ჯერაც გაურკვეველი პოლიტიკური ვარსკვლავთცვენა საქართველოში

ჯერაც გაურკვეველი პოლიტიკური ვარსკვლავთცვენა საქართველოში

უცხოელი მაღალჩინოსნების ვარკვლავთცვენა საქართველოში ხვალამდე გაგრძელდება და როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე საგულისხმო თავისი მნიშვნელობით ნატოს გენერალური მდივნის სტუმრობაა, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს კარი გახსნილია  ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, გააგრძელონ მუშაობა რეფორმების და ინტეგრიგების კუთხით.   

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო აგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესზე დაკვირვებას და მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ბრწყინვალე ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისათვის. 

„ვუყურებთ საქართველოს და ვადევნებთ თვალ-ყურს. ოქტომბრის საპარლამენტო და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბრწყინვალე ტესტი საქართველოს დემოკრატიისათვის. იმედია, ყველა პოლიტიკური მოთამაშე პასუხისგებლობას იგრძნობს ამ პროცესებში. მომავალი თქვენს ხელშია. თქვენ გყავთ მეგობარი ნატოს სახით“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

როგორც ექსპერტი კახა კახიშვილი აღნიშნავს, პრინციპში მოსალოდნელი იყო, რომ რასმუსენის განცხადების ძირითადი ნაწილი იქნებოდა სწორედ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ სწორედ ასეთი პათოსით იქნებოდა განცხადება, ვინაიდან მასაც და ნატოს არაერთ წარმომადგენელს განუცხადებია, რომ მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია როგორ ჩატარდება საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. ამ კუთხით ხელისუფლებისათვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, თუ სურს ლაპარაკი იმაზე, რომ ოდესმე გახდება საქართველო ნატოს წევრი, პირველ რიგში, უნდა უზრუნველყოს არა ვირტუალური, არამედ ნამდვილი დემოკრატია, იქიდან გამომდინარე, რომ ნატო არის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება. ვფიქრობ, ეს არის ძირითადი გზავნილი ხელისუფლებისათვის.

რაც შეეხება იმას, ყველა მოთამაშე აცნობიერებს თუ არა პასუხისმგებლობას, დიახ ყველა აცნობიერებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული და ეს არჩევნები განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების საბოლოო ვექტორებს. ჩატარდება მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნები? - გვეძლევა შანსი, ოდესმე გავხდეთ ნატოსა და ევროპული ოჯახის წევრები, იქნება სერიოზული პრობლემები და არ აღიარებს საქართველოს მოსახლეობა ამ არჩევნებს? გამოდის, რომ უნდა ჩამოვიფაროთ ფარდა და გადავიქცეთ ნამდვილ საბჭოთა კავშირად“,- აცხადებს კახიშვილი.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ 6 სექტემბერს საქართველოში ჩამოსული ყველა სტუმარი თავისავად, საკუთარი პერსონის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ რაიმე ტიპის ინფორმაციულობა მათი მხრიდან ძნელად დასანახია ვიზიტისას.

„თავშეკავებული მოლოდინები, თავშეკავებული შეფასებები მიგვითითებდა იმაზე, რომ დითირამბებისა და სადღეგრძელობის სათქმელად არც ერთი მათგანი არ იყო ჩამოსული. იქ სადაც ახსენებდნენ, წარმატებებს, იქვე იყო ნახსენები არჩევნები და მოლოდინები სამართლიანი არჩევნებისა.

მოდის კანონმდებლები ამერიკის პოლიტიკაში აღარ არიან სენატორები, რომლებიც ამბასადორიალს სტუმრობდნენ, ცხადია ნატოს გენერალური მდივნის პოზიცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ არ მგონია, რომ მან გააჟღერა საჯარო გამოსვლებში ის, რაც ყველაზე უფრო აინტერესებდა ვიზიტის დაგეგმვისას.

კერძოდ, ვფიქრობ, მას თავად აინტერესებდა გარკვეულიყო ვერსიებში, რომელიც მრავლდება ნაცვლად შემცირებისა, კახეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, თუმცა რამდენად შეიძლება ეწოდოს, რაც მოხდა იმას სპეცოპერაცია, ამას პასუხი, ალბათ, მოგვიანებით გაეცემა“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

ნატოს გენერალური მდივნის გარდა პრესკონფერენცია გამართეს ამერიკელმა სენატორებმაც, რომლებმაც საქართველოს წარმატებებსა და მიღწევებს საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმეს.

