„ვისი „ბოლო გაფართხალება“ იქნება, ამას პირველში ვნახავთ“

„ვისი „ბოლო გაფართხალება“ იქნება, ამას პირველში ვნახავთ“

არჩევნებამდე დღეებს ითვლის მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც. საზოგადოებაც მოუთმენლად ელის, როგორი პარლამენტი გვეყოლება, როგორი კონფიგურაციით განლაგდებიან პოლიტიკური ძალები, თუმცა ერთია, ვის რისი სურვილი აქვს, მეორე ვის რისი შანსი და შესაძლებლობა მიეცემა, ხოლო მესამე, მაგრამ მთავარი - რა იქნება ქვეყნისთვის უკეთესი.

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ წასვლას არ აპირებს, მიხეილ სააკაშვილი ამას ყოველდღიურად, თანაც საკმაოდ მძაფრი ემოციებით გვახსენებს, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ დაქადნებაში არც კოალიცია „ქართული ოცნება“ ჩამორჩება.

კოლიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ის „15%-ზე დატოვებს“.

„თუ თქვენ შაბათს მათ შეხვედრას ადევნებდით თვალს, იქ ხალხი ავტობუსებით მიჰყავდათ. ისინი სახეზე ხელებს იფარებდნენ, რადგან მათ გვერდით დგომის რცხვენიათ. ამით სააკაშვილმა „ხარაკირი“ გაიკეთა. ის, ვინც სააკაშვილმა გამოიყვანა, არის მისი მაქსიმუმი - 150 000 კაცი. თვითონ ამბობენ, რომ 200 000 იყოო, ასეც რომ ჩავუთვალით, ესაა 7-8%. ერთი მაგდენი სიებით უნდათ რომ მოიპარონ. ჩემი მაქსიმუმიც ესაა - ესენი 15%-ზე დავტოვო“, - განაცხადა ივანიშვილმა.

შეძლებს თუ არა ოპოზიცია ამხელა უპირატესობით მმართველი პარტიის დამარცხებას, მალე გამოჩნდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მმართველი პარტიის 8 წლის ნამოქმედარი საზოგადოების დიდ ნაწილს მეტისმეტად მობეზრდა, ასეთი რამ თეორიულად შესაძლებელია, თუმცა სახელისუფლებო ბერკეტები, რასაც მუდმივად იყენებს მმართველი პარტია, ალბათ ანგარიშგასაწევი უნდა იყოს.

როგორც პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი ამბობს, მას არ შეუძლია ციფრების პროგნოზირება, „პოლიტიკოსი აკეთებს გათვლებსა და განცხადებებს, რა პროცენტზე დატოვებს მოწინააღმდეგეს - ეს პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია“, - მიიჩნევს გოგი ხუციშვილი, თუმცა თვლის, რომ კოალიცია მომავალ პარლამენტში ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

„ვხედავ, რომ ამ არჩევნების შედეგად ოპოზიცია ძლიერად იქნება წარმოდგენილი და პარლამენტი პარლამენტს დაემსგავსება. შეიძლება აიღონ უმრავლესობა, შეიძლება - ვერა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ძლიერად იქნებიან წარმოდგენილი. ერთპარტიული პარლამენტის სამარცხვინო ეპოქა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.

პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლებში ძალზე დიდია მათი პროცენტი, ვინც თავს იკავებს.

„ვფიქრობ, სწორედ ამ 43%-შია „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი რეზერვი. თავშეკავებულთა შორის, ის ხალხია, ვინც რაღაც მიზეზის გამო თავს იკავებს პოზიციის გამოხატვისგან, ასე, რომ „ოცნებას“, ამ 43%-დან „ლომის წილი“ შეხვდება.

სოციოლოგები იმასაც ამბობენ, რომ ამომრჩეველთა სადღაც 20-22% სწორედ არჩევნების დღეს იღებს გადაწყვეტილებას. ასე, რომ ბოლო ეტაპზე სიურპრიზებია მოსალოდნელი, არ გამოვრიცხავ, ძალზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწიოს „ქართულმა ოცნებამ“. არ ვიცი, ეს რამდენი პროცენტი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, შანსი აქვს, ძალიან კარგი შედეგი აჩვენოს“,- მიიჩნევს ზურაბ აბაშიძე. 

