სახელმწიფო დაზღევა და 1000-ლარიანი ვაუჩერი ხელისუფლებას ამომრჩევლის მოსასყიდად სჭირდება

სახელმწიფო დაზღევა და 1000-ლარიანი ვაუჩერი ხელისუფლებას ამომრჩევლის მოსასყიდად სჭირდება

პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სადაზღვევო კომპანიების, წამყვანი კლინიკების და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს სპეციალური თათბირი გაუმართა.

როგორც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფის ახალი სამთავრობო პროგრამის ამოქმედების შედეგად, 1 სექტემბრიდან სამედიცინო ცენტრებში მიმართვიანობა მკვეთრად გაიზრდება და კლინიკებს მიაკითხავს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც შესაძლებლობის არქონის გამო, ექიმთან 10-15 წელია, არ ყოფილა“.

პრემიერის თქმით, კლინიკები და სადაზღვევო კომპანიები აღნიშნულ გამოწვევას მომზადებულები უნდა შეხვდნენ და ჯანდაცვის სამინისტრო მათ ყველანაირად მხარში უნდა ამოუდგეს.

კლინიკებიცა და სამინისტროც  კი ისე მონდომებით მოემზადნენ, რომ უქმე დღეებში სამედიცინო დასწესებულებებს 5000-მდე ადამიანმა მიაკითხა.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ მისი უწყება კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს გაზრდილ მიმართვიანობასთან გამკლავებაში ეხმარება. 
„ჯანდაცვის სამინისტრომ ტრეინინგი ჩაუტარა 300 ადამიანს, რომელიც ყველა კლინიკაში გადანაწილდება და ხელს შეუწყობს არამარტო რიგების მართვას, არამედ ახლადდაზღვეულებს პოლისის გამოყენების წესს განუმარტავენ. გარდა ამისა, სამინისტრომ უკანასკნელი კვირეების განმავლობაში აქტიურად გამოიყენა მედიასაშუალებები, რათა მოსახლეობისთვის პოლისის მოქმედების წესი გაეცნო. ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, გაუმკლავდეს ყველა იმ პრობლემას, რომელიც შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემაში წარმოიშვას მას შემდეგ, რაც იგი 1 სექტემბრიდან დაზღვეულების ახალ ნაკადს მიიღებს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, პირველი სექტემბრიდან სახელმწიფომ დამატებით დააზღვია ყველა ასაკით პენსიონერი, 5 წლის ჩათვლით ასაკის ყველა ბავშვი, ყველა სტუდენტი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვი - მთლიანად დაახლოებით მილიონი ადამიანი. სულ 1 სექტემბრიდან  საქართველოში 2,4 მილიონი მოქალაქე იქნება დაზღვეული.

დაზღვეულებს მხოლოდ სისხლისა და შარდის ანალიზის ჩაბარების, ხოლო პენსიონრებს პენსიიდან 15 ლარის ჩამოჭრის პერსპექტივა რომ აქვთ ეს სხვა თემაა, თუმცა ძნელი სათქმელია, რატომ არ ითვლება ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ განხორციელებული მსგავსი ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვად და თუ ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება გვყავს, რატომ არ ამოქმედდა ეს პროექტი მაშინვე, როგორც კი მიმდინარე წლის ბიუჯეტი დამტკიცდა?

ამ კითხვას ბევრი პასუხი შეიძლება ჰქონდეს, ერთ-ერთი მათგანი უფულობაა  - ანუ სახელმწიფოს არ ჰქონდა საშუალება, წლის დასაწყისიდან გაეღო ამხელა ხარჯები, მაშინ საკითხავია, რა უფრო მნისვნელოვანია, ლაზიკას აშენება თუ პენსიონრის ჯანმრთელობა, ხელისუფლება იტყვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და ამის დასადასტურებლად პრეზიდენტი პენსიონერსაც ჩაეხუტება, მაგრამ ფაქტია, რომ ლაზიკას უკვე აშენებს, თანაც რამდენიმე თვეა. პენსიონრენი კი, რომლებსაც 100 დოლარიან პენსიას რამდენიმე წელია პირდება და ვერ შეასრულა, მხოლოდ ახლა, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაახსენდა.