როგორც ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი აცხადებს, „ჩვენ გვინდა, ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგებსაც დამარცხებულებიც აღიარებენ.

მართალია, იგი არ ფიქრობს, რომ საქართველო ოდესმე უკან დაბრუნდება, თუმცა სენატორმა  გამოთქვა წუხილი, რომ არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, მის შედეგებზე დავა დაიწყოს

„მე მაწუხებს ის საკითხი, რომ არჩევნების შემდეგ, შეიძლება, მის შედეგებზე დავა დაიწყოს. ჩვენ გვინდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ეს განსაჯონ დამკვირვებლებმა, ხოლო დამარცხებულებმა შედეგები აღიარონ“, - აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.

სოსო ცისკარიშვილი: „სრულიად ვიზიარებ ამ ფრაზას, მაგრამ კონტექსტი ჩემი და მაკკეინის, ალბათ, განსხვავებული იქნება, რადგან საქართველოში არის პრობლემა სწორედ ურთიერთბრალდებები არჩევნების მეორე დღის მიმართ. ვის ინტერესშია მეორე დღის არეულობა, არ გამოვრიცხავ, რომ საწინააღმდეგო ინფორმაცია აქვს ბატონ მაკკეინს გამომდინარე მისი ინფორმაციის წყაროებიდან“.

კახა კახიშვილი: როდესაც მაკკეინის განცხადებების შინაარსსა და დატვირთვაზე ვისაუბრებთ, მანამდე საჯარო უნდა გახდეს, რა სახის მოწვევით არის ბატონი მაკკეინი დღეს საქართველოში, ეს არის სახელმწიფო თუ კერძო ვიზიტი, როგორი სახის მოწვევა ჰქონდა მას, ვინ აფინანსებდა ამ მოწვევას და ა.შ. ამ ყველაფრის გარკვევის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება სერიოზულად გავაანალიზოთ ის გზავნილები, რაც ბატონმა მაკკეინმა ჩამოიტანა.

იგივე კითხვა მაქვს ლიბერმანთან დაკავშირებითაც, რადგან ეს ერთი ჯგუფია. მოწვევას დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ კერძო მოპატიჟება, ეს არის სახელმწიფოს მოწვევა, მისი პირადი სურვილი თუ ამერიკის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამუშაო მივლინება? ძალზე მნიშვნელოვანია, ეს კერძო პირის, მაკკეინის განცხადებაა თუ აშშ-ს სენატორის, რომელიც აქ სამუშაო ვიზიტით იმყოფება?

იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი მაკკეინის პოლიტიკური სიმპათიები, ძალზე მნიშვნელოვანი თემებია ვიზიტის საფუძვლები და დაფინანსება“.

მაკკეინმა საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებს ამერიკა დიდ ყურადღებას მიაქცევს და დაეყრდნობა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებს.

„NDI-ს, IRI-ს და ეუთო–ს სადამკვირვებლო მისიები უკვე აქ არიან და არჩევნებთან დაკავშირებით მათ შეფასებას ჩვენს შეხედულებებზე დიდი მნიშვნელობა ექნება. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე კანდიდატს, მაგრამ ვამაყობთ იმ პროგრესით, რომელიც არის საქართველოში“, - განაცხადა მაკკეინმა.

სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ  NDI და IRI ერთი მხარეა, ხოლო ეუთო მეორე მხარე - თავისი მკაცრი განცხადებებით.

„გაუჭირდება ბატონ მაკკეინს რომელიმე მხარეს საკუთარი თავის წარმოჩენა და სირთულე ექნება ობიექტური პოზიციის დაკავებისასაც. ჩემგან შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მოვიშველიებდი ზვიად გამსახურდიას ერთ ციტატას - „ჩვენ ისე უნდა დავამარცხოთ ისინი, რომ მათაც ჩვენთან ერთად გაიმარჯვონ“ - ასეთი იყო დამოკიდებულება პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიმართ, მაგრამ რამდენად შეძლო ამ ამოცანის შესრულება, შეიძლება კამათის საგანი იყოს. დღეს როდესაც ვისმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მუქარას, რომ „ჩვენ ისე მაგრად უნდა მოვიგოთ არჩევნები, რომ ხმა ვეღარავინ ვეღარ ამოიღოს“, -  ნამდვილად განსხვავებული მიდგომაა. კაცმოყვარეობა და ტოლერანტობა ზვიად გამსახურდიას უფრო მეტად ახასიათებდა, ვიდრე ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას. თუმცა რა შედეგამდე მიიყვანა საკუთარმა პოლიტიკურმა გარემოცვამ გამსახურდია, ალბათ, ამაზეც დაფიქრება მოუწევს დღევანდელ ხელისუფალს“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

