერების დაჟინებული მოთხოვნით იყვნენ ჩამოსულნი, სწორედ ვაჰაბიტების ზოგიერთი წარმომადგენელი იყო, ვინც ხელს უშლიდა ხეობაში ჟურნალისტებს. არ ვამბობ, რომ ეს ვაჰაბიტები მთლიანად ერთ გუნება-განწყობაზე არიან, მაგრამ მათი ლიდერები არაადექვატურად და თვისტომთა საზიანოდ იქცევიან. რაც შეეხება დანარჩენ ვაჰაბიტებს, იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი მოღვაწეობენ, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს“.

პრეზიდენტის მიმართ ქისტების მუქარასთან დაკავშირებით მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ამას იგი ადრეც ვარაუდობდა და „ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პირველსავე დღეებში ამბობდა, რომ ეს აუცილებლად მოხდება, მისი თქმით, ქისტები ტრადიციის ხალხია და მათთვის იმ თვალსაზრისით მაინც უნდა გაეწიათ ანგარიში, რომ მიცვალებულები მაინც უნდა დაებრუნებინათ, რათა მათ თუნდაც განბანვის რიტუალი შეესრულებინათ.

„ეს არის სულში ჩაფურთხება, რადგან ქისტებმა ძალიან კარგად იციან, ხეობაში ოპერაციის დინამიკა როგორ მიმდინარეობდა და რით დამთავრდა ეს ყველაფერი. ეს  მუხანათობა და ტყუილი იყო და ასეთ რამეს ქისტები, როგორც წესი, არავის პატიობენ. დღეს თუ არა ხვალ ან ზეგ, შეიძლება, შური იძიონ“.

ამ ეტაპზე მამუკა არეშიძე ვერ აკონკრეტებს, რა სახის შურისძიება შეიძლება მოჰყვეს ამ წერილს, მაგრამ ქისტების მხრიდან შურისძიება თუნდაც ის იქნება, რომ ხეობა, რომელიც არჩევნების კონტექსტში ორად გახლეჩილად ითვლებოდა, ახლა  ერთსულოვანია და გასაგებია, ვისაც დაუჭერენ მხარს ადგილობრივები.

„ესეც შურისძიების ერთ-ერთი ფორმაა“,-აღნიშნა მამუკა არეშიძემ.       

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე პოლიტიკურად გამართულად დაწერილ აღნიშნულ წერილს ღიმილის მომგვრელად მიიჩნევს. მისი აზრით, ამ წერილებს პროვოკაციის სუნი უფრო ასდით და ეს ქისტი ხალხის რაღაც ნაწილის დამოკიდებულება არ უნდა იყოს.

„შეიძლება, პრეზიდენტი მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგრამ ერთს უნდა მივეჩვიოთ, პრეზიდენტი საქართველოს წარმოადგენს და მისი გადაწყვეტილებები საქართველოს გადაწყვეტილებებია“.

ასე რომ, პრეზიდენტისგან ქვეყნის გამიჯვნა გიორგი თავდგირიძეს სახიფათო თემად მიაჩნია. მეტიც, მისი აზრით, მათი ერთიანობის გარეშე სახელმწიფო ვერ მოეწყობა.

ექსპერტის თვალთახედვით, ეს წერილი ერთი ადამიანის ნაფიქრალს უნდა გამოხატავდეს და ერთი ადამიანის ემოციაა, ასეთი ემოციური ადამიანები კი არც ქართველებს, არც ქისტებს არ აკლიათ. თუმცა, მისი აზრით, რეალურად, ჯგუფმა, რომელმაც ხელში იარაღი აიღო და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, იცოდა, რა რისკზეც მიდიოდა. თავდგირიძის აზრით, ქისტებმა ისიც იციან, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობა სახუმარო საქმე არ არის და ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობა ასეთია.

„ჩვენ არც იმის პირობა მიგვიცია, რომ რუსებთან ომში ქართველები, ქისტები, ჩეჩნები და დაღესტნელები ერთად ვიბრძოლებდით, ეს პიროვნული გადაწყვეტილებაა, შესაძლოა, სახელმწიფომ ჰუმანური დახმარება აღმოუჩინოს იქაურ ლტოლვილებს, შეიფაროს ისინი, დაეხმაროს, მაგრამ ეს სხვა სიბრტყე, სხვა განზომილებაა და ერთმანეთში არ უნდა აერიოთ პირადი შუღლი, სისხლის აღება და სახელმწიფო პოლიტიკა“.

აქედან გამომდინარე, გიორგი თავდგირიძე ქისტების მხრიდან სისხლის აღებას არ ელის, მისი აზრით, ლოგიკურად, დიდი ხანია, პუტინმა ჩეჩნების სისხლი დაღვარა, მაგრამ ქისტების მიერ უშუალოდ პუტინისგან აღებული სისხლი არ ჩანს. ასე რომ, სამხედრო ექსპერტი მუქარას არასერიოზულად აღიქვამს და მასზე პედალირებას არავის ურჩევს.

„ეს ქისტების საერთო მოსაზრება არ არის. ეს ერთი კონკრეტული პირის მოსაზრებაა. თუმცა ემოციის უფლება ყველას აქვს,“-აცხადებს გიორგი თავდგირიძე.  

სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური მიიჩნევს, რომ რთულია მსგავსი წერილის შეფასება, რადგან ეს უფრო პოლიტოლოგთა და ეთნოლოგთა კომპეტენციაა, იმის თქმაც არაა იოლი, თუ ვის მიერ არის დაწერილი წერილი, ვინ დგას ამის უკან და რა შეიძლება, ამას მოჰყვეს.

თუმცა, ლოპოტის ხეობაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შეფასებისას, აცხადებს, რომ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაემორჩილა.

„ეს ოფიციალური ვერსიაა თუ არაა ოფიციალური ვერსია, ერთი რამ ცხადია, ამ დაჯგუფების არცერთი იდენტიფიცირებული პიროვნება ოფიციალური სტრუქტურის წარმოამდგენელი არ ყოფილა და ისინი შეიარაღებულნი იყვნენ. ამასთან, ისინი იყვნენ როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ისე რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ეს იყო უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება. გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის და, სამწუხაროა, რომ ეს ოპერაცია ორივე მხრიდან მსხვერპლით დასრულდა, თუმცა, ამ ოპერაციის ძირითადი ფაზის დასრულების შემდეგ ამ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი დაკავებულია. იმედი მაქვს, ამ საქმეს ნათელი კიდევ მოეფინება,“-გვითხრა გიორგი მელითაურმა.

მისი თქმით, ვერ შეაფასებს, რეალურია თუ არა ეს წერილი, მაგრამ, ელემენტარულად, საქართველოში ცხოვრობენ ეს ადამიანები და, თუკი ისინი სათანადოდ ვერ ფლობდნენ ქართულ სალიტერატურო  ენას, შეეძლოთ, დახმარებისთვის ახლობელი ქართველებისთვის მიემართათ.  

მელითაურის აზრით, ქისტების მიერ პოზიციის წერილობითი ფორმით გამოხატვა გასაკვირი არაა. ბოლოს და ბოლოს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ და ალ-ქაიდას გახმაურებული საინფორმაციო აქციებიც ამ კონტექსტში განიხილებოდა. 2011 წლის შემდეგ თითქმის ყოველ კვირას უსამა ბინ ლადენის წერილები და ვიდეომიმართვები ქვეყნდებოდა.

შეგახსენებთ, ლაფანყურთან ახლოს, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შსს-მ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნება, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. შსს-ს 29 აგვისტოს ინფორმაციით, ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი.