იმიტირებული არჩევნები ემიგრანტებისთვის

იმიტირებული არჩევნები ემიგრანტებისთვის

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ემიგრანტებისთვის იმიტირებული არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, არჩევნების ჩატარების ამ უცხო ფორმას დასავლეთის რეაგირება მოჰყვება, უცხოური მედია ამას გააშუქებს და ეს იქნება მეტყველი პროტესტი იმ უსამართლობის გამო, რასაც ჩვენი ხელისუფლება საზღვარგარეთ მყოფი საკუთარი თანამემამულეებისადმი სჩადის.

როგორც სოსო ცისკარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, ემიგრანტებმა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, 30 სექტემბერს სხვადასხვა ქალაქებში თვითორგანიზებით საარჩევნო უბნები უნდა შექმნან და საკუთარი არჩევანი უნდა დააფიქსირონ. ამის შემდეგ მათი ე.წ. ბიულეტინები ელექტრონული ფორმით შეიკრიბიბება და დაითვლება.
ახალი ინიციატივის შესახებ For.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

თქვენ აცხადებთ, რომ ქართველ ემირანტთა მიერ გაკეთებულ არჩევანს კონსტიტუციური ძალა არ ექნება, მაგრამ, ინფორმაციული თვალსაზრისით, მათი არჩევანი საზოგადოებისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ემიგრანტებმა თვითორგანიზებით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია
- 1-ელ ოქტომბერს არ იწყება საქართველოს ისტორია და არ მთავრდება, მაგრამ სრულიად უნიკალურია ქართულ დიასპორასთან დამოკიდებულება. პრაქტიკულად, ასეთი ფასეულობის მფლობელნი თუ ვიყავით, მაინცდამაინც ვერ ვგრძნობდით, რადგან ისტორიულად ქართველთა 99% საქართველოში ცხოვრობდა ხოლმე. ამჯერად კი, ჩვენი ემიგრაცია არის პატრიოტების დამაჯერებელი ერთობა, რომლებიც ბედმა აიძულა, დაეტოვებინათ სამშობლო და საკუთარი მომავალი საზღვარგარეთ ეძიათ. ახლა მოულოდნელად გავხდით მოწმენი იმისა, რომ თურმე ორგანიზაციული რესურსი საკმაოდ ძლიერი აქვს იქ მცხოვრებ დიასპორას. ეს გახლავთ 21-ე საუკუნის ემიგრანტთა განმასხვავებელი ნიშანი. მას შემდეგ, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიები განვითარდა და ქვეყნების საზღვარს აღარ აქვს რაიმე გამყოფი, დავინახეთ, რომ ის დიასპორა, რომელიც ვარდების ხელისუფლების მხარდამჭერად აღიქმებოდა, სინამდვილეში, ბევრად უფრო ღრმად ყოფილა ჩახედული ჩვენი ქვეყნის მიმდინარე პროცესებში. მათი პატრიოტიზმი ეჭვგარეშეა. თანაც, ურთიერთკომუნიკაციების დამყარება მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს და მივიღეთ ის, რაც პრაქტიკულად, არ გვქონდა არასდროს - ქართული დიასპორა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის განცდითაა განწყობილი, საკმაოდ ორგანიზებულია, საკმაოდ მკაფიოა საკუთარ ხედვაში და მზადაა იმისთვის, რომ ემიგრაციაში ცხოვრების პირობებში არ იყვნენ მივიწყებულნი სამშობლოში მაცხოვრებელი თანამემამულეებისგან. მათი მისწრაფებაა, რომ სასარგებლონი გახდნენ.

სწორედ ამიტომაც ხელისუფლებამ გრიგოლ ვაშაძეს გაახმოვანებინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს ევალებათ, საკუთარი ადგილმდებარეობა დააფიქსირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნებში ხმას ვერ მისცემენ. ხელისუფლებამ ასევე მონახა მეორე გამოსავალი, .. სკაიპით არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ემიგრანტთა ადგილმდებარეობა და მისამართი უნდა დაფისირდეს. ეს ფიქტიური შეთავაზებები რას ემსახურება?

