იდუმალი ოლიგარქი

იდუმალი ოლიგარქი

საქართველოს დედაქალაქ თბილისს ორი ახალი, ძალზე განსხვავებული სასახლე გადაჰყურებს: ერთი – პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეზიდენცია, ბერლინის რაიხსტაგის მსგავსი მონუმენტური ნაგებობაა; მეორე კი – ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს უმდიდრესი ადამიანის სახლი, იაპონელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული, ფუტურისტული მბზინავი შენობა.

სულ რამდენიმე წლის წინ, ასეთი განსხვავებული არქიტექტურული გემოვნების მქონე ეს ორი ადამიანი, საქართველოზე ერთნაირ შეხედულებებს იზიარებდა. სააკაშვილმა 2003 წლის „ვარდების რევოლუციას“ უხელმძღვანელა; ამის შემდეგ ივანიშვილმა ქვეყნის საზოგადოებრივი სერვისი და ჯარის ეკიპირება დააფინანსა. სააკაშვილს მსგავსი დამოკიდებულება თითქოს არ ანაღვლებდა. „მას არანაირი პოლიტიკური ამბიციები არ აქვს,“ – განაცხადა სააკაშვილმა ივანიშვილზე 2008 წელს.

თუმცა სიტუაცია შეიცვალა: დღეს ივანიშვილი 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას უდგას სათავეში. მისმა გადაწყვეტილებამ პოლიტიკაში ჩაბმულიყო შეცვალა ურთიერთობა ამ ორ ადამიანს შორის. გასულ ოქტომბერში, კოალიცია „ქართული ოცნების“ შექმნიდან სამ დღეში, ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს; მისი სტატუსის საკითხი დღესაც მოუგვარებელია. ოპოზიცია სააკაშვილს და მის თანამოაზრეებს ივანიშვილის ბიზნეს კომპანიების და საარჩევნო კამპანიის დაჯარიმებაში, მისი მხარდამჭერების დაშინებასა და „ქართული ოცნებისთვის“ მედია საშუალებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაში ადანაშაულებს. აგვისტოს ბოლოს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) ძალზე კრიტიკული განცხადება გააკეთა; 3 სექტემბერს მსგავსი განცხადება ევროკავშირმაც გამოაქვეყნა.

მთავრობის არგუმენტები ხშირად არადამაჯერებილია. მისი ბრალდებები უკავშირდება ივანიშვილის კავშირებს რუსეთში, სადაც მან ქონება დააგროვა. ერთ-ერთმა უცხოელმა დიპლომატმა, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში იყო, ხელისუფლების რიტორიკას „ბოლშევიკური“ უწოდა. სწორედ ეს მიდგომა მატებს იდუმალებას ივანიშვილს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალ Forbes-ის თანახმად, ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში 153-ე ადგილზეა და მისი ქონება 6.4 მილიარდ დოლარს (5 მილიარდი ევრო) აღწევს. 2010 წლამდე მის შესახებ ინტერნეტში ინგლისურ ენაზე ძალზე მწირი ინფორმაცია მოიპოვებოდა, ხოლო საქართველოში მას მხოლოდ რამდენიმე პარტნიორი და მეგობარი თუ იცნობდა.

სწორედ იმის გამო, რომ ბიზნესმენი ივანიშვილი უჩინარი იყო, დღეს მას როგორც პოლიტიკოსს, ოთხ ფრონტზე უწევს ბრძოლა: საზოგადოებისთვის თავის გაცნობა, ბრალდებების მოგერიება, პოლიტიკაში ჩაბმის გადაწყვეტილების ახსნა და იმის მტკიცება, რომ პოლიტიკოსობა ხელეწიფება.

