ლუის ნავაროს ფიცი, რომელიც უკვე გაკვირვებასაც არ იწვევს

ლუის ნავაროს ფიცი, რომელიც უკვე გაკვირვებასაც არ იწვევს

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას? ამ კითხვაზე საქართველოს მოქალაქეთა 77% დადებითად პასუხობს. ასეთივე შედეგია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. ასე გადანაწილდა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევა 2012 წლის 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით პერიოდშია ჩატარებული და სულ მის ფარგლებში 2038 ადამიანი გამოიკითხა.

კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად კვლავ რჩება სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ინფლაცია. გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, 2008 წლის იანვართან შედარებით სიტუაცია გაუარესდა რუსეთთან ურთიერთობის, ტერიტორიული მთლიანობის, ფასების ზრდისა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების კუთხით. ამასთანავე, კვლევის თანახმად, ქართველი პოლიტიკოსები ნაკლებად განიხილავენ მოსახლეობისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის სიღარიბე, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და ხელფასები.

აღსანიშნავია, რომ კითხვაზე, არის თუ არა ამჟამად საქართველოში დემოკრატია, გამოკითხულთა 42% დადებითად პასუხობს, 40% კი უარყოფითად. წინა კვლევით კი, რომელიც 2012 წლის ივნისს მოიცავს დადებითად ამ კითხვაზე 38% პასუხობდა, უარყოფითად კი 43%. ამიტომ NDI-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ლუის ნავარო ასკვნის, რომ დემოკრატიასთან მიმართებაში მოსახლეობის დამოკიდებულება პოზიტივისკენ შეიცვალა.

„კვლევის თანახმად, სამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად კვლავ რჩება სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ტერიტორიული მთლიანობა. დემოკრატიასთან მიმართებაში საზოგადოების განწყობა პოზიტივისკენ შეიცვალა, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აუდიტის სამსახურის და პროკურატურის ქმედებებით უკმაყოფილოა იმ ნაწილში, როცა საქმე „გლობალ თი-ვი“-ს და ტელეკომპანია „მაესტროს“ საკითხს ეხება.

რაც შეეხება აქტივობას არჩევნებზე, მოსახლეობის მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი, ანუ 77% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. და კიდევ ერთი, რასაც დავამატებდი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართავდი, საკუთარი გეგმების შესახებ ხალხს უფრო მეტად ესაუბრონ“, - ამბობს ლუის ნავარო.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 21% მიიჩნევს, რომ მომავალი არჩევნები სრულად, ან ნაწილობრივ გაყალბდება, ხოლო 47%-ის აზრით, მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდება. სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები, საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა და ხმის მიცემა სამსახურის შესანარჩუნებლად მიიჩნევა.

თუკი არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ხალხს ქუჩაში გასმოვლისკენ მოუწოდებს, გამოკითხულთა უმეტესობა ქუჩაში გამოსვლაზე უარს იტყვის. ამასთანავე, მოსახლეობის დიდი ნაწილი დადებითად აფასებს ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას და მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ პრემიერ-მინისტრის როლი მთავრობაში გაიზრდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობამ არაფერი იცის „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამის შესახებ, მაგრამ მერაბიშვილის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის შესახებ 47% ინფორმირებულია და მას დადებითად აფასებს. თუმცა იმ მცირედი ნაწილიდან (22%), ვისთვისაც „ქართული ოცნების“ გეგმა ცნობილია, უმეტესობა მას მხარს უჭერს.  

რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის რუსეთი რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს. უმეტესობას ასევე დღეს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან არ მოსწონს და ამავე დროს ჩვენი ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მომხრეა, თუმცა ნაკლებად სჯერა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროდ კი მოსახლეობისთვის კვლა ტელევიზია რჩება. ამასთანავე, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, „რუსთავი2“, „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ხელისუფლების, ხოლო „მაესტრო“, „კავკარია“ და „მეცხრე არხი“ ოპოზიციის ინტერესებს გამოხატავენ.

იმ ფაქტს, რომ ოპოზიციის და საზოგადოების გარკვეული ნაწილი NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს უნდობლობას უცხადებს, ლუის ნავარო ასე პასუხობს:

„ალბათ თავად მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ არ ენდობიან ჩვენს კვლევებს, რადგან ჯერ ერთი, ჩვენ ყოველთვის ვახდენთ ჩვენი მეთოდოლოგიის საჯაროდ გამოტანას, ამასთანავე, ყოველთვის ვამბობთ, კვლევისთვის ვინ გადაიხადა თანხა, და ბოლოს, ჩვენ ყოველთვის ვახდენთ ისეთი საკითხების წამოწევას, რომლებსაც შეუძლია, როგორც ერთი მხარის, ასევე მეორე მხარის უკმაყოფილება გამოიწვიოს“, - ამბობს ნავარო.

For.ge-ს კითხვაზე, რატომ არ არის კვლევაში დასმული კითხვა - „თქვენი აზრით როგორი საარჩევნო გარემოა საქართველოში?“, ლუის ნავარო კვლევის იმ ნაწილზე მიგვითითებს, სადაც დასმულია კითხვა - „თქვენი აზრით, როგორ ჩატარდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები?“, რომელზეც გამოკითხულთა 47% პასუხობს, რომ არჩევნები მეტნაკლებად კარგად ჩატარდება, 18%-ის აზრით, ნაწილობრივ გაყალბდება, ხოლო 3%- კი თვლის, რომ სრულად გაყალბდება.

დასკვნის სახით, NDI-ის კვლევას თუ ვენდობით, საქართველოს მოსახლეობა მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ასევე დღეს უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, ვიდრე ერთი თვის წინ. თუმცა გამოთკიხულთა უმეტესობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობას (მათ შორის ივანიშვილისთვის 74 მილიონიანი ჯარიმის დაკისრებას) უარყოფითად აფასებს და 67% კი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. ამდენად, მართალია ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, მაგრამ დემოკრატიის კუთხით პრობლემები სულ უფრო მატულობს. დასკვნების გაკეთება ჩვენი მკითხველისთვის მიგვინდვია.