ხმის მისაცემად მისულ გარდაცვლილებს „ქართული ოცნება“ უკან გააბრუნებს

ხმის მისაცემად მისულ გარდაცვლილებს „ქართული ოცნება“ უკან გააბრუნებს

"რესპუბლიკელების“ ერთ ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, კოალიცია არჩევნებზე საკუთარი სიით იხელმძღვანელებს. უფრო კონკრეტულად, კოალიციის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ დაზუსტებულ სიებს გამოიყენებენ და არჩევნების დღეს გაყალბების ნებისმიერ მცდელობას ვიდეო-კამერით დააფიქსირებენ.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიამ ამომრჩეველთა ზუსტი სიის შედგენა ვერ მოახერხა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ აღმოუფხვრელია. კერძოდ,
უსუფაშვილი აცხადებს, რომ მთავარ პრობლემურ საკითხს სიაში მიწერილი და უცხოეთში მყოფი ამომრჩევლები წარმოადგენენ.
მისივე თქმით, სახელმწიფო კომისიამ 111 ათასზე მეტი მიწერილი ამომრჩეველი რეგისტრაციიდან მოხსნა, თუმცა, ისინი ამომრჩეველთა სიაში მაინც შედიან. ამასთან, სიაში კვლავაც რჩება 77 ათასზე მეტი ამომრჩეველი, რომლებიც მისამართებიდან ბინის მფლობელთა მოთხოვნის საფუძველზე მოიხსნა.
ამგვარად, მიწერილ ამომრჩეველთა რაოდენობა სიაში 200 ათასს შეადგენს. ამას ემატება უცხოეთში მყოფი ნახევარ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე, რომელიც სიაშია შეყვანილი და, რომელთაც სხვა ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევათ. ამ მონაცემების საფუძველზე კი დავით უსუფაშვილი ასკვნის, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას გეგმავს.
მისი განმარტებით, სიებში ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩევლის არსებობა, თანაც უცხოეთში მათი ყოფნის მითითების გარეშე, პლუს, ბუნდოვანი წარმომავლობის 200 ათასი ამომრჩეველი, – ეს ყველაფერი დაახლოებით 700 ათასამდე ისეთ ჩანაწერს ქმნის სიაში, რომლის გამოყენებასაც ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად შეეცდება.
For. ge დაინტერესდა, ხომ არ შეეცდება ხელისუფლება „ქართული ოცნების“ მიერ დაზუსტებული სიები გაუგებრობად მონათლოს და არჩევნების დღეს „ოცნების“ მხარდამჭერებს ამით პრობლემები შეუქმნას?! ვინაიდან მმართველ გუნდს სათქმელად ექნება, რომ ალტერნატიული სიები სახელმწიფო სიების რანგში არ განიხილება.

 „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციონრები მიცვალებულ ამომრჩევლებს ხმებს არ „მიაცემინებენ“. მეტიც, თუ სიებში არსებული მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს და ოპოზიციას მყარად ეცოდინება, რომ ესა თუ ის მოქალაქე არ ცხოვრობს აღნიშნულ ადგილას და სულ სხვა მისამართზეა, შესაბამისად, სიას გადასცემენ საარჩევნო უბანზე მიმაგრებულ საკუთარი კომისიის წევრს და ის იმოქმედებს ამ სიის მიხედვით.

„მე არ ვიცი, რას გამოიწვევს უბნებზე ჩვენი სიების გამოჩენა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი – როდესაც ადამიანი გარდაცვლილია და მოულოდნელად საარჩევნო ოლქში „მკვდარი“ გამოცხადდება, თანაც უკვე სხვა მოქალაქის სახით, ცხადია, ჩვენიანი ეტყვის, შენ ეს პიროვნება არ ხარ. ამოვიღებთ სურათს, შევხედავთ და, თუ არ იქნება ის პიროვნება, გავაგდებთ იქიდან. ასეთი უამრავი მაგალითი გველის. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არსებულ კანონმდებლობას დავარღვევთ. უბრალოდ, როდესაც მიცვალებული გამოცხადდება, ვიტყვით, რომ ეს კაცი გარდაიცვალა ამა და ამ წელს და განისვენებს ამა და ამ სასაფლაოზე“,–აცხადებს ლევან ბერძენიშვილი For. ge-სთან კომენტირებისას.

მისი თქმით, ასეთივე დამოკიდებულება ექნებათ მათ უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების მიმართ. კერძოდ, თუ საარჩევნო უბანზე გამოცხადდება ადამიანი, რომლის შესახებაც ცნობილია, რომ იგი იმ წუთას იმყოფება საბერძნეთში, თუმცა მის ნაცვლად სხვა შეეცდება, იცრუოს, თითქოს იგია ეს პიროვნება და უკვე საქართველოშია, ოპოზიციონრები მას ეტყვიან, აბა, დაამტკიცე, რომ ნამდვილად შენ ხარ ეს პირი, მაჩვენე შენი საბუთი. ცხადია, ამ ადამიანს იგივე საბუთი არ აღმოაჩნდება, რაც საბერძნეთში მყოფ მოქალაქეს.

