„მოგელაძის უწყება მთელი ხუთი თვის განმავლობაში კანონგარეშე მოქმედებდა“

„მოგელაძის უწყება მთელი ხუთი თვის განმავლობაში კანონგარეშე მოქმედებდა“

ნათია მოგელაძის უწყება ქართულ ოპოზიციურ სპექტრს ლამის ღამის კოშმარად გადაექცა. უკვე რამდენიმე თვეა ყოფილი კონტროლის პალატა, ამჟამად კი სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ქართულ ოცნებას“, მის წევრებსა და მხარდამჭერებს იბარებს, ჰკითხავს, აჯარიმებს და შეიძლება ითქვას, ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტით ატერორებს.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, მთელი ეს საქმიანობა უკანონოა, კერძოდ, კონსტიტუციის კონკრეტულ ნორმას ეწინააღმდეგება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უკანონო საქმიანობაში ადანაშაულებს. კერძოდ, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ყოფილი კონტროლის პალატის საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის 97-ე მუხლით განისაზღვრებოდა. ამ მუხლის პირველადი რედაქციით, საქართველოს კონტროლის პალატის უფლება-მოსილებაში მხოლოდ სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე ზედამხედველობა შედიოდა. კონტროლის პალატის დასახელებული, კონსტიტუციით განსაზღვრული კომპეტენცია და ასევე, მისი სახელწოდება 2012 წლის 22 მაისის კონსტიტუციური ცვლილებით შეიცვალა.

„2012 წლის 22 მაისს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილება-დამატებების შესაბამისად უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურად ჩამოყალიბებულ ყოფილ კონტროლის პალატის კომპეტენციაში შევიდა არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ ზოგადად „საჯარო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე“ ზედამხედველობა, ანუ მათ შორის, პოლიტიკური პარტიების არასახელმწიფო სახსრებზეც, მაშასადამე, უფლება-მოსილება, რომელსაც ეს ორგანო ისედაც 2011 წლის 27 დეკემბერს პარტიათა შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად ახორციელებდა.

ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ 2011 წლის 27 დეკემბრიდან 2012 წლის 22 მაისამდე კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული საქმიანობა პარტიათა არასახელმწიფო სახსრების მონიტორინგის თვალსაზრისით, საქართველოს კონსტიტუციის მაშინ მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული არ იყო“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ამ თემაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ორგანიზაციის მიერ წინასაარჩევნო პროცესზე მონიტორინგის შუალედური ანგარიშის წარმოდგენისას ისაუბრა. ანგარიში ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი არის საარჩევნო კანონმდებლობის სამართლებრივი ანალიზი და დოკუმენტში ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სერიოზული შენიშვნა არის გამოთქმული. ანგარიშის მეორე ნაწილში კი წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ კონკრეტულ დარღვევებზე არის საუბარი.

„ანგარიში ძალიან ტევადია, დაახლოებით 70 გვერდზე მეტი მოცულობის და მასში კონკრეტულ დარღვევებზეა საუბარი. დოკუმენტში რამდენიმე სეგმენტზეა ყურადღება გამახვილებული. პირველ რიგში, ეს არის კონტროლის პალატის საქმიანობა, რომელიც რიგ შემთხვევებში უკანონო ხასიათს ატარებს. კანონით მინიჭებული უფლება-მოსილების ფარგლებში ეს ორგანო ფაქტიურად რეპრესიულ სტრუქტურად იქცა. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ანგარიშში აისახა, არის სარჩევნო სიები. დოკუმენტში ძალიან კარგად არის წარმოდგენილი, სხვადასხვა არჩევნების დროს საარჩევნო სია როგორ იცვლებოდა. ამიტომ ისმება საკმაოდ ლეგიტიმური კითხვა, - რას უკავშირდება უკანასკნელი 22 წლის მანძილზე ამომრჩეველთა რაოდენობის ასეთი სისტემატური ცვლილება. უფრო კონკრეტულად, ამჟამად საარჩევნო სიაში 3 600 000-ზე მეტი ამომრჩეველია, როდესაც მოსახლეობა დაახლოებით 4 500 000-ა.

1990 წელს, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ერთი მილიონით მეტი, ანუ 5 500 000 იყო, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 444 000, ანუ დღევანდელთან შედარებით 200 000-ით ნაკლები იყო. საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ მოსახლეობა ერთი მილიონით შემცირდა, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 200 000-ით გაიზარდა. რა თქმა უნდა, აქ ჩნდება საკმაოდ ლეგიტიმური კითხვები“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

მისი თქმით, მესამე პრობლემა, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში მოხვდა, არის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. დოკუმენტში ასევე საუბარია კონკრეტულ დარღვევებზე, რომლებიც ეხება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას და ა.შ. ნანუაშვილი ამბობს, რომ ეს შუალედური ანგარიშია და უახლოეს კვირებში ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ორ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომლებიც აგვისტოსა და სექტემბრის პერიოდს მოიცავს.

დარღვევების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის წყაროსთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, რომ რამდენიმე გრძელვადიანი დამკვირვებელი ჰყავთ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში თავად აწარმოებენ ინფორმაციის გადამოწმებას, ფაქტების შესწავლას და ანგარიშში სწორედ ის ფაქტები აისახა, რომლებიც რამდენჯერმე არის გადამოწმებული.

არჩევნების დღეს კი ადამიანის უფლებათა ცენტრის დაახლოებით 100-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით, უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება.

რაც შეეხება ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშში ასახულ ფაქტებს, მოგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოვლენილი და შესწავლილი იქნა შემდეგი ფაქტები - პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლის და მუქარის 39 შემთხვევა, ჟურნალისტური საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლის 10 შემთხვევა, მეწარმეებსა და კერძო მესაკუთრეებზე პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლის 7 შემთხვევა. ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სხვადასხვა მოქალაქეებზე, ძირითადად ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების წევრების, შემომწირველების, აქტივისტების დაკითხვისა და დაჯარიმების უამრავი ფაქტი.