ვინ არის ნაცმოძრაობის პრემიერობის კანდიდატი?

ვინ არის ნაცმოძრაობის პრემიერობის კანდიდატი?

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევნებში მონაწილე პარტიებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების ვინაობის დასახელება მოსთხოვა, რამაც ამ საკითხს საარჩევნო აქტუალობა შესძინა. სამწუხაროდ, საზოგადოებრივ მაუწყებელს თავის მიმართვაში არ დაუკონკრეტებია, თუ ვის გულისხმობდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ქვეშ - პოლიტიკოსს, რომელმაც მთავრობის მეთაურის თანამდებობა 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე უნდა დაიკავოს თუ პოლიტიკოსს, რომელიც შესაბამის საარჩევნო სუბიექტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის 2013-2016 წლებისთვის ჰყავს შეგულებული.

განსხვავება ამ ორ ვარიანტს შორის პრინციპული ბუნებისაა:

2004 წელს დეფორმირებული საქართველოს კონსტიტუციის „წყალობით“, ოპოზიციური ძალები საპარლამენტო არჩევნების მოგების შემთხვევაშიც კი მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისამებრ დააკომპლექტონ მთავრობა. კონსტიტუცია პრეზიდენტს იმდენად ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს, რომ მას შეუძლია პარლამენტის თანხმობის გარეშე, სრულიად დამოუკიდებლად დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები. ვითარება მხოლოდ 2013 წლის ოქტომბრიდან იცვლება, როდესაც მთავრობის ფორმირების უფლებამოსილება პარლამენტის ხელში გადადის. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტი იძულებულია თავის კანდიდატად დაასახელოს ის პოლიტიკოსი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არა 2012 წლიდან, არამედ 2013 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე უნდა დაიკავოს.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობას არ ევალება უფლებამოსილების მოხსნა და იგი ავტომატურად აგრძელებს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ივანე მერაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტს ავტომატურ რეჟიმში შეინარჩუნებს, ისე, რომ ამისათვის მას რაიმე ფორმალური პროცედურის გავლაც კი არ დასჭირდება. შესაბამისად, მერაბიშვილს 2012 წლის სექტემბერ-ოქტომბრის მდგომარეობით პრემიერ-მინისტრობის  კანდიდატად საერთოდ ვერ განვიხილავთ - ის მოქმედი პრემიერ-მინისტრია, რომელიც მანდატით 2013 წლის ოქტომბრამდეა აღჭურვილი. ასეც რომ არ იყოს, სუპერსაპრეზიდენტო მმართველობის პირობებში, 2013 წლის ოქტომბრამდე არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს იმას, პრემიერ-მინისტრი ივანე იქნება, პეტრე თუ პავლე.

შესაბამისად, ქართველი ამომრჩევლისთვის ყოველგვარ აქტუალობას არის მოკლებული დებატები პრემიერ-მინისტრობის იმ „კანდიდატის“ მონაწილეობით, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 2013 წლის ოქტომბრამდე უნდა ეკავოს. ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის ოქტომბრიდან, ანუ იმ მომენტიდან, როდესაც 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, საქართველოში სუპერსაპრემიერო მმართველობა დამკვიდრდება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან რეალურად არის არა ივანე მერაბიშვილი, არამედ პოლიტიკოსი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიკავებს: 1 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ პარლამენტს, რომელმაც თავისი პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე 2013 წლის ოქტომბერში უნდა გაამწესოს!

შესაბამისად, რაციონალური არჩევანის გასაკეთებლად, ქართველმა ამომრჩეველმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პრინციპულად უნდა მოსთხოვოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება 2013 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის. სატელევიზიო დებატებშიც ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების პირისპირ სწორედ ეს პოლიტიკოსი უნდა წარსდგეს და არა ივანე მერაბიშვილი, რომლის გაპრემიერება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სულ მცირე, ნაკლებად სავარაუდოა. დაუშვებელია, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2013 წლის ოქტომბერში ახალი პრემიერ-მინისტრი ისე „შემოგვაპაროს“, რომ ამომრჩეველმა ამ მოვლენისთვის ხეირიანად თვალის გაყოლებაც ვერ მოასწროს (სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრის ამგვარი „შემოპარების“ საფრთხეს ზოგიერთი დაფიქრებული კონსტიტუციონალისტი ჯერ კიდევ 2010 წელს წინასწარმეტყველებდა).

2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების ლოგიკას თუ მივყვებით, მაღალი დამაჯერებლობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2013 წლის ოქტომბრიდან ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პრემიერ-მინისტრად მიხეილ სააკაშვილი ჰყავს შეგულებული. 2010 წლის საკონსტიტუციო „რეფორმის“ შედეგად, საქართველოში 2013 წლის ოქტომბრიდან მკვიდრდება სუპერსაპრემიერო მმართველობის მოდელი, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მოქმედი პრეზიდენტის ტოლფას ძალაუფლებას იძენს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერის თანამდებობისთვის სხვა პოლიტიკოსის შერჩევა რომ სურვებოდა ან შეძლებოდა, ბუნებრივია, ოპოზიციას და საერთაშორისო თანამეგობრობას არ აალაპარაკებდა და ყოველგვარი პრობლემური საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე, მოქმედი სუპერსაპრეზიდენტო მმართველობის სადავეებს სწორედ ამ სხვა პოლიტიკოსს ჩააბარებდა. თუმცა, კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა ცხადყო, რომ საკონსტიტუციო „რეფორმა“ სწორედ იმ პოლიტიკოსზე იყო მორგებული, რომელსაც პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მესამედ აღარ შეეძლო, არადა სუპერძალაუფლების დათმობა პრინციპულად არ სურდა. იმას, რომ სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერის სტატუსთან განშორება მიხეილ სააკაშვილის უახლოეს გეგმებში არ შედის, საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, მისი ბოლო პერიოდის განცხადებებიც ნათლად მოწმობს („დამაცადეთ კიდევ 2-3-4 წელი“, „ლაზიკა მაქვს ასაშენებელი“, „30 წელზე მეტი დასჭირდა აღმაშენებელს, ვიდრე მან თბილისი აიღო“ და სხვ.).

ასეა თუ ისე, როგორი დამაჯერებელი და ლოგიკურიც არ უნდა იყოს ჩვენი მსჯელობა, მთავარი მაინც ისაა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ „თავისი პირით“ უნდა დაგვისახელოს იმ პოლიტიკოსის ვინაობა, რომელიც, მისი გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის ოქტომბრიდან დაიკავებს. როგორც უკვე აღინიშნა, 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ პარლამენტს, რომელიც სწორედ 2013 წლის ოქტომბერში გაამწესებს ქვეყნის ახალ პოლიტიკურ ლიდერს. შესაბამისად, თითოეული ამომრჩევლის უფლებაა, ზუსტად იცოდეს, რომელ პოლიტიკურ ლიდერს ანდობს ქვეყნის მართვის სადავეებს მომდევო საარჩევნო ციკლის ძირითადი პერიოდის განმავლობაში.