მეორე დღე

მეორე დღე

უკვე მერამდენედ, NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევაში მოხვდა კითხვა - “ვინ გაჰყვება „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მოწოდებაზე მას ქუჩაში“. უცნაურია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაცია ლამის კვირაში ერთხელ ითვლის პროცენტებს, რამდენი ადამიანი აპირებს არჩევნების შედეგების ქუჩაში გაპროტესტებას, მაშინ, როდესაც არც კოალიციის რომელიმე წევრს და არც მის ლიდერს მსგავსი რამ საზოგადოებისთვის არ უთქვამს.

დიდი ხანია, ქართულ საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ ეს ორგანიზაცია დროს, ენერგიასა და ფულს არა საზოგადოებრივი განწყობების კვლევას, არამედ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას ახმამარს. აქვე საინტერესოა, რატომ აპელირებს თავად ხელისუფლება არჩევნების მეორე დღეზე, თუკი ის არჩევნების გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარებას გეგმავს. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, სწორედ NDI-ს დახმარებით ხომ არ ახდენს არეულობის ტირაჟირებას და ხომ არ ცდილობს, საზოგადოების ქვეცნობიერებაში ჩანერგოს, რომ არჩევნები სწორედ არეულობითა და დაპირისპირებით უნდა დასრულდეს, რომ სხვანაირად, შეუძლებელია.

„ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს NDI -ის კვლევაში არსებული კითხვების ფორმულირებასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და  გაუგებარია, რატომ სვამენ კითხვას, ვინ გაჰყვება ივანიშვილს ქუჩაში. „კითხვის ფორმულირება კითხვას აჩენს. ისინი პროფესიონალები არ არიან, აშშ-ში არასოდეს ჩაუტარებიათ გამოკითხვა. ნაწილობრივ ვენდობით, ნაწილობრივ პროცედურასთან დაკავშირებით კითხვები გაგვაჩნია“, - განაცხადა ივანიშვილმა. 

მისივე განმარტებით, კვლევაში პროცენტულ მაჩვენებლებთან მიმართებაშიც წინააღმდეგობრივი შედეგებია. „რეიტინგი 12% დამიწერეს, ქუჩაში 27% გამომყვება - წინა კვლევაში ასე იყო. მაგრამ NDI-ისადმი დიდი პატივისცემის გრძნობა გამაჩნია“, - განაცხადა ივანიშვილმა. 

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეს კითხვა ფაქტობრივად, არის NDI-ს ლუსტრაცია.

„კიდევ სხვა კითხვების მაგალითიც შეიძლება მოვიყვანო და ეს მეტყველებს იმაზე, რომ NDI კითხვებს ადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული ცნობარის მიხედვით. ანუ, რაც სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი პროპაგანდისტული მანიპულაციებისთვის, NDI ზუსტად იმ ცნობარიდან აღებულ კითხვებს სვამს. აქედან გამომდინარე, ძალიან მიკვირს, რომ ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის აქაური, თბილისელი „ტექნოლოგები“ მის ავტორიტეტს ასეთ დარტყმას აყენებენ საქართველოში.

ძალიან გასაკვირია და ძალიან ვწუხვარ, რადგან NDI არის პატივსაცემი ორგანიზაცია რომელიც ბევრს სასარგებლო საქმეს აკეთებს, მაგრამ ასეთი თეთრი ძაფით ნაკერი, ნებისმიერ სოციოლოგს რომ ჰკითხოთ, წარმოუდგენელი კითხვაა“,- აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე განმარტებით, ამისთანა მანიპულაციები სხვა კითხვებშიც არის ჩადებული.