ის თანდათან საკუთარ თავს ავლენს და მისი ამბავი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ზღაპარს ემსგავსება. განათლების წყალობით, მან შეძლო თავი აერიდებინა მშობლიურ ღარიბ რეგიონში მაღაროებსა თუ ლითონდამმუშავებელ საწარმოებში მუშაობისთვის და ამის ნაცვლად მოსკოვში ეკონომიკის დარგში დისერტაცია დაეცვა. მიხეილ გორბაჩოვის „პერესტროიკამ“ მას ტელეფონებისა და კომპიუტერების გაყიდვით ფულის შოვნის შანსი მისცა, რის შედეგადაც 1990 წელს ბანკის „როსიისკი კრედიტის“ თანადამფუძნებელი გახდა.

მაგრამ 2002 წელს იგი რუსეთიდან საფრანგეთში გადავიდა (სადაც 2010 წელს მოქალაქეობა მიიღო), ხოლო 2003 წელს საქართველოში დასახლდა. მომდევნო შვიდი წელი მთლიანად ქველმოქმედებას მიუძღვნა: თავად ჩრდილში მდგომი, ის ხელოვანებს, მეცნიერებს, საზოგადოებრივ პროექტებს აფინანსებდა. იდუმალ იმიჯს უკვე დადასტურებული რამდენიმე დეტალი ემატება: ზებრები, თანამედროვე ხელოვნების უჩვეულო ნიმუშები და ოთხი შვილიდან ორის ალბინოსობა.

მთავრობამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა თავისი ცილისმწამებლური განცხადებების, კერძოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ივანიშვილის პოლიტიკური თუ ფინანსური კავშირის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა. არსებობს გარკვეული ცნობები იმის შესახებ, რომ ის რუსეთის პოლიტიკაში გარკვეულ როლს ასრულებდა, მაგრამ ესეც 1990-იანი წლების შუა პერიოდით თარიღდება (ბორის ბერეზოვსკი, იმ პერიოდის რუსეთის შესაძლო ყველაზე ძლევამოსილი ოლიგარქი ამბობს, რომ ივანიშვილმა ხელი შეუწყო 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილზე გასული ალექსანდრე ლებედის დარწმუნებას იმაში, რომ ამ უკანასკნელს ბორის ელცინისთვის დაეჭირა მხარი). თუ მისი ფული ამდენად ბინძური იყო, მაშინ რატომ იღებდა მას მთავრობა? ან სააკაშვილის იმ მოკავშირეებს რა ვუყოთ, რომლებმაც მდიდარი ქართველების უმრავლესობის მსგავსად ფული რუსეთში იშოვეს?

და მაინც, რუსეთთან კავშირი ივანიშვილს უხერხულობას უქმნის. მან ჩააბარა თავისი რუსული პასპორტი და რუსეთის ფარმაცევტულ ბიზნესსა და ძვირფას ლითონებში არსებულ აქტივებს ჰყიდის. მისი გუნდის თქმით, გაზაფხულზე მან „როსიისკი კრედიტი“ გაყიდა და აღარც „გაზპრომის“ აქციებს ფლობს.

ეს ფინანსური მსხვერპლი კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს იმის თაობაზე, თუ რატომ ჩაება პოლიტიკაში ეს სიტყვაძუნწი, უჩინარი კაცი, რომელიც რისკებს ძალზე გულდასმით წონის? მისი მეგობრის თქმით, ის რომ ივანიშვილი საჯაროობას გაურბოდა ეს აიხსნება მისი პიროვნული თვისებებით და უსაფრთხოებაზე ზრუნვით: მისი ძმა ხომ 1990-იან წლებში გაიტაცეს. ივანიშვილის თქმით, პოლიტიკაში ჩაბმისკენ მას სააკაშვილის მმართველობის ავტოკრატიულმა სტილმა და იმ განცდამ უბიძგა, რომ ის ვალდებული იყო დაპირისპირებოდა მას.