რამდენპროცენტიანი წარმატების იმედი აქვს ივანიშვილს, მისი თანაგუნდელებიც არ აკონკრეტებენ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ  ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს, რამდენ პროცენტს აიღებს „ქართული ოცნება“. მან თქვა, თუ რამდენ პროცენტი შეიძლება მიიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათ გარდა სხვებიც მონაწილეობენ არჩევნებში.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ 15 პროცენტს, ძალზე საინტერესოა, როგორ და რა მექანიზმებით არის შესაძლებელი მმართველი პარტიის ასე მწარედ დამარცხება.

როგორც ხმალაძე ამბობს, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად მოახერხებს „ნაციონალური მოძრაობა“ შედეგების გაყალბებას და, შესაბამისად, რამდენად მოახერხებს ნამდვილი ოპოზიცია არჩევნების შედეგების დაცვას.

„აი, ამაზეა დამოკიდებული, რადგან ჩვენ გვახსოვს არჩევნები, როდესაც არაერთ საარჩევნო უბანზე შედეგები ეწერა ასე: „არჩევნებზე გამოცხადდა ამომრჩეველთა 100% და ასივე პროცენტმა ხმა მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“ – სრული აბსურდია, მაგრამ ასეთი ოქმები გვაქვს ნანახი. ასე, რომ  ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად მაღალი ან რამდენად დაბალი იქნება ხარისხი სიყალბისა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად შეძლებენ დაიცვან კანონიერება და არ მისცენ გაყალბების შესაძლებლობა“, - აცხადებს ხმალაძე.

საზოგადოებას ასეთი ოქმების გარდა ისიც ახსოვს, რომ ოპოზიცია ყოველთვის პირდებოდა მომხრეებს ხმების დაცვას და იმასაც ამბობდა, რომ მმართველ პარტიას გაყალბების საშუალებას არ მისცემდნენ, თუმცა იმისი მომსწრენიც ვართ, ყოველი არჩევნების შემდეგ როგორ იმართლებდნენ თავს, რომ ხმების დაცვა ვერ მოახერხეს.

რა მექანიზმები აქვს „ქართულ ოცნებას“ იმისათვის, რომ დანაპირები შეასრულოს და საკუთარი ამომრჩევლების ხმები დაიცვას, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ბევრი ასეთი მექანიზმი არსებობს, სადღაც ხერხდება მისი ამოქმედება და სადღაც ვერ ხერხდება.

„შეგახსენებთ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, სადაც ყველა დიდი ქალაქი ოპოზიციის კანდიდატმა მოიგო და ეს მოხერხდა იმიტომ, რომ აქ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცეს გაყალბების საშუალება. მაგრამ მაშინ ყველგან სათანადო კონტროლი ვერ განხორციელდა და დადგა ისეთი შედეგი, რაც გვქონდა მაშინ“, -იხსენებს ხმალაძე.

სხვათა შორის, მაშინ ისიც ითქვა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებიდან ხელისუფლებას მიეყიდნენ, არსებობს თუ არა გარანტია, რომ მსგავსი რამ ამ არჩევნებზეც არ განმეორდეს, ვახტანგ ხმალაძეს ამაზე პასუხი არ ქვს, იმ მარტივი დებულების გამო, რომ არასდროს არაფრის გარანტია არ არსებობს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს არის ის არჩევნები, როდესაც ქვეყანას დემოკრატიული გზით სიარულის უკანასკნელი შანსი ეძლევა.

„რა გარანტია არსებობს, რომ პირველში დიდი მიწისძვრა არ მოხდება და ყველაფერი არ დაინგრევა ან ჩვენს მტერს ჭკუა გადაეკეტება და ატომურ ბომბს არ ჩამოაგდებს - გაქვთ ამისი გარანტიები? ამიტომ, როდესაც გარანტიებზე ვლაპარაკობთ, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ საკმარისი რაოდენობით მოვამზადეთ, ვასწავლეთ, გავწვრთენით კომისიის წევრები, წარმომადგენლები, იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეძლონ კანონის დაცვა. იმედი გვაქვს, რომ მათ შორის გამყიდველები არ აღმოჩნდებიან, თუ აღმოჩნდა ეს შეიძლება იყოს თითო-ოროლა, მაგრამ აბსოლუტურ გარანტიას ვერავინ ვერაფერზე ვერ მოგცემთ“, - აცხადებს ხმალაძე.