- ეს სწორედ გულგახეთქილი ხელისუფლების მკაფიო თვითლუსტრაციაა, როდესაც მათ მონახეს საშუალება, როგორმე შეამცირონ და, პრაქტიკულად, აღარ მისცენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. რასაკვირველია, გულგასახეთქი მიზეზი ხელისუფლებას გაუჩნდა მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „საქართველოს ხმა სამართლიანი არჩევნებისთვის“, რომელიც კიევში გიორგი სიგუას ხელმძღვანელობით დაფუძნდა, შეძლო უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის ქართულ ემიგრაციაში ჩაეტარებინა გამოკითხვა, ვის სურს მონაწილეობა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში?! 200 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა სკაიპით. ასე რომ, მათი სურვილია, ამ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ამის შემდეგ იწყება უკვე საკანონმდებლო ვაკხანალია, მაგრამ ეს არ თრგუნავს ქართველ ემიგრანტებს. ისინი აგრძელებენ კონსოლიდაციას. ევროპაში ამან უკვე საკმაოდ სერიოზული სახე მიიღო. პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს იურისტთა და მეცნიერთა საკმაოდ კვალიფიცირებულ და გამოცდილ ჯგუფს, რომლებიც უკვე ორჯერ იმყოფებოდნენ საქართველოში. ორჯერვე პატივი მქონდა, მათ შევხვედროდი. ისინი შოკირებულნი იყვნენ, თუ როგორ ექცევა საქართველოს მთავრობა თავის ემიგრანტებს. რაც არ უნდა სათაკილო იყოს ჩვენთვის, ეს ადამიანები საქართველოში ჩამოვიდნენ ისეთ ხელისუფლებებთან ურთიერთობის პოზიტიური გამოცდილებით, რომელთაც საქართველოს მთავრობის მსგავსად, ანალოგიური სურვილი ჰქონდათ, დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში. თუმცა, ამ იურისტთა და მეცნიერთა ჯგუფმა მაინც შეძლო სამართლიანი არჩევნების რეალიზაცია იმ ქვეყნების ემიგრანტებისთვის.

ამ ქვეყნების ჩამონათვალი, რაც მათ მოიარეს ამავე მიზნით, ბევრ ვერაფერ სასიკეთოს უქადის ჩვენს ქვეყანას. კერძოდ, ისინი ჩამოვიდნენ აქ ავღანეთის, ერაყისა და სირიის გამოცდილებით. ჩვენი ხელისუფლება ამაღლდება თუ არა ამ სამი ქვეყნის ხელისუფალთა დემოკრატიზმამდე, გარკვეული არ არის. თუმცა, პირველი შემთხვევაა, როცა მე უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, სუფრაზე მესმის ხოლმე ქართული დიასპორის სადღეგრძელო. ეს შემთხვევითი არ არის, ახალი სადღეგრძელოები შემთხვევით არ ჩნდება.

ამავდროულად, დიასპორის გაჩნა ჩვენი ერის ტრაგედიაცაა.

- რასაკვირველია, სწორედ ის მუხტი, რომელიც წარმოიქმნა ქართულ დიასპორაში, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება, მივიწყებას მიეცეს იმის გამო, რომ ვაშაძემ ხელი მოაწერა ასეთ ბრძანებას. ცხადია, ამ მზაკვრობის ავტორად ვაშაძეს არ ვთვლი, მაგრამ მან მაინც მოაწერა ხელი, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მანქურთობა. 

1 ოქტომბრის ნაცვლად, ემიგრანტებს 30 სექტემბერს სთავაზობთ არჩევნების ჩატარებას?

- დიახ, 30 სექტემბერს, კვირა დღეს, ან - 29 და 30 სექტემბერს, უიქენდის დღეებში, იმ ქალაქებში, სადაც ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები, შეიძლება ჩატარდეს არჩევნები. ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით, უნდა ჩამოყალიბდეს ორ-სამ კაციანი საარჩევნო კომისიები და სრულიად ადვილად მისაწვდომ ადგილებში ჩატარდეს არჩევნები. ალტერნატიულს ვერ დავარქმევთ ამ არჩევნებს, რადგან არანაირი ლეგიტიმური საფუძველი მას არ ექნება, მაგრამ მომავალი თაობებისთვის დიასპორის ეს მაგალითი ზნეობრივი იქნება. ეს იქნება მაგალთი, რომელიც მრავალ წელს გაჰყვება მშობლებს საკუთარი შვილებისა და შვილიშვილებისთვის მოსაყოლად. არჩევნები ჩვეულებრივი ბიულეტენებით უნდა ჩატარდეს. ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ სამი-ოთხი საათის განმავლობაში იმუშაოს უბანმა, სადაც წინასწარ გაფრთხილებული იქნება ქართული მოსახლეობა, რომ მათ შეეძლებათ მისვლა და ურნაში ბიულეტენის ჩაგდება, საკუთარი ფავორიტის დაფიქსირება. მოგვიანებით უკვე ამ ციფრებს გაარკვევენ.

თუ ემიგრანტების არჩევანს კონსტიტუციური ძალა არ ექნება, მაშინ ხელისუფლებისთვის არჩევნების ამ სახით ჩატარება ხომ სულერთი იქნება და ისინი  წამოვლენ ამ ინიციატივაზე?

