შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილმა კვლევებმა მმართველ გუნდს კატასტროფის მოლოდინი გაუჩინა

შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილმა კვლევებმა მმართველ გუნდს კატასტროფის მოლოდინი გაუჩინა

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორ ამერიკულ კომპანიას საიდუმლო, ე.წ. დახურული წინასაარჩევნო კვლევები შეუკვეთა, თუმცა ამ საიდუმლო კვლევებით მმართველი გუნდი გაწბილებული დარჩა.

შედეგები „ნაციონალებისთვის“ კატასტროფული აღმოჩნდა. საინფორმაციო სააგენტო „ივერონის" კონფიდენციალური წყაროს ცნობით, საქართველოს 77 საარჩევნო ოლქიდან „ნაციონალებს“ მხოლოდ 21 ოლქში აქვთ გამარჯვების შანსი, 56 ოლქში კი წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი დაუფიქსირდათ.

გასაკვირი არაა, რომ ნაციონალებმა, სხვა პარტიების მსგავსად, შიდა მოხმარებისთვის ასეთი კვლევები ჩაატარეს და თავიანთი რეიტინგი გაზომეს. თუმცა როგორც წყარო ირწმუნება, კვლევების შედეგები იმდენად კატასტროფული აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ ამბავს ორი დღის განმავლობაში უმალავდნენ.  მისი განრისხების ყველას ეშინოდა. ბოლოს პრეზიდენტს მაინც გააცნეს შედეგები, რამაც ის წყობიდან გამოიყვანა. აღნიშული კვლევები თურმე სამი კვირის მანძილზე ტარდებოდა, მისი შედეგები ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისს 5 სექტემბერს გადაეცა.

ნაციონალებისთვის სახელდახელოდ ჩატარებული კვლევის შედეგები კი ასეთია: მმართველი გუნდი 20%-ზე მეტს ვერ ასცდა საქართველოს 56 რაიონში. უფრო მეტიც, ისინი, სავარაუდოდ, წააგებენ თბილისის ყველა - ათივე რაიონს; ასევე, დამარცხდებიან ყველა დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, გორში. მმართველ პარტიას უმძიმესი მდგომარეობა ჰქონია კახეთში, სადაც რვავე რაიონში მოსახლეობის უმრავლესობა ნეგატიურადაა განწყობილი. თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და გურჯაანში კი ნაციონალების რეიტინგი 10%-იან ნიშნულსაც ვერ გასცდა.

სამაგიეროდ, მმართველ გუნდს უმართლებს იმერეთის ორ რაიონში - ხონსა და ვანში. თუმცა, ქუთაისიდან დაწყებული, იმერეთის ყველა დანარჩენი რაიონის ჩათვლით, მოსახლეობის უმრავლესობა მათ მხარს არ უჭერს. ანალოგიური მდგომარეობაა შიდა ქართლში. ყველაზე დამაიმედებელი შედეგი ნაციონალებს ხაშურში დაუფიქსირდათ. საუბარია 23%-ზე.

დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ნაციონალები უპირობოდ წააგებენ გურიის სამივე რაიონს - ოზურგეთს, ლანჩხუთსა და ჩოხატაურს. სავალალო მდგომარეობა აქვთ რაჭა-ლეჩხუმშიც - ონის, ამბროლაურისა და ცაგერის რაიონებში. ყველაზე მაღალი რეიტინგი ონში დაუფიქსირდათ (35%), თუმცა, ამბროლაურში "ნაციონალებს" მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს. ცაგერში "ნაციონალთა" მხარდამჭერებმა მხოლოდ 18% შეადგინეს.

აჭარაში მხოლოდ ხულოს რაიონში აქვთ წარმატება. ქობულეთში, ხელვაჩაურსა და შუახევში ნაციონალებს მცირედით უთანაგრძნობენ. 

სამაგიეროდ, ქვემო ქართლში ნაციონალებს შესანიშნავი მდგომარეობა აქვთ.  უპრობლემოდ მოიგებენ მარნეულის, დმანისის, წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს რაიონებს, მხოლოდ ბოლნისის რაიონში აქვთ დაბალი რეიტინგი, 

მმართველ პარტიას უმდაბლესი რეიტინგი აქვს მცხეთა-მთიანეთშიც და მხოლოდ სტეფანწმინდაში აქვს გამარჯვების მცირე შანსი. სამაგიეროდ, ამ კვლევების თანახმად, წააგებენ მცხეთას, თიანეთსა და დუშეთს.

რაც შეეხება ოპოზიციის თავის ტკივილს - სამეგრელოს, ნაციონალებს პრობლემები  ფოთსა და აბაშაში ელით, სადაც მათი რეიტინგი 20%-ს ვერ გასცდა, რეგიონის დანარჩენ რაიონებში მაღალი შედეგები აქვთ. ზუგდიდში, მათი მხარდამჭერთა რიცხვი, კვლევების თანახმად, 64%-ია.

