რამ გააშიშვლა შვედი დიპლომატი

რამ გააშიშვლა შვედი დიპლომატი

არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის მიერ ნახსენებმა ქუჩის აქციამ ყველაზე დიდი გამოხმაურება რუსეთის მხრიდან ჰპოვა, რამაც იმთავითვე აღძრა ეჭვი, რატომ დაემთხვა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთა ინტერესები ერთმანეთს?! მით უფრო, რომ გასაკვირი არაა ივანიშვილის რეაქცია, რომ გაყალბების შემთხვევაში, იგი ქუჩაში ხალხს გაიყვანს და მსოფლიოს დასანახად პირდაპირ ქუჩაში დაითვლიან, თუ რამდენი ადამიანი უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“.

ყველაფერი კი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის საქართველოში ვიზიტს მოჰყვა, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, თურმე დაარიგა ოპოზიცია, არჩევნების პროცესში დემოკრატიის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ქუჩის აქციები კონტრპროდუქტიული იქნება და ამიტომ მათ თავის შეკავება ურჩია. მის ამ განცხადებას კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრ ლუკაშევიჩი უმალვე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ეს განცხადება საკმაოდ უცნაურად ჟღერს იმ მინისტრის პირიდან, რომელიც თავის დროზე "არაბულ რევოლუციას" უჭერდა მხარს". რა თქმა უნდა, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს ნაციონალებმა და „ქართული ოცნება“ რუსეთთან ალიანსში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.

მართლაც, ხარაგაულის მოსახლეობასთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპანტმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, თუ რა სურს. კერძოდ, „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ მათ სურთ არჩევნების შემდეგ საქართველოში არეულობა, იმ განცხადების საპასუხოდ, როცა ევროპელებმა თქვეს, რომ ჩვენ გვინდა საქართველოში ჩატარდეს კარგი არჩევნები. რუსებმა განაცხადეს, რომ კარგი არჩევნები არ იქნება! მერე იქნება კარგი არეულობა. ნურას უკაცრავად, ჩვენმა ხალხმა ამას პასუხი სამი დღის წინ გასცა", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თავის მხრივ, საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ჩვენს ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. უფრო მეტიც, კოალიციის ლიდერის თქმით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კარლ ბილდტთან შეხვედრაზე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კითხვა დაისვა, თუმცა, ბილდტმა მისგან შესაბამისი განმარტება მიიღო.
„მასთან შეხვედრაზე რაღაც მსგავსი შეკითხვა იყო. კარგად ავუხსენი და მანაც კარგად გააცნობიერა, რომ არაფერი მსგავსი არ იგეგმება. ჩვენი ხელისუფლება ძალიან კარგად ახერხებს შეცდომაში მათ შეყვანას და სიცრუის დანერგვას“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

საინტერესოა, რას ემსახურება კარლ ბილდტისა და მოგვიანებით უკვე რუსული მხარის განცხადებები, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ოპოზიციის ლიდერები რუსებთან ალიანსში დაადანაშულოს?! ამ საქმეში რუსული მხარის ჩართვა შემთხვევით რომ არ მომხდარა, ეს უკვე ნათელია. მით უფრო, რომ ამას უკვე მოჰყვა კარლ ბოლდტის ასევე მეორე სკანდალური კომენტარი, რომელიც მან „ფეისბუქის“ საშუალებით გაავრცელა. კერძოდ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გააკეთა.
"საგანგაშოა ის უცნაური სიგნალები, რომელიც ამ მილიარდერისგან (რომელმაც ძალიან მალე აქცია საკუთარი თავი ოპოზიციის ლიდერად) ისმის, მისი განცხადებები დრო და დრო ისე ჟღერს, რომ არჩევნების შემდეგ ქუჩაში უნდა გადაწყდეს, ვინ უნდა მართოს საქართველო", - წერს შვედი დიპლომატი.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არც იმას მალავს, რომ ქართულ ოპოზიციას რამდენჯერმე ურჩია არჩევნების შედეგების აღიარება. ამავე ჩანაწერში კარლ ბილდტი საქართველოს წინსვლაზე საუბრობს და ხაზს უსვამს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

ევრაზიის ინსტიტუტის საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალზე უკვე გაჩნდა კარლ ბილდტის გამონათქვამის შესახებ მოსაზრება. მათი შეფასებით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ვიზიტი საქართველოში და მის მიერ ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმული ჭკუის დარიგება და გაფრთხილებები ქართველი ხალხის საშინაო საქმეებში თავხედურ ჩარევასა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევას წარმოადგენს, ისევე, როგორც სააკაშვილის რეჟიმის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას, რამაც იოლად გააშიშვლა შვედი დიპლომატის არაკორექტული საქციელი.

რაც შეეხება თავად კარლ ბილდტს, ევრაზიის ინსტიტუტის საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის თანახმად, კარლ ბილდტი საერთაშორისო ლიბერალ-ფაშისტური კამარილიის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელია, უფრო „პოლიტკორექტულად“ რომ ვთქვათ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპაში ამერიკელი ნეოკონსერვატორების ფილიალს წარმოადგენს და იდეოლოგიური მოსაზრებებით მიხეილ სააკაშვილის პირადი მეგობარია.