როგორც ნინა ხატისკაცი მიიჩნევს, „სწორედ იმის გამო, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჯანდაცვისა და სადაზღვევო პოლიტიკასთან მიმართებაში, იწყება წლის მეცხრე თვეს და არა წლის დასაწყისში და ეს მეცხრე თვე ერთი დღით უსწრებს არჩევნების დღეს, გვაფიქრებინებს და არსებობს სერიოზული საუძველი ვთქვათ, რომ ეს ღონისძიება და აქტივობა მიმართულია ამომრჩევლის გულის მოსაგებად.

ეს შეიძლება ერთის მხრივ ჩაითვალოს ფინანსური, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ გამოყენებად და ეს შეძლება ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის საარჩევნო მოტივაციით ხარჯვად“, - აცხადებს ხატისკაცი.

მისივე განმარტებით, ეს არაპირდაპირი გზით ამომრჩევლის მოსყიდვაა.

„ეს არაპირდაპირ არის ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, რომელზედაც იხარჯება სახელმწიფოს ფული, ეს ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ რეალურად ბიუჯეტიდან ხდება არჩევნებამდე ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის წამოწყება, რომელიც მართლაც ძალზე პრობლემატურია საქართველოს მოსახლეობისთვის“, - მიიჩნევს ხატისკაცი.

აქედან გამომდინარე, ნინა ხატისკაცის მოსაზრებით, ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, კეთილსინდისიერი თამაშის წესებით წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია, შეეცდებოდა, ამგვარი პროექტი დაეწყო არა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, არამედ არჩენებიდან, თუნდაც ერთი თვის შემდეგ.

„იქიდან გამომდინარე, რომ ის ხორციელდება და იწყება ზუსტად არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სწორედ მოტივირებულ ხარჯვად შეიძლება ჩაითვალოს“ ,- აცხადებს ხატისკაცი.

იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს რომ, როგორც კი ამ პროგრამის შესახებ გახდა ცნობილი, მაშინვე ნათელი გახდა, რასთან შეიძლებოდა გვქონოდა საქმე.

„გეგულებათ ვინმე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმეს რომ აღძრავს? თორემ, ათასლარიანი ვაუჩერიც ამომრჩევლის მოსყიდვა მგონია, ამაშია საქმე, რომ კანონი მათ ხელშია და ისინი ამას იყენებენ. უბრალოდ, ახლა ამოქმედდა, თორემ როდესაც ამ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადეს, მაშინვე ვიფიქრე, რბილად რომ ვთქვათ, კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობებში არ ხდებოდა“, - ამბობს ლია მუხაშავრია.

უნდა გააპროტესტოს თუ არა მსგავსი პროექტები ოპოზიციამ, იმის მიუხედავად, რომ ვერც სასამართლოს გზით და ვერც მის გარეშე, ხელისუფლებასთან, რომელიც არაფერს და არავის უწევს ანგარიშს, ვერაფერს გახდება.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნუკრი ქანთარია ამბობს, ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, რომ ამ პროგრამებს სახელმწიფო ახორციელებს და ხომ უნდა ვიმუშავოთო, ამიტომაც არჩევნების მერე შეფასდება ყველაფერი.

ნუკრი ქანთარია იმასაც ამბობს, რომ ამომრჩეველმა ძალიან კაგად იცის, რომ ეს პროექტი 5 წლამდე ბავშვებისა და პენსიონრებისთვის ამოქმედდა, მარამ ამ დაზღვევის 15 ლარს პენსიონრებს პენსიებიდან დაუკავებენ და ხალხი ამით უკმაყოფილოა. ქანთარია ამბობს, რომ ამით ამომრჩეველს ვეღარ მოატყუებენ.

როგორც ლია მუხაშავრია თვლის, იმის მიუხედავად, რომ შედეგს ვერ მიიღებენ, ოპოზიციამ ასეთი ფაქტები უნდა გააპროტესტოს.

„მე რომ ვიყო, გავასაჩივრებდი, თუნდაც ფორმალურად, მაგრამ როგორც ჩანს, დაიღალნენ ამდენი სასამართლოებით, თანაც ხვდებიან, რომ შედეგი არ ექნება. ნომრის შეცვლაც ხომ არ გაასაჩივრეს“, - ამბობს მუხაშავრია, რომელიც მიიჩნევს რომ ერთის მხრივ, ქვეყანაში სამართლებრივი აზროვნების კულტურაა ნაკლები, მეორეს მხრივ კი როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაშია დარწმუნებული.