„როდესაც ვანო მერაბიშვილზე კითხულობენ, რომ სწორი კანდიდატია თუ არა, პრემიერ-მინისტრობის, ძალიან მაინტერესებს, რას გულისხმობენ. თუ არჩევანი კეთდება ხელისუფლებაში მყოფი ფიგურანტებიდან, ეს არის ერთი, მაგრამ ესენი წარმოადგენენ, რომ თურმე მისი საზოგადოებრივი ავტორიტეტია 67%. სინამდვილეში რესპონდენტს ეს ასე ესმის, რომ არჩევანი შაშკინს, მერაბიშვილსა და გილაურს შორის კეთდება, თუ ასეთი არჩევანია, მეც ვანო მერაბიშვილს მივცემდი ხმას, მაგრამ ეს რისი მომცემია, რაზე მეტყველებს? აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ კითხვები სამწუხაროდ შედენილია „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში და NDI-მ უბრალოდ, თავისი შტამპი მიარტყა „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდას“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

როგორც ჩანს, არჩევნების მეორე დღეზე მხოლოდ ქართული საზოგადოებრივი აზრის შექმნა საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებშიც არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, რაღაც მოხდეს.

ამერიკელმა სენატორმა, მაკკეინმა შეშფოთება და წუხილიც კი გამოთქვა იმის გამო, რომ შესაძლოა არჩევნების შედეგებს დავა მოჰყვეს. ამ „წინასწარ გამოცხადებული არეულობის ქრონიკას“ ისიც ამყარებს, რომ ხელისუფლება ჯიუტად მოითხოვს „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ მოაწეროს ხელი მემორანდუმს იმის შესახებ, რომ არჩევნების შედეგებს აღიარებს.

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი: „NDI-ს კვლევა, ვფიქრობ, ქართული საზოგადოების მხრიდან ყურადღებას არ იმსახურებს. რაც შეეხება მაკკეინის განცხადებას, იმ წუხილზე, რომ შეიძლება, არჩევნების შედეგები დაპირისპირებაში გადაიზარდოს არჩევნების შემდეგ, ეს განცხადება ძალზე ნიშანდობლივია ერთი თვალსაზრისით - ზოგადად, მაკკეინის ტონს და დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, დღევანდელი ხელისუფლებისა და საქართველოს საზოგადოებრივი განწყობის მიმართ, ის ყოველთვის იყო ცალსახა - საქართველოს საზოგადოების ნების საწინაარმდეგოდაც კი იყო ყველაზე დიდი ლობისტი საქართველოს ხელისუფლებისა, იმისდა მიუხედავად, რეალურად რა განწყობა იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ უშუალოდ ამ ქვეყნის მოსახლეობაში.

საინტერესოა ის, რომ რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ მაკკეინის ჩამოსვლა დააანონსა, როგორც მისი მხარდამჭერი, ყველაზე სერიოზული აქცია წინასაარჩევნოდ და ვიზიტის დღე სულ ცოტა, ამის თქმის საფუძველს არ იძლეოდა.

როცა მაკკეინი ამბობს, რომ ის წუხს, რომ ეს შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, სამოქალაქო დაპირისპირება ცალსახა არ არსებობს, ამ შემთხვევაში ეს იყო გაფრთხილება არა ოპოზიციის, არამედ ხელისუფლებისაც, რომ გააკეთოს მაქსიმუმი სამოქალაქო დაპირისპირების ასაცილებლად. როგორც ქვეტექსტი აუცილებლად იგულისხმებოდა, რომ ხელისუფლებაც მზად არის ამ დაპირისპირებისთვის.

ყველაზე მნიშვნელოვანმა ლობისტმა, მაკკეინმა ვერ თუ არ შეასრულა ის როლი, რასაც ხელისუფლება მისგან ელოდა და ეს ალბათ წინასაარჩევნოდ ყველაზე ნიშანდობლივი სიმპტომია, თუ რამდენად არის ამერიკის ადმინისტრაციაში შეცვლილი განწყობები საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

ყველაზე სუბიექტურად განწყობილი ვინც იყო აშშ-ს ხელისუფლებიდან, ეს იყო სწორედ მაკკეინი და როდესაც ის შეეცადა თავისი სუბიექტურობა შეემცირებინა, მე შემიძლია, ამის გათვალისწინებით ვიმსჯელო, რა განწყობებია ამერიკის ადმინისტრაციაში ზოგადად, დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, როდესაც მაკკეინმა ვერ მისცა თავს უფლება, მისთვის ჩვეულ სტილში მხარდაჭერა გამოეცხადებინა საქართველოს ხელისუფლებისთვის, ყველაზე კრიტიკულ მომენტში“.