როგორც მაკკეინი ამბობს, სენატორთა დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოსალოდნელ არჩევნებთან დაკავშირებით მოესმინათ სხვადასხვა მხარის შეფასებები. მაკკეინის განმარტებით, გაიმართა შეხვედრები „ქართული ოცნების“, „ქრისტიან-დემოკრატების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან.

როგორც მაკკეინმა აღნიშნა, საქართველომ დიდი გზა განვლო მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორუფცია და სიღარიბე იყო გამეფებული. საქართველოს ქუჩებში გავლა შეუძლებელი იყო, რადგან დაგაყაჩაღებდნენ. „დღეს კი ვამაყობთ იმ პროგრესით, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია და ვაფასებთ საქართველოს დიდ წვლილს, რომელიც მას შეაქვს ავღანეთში“, - აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.
სოსო ცისკარიშვილი ვარაუდობს, რომ რეცეპტი არ გაუმხელია სააკაშვილს, როგორც ჩანს მაკკეინისთვის:

„რადგან როდესაც ყაჩაღებს დასვამ კაბინეტში და იგივე მეთოდებით მართავ ქვეყანას, როგორც კანონიერი ქურდები მართავენ, რომ მოახდენ ამ სისტემის ლეგიტიმაციას, შესაძლოა, მისაღები მაკკეინისთვისაც არ იყოს. როდესაც რეკეტი ქუჩური წარმოდგენებიდან სახელმწიფოებრივზე გადავიდა, როდესაც კორუფცია შეცვლილია ელიტარული კორუფციით, სადაც მსოფლიო ბანკის მონაცემებით 72%-ია ჩრდილში მოქცეულ ეკონომიკას უკავია (მაშინ როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, 67% უკვე იყო ჩრდილში მოქცეული), როცა ეს ციფრი აზრდება და 150 ქვეყანას შორის 151-ე ვართ ეკონომიკური პატიოსნებით, რთულია, მაკკეინის მოსაზრებები ამ თემებზე კომპეტენტურად ჩავთვალოთ“, - აცხადებს ცისკარიშვილი. 

საქართველო სენატორმა ჯოზეფ ლიბერმანმაც შეაქო და როგორც გაგვიმხილა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სენატორ გრემსა და მაკკეინთან ერთად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამცველია. 

„ჩვენ ვგმობთ რუსულ აგრესიას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ვიბრძოლებთ, რომ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს თავდაცვითი იარაღი და საქართველოს მთავრობას საკუთარი ხალხის დაცვა შეეძლოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომლითაც საქართველო განაგრძობს სვლას დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ“, - განაცხადა ლიბერმანმა.

სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ მსგავსი განცხადება მოსასალმებელია, ასეთი დახმარება აშშ-ს მხრიდან ნამდვილად შედის საქართველოს ინტერესებში, „მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ სიტყვების ავტორი ის ადამიანია, რომელიც ამ საკითხებს წყვეტს“, - ამბობს ცისკარიშვილი.

როგორც ლიბერმანი ამბობს, ბერლინის კედლის დანგრევისა და საბჭოთა კავშირის დაშლიდან მრავალი წლის გასვლის მიუხედავად თავისუფლებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებული მოლოდინები ბევრი ქვეყნისთვის განუხორციელებელი დარჩა. საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში. თუმცა, თითოეულ ქვეყანას სურს მეტი თავისუფლება და კეთილდღეობა. ამიტომაც ვსტუმრობთ საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. ჩვენ აქ ვართ არა იმიტომ, რომ მხარი დავუჭიროთ კონკრეტულ პიროვნებას, არამედ იმიტომ, რომ მხარი დავუჭიროთ დემოკრატიას, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“, - აღნიშნა ლიბერმანმა.

სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ქართული დემოკრატიის ხოტბა ეფუძნება დანარჩენი პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობას.

„და ვიდრე ჩვენი მაღალი რანგის სტუმრები არ თაკილობენ, ორმაგი სტანდარტით შეაფასონ ქართული და ევროპული ან ამერიკული დემოკრატია, ყოველთვის ვიქნებით მესამეხარისხოვანი დემოკრატიის ერი, უპირველეს ყოვლისა, მათ ცნობიერებაში. ქართული დემოკრატიის სტანდარტი არ მგონია, საკუთარ ქვეყანაში მისაღები იყოს ჩვენი სტუმრებისთვის. თუ ვინმეს აინტერესებს მეათე ლიგაში დემოკრატიის გაფართხალება, ეს არ არის ჩვენი ინტერესი, ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ მოვიხმაროთ ყველაზე მაღალი ხარისხის დემოკრატია, რომლისკენაც უნდა მიგვიძღოდეს ევროპა და ამერიკა და არა დამამშვიდებელი ფრაზები გვითხრან“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ამ საკმაოდ დაძაბულ წინასააჩევნო პერიოდში ერთის მხრივ, საგულისხმოა ასაეთი სტუმრების მასპინძლობა ქვეყნისათვის, თუმცა მეორეს მხრივ, რჩება განცდა, რომ ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ამბასადორიალს რა თქმა უნდა, მმართველი პარტია იმ მხარდაჭერის ხაზგასმად მოიშველიებს, რომელიც მას, მმართველ პარტიას აქვს დასავლეთისგან.

კახა კახიშვილი: ტაქტიკურად იმიტომ დაემთხვა ეს ამბასადორიალი წინასაარჩევნო პერიოდს, რომ დემონსტრირება მომხდარიყო, თუ როგორი მხარდაჭერით არიან აღჭურვილები ევროპისა თუ აშშ-ს მთავრობებისგან. ამიტომ არის სიღრმისეულად შესასწავლი ამბასადორიალის მონაწილე სტუმრების მოწვევის საფუძვლები.

მხოლოდ განცხადებები არაფერს ნიშნავს, ძალიან კარგად მახსოვს მაკკეინის განცხადებები, როდესაც ის ერთის მხრივ აკრიტიკებდა პუტინს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს და აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ პერიოდში, მისი წერილი იდო კრემლში, თხოვნით, რომ დაეფინანსებინათ მისი წინასაარჩევო კამპანია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, განცხადებებს, რომელსაც ვისმენთ, ვინ აკეთებს, კერძო პირი თუ სახელმწიფოს წარმომადგენელი.

ისე, საინტერესოა, ვინ დახვდა, როდესაც ჩამოვიდა, ისევ კობა სუბელიანი ხომ არა მანქანაზე სამომრე ნიშნით - MAKKEIN. თუ ასეა, მაშინმ ეს გულს გაუთბობდა მაკკეინც და რამენაირად სიმპათიებს კიდევ შემატებდა ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ამავდროულად, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისევ და ისევ გაანაწყენებდა ობამას, როგორც ეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისას მოხდა“.

სოსო ცისკარიშვილი: „ჩვენი ნიჭიერი ხელისუფლება ლანძღვაც რომ ყოფილიყო, სათავისოდ მოატრიალებდა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას იტყვის, „ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერი ყველაფრის უკუღმა წარმოჩენას მოახერხებს.

ეს არის პარტნიორობის და პარტნიორი ქვეყნის მიმართ ინტერესის გამომჟღავნების გამოხატვა, თავად ბატონი მაკკეინი რომ მოხიბლულია საქართველოს პრეზიდენტით, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის და ძნელია მოსთხოვო ადამიანს სიმკაცრე ამ მიმართებით - მაკკეინი კი არა ძირძველი თბილისელიც კი რომელიც ხედავს, ირგვლივ რა ხდება და მხოლოდ ტელეიმედისთვის აყურებინო, ისიც კი მაკკეინივით ალაპარაკდებოდა. საწყენად მხოლოდ ის მრჩება, რომ მესამე ხარისხის დემოკრატია ღვთის წყალობად მიაჩნია საქართველოსთვის“.