მამუკა კაციტაძე: “ამომრჩეველთა ადრინდელი სია უვარგისი იყო”

მამუკა კაციტაძე: “ამომრჩეველთა ადრინდელი სია უვარგისი იყო”

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარეს მამუკა კაციტაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველთა სიით მანიპულურება 2012 წლის არჩევნებისთვის უკიდურესად მინიმიზირებული იქნება. თუმცა, ამის მიუხედავად, იგი სიფხიზლისკენ მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციონერი კომისიის წევრებს.

For.ge მამუკა კაციტაძეს ესაუბრა.

ქართული ოცნებისგარდა, „ამომრჩეველთა ლიგადა დამოუკიდებელი ექსპერტები არ იწონებენ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს და ამ სიებში ხარვეზებს ხედავენ.

- რომელ სიას არ იწონებს „ამომრჩეველთა ლიგა“? აქ საუბარია პირველი თებერვლის სიაში შეტანილ ცვლილებებზე. სწორედ ის სია არის უვარგისი, რომელიც ჩვენ „კარდაკარის“ ობიექტად ვაქციეთ. თუ თქვენ გინდათ, მითხრათ ან შეცდომით თუ გჯერათ, თითქოს ჩვენს მიერ დაზუსტებულ სიაში აღმოჩნდა უზუსტობები, ეს  შეცდომა იქნება. ეს არის ძველი სია, რომელზეც ჩვენს მიერ განხორციელდა „კარდაკარი“. პარალელური „კარდაკარი“ კი განახორციელეს სხვებმა და, ბუნებრივია, აღმოაჩენდნენ გარკვეულ ნაკლოვანებებს. კომისია იმისთვის შეიქმნა, რომ ის უვარგისი სია დაზუსტებულიყო და გაუმჯობესებულიყო.

ფაქტია, რომამომრჩეველთა ლიგა“, „ქართული ოცნებადა საზოგადოების სხვა წევრები სიების უზუსტობაზე კვლავაც საუბრობენ. პირადად თქვენ თუ იწონებთ ამ დაზუსტებულ სიას დაკარდაკარისსამუშაოთი კმაყოფილი ხართ?

- ამას ვამბობ, ჩემო კარგო. რა ვიცი, არასდროს მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გაუგებრად ვსაუბრობდი. მართლაც უვარგისი იყო ამომრჩეველთა სია, რომელთა დაკავშირებითაც რამდენიმე „კარდაკარი“ ჩატარდა. ჯამურად, დღეის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენ მოგვიტანა, დაახლოებით 75- 80 ათასი განცხადება, „ამომრჩევეთა ლიგამ“ მოგვიტანა 30 ათასამდე განცხადება და სახელმწიფო კომისიამ მოიტანა და შესწორებები განახორციელა 526 ათას ადამიანზე. მათ მიერ მოტანილი განცხადებები, ძირითადში, დაახლოებით 90 %-მდე, უკვე ასახულია 1 აგვისტოს ჩვენეულ სიაში. ამიტომ, როცა არმოწონებაზეა საუბარი, უნდა დაათარიღონ, რას არ იწონებენ და როდინდელ სიას არ იწონებენ.

ანუ, თქვენი კომისიის მიერ ჩატარებული სამუშაოები რეალობასთან მიახლოებულია?

- მაპატიეთ, მაგრამ, ეტყობა, არ უსმენთ ჩემს ნათქვამს. ჩვენ რაც შევასწორეთ, 526 ათასი შესწორება შევიტანეთ ამ სიაში და, ბუნებრივია, რომ ახლა ვიწონებთ სიას. მაგრამ ადრინდელი სია იყო უვარგისი.

ეს გავიგე, რომ ადრინდელი სია უვარგისი იყო.

- დიახ, უვარგისი იყო, სადაც 526 ათასი შესწორება გაკეთდა, ნაცვლად ამ 526 ათასისა, „ქართულმა ოცნებამ“ და „ამომრჩეველთა ლიგამ“, ერთად აღებულმა, ოთხჯერ ნაკლები განცხადება, ანუ ოთხჯერ ნაკლები უკმაყოფილება გამოთქვეს ყოფილი სიის მიმართ.

მაშინ რის საფუძველზე აცხადებს ოპოზიცია, რომ ნახევარ მილიონზე მეტით არის სიები გაბერილი? რატომ ხდება, რომ თქვენი კომისიის მიერ დათვლის შემდეგაც ამომრჩეველთა სიები კვლავაც გაბერილია? ასევე, ემიგრაციაში მყოფთა რიცხვი არარეალური და შემცირებულია.