გია ხუხაშვილი: „საუბარია იმ მემორანდუმზე, რომ ადმინისტრაციულ რესურსებს არ გამოვიყენებთ? - ადმინისტრაციული რესურსები მხოლოდ ხელისუფლებას აქვს. არჩევნების მეორე დღით მეც შეშფოთებული ვარ, ჩვენი დასავლელი მეგობრების ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რამდენადაც საქმის კურსში ვარ, მეორე დღეს „ქართული ოცნება“ ემზადება საზეიმოდ. საომრად ეტყობა ის ემზადება, ვინც მუდმივად ომზე ლაპარაკობს, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“, მათი განწყობაა ნეგატიური. ქართული ოცნების განწყობა პოზიტიურია და აპირებს 2 ოქტომბერს პირველი ოქტომბრის გამარჯვება იზეიმოს.

როდესაც ხელისუფლება მუდმივად ძაბავს სიტუაციას, მაკკეინის ეს შენიშვნა მივიღე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ და არა ვინმე სხვის მიმართ, რადგან მაკკეინმა მშვენივრად იცის, სააკაშვილის მტრად გამოცხადების და მტერთან ბრძოლის ტექნოლოგიები და ვფიქრობ, ეს მიმართული იყო მისკენ, რომ არ გაბედოს და რამე ცუდი არ დაატრიალოს.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მას გამოცხადებული აქვს, რომ მხოლოდ კანონის ფარგლებში აპირებს მოქმედებებს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ.

თუ ხელისუფლება ადგება და ოქმების გადაწერას დაიწყებს, ბუნებრივია პროტესტი იქნება, მაგრამ პროტესტი იქნება არა „ქართული ოცნების“ მხრიდან, არამედ ხალხის მხრიდან და „ქართული ოცნება“ გააკეთებს იმას, რასაც გააკეთებს ხალხი.

ხელისუფლება ამაზე იმიტომ ლაპარაკობს, რომ „ქურდს ქუდი ეწვის“, საერთოდ და ის აპირებს გაყალბებას და გაყალბებაზე ხალხს რომ პროტესტი ექნება, ამას თქმა არ უნდა. მთელი ქვეყანა ახალ საქართველოს ელოდება და ვიღაცა ადგეს და წარსულში, მიხეილ სააკაშვილის წარსულში ჩატოვოს, რა თქმა უნდა, ამას ხალხი ვერ მოითმენს.

თუ სააკაშვილი ვერ გაბედავს არჩევნების გაყალბებას, და თუ ხელისუფლება მეტ-ნაკლებად, წესიერად მოიქცევა, მინდა ყველა დავარწმუნო, რომ არც არაფერი არ იქნება. მაგრამ თუ ხმის უფლება წაგვართვეს აბა სხვას რას უნდა ელოდონ, თუმცა ყველა შემთხვევაში, კანონის ფარგლებიდან გასვლას „ქართული ოცნება“ არ აპირებს“.

ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ როდესაც მაკკეინი საუბრობს იმაზე, რომ ეშინია იმ დაპირისპირებისა რაშიც არჩევნები შეიძლება გადაიზარდოს, როგორც ჩანს, აქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებისგანაც რაღაც მზადდება.