რა პროცენტით უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში, რომ გააუვნებელყოს „ნაციონალური მოძრაობა“ – ამის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.

კოალიციის წევრები თვლიან, რომ მათთვის იდეალური ვარიანტი საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა იქნებოდა.

„ყველაზე წარმატებული შედეგი იქნება კონსტიტუციური უმრავლესობა,  ეს შესაძლებლობას მოგვცემს, გავასწოროთ ყველა ის უკეთურება, რაც ამ 8 წლის განმავლობაში უქნეს კონსტიტუციას „ნაციონალებმა“. ეს არის 150-დან 100 ადგილი პარლამენტში. მეორე ვარიანტი - ამაზე ნაკლები, მაგრამ ასევე შედეგიანი იქნება, თუ ეს იქნება 60%, ანუ  - 90 ადგილი პარლამენტში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, კანონების მიღებისას პრეზიდენტის შესაძლო ვეტო დაიძლიოს. ყველაზე ნაკლები - ეს არის უბრალო უმრავლესობა, -76 მანდატი ანუ 50%+1 მანდატი“, - აცხადებს ხმალაძე.

როგორც გოგი ხუციშვილი ამბობს, ხელისუფლებამ თვითონვე ასწია ზღვარი, საკონსტიტუციო უმრავლესობისა, „3/4 უნდა აკრიფო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვო, ეს უკვე კარგია, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს სურს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებით პრაქტიკულად, თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს „ნაციონალური მოძრაობა“, ამის პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ, რადგან მას ჰყავს თავისი ამომრჩეველი და აქვს უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც იყენებს“, - ამბობს ხუციშვილი.

არსებობს თუ არა რეალური შანსი, რომ „ოცნების“ ოცნება ასრულდეს? – ვახტანგ ხმალაძე თვლის, რომ დღეს კოალიციას ამის ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს. თუმცა თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობაც“ ოცნებობს იმაზე, ისე დაამარცხოს ოპოზიცია, რომ პირველი ოქტომბერი მისი „ბოლო გაფართხალება“ იყოს.

„ვისი ბოლო გაფართხალება იქნება, ამას ვნახავთ პირველში, ცხადია, ასე იტყვიან, იმისათვის, რომ ერთის მხრივ, თავიანთ მომხრეებს, ვინც ჰყავთ შერჩენილი, მისცენ გამარჯვების იმედი და მეორე მხრივ, დააფრთხონ ოპოზიციის მომხრეები. ბუნებრივია, რომ ამას იტყვიან, მაგრამ მუდმივად გვაქვს მეც და სხვებსაც ურთიერთობა ხალხთან და სურათი სრულიად განსხვავებულია მისი ნათქვამისაგან, ვფიქრობ, რომ არ ვცდები, როდესაც ვამბობ, რომ პირველ ოქტომბერს ოპოზიციას აქვს გამარჯვების დიდი შესაძლებლობა“, - აცხადებს ხმალაძე.

რაც შეეხება ზოგიერთ რეგიონს, სადაც ინფორმაციის ხელმიუწვდომლობის გამო საზოგადოებაში კვლავ დაბნეულობაა, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარადაა საქმე, თუმცა მთლიანობაში წარმატების იმედი აქვთ.

კოალიციის გარდა საზოგადოებრივ კვლევებში თავშეკავებულთა დიდი წილის წაღების სურვილი და იმედი აქვთ „ქრისტიან-დემოკრატებსაც“, თუმცა მეორე მხრივ „ქრისტიან დემოკრატებსაც“ იმ პარტიების რიგებში მოიაზრებენ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტ პარტიებად არიან მიჩნეული.

ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ მათაც თავიანთი პოლიტიკა აქვთ და ურთიერთობებები შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ გაგრძელებადაც არ ეჩვენებიან.