„ასეთნაირად ვაპირებთ „კარდაკარის“ შედეგების გამოყენებას. კიდევ არის რაღაცები, მაგრამ, მაპატიეთ, ყველაფერს ვერ გეტყვით, რადგან არ მინდა, ხელისუფლება წინასწარ მოემზადოს. თუ ჰგონიათ, რომ ჩვენ „კარდაკარი“ იმიტომ ჩავატარეთ, დაგვემტკიცებინა, რომ მამუკა კაციტაძე პატიოსანი არ არის, ძალიან შემცდარან. მამუკა კაციტაძის პატიოსნებაზე დადებითიც და უარყოფითი წარმოდგენაც დაახლოებით 20 წლის წინ ჩამოყალიბდა. ასე რომ, აქ დასამტკიცებელი არაფერია და ამისთვის „კარდაკარი“ არ ჩაგვიტარებია. „კარდაკარი“ ჩავატარეთ იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ყველა ის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც ხელთ გვაქვს“, – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.  

„რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ალტერნატიული საარჩევნო სიები იმ შემთხვევაში არ გამოიწვევს დაბნეულობას, თუკი ყველა ადამიანი, ვინც საარჩევნო უბანში იმუშავებს, მოტივირებული იქნება იმისთვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს.

„თუ ყველას ერთი ამოცანა გვაქვს, მაშინ არავითარი გაუგებრობა არ იქნება, რადგან ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები გადამოწმებული, დაზუსტებული და დადასტურებულია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სრულყოფილ სიას ვფლობთ. სამწუხაროდ, ალბათ, ჩვენს სიაშიც არ არის აღმოჩენილი ყველა პრობლემა, რაც უბნებზე შეიმჩნევა, მაგრამ ის დარღვევები, რაც აღმოვაჩინეთ, 100 %-ით არსებობს. ამდენად, ცალკეულმა ადამიანებმა ხმა ვერ უნდა მისცენ იმის გამო, რომ ისინი, უბრალოდ, ან გარდაცვლილები არიან, ან ქვეყანაში არ იმყოფებიან. შესაბამისად, ჩვენი კომისიის წევრებს ექნებათ სიყალბის სეგმენტის შემცველი მონაცემები, რომელიც შეუძლებელს გახდის გამყალბებლის არჩევნებში მონაწილეობას. და, თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით პრობლემა ექნება, ყველა შემთხვევა ადგილზე გარჩეული და გასწორებული იქნება“, – განმარტავს თინა ხიდაშელი.

ჩვენს შეკითხვაზე, თუკი ხელისუფლება იტყვის, რომ ეს არ არ მათი სახელმწიფო სია და მას არ ცნობენ, თინა ხიდაშელი აცხადებს: „ეს სია ხომ მაგიდაზე არ დევს და ოფიციალური არ არის?! ეს არის სია, რომელიც ჩვენი კომისიის წევრებს სახელმძღვანელოდ ექნებათ, რათა უცებ ვიღაცამ მიცვალებულის ნაცვლად არ მოაწეროს ხელი.

„ჩვენი კომისიის წევრები უბანზე პრობლემებს არ შექმნიან. უბრალოდ, მათ ექნებათ ინფორმაცია, მაშინვე ოქმი დაიწერება და უკვე მოგვიანებით ჩვენ, ამ მონაცემების მიხედვით, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“,– აცხადებს თინა ხიდაშელი.

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის აზრით, ალტერნატიული სიები არანაირ გაუგებრობას არ გამოიწვევს. უფრო მეტიც, კოალიციას და ნებისმიერ სუბიექტს უფლება აქვს, „კარდაკარიც“ ჩაატაროს, საკუთარი სიაც ჰქონდეს და კიდევ სხვა მასალებიც გააჩნდეს. თუმცა ერთია, რომ კოდექსი განსაზღვრავს, კენჭისყრის პროცედურების დროს კონკრეტულად რომელი სია უნდა იდოს უბანზე; სამაგიდო სიები რა უნდა იყოს და სადემონსტრაციო სიები; ასევე, განსაზღვრულია, რომელი სია უნდა იყოს გამოკრული საუბნო საარჩევნო კომისიაში.

„იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე დავა წარმოიშობა იმის შესახებ, რომ ცალკეული ადამიანი ჩემს სიაში არ წერია და რატომ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს შედეგს ვერ გამოიღებს. ამდენად, თუკი ოპოზიციონრებს აქვთ განსხვავებული მონაცემები და პირდაპირ მიაჩნიათ, რომ მათი მონაცემები განსხვავებულია იმ საარჩევნო სიისგან, რომელიც დევს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სიების კომისიის ვებგვერდზე, მაშინ სჯობს, კიდევ ერთხელ დროულად მიმართონ კომისიას, რათა აღმოფხვრილ იქნას ნაკლოვანებები,“ – აცხადებს კახა კახიშვილი.

სხვა შემთხვევაში, შეიძლება, ოპოზიციონრებმა არჩევნების მერე საჩივარიც დაწერონ, გააპროტესტონ კიდეც, მაგრამ ერთია, რომ საჩივარს დაწერენ, მეორეა, რა შედეგს გამოიღებს მათი საჩივარი.

„თუ მხოლოდ კენჭისყრის დღეს დაიწყებენ სიებზე საუბარს, ვფიქრობ, სამართლებრივად, მათი საჩივარი შედეგს ვერ გამოიღებს. ამიტომ ჯერ კიდევ არის ვადა და, თუ თვლიან, რომ რაღაც პრობლემაა საარჩევნო სიაში და ვიღაცები ან არ არიან ცოცხლები, ან ზედმეტი ხალხია მიწერილი, ეს ყველაფერი მანამდე უნდა დალაგდეს. თორემ, რა პრობლემაა, საკუთარი სიები შეუძლიათ, ჰქონდეთ და არა მხოლოდ მათ, ასეთი სიები ყველას ექნება“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.