- ოპოზიცია ამას აბსოლუტურად უსაფუძვლოდ აცხადებს. ამას ვამბობ ზუსტად, რამდენიმე ეთერშიც ვიყავი ამის თაობაზე, მათ შორის, ბატონ კუკავასთან. იგი ამბობს, რომ მილიონი ადამიანია საზღვარგარეთ გასული. მე კი გეუბნებით, რომ „კარდაკარის“ აღწერის დროს, განცხადებებით, ჩვენ აღვწერეთ 310 ათასი საზღვარგარეთ გასული. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, რომ მილიონი ადამიანია საზღვარგარეთ გასული, მოგვაწოდოს ეს ინფორმაცია. მაგრამ უბედურება ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ და „ამომრჩეველთა ლიგამაც“, ერთად აღებულმა, ორივემ ერთად, დაახლოებით 30 ათასი უცხოეთში გასული დაგვიფიქსირა. ახლა როგორ გითხრათ, 310 ათასია ცოტა და 30 ათასია ბევრი?!

თქვენ პირადად, როგორც მოქალაქეს, გჯერათ, რომ მხოლოდ 310 ათასია უცხოეთში წასული? თუ უფრო მეტია, როცა ვხედავთ, რომ, თუ ყოველი მეორე არა, ყოველი მესამე და მეოთხე ემიგრაციაშია?  

- არა მჯერა, ჩემო კარგო. ყოველი მეორე ნამდვილად არაა საზღვარგარეთ გასული. არც ყოველი მესამე არ არის გასული. მე გეუბნებით, როდესაც ჩვენ „კარდაკარი“ ჩავატარეთ, საქართველოს მოქალაქეებმა მხოლოდ 310 ათასი განცხადება შეგვივსეს საზღვარგარეთ გასულებთან დაკავშირებით. არცთუ იშვიათად, იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც მოქალაქეები გვეუბნებოდნენ, ჩემი ოჯახის წევრი საზღვარგარეთ არის გასული, მაგრამ განცხადებას არ შევავსებ, რადგან არალეგალად არის ის ადამიანი გასული და ჩემს მიერ აქ შევსებული განცხადება, შეიძლება, ხვალ მისთვის იქ, ადგილზე, პრობლემად იქცეს. ახლა მე გეკითხებით თქვენ, სახელმწიფო კომისიამ, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა აქვს, საფუძვლის არარსებობის გამო, იმ შემთხვევაში, რომ განცხადება არ არის შევსებული, როგორ უნდა მიაწეროს კონკრეტული მოქალაქის გასწვრივ მინაწერი - „არის საზღვარგარეთ“, მაშინ, როცა მისი ოჯახის წევრიც კი ერიდება ამ ტიპის განცხადების შევსებას?!

მისი ოჯახის წევრი კი ერიდება ამ ტიპის განცხადების შევსებას და საკუთარი ოჯახის წევრის, როგორც ემიგრანტის, დასახელებას, მაგრამ ამ ადამიანის ხმას მმართველი გუნდი თავის სასარგებლოდ ხომ გამოიყენებს? ემიგრაციაში მყოფი ადამიანი ხომ არც იქით არის, არც აქეთ?!

- ხო, მაგრამ მე გეკითხებით თქვენ, როდესაც საფუძველი არ მაქვს, რომ ვინმე ივანელაშვილზე, რომელზეც მამამისი მეუბნება, რომ იგი საბერძნეთშია, მაგრამ არ მივსებს განცხადებას, არ მაძლევს უფლებას, რომ მასზე მივაწერო, რომ იგი ნამდვილად საზღვარგარეთაა წასული, რა დავწერო? რაიმე უფლება მაქვს?

გამოდის, უნდა დავფაროთ ეს ადამიანები? საერთოდ, ირიბად რომ იყოს მითითებული, სახელის გარეშე?

- ადამიანი, რომელიც თვითონ არ მეუბნება, რომ მისი ოჯახის წევრი არის საზღვარგარეთ, არ მიქმნის იმის საფუძველს, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში მინაწერი გავაკეთო, თქვენ რომ იყოთ სახელმწიფო კომისიის წევრი, რას გააკეთებდით?

ეტყობა, ეს არის ამ სისტემის ხარვეზი, თორემ გამოსავალი ხომ უნდა მონახულიყო?

- ხარვეზი კი არ არის, ეს არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის არ აღება. ეს არის შიში იმისადმი, რომ მისი ოჯახის წევრი - არალეგალი პრობლემებს დაექვემდებარება.