„დაპირისპირება გულისხმობს მინიმუმ ორ მონაწილე მხარეს. თუ მარტო ერთ მხარეს არის ეს განწყობა, ის დაპირისპირებაში ვერ გადაიზრდება, როგორც ჩანს მააკკეინსაც აქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებაშიც არსებობს ამ დაპირისპირებისთვის გარკვეული საფუძვლები. ვფიქრობ, შეეცადა პრევენცია მოეხდინა იმისა, რაც შეიძლება მოხდეს პირველი ოქტომბრის შემდეგ“,- აცხადებს ლაგაზიძე.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას მართლაც აქვს მიზეზი, რომ წყლის ამღვრევაზე იფიქროს, რადგან ის მხარდაჭერა, რომელიც დასავლეთისგან ჰქონდა და რომლის იმედითაც ქართველი ხალხის ინტერესებს ანგარიშს არასოდეს უწევდა, ნელ-ნელა ხელიდან ეცლება.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი ის არის, რომ ამ ვიზიტით ხელისუფლებამ ვერ ააფრიალა ის დროშა, როგორც გეგმავდა და აანონსებდა. ჩემთვის ეს იმ რანგის სიმპტომია, როგორიც იყო ეუთოსა და გაეროს სპეციალური წარმომადგენლის შეფასებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ამჯერად უკვე ამერიკისგან“,- აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ NDI-ს რეიტინგების გამოცხადების შემდეგ ღიად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ  NDI-ს ადგილობრივი ოფისი ამ თავისი კვლევებით, უწყობს ხელს სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას.

„როდესაც ამერიკელი კონგრესმენები წუხილს გამოთქვამენ კარგი იქნებოდა, გადაეხედათ იმ ორგანიზაციის პოლიტიკისთვის, რასაც ეს ოფისი ატარებს სააქართველოში და პირდაპირ უწყობს ხელს დაპირისპირებას. პირდაპირ ზღუდავს საქართველოს მოსახლეობის თავისუფალი ნების გამოვლენას და შესაბამისად პირდაპირ უბიძგებს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.   

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი საზოგადოებას არწმუნებს, რომ ყველაფერი კარგად არის და მისი მომხრეების რიცხვი იზრდება, ბუნებრივია ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ იმის ხაზგასმაა, რომ მმართველ პარტიას ისედაც ყველაფერი რიგზე აქვს და არეულობა მას არ უნდა აწყობდეს. თუმცა გია ხუხაშვილი თვლის, რომ არც ისეა საქმე, როგორც „ნაციონალები“ ამბობენ.

„როდესაც ლაპარაკია 37% - ნაციონალური მოძრაობა, 12% - ქართული ოცნება, 22% - თავს იკავებს, ხოლო - 16% პასუხს არ სცემს, მთლიანობაში, გამოკითხულთა 38% პასუხს არ სცემს. ეს მეტყველებს უხარისხოდ ჩატარებულ კვლევაზე. 38% რომ კითხვაზე პასუხს არ გაძლევს, ეს ნიშნავს, რომ რაღაცის ეშინია, ან რაღაც აგრესია აქვს შენს მიმართ, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე პასუხს აუცილებლად გასცემდა. ეს ნიშნავს, რომ 37% არის მაქსიმუმი „ნაციონალური მოძრაობის“ და ამ 37%-ში შედიან მატყუარებიც, რომლებსაც ეშინიათ და „გაუმარჯოს კომპარტიასო“, იძახიან. ანუ 37% არის თეორიული მაქსიმუმი, დანარჩენი ხომ ყველა „ქართული ოცნებისაა“. ამ გამოკვლებითაც კი „ნაციონალური მოძრაობა“ აგებს, რადგან ის 38% რომელიც პასუხს არ სცემს, ლოგიკურად „ოცნების“ მხარდამჭერია“,- აცხადებს  ხუხაშვილი, რომელიც მიიჩნევს რომ ამ კვლევითაც კი ვერ დამალეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ წაგებული აქვს.

რაც შეეხება არჩევნების მეორე დღეს, რომელზედაც დიდი ხანია აპელირებს ხელისუფლება და თითქოს არეულობისგან თავის დაზღვევას ცდილობს, შეიძლება ითქვას, რომ მან საკუთარი შესაძლებლობები იმდენად ამოწურა, რომ უკვე ძნელია ირწმუნო მისი, სრულ სიმართლესაც რომ ამბობდეს. ამის დასადასტურებლად კი მის მიერ ჩატარებული არჩევნებისა თუ დარბეული საპროტესტო აქციებისთვის თვალის ზედაპირულად გადავლებაც იკმარებს, გასულ წლებში მომხდარ განუკითხაობას ამ ეტაპზე რომ არ ჩავუღრმავდეთ.