- მათთვის სულერთი არ იქნება. ხელისუფლებას აშინებს მათ წინააღმდეგ განწყობილი ადამიანების რაოდენობა, მათ შორის, სასაფლაოზეც კი, არათუ საზღვარგარეთ. ამიტომ, ამას ძალიან სერიოზული სამომავლო მნიშვნელობა ექნება. ჯერ ერთი, არსებობს ქართული დიასპორა და ეს არ არის მონა-მორჩილი, მძევლებად გადაქცეული დევნილი მოსახლეობის მსგავსი, როგორც ეს ჩვენს ქვეყანაშია. ესენი თავისუფალი ადამიანები არიან, თავისუფალ გარემოში ზრდიან თავიანთ შვილებს. პრაქტიკულად, ეს არჩევნები პლებისციტის ფორმას ატარებს. ეს არჩევნები არ ტარდება ხელისუფლებისთვის. ამას დიდი რეაგირება ექნება საზღვარგარეთ, უცხოური მედია ამ სრულიად უცხო არჩევნების მცდელობას, რასაკვირველია, გააშუქებს და ამაზე მეტყველი პროტესტის ფორმა იმ უსამართლობის გამო, როგორც ჩვენი ხელისუფლება ექცევა საკუთარ თანამემამულეებს საზღვარგარეთ, ძნელად მოსაძებნია.

მაშინ ხელისუფლებას არც უნდა აწყობდეს ასეთი არჩევნების ჩატარება და ამას არც დათანხმდებიან.

- არა, ბატონო, ასეთი ტიპის არჩევნებში ხელისუფლების როლი არის ნული. ამომრჩეველთა სიების შედგენა ხდება იმავე დღეს მისვლით და დარეგისტრირებით, შაბათ-კვირის განმავლობაში. რაც მთავარია, ამერიკელი იურისტების მხრიდან არის კეთილგანწყობილი მზაობა, რათა მონაწილეობა მიიღონ ასეთ აქციაში. თავად ორგანიზაციის ლიდერები - „საქართველოს ხმა სამართლიანი არჩევნებისთვის“, ისევე, როგორც „ამომრჩეველთა ლიგის“ აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ლევან ჩიკვაიძე მზად არიან, ასეთი ორგანიზაციული საქმიანობა წარმართონ. მასალებითა და მატერიალური დოკუმენტაციით მოამარაგონ ყველა ის უბანი, რომელიც თავის თავს დააფიქსირებინებს სკაიპის საშუალებით და ამის შესახებ გააგებინებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ცხადია, აქედან რაიმე ტიპის დაფინანსებაზე არ არის საუბარი.          

სკაიპის გამოყენებისას ემიგრანტებს მისამართის დაფიქსირება არ მოეთხოვებათ?

- ვისაც უნდა, დაწეროს მისამართი, ვისაც არ უნდა, ნუ დაწერს. ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში გადადგილების არავითარი სირთულე არ ექნებათ. საქართველოს საკონსულოებში არავითარი შეურაცმხყოფელი ვიზიტი არ დასჭრდებათ. ვისაც საშუალება ექნება, შეუძლია, ორივე არჩევნებში დააფიქსიროს პოზიცია და საკონსულოში მივიდეს. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ საკონსულოში მონაწილეობის უფლება შერჩევით არ იქნება მიღებული.

ქართულ ოცნებასთუ გააცანით თქვენი პოზიცია? როგორია მათი დამოკიდებულება?

- ამის შესახებ არ მითქვამს არც „ქართული ოცნებისთვის“, არც რომელიმე სხვა პარტიასთან მისაუბრია ამის თაობაზე, რადგან, ჩემი აზრით, აუცილებელი არ არის, რაიმე პარტიული არომატი ასდიოდეს ამ არჩევნებს. ეს დამოუკიდებელ მოქალაქეთა დამოუკიდებელი აზრის გამოხატვაა. არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა აზრის დაფიქსირება.

ამით ხომ არ გაიშიფრება ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ წინა არჩევნებში ემიგრაცია მას მხარს უჭერდა. მოგეხსენებათ, როგორ ხდებოდა ხმების ჩაყრა ემიგრანტების სახელით. ახლა საზოგადოება ხომ დაინახავს, რომ ემიგრანტებმა ოპოზიციას მისცეს ხმა?

- დაველოდოთ არჩევნებს. რეცეპტი, რომელსაც ვთავაზობთ, და, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ ხალისიანია, არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა ემიგრაციის არჩევნებში. ადამიანებს, რომლებიც მივლენ საკონსულოებში, იქაც შეუძლიათ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.