„ეტყობა იმდენად არიან გამარჯვებაში დარწმუნებულები, რომ ფიქრობენ, ოქტომბერი მოვა და მერე ჩვენ მოვუვლით ამ საქმესო. რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის საზოგადოებისა და პოლიტიკოსის სიმწიფის ყველაზე კარგი მაჩვენებელი, როდესაც ის მაშინაც მიდის სასამართლოში, როდესაც იცის, რომ იქ სამართალს ვერ იპოვის - ეს ქმნის სწორედ იმ იდეალს, რომელიც გვინდა რომ გვქონდეს ქვეყანაში“,- ამბობს მუხაშავრია.

მისივე ანმარტებით, იმავე მოსყიდვის მუხლით არის შესაძლებელი გასაჩივრება, რომელიც ასე სადაო იყო და უკვე გამოყენებულია ოპოზიციის წევრების მიმართ.

ლია მუხაშავრია: „ქუთაისში სამი ახალგაზრდა დააპატიმრეს და ნინო ყურუა ოფიციალურად არის მსჯავრდებული. მართალია ის წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება, მაგრამ  წაყენებული აქვთ ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლი, იმისთვის რომ ოცნების ფლეიერებს არიგებდნენ.

ყველას ახსოვს, ალბათ, ვიღაც პროვოკატორი რომ მიუგზავნეს, რომელიც ეკითხებოდა სარეცხის მანქანა და მაცივარი მინდა და რომ ჩავწერო მომცემთო? ამათ რომ უთხრეს, კი ჩაწერე და მიიღებ, არის ეს „ქართული ოცნების“ პროგრამაშიო, ეს ჩაუთვალეს მოსყიდვად.

თუ ეს არის მოპსყიდვა, მაშინ დაზღვევის ამოქმედება და გამოყენება პირველი სექტემბრიდან, როდესაც გაგანია საარჩევნო მარათონია ქვეყანაში და წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, არის მოსყიდვა.

ასევე ათასლარიანი ვაუჩერი, რომელიც ნამდვილად არის ვაუჩერი და მოქალაქეს და ოჯახს აძლევ არაფერში, თანაც განსაკუთრებული კრიტერიუმების და დასაბუთების გარეშე. რომ იყოს რაღაც კატეგორიისთვის და რაღაც განსაკუთრებული პირობებით, კი ბატონო, მაგრამ როცა ყველა ოჯახს უცხადებ, რომ მისცემ ათასლარიან ვაუჩერს, ესეც მოსყიდვაა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში.

როგორ გგონიათ, ნინო ყურუამ ვინმეს მაცივარი ან ტელევიზორი მისცა? თუკი დაპირება დასრულებულ დანაშაულად ითვლება, ამბობენ, რომ ეს ფორმალური დანაშაულია, ანუ შედეგი კი არ უნდა დადგეს, არამედ საკმარისია მცდელობაც კი, რომ დასრულებულ დანაშაულად ჩამეთვალოს.

რა თქმა უნდა, იმავე ლოგიკით, ვაუჩერის დაპირება და სადაზღვევო პოლისების დარიგება და ამოქმედება უნდა ჩაითვალოს მოსყიდვად“. 

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაასაჩივრებს აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამებს, შესაძლოა, ხელისუფლებამ ისიც კი დააბრალოს, რომ ხალხზე ზრუნვაში ხელს უშლიან, თუმცა თუ დასავლეთისგან ოპოზიციას თანაგრძნობის მიღება სურს, აღნიშნული ფაქტების დაფიქსირება მოუწევს. რაც შეეხება ქართველ ამომრჩეველს, წესით ამ ხელისუფლებების „ღირსებები“ უკვე კარგად უნდა იცოდეს და მსგავსი პროგრამები სავარაუდოდ, გადაწყვეტილების მიღებაში ხელს არ უნდა უშლიდეს, თუმცა ამას არჩევნებზე ვნახავთ.