„საკმაოდ აქტიურობენ, თავისი ხედვა და ფილოსოფია აქვს ამ ხალხს და შესაძლოა მომხრეებიც ჰყავდეთ. აქტიურობა და ენერგიულობა ბევრს ნიშნავს პოლიტიკაში და თუ ისინი პარლამენტში მოხვდებიან, გასაკვირი არ იქნება, შესაძლოა, იმ 43%-შიც იყოს ვინმე მათი მომხრე, ვისაც არც კოალიცია უნდა არც „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მაინც მგონია, რომ თავშეკავებულებში ძირითადად მაინც „ქართული ოცნების“ ელექტორატია. „ახალი მემარჯვენეებიც“ თუ შეაღწევენ პარლამენტში, არ იქნება ცუდი, მაგრამ სხვა პოლიტიკურ პარტიას ვერ ვხედავ, რომელიც შესაძლოა, პარლამენტში მოხვდეს, მაგრამ როგორც მაჟორიტარები, სხვა პარტიების წარმომადგენლებიც შეიძლება მოხვდნენ პარლამენტში“, - მიიჩნევს ზურაბ აბაშიძე.  

იმის გარდა, რასაც გახსნილად და ღიად აცხადებს კოალიცია „ქართული ოცნება“, პარლამენტში ძალთა შესაძლო გადანაწილების შესახებ, კულუარული ინფორმაციებიც ვრცელდება.

ინტერნეტგამოცემა „ივერონის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკის ელჩის რიჩარდ ნორლანდის პირადი შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა და ის, როგორც ამბობენ, კონკრეტული შედეგებით - გარიგებით დასრულდა. 

გამოცემა ინფორმაციას კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლისთვისაც დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ მისთვის ცნობილი გახდა მთავარი. 

„მე დაზუსტებით არ ვიცი მათი საუბრის დეტალები, ვიცი, მხოლოდ რაზე შეთანხმდნენ ისინი - ბიძინა ივანიშვილის ბლოკი „ქართული ოცნება“ არჩევნებში მეორე ადგილს დაიკავებს, ხელისუფლება დარჩება მმართველ პარტიას, მაგრამ არა საკონსტიტუციო უმრავლესობით. „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ეყოლება უბრალო უმრავლესობა, რაც გარდუვალს გახდის მათსა და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობას პარლამენტში“,- აცხადებს წყარო.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საეჭვოა, მსგავსი რამ მომხდარიყო და ვიღაცას მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ძალიან აწყობს.

წყარო ასევე ირწმუნება, რომ ნორლანდმა ბიძინა ივანიშვილი აიძულა, უარი ეთქვა ქუჩის საპროტესტო აქციებზე. „ივანიშვილმა ნორლანდს პირობა მისცა, რომ შეეგუება არჩევნების იმ გაყალბებულ შედეგებს, რომელიც მას მეტ-ნაკლებად სოლიდურ წარმომადგენლობას მისცემს პარლამენტში. ცხადია, ხალხი ქუჩაში გამოვა გაყალბებული არჩევნების შემდეგ ხმების დასაცავად, მაგრამ ხალხის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება“, - აცხადებს „ივერონის“ წყარო.

ზურაბ აბაშიძე: „არავითარი გარიგება ბიძინა ივანიშვილთან საჭირო არ არის, ბიძინა ივანიშვილი არაფერს არ გააკეთებს ისეთს, რაც ქართველი ხალხისა და საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი ცხოვრების წინააღმდეგ იქნება მიმართული. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ის არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობასა და ქვეყანას.

ხელისუფლება ახდენს იმაზე პედალირებასა და აქცენტირებას, თითქოს ესენი დიდი არეულობისა და დიდი უბედურებისათვისდ ემზადებიან, ამით ხდება მოსახლეობის დაშინება, ფსიქოლოგიური ზემოქმედება, თითქოს ეს არის ძალა, რომელიც მოდის დასანგრევად.

ასეთი განცხადებები არც ივანიშვილს გაუკეთებია და არც მისი კოალიციის რომელიმე ლიდერს, პირიქით, ისინი ამბობენ, რომ აზრადაც არ მოსვლიათ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, კანონის ფარგლებში მოქმედებენ და იმოქმედებენ და რატომ აშინებენ ხალხს ვერ გავიგე. მეჩვენება, რომ ამ ყველაფრის გამუქება სპეციალურად ხდება“.

გოგი ხუციშვილი: „შესაძლოა შეხვედრა, პოზიციების გაცვლა, სიმპათიის გამოხატვა ან რაიმე მსგავსი იყო კიდეც, მაგრამ გარიგებას გამოვრიცხავ, აშშ-ს ახლადჩამოსული ელჩი იმით, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გარიგება დადოს, თავის მოღვაწეობას არ დაიწყებს. ერთ პოლიტიკურ პარტიასთან გარიგება დადოს და მეორეს გაემიჯნოს, წინასაარჩევნო დღებში?- ამას აშშ-ს ელჩი არ იზამს.