საგარეო საკითხებში ივანიშვილის მრჩევლის ბ-ნ თედო ჯაფარიძის თქმით, მის მიერ გამჟღავნებული პოლიტიკური შეხედულებები „რეალიზმს, პრაგმატიზმსა და . . . რეგიონალური რეალპოლიტიკის განსაკუთრებულ აღქმას ემყარება“: საქართველომ უნდა შეწყვიტოს „გლობალურ თამაშებში“ მონაწილეობის მცდელობა, რაც მას ძლიერ გამღიზიანებლად აქცევს. ამის ნაცვლად საქართველომ რეგიონში უფრო „ხიდის, შუამავლის ან ცენტრის როლი“ უნდა შეასრულოს.

ბ-ნი ჯაფარიძე სააკაშვილის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ივანიშვილის გუნდი ხელისუფლების სხვა ყოფილ წარმომადგენლებს და დიდი ხნის ოპოზიციონერებსაც აერთიანებს. თუმცა, მათ შორის ბევრი გაურკვეველი ფიგურაა, ადგილობრივი ცნობილი სახეები, რომელთაგან ზოგიერთი პროვოკაციული განცხადებებით გამოირჩევა. ერთი არაპოლიტიკოსი ქართველის თქმით, ზოგიერთმა მათგანმა „ჰომოფობიური“ და „თურქოფობიური“ კომენტარებიც კი გააკეთა, რაც ივანიშვილს უნდა დაეგმო. იგივე ადამიანი წუხილს გამოთქვამს, რომ თავად ივანიშვილიც კრიტიკის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეა. ზოგიერთებისთვის, ივანიშვილის გაცხადებული განზრახვა, რომ ერთ-ორ წელიწადში პოლიტიკიდან წავა, მოულოდნელი და რამდენადმე შემაშფოთებელია.

ეს გეგმა ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ივანიშვილი, რომელიც არატიპური ქართველია (იოგით არის გატაცებული, ძალზე ზომიერი ჭამა-სმის და კარჩაკეტილი ცხოვრების მოყვარულია) და რომელმაც გადაწყვიტა ისეთ ქვეყანას გაუძღვეს, სადაც ღამისთენება, დრამა და ძლიერი მმართველები უყვართ, მხოლოდ დროებითი მოვლენაა.

იმისათვის, რომ გამარჯვების შანსი ჰქონდეს (გამოკითხვების შედეგები სადავოა), ივანიშვილს შესაძლოა იმის დამტკიცება სჭირდებოდეს, რომ ჯაფარიძე მართალია როდესაც ამბობს, რომ: „ის (ივანიშვილი) გამორჩეულია იმით, რომ სხვებისგან გამორჩეული არ არის“. ივანიშვილი, რომელიც თავის მშობლიურ სოფელში ცხოვრობს და ცოლად მეზობელი სოფლის მკვიდრი გოგონა შეირთო, „ნამდვილი სოფლის მცხოვრებია, რომელიც მყარად დგას მიწაზე“. ყველაზე მარტივ ვითარებაშიც კი, კაცს, რომელიც პერსონალური თვისებებით, ცხოვრების სტილით და სიმდიდრით რიგითი ქართველებისგან ასე განსხვავდება, მოუწევდა ბრძოლა ამომრჩევლების დასარწმუნებლად იმაში, რომ ისიც მათსავით აზროვნებს. მაგრამ ეს ეს მარტივი კამპანია არ არის, თან ივანიშვილმა მის გასაცნობად ამომრჩევლებს მხოლოდ 12 თვე მისცა.

მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება შედეგები, კამპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა: ქართული პოლიტიკა კვლავ ღრმად პოლარიზებულია, მასში გამორჩეული ფიგურები დომინირებენ, და კამპანიის შედეგად სააკაშვილის მთავრობის რეპუტაცია შეილახება. მან ისიც ცხადყო, რომ ვიდრე ივანიშვილი საქართველოშია, მისი სასახლის შემხედვარე ვერცერთი პრეზიდენტი ვერ უგულებელყოფს მას, როგორც პოლიტიკურ ძალას.
foreignpress.ge