რაც შეეხება მესტიას, კვლევებმა მესტიაში ნაციონალთა მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.

აღნიშნულ საიდუმლო კვლევასთან დაკავშირებით For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ძალიან საინტერესოდ მიიჩნევს ამ ვერსიას, თუმცა დარწმუნებულია, რომ ნაციონალები ამ კვლევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებენ. ექსპერტის აზრით, ეს ვერსია იმ მხრივ არის საინტერესო, რომ თვითონ ნაციონალების ქცევის სტილი გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული მონაცემები სწორია და მათ საქმე კარგად არ აქვთ.

„ის თვალშისაცემი აქტიურობა, მე ვიტყოდი, ზედმეტი აქტიურობაც კი, სავარაუდოდ, სწორედ ამითაა გამოწვეული, რომ მათ თვითონვე იციან საკუთარი შესაძლებლობის თაობაზე. მიჭირს იმის თქმა, რამდენად რეალურია მონაცემი, თითქოს ნაციონალები 20%-ზე მეტს ვერ ასცდნენ საქართველოს 56 რაიონში, რადგან პარალელურად სხვა სანდო კვლევა არ გვაქვს. თუმცა ვიმეორებ, რომ ისევ თავად ნაციონალების სტილი და ქცევა სავარაუდოს ხდის, რომ ეს მონაცემები სწორი უნდა იყოს. კვლევის დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ იმით, რაც გვაქვს, ან უნდა გამოიტანო დასკვნა ირიბი გზებით, ან უნდა იყოს სხვა ანალოგიური სანდო კვლევა; ახლა ნავაროს გამოკვლევას არ ვგულისხმობ. ის, რომ ნაციონალები საარჩევნო კამპანიას ძალიან დიდი ძალისხმევით ატარებენ, უკვე მიუთითებს იმას, რომ მათ უჭირთ,“- აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

 ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა კვლევამ აბსოლუტურად რეალისტური სურათი დახატა, თუმცა პირადად მისთვის ამ კვლევაში ახალი არაფერია.

„ჩვენ ვხედავთ ხალხის განწყობას. ნაციონალების სრული მობილიზაციის პირობებშიც კი, როცა მათ ყველა თავისი ამომრჩეველი, და არა ამომრჩეველიც, ჯოხის ქვეშ გამოიყვანეს, ვნახეთ, რა შედეგიც მიიღეს. ეს დათვალიერება უფრო იყო, ყრილობას ამას ვერ დავარქმევდი. ზუსტად აქედან გამომდინარეობს მმართველი გუნდის აგრესიული და გამწარებული რიტორიკა. მათ იციან, რა მდგომარეობაშიც არიან და ერთადერთ გამოსავლად აღვირახსნილ რიტორიკას თვლიან. მათ შორის, ბავშვებსაც კი დაეტაკა პრეზიდენტი, იმდენად არაადექვატურია, რომ განადგურებაზე საუბრობს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, არა მხოლოდ პრეზიდენტის, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა ტექსტებიც სცილდება პოლიტიკური პროცესის ჩვეულ ლექსიკას. ასე რომ, ექსპერტისთვის იმთავითვე ნათელია, თუ როგორი შედეგი ექნება ნაციონალურ მოძრაობას.

„ის რეგიონებიც წინასწარვეა ცნობილი, სადაც მათ გამარჯვების შანსი ექნებათ და, სადაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ისეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომ თავისუფალი არჩევანი არ კეთდება. იმედია, ეს მდგომარეობა მალე შეიცვლება. ძირითადად არაქართული მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებზეა საუბარი, რაც   აპოლიტიკური და სენსიტიური მომენტია“.

რაც შეეხება სამეგრელოს, გია ხუხაშვილის აზრით, ამ რეგიონში მარტივი სიტუაცია სულაც არ არის. ამდენად, ექსპერტი სამეგრელოსგან სიურპრიზებს ელის. მეტიც – გია ხუხაშვილის აზრით, შესაძლოა, ხელისუფლება მცდარად რაღაცას გამოელის კიდეც სამეგრელოსგან, მაგრამ, ამ მხარის მკვიდრთა შეფასებისას, კვლევებში ყოველთვის ბუნდოვანი სურათი იკვეთება.

„რა თქმა უნდა, ნაციონალები შიდა მოხმარებისთვის ასეთ კვლევას ჩაატარებდნენ, რადგან მათ ხომ უნდა იცოდნენ, რა და როგორ დასჭირდებათ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ეს ლოგიკური შედეგია. ჩვენი კვლევებით კი, ამომრჩევლის შეფარდება არის ოთხი ერთთან, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ მთლიანად მოახერხა თავისი ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება“.

ამასთან, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალები თავის ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, არჩევნებზე შედეგები დაახლოებით ასეთი იქნება - ოთხი ოპოზიციის სასარგებლოდ და ერთი - ნაციონალების მხარეს.