ვიცი, რომ სერიოზული პრობლემაა და სერიოზულადაც განიხილება დასავლურ წრეებში ის, რომ თუ მმართველი პარტია უმრავლესობას აიღებს და ოპოზიცია უმცირესობაში დარჩება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ქუჩის აქციები, რომელიც არავინ იცის, საით წაგვიყვანს.

მაგრამ ივანიშვილი რაღაცაზე დაითანხმო? რა, ივანიშვილი თავის მომხრეებს ეტყვის, შენ მომეცი ხმა და შენ არ მომცეო? ასეთი რამ შეუძლებელია. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ არჩევნების შედეგი არ გაყალბდეს, მაგრამ ის, რომ ამდენი ხმა ჩაიწეროს ოპოზიციის სასარგებლოდ და ამდენი არა, წინასწარ ასეთი რამ შეუძლებელია“.

ვის შეიძლება აწყობდეს ამ საკმაოდ უცნაური ბრალდების გავრცელება, ძნელი სათქმელია, ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ არეულობაზე ლაპარაკი ხელისუფლებას აწყობს, გოგი ხუციშვილი თვლის, რომ ასეთ ინფორმაციას რომ ივანიშვილის ხალხი არ გაავრცელებდა. აქ შესაძლოა იმაზეც იფიქრო, ვის აწყობს აშშ-ს ელჩისა და ივანიშვილის დისკრედიტაცია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებულ სცენარს უფრო ჰგავს, სადაც აშკარად იკითხება - თუ ქვეყანაში სიმშვიდე გსურთ, გაყალბებას ნუ გააპროტესტებთ. ასე, რომ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, როგორ კონფიგურაციას ვიხილავთ 2012 წლის, მე-8 მოწვევის პარლამენტში, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში შეიკრიბება, მხოლოდ პირველ ოქტობმერს გამოჩნდება, თუმცა არჩევნებს მაინც არჩევნებამდე იგებენ.

რაც იქნებოდა ქვეყნისთვის და არა რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის იდეალური ვარიანტი, ცხადია პოლიტიკურ მოთამაშეებს არ აწყობთ, თუმცა ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ სასურველია, არც ერთ ძალას არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში.

„უკეთესია, შევეჩვიოთ დაბალანსებულ პოლიტიკურ სივრცეში ცხოვრებას. ამ 20 წლის მანძილზე იყო, გამონაკლისები, როდესაც ჩვენი პარლამენტი საკმაოდ ჭრელი  და წარმომადგენლობითი იყო, კარგი კი არა, აუცილებელიც კია, ერთი პოლიტიკური ძალის მონოპოლია დასრულდეს და ძალთა თანაფარდობა იყოს გაწონასწორებული.

ჩემი სურვილია, ისეთი პარლამენტი იყოს, სადაც ერთიმეორის რიდი, შიში და პატივისცემა ექნებათ. თუ ისევ ისე დარჩა, რომ ვიღაცას 2/3 აქვს და არ ენაღვლება ოპოზიცია რას ლაპარაკობს, ეს არ იქნება კარგი“, - მიიჩნევს ზურაბ აბაშიძე.

გოგი ხუციშვილის აზრით კი კარგი იქნება, თუ პარლამენტში ყველა ის ძალა იქნება თავმოყრილი, რომელიც ანგარიშგასაწევია ქვეყანაში.

„ვინაიდან პარლამენტი ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში წარმომადგენლობითი ორგანოა, ეს ნიშნავს, რომ პარლამენტში ქვეყანაში რეალურად არსებული ძალები უნდა იყოს ასახული. ამ პრინციპის გათვალისწინებით ითვლება პარლამენტი ნორმალურად ან არანორმალურად. დღემდე არანორმალური პარლამენტი გვქონდა, მე ვხედავ, რომ სერიოზული ნაწილი მოსახლეობისა, მხარს უჭერს ივანიშვილის კოალიციას და პარლამენტში ეს უნდა აისახოს, ეს უმრავლესობას გულისხმობს უმცირესობას თუ რამდენ პროცენტს, ამას პირველი ოქტომბერი გვიჩვენებს“ - აცხადებს ხუციშვილი.