„იგი ისეთივე ტიპაჟია, როგორებიც არიან გლუქსმანები, კონ-ბენდიტები და სხვა ანტიმართლმადიდებელი, არარუსული წარმოშობის ლიბერალ-ფაშისტები. სამწუხაროა, რომ შესანიშნავმა ნეიტრალურმა სახელმწიფო შვედეთმა ვერ მოიცილა ეს სუბიექტი, თუმცა ეს შვედი ხალხის საქმეა. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, გვსურს, შევახსენოთ მკითხველებს, რომ ამერიკული ორგანიზაცია NDI-ის მიერ ცოტა ხნის წინათ ჩატარებული გამოკითხვების მთავარ სპონსორად, რომელთა შედეგების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ თურმე ქართველი ამომრჩევლის ხმების თითქმის 40 პროცენტს იღებს, ხოლო „ქართული ოცნება“ მხოლოდ დაახლოებით 20 პროცენტს, შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტო (Sida) მოგვევლინა. ანუ ეს ის უწყებაა, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება კარლ ბილდტს. ნავარო და ბილდტი - ასეთი კოქტეილი ნამდვილად არ იწვევს ნდობას,“ – აღნიშნულია ევრაზიის ინსტიტუტის საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალზე.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ პუტინის საუკეთესო პარტნიორი საქართველოში პრეზიდენტი სააკაშვილია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორ ავტორიტარ ლიდერს ერთმანეთი სჭირდება.
„ამ ყველაფერზე რუსული მხარის რეაქციით, განმიმტკიცდა რწმენა, რომ პუტინის საუკეთესო პარტნიორი საქართველოში არის მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, რადგან კრემლი ახერხებს ყველა თავისი ძირითადი ინტერესის მიღწევას საქართველოში. ასე რომ, ამ ტიპის რეაქცია დადგმულ სპექტაკლს უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე სხვას“- აღნიშნა უსუფაშვილმა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კარლ ბილდტი პირველი არ არის, ვინც ქუჩის აქციებზე საუბრობს, და ანალოგიური ტიპის განცხადება გააკეთეს ჩვენთან ჩამოსულმა ევროპარლამენტის ასამბლეის წევრებმა. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოში შეიძლება, ეგვიპტური სცენარი განვითარდეს. ანალოგიური რამ თქვა მაკკეინმაც. მართლია, მან ქუჩა არ ახსენა, მაგრამ, უბრალოდ, განაცხადა, რომ შეიძლება, საქართველოში არჩევნების შედეგებს არ დაეთანხმონ.

„არ ვიცი, კონკრეტულად პირველწყაროში რა იყო ნათქვამი და რა იგულისხმა კარლ ბილდტმა, მაგრამ ფაქტია, რომ მის განცხადებაზე ფოკუსირება იმიტომ მოხდა, რომ ამ განცხადებას უცებ გამოეხმაურა რუსეთი. თორემ, ამ საფრთხეზე საუბარი მუდმივადაა. რაც შეეხება ივანიშვილს, მან შეიძლება, თავისუფლად თქვას, რომ ქუჩის აქციების რიტორიკა საქართველოში არსებობს. არაა გამორიცხული, ბიძინა ივანიშვილს ეთქვა კიდეც, რომ შესაძლოა, ხალხი ქუჩაში ხმების დასაცავად გამოვიდეს. სხვათა შორის, არც ისაა გამორიცხული, ივანიშვილს არც ჰკითხონ, ისე გამოვიდნენ ქუჩაში ადამიანები. ამიტომ, სანამ პირველწყაროს ფორმულირება არ გახდება ცნობილი და არ გავიგებთ, თუ რა მოისმინა კარლ ბილდტმა ივანიშვილისგან ისეთი, რომ ეს დასკვნა გააკეთა, ისე ყოველგვარი საუბარი საფუძველს მოკლებულია“ – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ეხმარება თუ არა რუსული მხარე სააკაშვილს, რამაზ საყვარელიძის თანახმად, რუსეთის მხრიდან სააკაშვილის მხარდაჭერის ვერსია, დიდი ხანია, არსებობს და ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებაც, როცა ის კარლ ბილდტის ნათქვამს რევიზიას უკეთებს, შეიძლება, ამ კონტექსტში განვიხილოთ.

მეტიც, ექსპერტის თქმით, თვითონ რუსი პოლიტოლოგები არ მალავენ, რომ თავად რუსეთის ხელისუფლებას აწყობს სააკაშვილი. ბოლოს და ბოლოს, სააკაშვილისგან ყველაფერი მიიღო რუსეთმა, რისი მიღებაც მას სურდა. ამიტომ, პრაქტიკულად, ამ ვერსიას და რუს პოლიტოლოგთა დიდი ნაწილის შეხედულებას არსებობის უფლება აქვს.