მაგრამ ამას ჩვენი ხელისუფლება სათავისოდ არ გამოიყენებს? მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა უფრო თვალშისაცემი არ გახდება მაშინ, როცა არჩევნებში ამ არალეგალის ხმას მმართველ გუნდს მიუთვლიან?

- კი ბატონო, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ ყველანი არჩევნების დროს, რომ ამ ტიპის გამოყენება არ მოხდეს. ვისაც ჰყავს კომისიის წევრები და წარმომადგენლები უბნებზე, პლუს, არასამთავრობოები და საერთაშორისოები, ფხიზლად უნდა იყვნენ ასეთ დროს, რომ მანიპულირება არ მოხდეს. ამომრჩეველთა სიაში ეს ირიბად ვერ გაკეთდებოდა. მაგალითად, თუკი მამუკა კაციტაძე საზღვარგარეთ არის წასული, ირიბად როგორ მივუთითო, რომ ის საზღვარგარეთაა? თუ სიაში არ მივუწერე, რომ ნამდვილად საზღვარგარეთაა? ან უნდა მიაწერო, ან არ უნდა მიაწერო.

მხოლოდ ციფრების საშუალებით რომ მიგეთითებინათ, რომ ამდენი და ამდენი ადამიანი საზღვარგარეთაა გასული და სიის დანართში ჩაგეწერათ ამის შესახებ.

- ამომრჩეველთა სია ხომ მაგიდაზე უნდა დავდო და კონკრეტული პიროვნების გვარ-სახელის გასწვრივ უნდა გაკეთდეს კონკრეტული მინაწერი? ხომ არ დავწერ, საქართველოში სამ მილიონნახევარი ამომრჩეველია, აქედან გასულია მილიონი. არანაირი დანართი, სიები თითოეული მოქალაქის გასწვრივ კეთდება. ეს რიცხვებით ბრძოლა კი არ არის, რომ მე მილიონი ვთქვი, იმან მილიონ ნახევარი, სხვამ თურმე 2 მილიონი თქვა. მთავარია, ყველაფერ ამას კონკრეტიკაში როგორ ავსახავთ.

ხელისუფლებას ექნება თუ არა ისევ სიებით მანიპულირების საშუალება? აქამდეახალ მემარჯვენეებს“, ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციონრებად გიცნობდნენ, ფიქრობთ, რომ ამ სიიდან გამომდინარეც, ხელისუფლება 1-ელი ოქტომბრისთვის მაინც იმანიპულირებს?

- ამომრჩეველთა სიები და სიით მანიპულურება 2012 წლის არჩევნებისთვის უკიდურესად მინიმიზირებული იქნება. ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად არაფერი არ მოხდება, მარტივი მიზეზის გამო, რომ ამომრჩევლების 5,3% ჩვენთვის ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, თუნდაც ის 5,3% არის რაღაც ვირტუალური ბაზა, რომელიც შეიძლება, ხელისუფლების მხრიდან სამანიპულაციოდ ან გასაყალბებლად იქნას გამოყენებული, მაგრამ აქაც უნდა შევქმნათ ბარიერები სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციონერი კომისიის წევრების თუ წარმომადგენლების მხრიდან. ის, რომ ადრე ხდებოდა ტოტალური კარუსელები, ჩაყრები, შეჭრები და ა.შ. ეს გამორიცხულია. თუმცა არჩევნების გაყალბება მარტო ამომრჩეველთა სიით არ ხდება, ეს ხდება დაშინებით, მოსყიდვით, სხვადასხვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებული ადმინისტრაციული რესურსის უზომოდ გამოყენებით. თუ სიებზე მეკითხებით, სიებით მანიპულირების მინიმიზაციის პრევენციაა დაჭერილი, მაგრამ არსებობს სხვა მომენტები, სადაც საზოგადოებას განსაკუთრებული აქტიობა მართებს. რა თქმა უნდა, აქტიობა, პირველ რიგში, პოლიტიკურ სუბიექტებს მართებთ.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალციხეში ყალბი ბიულეტენები უკვე  დაუბეჭდავთ. თქვენ თუ ფლობთ ამ ინფორმაციას?

- ჯერჯერობით, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბიულეტენების დაბეჭდვა საერთოდ არ დაწყებულა. თუ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ამას აფიქსირებს, ძალიან გთხოვთ, წყარო მიმითითოთ და მე, არა როგორც სიების დაზუსტების კომისიის ხელმძღვანელი, არამედ, როგორც „ახალი მემარჯვენე“, აქტიურად ჩავერთვები ამ პროცესის შესწავლასა და ამოტივტივებაში, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ძალიან ხშირია, როცა მსგავსი ინფორმაციები დაუზუსტებელია და ბოლოს არ დასტურდება.