„ასეთი დაძაბული და დაპირისპირებული ურთიერთობის მიუხედავად, რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელია სააკაშვილის ფიგურა, ვიდრე ნებისმიერი ახალი ფიგურა. თუმცა, ვეჭვობ, რომ ამ შემთხვევაში, მაინცდამაინც ქართული თემა ყოფილიყო წამყვანი. ცნობილია, რომ თვითონ დასავლეთის მიმართ რუსეთს აქვს ბევრი პრეტენზია და, შესაძლოა, სწორედ ამ პრეტენზიის გამოძახილი იყო ეს რეპლიკა. თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხული არ არის, რუსეთს რამდენიმე კურდღლის ერთად დაჭერა უნდოდეს. ამ რეპლიკით, ირიბად, თან არგუმენტს აძლევენ სააკაშვილის სახელისუფლო პარტიას, თანაც დასავლეთს აფრთხილებენ“,–მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ლუკაშევიჩის განცხადებას არასერიოზულად აღიქვამს. თუმცა მიიჩნევს, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ჩვენი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული.

„კარლ ბილდტი ხელისუფლების მხარეს იყო მიკერძოებული და ეს მაინცდამაინც სასიამოვნო მოსასმენი არ არის. მე ვერ დავარქმევდი ამას ჩარევას, მაგრამ მის ტექსტებში ტენდენციურობა იგრძნობოდა. თუმცა ეს არანაირად არ არის რუსეთის საგარეო სამინისტროს გასარჩევი. ვფიქრობ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი პირადი მიზნები ჰქონდა, როცა ლუკაშევიჩი კომენტარს აკეთებდა. ჩემი აზრით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიზანი არ ყოფილა ჩვენთან მიმართებით რაღაცის თქმა. საქმე ისაა, რომ კარლ ბილდტი ახლა ჩადის რუსეთში და, როგორც ჩანს, რუსეთი აპირებს ფონის შექმნას და უკმაყოფილების გამოთქმას ამ ვიზიტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მათ ნახეს მიზეზი, რითაც შეუქმნიდნენ საკმაოდ დაძაბულ ფონს ბილდტის ამ ვიზიტს“,–განმარტავს გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, დიპლომატიაში ასეთი ტექნოლოგიები გამოიყენება ხოლმე. ამდენად, ექსპერტის აზრით, საქართველო აქ არაფერ შუაშია. მათ ნახეს მიზეზი, რა მიზეზითაც შეეძლოთ, შექმნათ დაძაბული ფონი ბილდტისთვის რუსეთში ვიზიტის წინ.

თუმცა, გია ხუხაშვილის აზრით, არანაირად არ გამოირიცხება, რომ რუსეთი არ ეხმარება სააკაშვილს. საერთოდ, ასეთი ტიპის „მოღვაწეები“ ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებიან და სულაც არ არის აუცილებელი, ისინი გარიგებაში იყვნენ.

„ეს ბუნებრივად ხდება. მათ შორის სიმბიოზი ყალიბდება. ჩვენ გვახსოვს, როცა ყოველი არჩევნების წინ ასლან აბაშიძისა და შევარდნაძის ვირტუალური დაპირისპირება იწყებოდა, ლამის ყელში სწვდებოდნენ ერთმანეთს. სინამდვილეში, ამით ორივე თავის შიდა პოლიტიკურ მიზნებს აღწევდა ხოლმე. ასევე იქცევიან პუტინი და სააკაშვილი. მათ შორის რიტორიკული კამათის უკან, რა თქმა უნდა, გარკვეული სიმბიოზური ერთიანობა იგრძნობა. მათ უერთმანეთოდ არ შეუძლიათ და ვერცერთ ამოცანას ვერ გადაწყვეტენ. ასე რომ, ამ სიძულვილის უკან იმალება სისხლხორცეული ერთიანობა. შემიძლია, სიმბიოზის ერთი მაგალთი მოვიყვანო: პატარა ჩიტი არსებობს, რომელიც ნიანგს კბილებს უსუფთავებს და ნიანგი მას არ ჭამს. ახლა ამ ორ პიროვნებას შორის რომელია ნიანგი და რომელი ჩიტი, ეს გემოვნების საკითხია და თვითონ უნდა ჩამოყალიბდნენ,“– აცხადებს გია ხუხაშვილი.

„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ არცერთი ქვეყნის მინისტრის საქმე და გასარჩევი არ არის, გადაწყვეტენ თუ არა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეები საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას.

„ამიტომ ქართველი ხალხი, თავის არჩეულ ლიდერთან ერთად, თვითონვე გადაწყვეტს, რა ფარგლებში, როდის, რომელ რიცხვში, რომელ საათზე და რა დოზით გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები“,–აცხადებს თინა ხიდაშელი.

მისი თქმით, სააკაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის განცხადებები დროში ყოველთვის ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს.

„როცა სააკაშვილს გაუჭირდება, რუსები მუდმივად „სატოპკეს“ უწევენ და მერე სააკაშვილი „ტოპკას“ ურტყამს ხოლმე; მაშველ რგოლს გადმოუგდებენ, რომ წყალში არ ჩაიხრჩოს. ასე რომ, ეს პირველი შემთხვევა არ არის“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.