ჯონდი ბაღათურია: “გამგები გაიგებს”

ჯონდი ბაღათურია: “გამგები გაიგებს”

თუ რომელმა შავმა კატამ გადაირბინა ჯონდი ბაღათურიასა და ბიძინა ივანიშვილს შორის, „ქართული დასის“ ლიდერი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, თუმცა მიანიშნებს, რომ ამ შავი კატის შესახებ ბიძინა ივანიშვილმაც კარგად უწყის. ამის მიუხედავად, ჯონდი ბაღათურია მზადაა, „ქართული ოცნების“ მოკავშირე იყოს და ერთობლივად დაამარცხოს სააკაშვილის ბანდა. ამ მიზნით „ქართული დასის“ ლიდერი ზუგდიდში ირაკლი ალასანიას კონკურენტი კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებს.

For.ge ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა.

თქვენ აღნიშნეთ, რომქართული ოცნების მიერ შეთავაზებული წინადადება მორალური ხასიათის ხარვეზებს შეიცავდა და, რომ 2 აგვისტოს უნდა შემდგარიყო შეხვედრა ქართული ოცნებისადა ქართული დასისლიდერებს შორის, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. რა იგულისხმეთ მორალური ხასიათის ხარვეზებშიდა რატომ ჩაიშალა დაგეგმილი შეხვედრა?

- იცით, რა არის? მე არ ვიცი, რატომ არ შედგა ეს შეხვედრა 2 აგვისტოს. ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ერთს კი გეტყვით, მართლაც დაგეგმილი იყო ჩვენი შეხვედრა და არ შედგა. თუმცა მინდა ვთქვა, რომ 2 აგვისტოს ყველა საკითხზე  საბოლოოდ უნდა შევთანხმებულიყავით, დღეს კი უკვე სექტემბერია და მას მერე არანაირი კონტაქტი არ არის. მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ დღესაც მზად ვარ, შევხვდე და გავიარო ყველა საკითხი. დღეს ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ შეთანხმებას ერთიანობაზე და ერთიანი ფრონტით ვიბრძოლოთ კორუმპირებული, კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ. ამ მოწოდებას კიდევ ერთხელ ვავრცელებ.

რაც შეეხებამორალური ხასიათის ხარვეზ“, რა იგულისხმეთ ამ ფრაზაში?

- სავსებით საკმარისია, გამგები გაიგებს.

მაგრამ ჩვენ ვერ გავიგეთ.

- დიახ, მაგრამ, რომ მდომებოდა ყველაფრის თქმა, მაშინ სხვანაირად ვიტყოდი. ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ივანიშვილმა გამოიტანოს დასკვნა, რომ მე რაღაც მთლად სწორად არ მომიტანეს ამბავი. შუამავლების მეშვეობით ნალაპარაკები მოლაპარაკების დეტალები ადრესატებამდე, ანუ ჩვენამდე, მთლად სწორად არ აღწევს. მაგალითად, პირადად მე, რატომღაც დაწმუნებული ვარ, რომ ის ერთი საკითხი, რაზეც მე მელაპარაკებოდნენ, არ იქნებოდა ივანიშვილის შემოთავაზება. მე ასე ვფიქრობ, რადგან ვაჟკაც კაცად მიმაჩნია.

რა შემოთავაზება იყო, არც ამას გვეტყვით?

- რა თქმა უნდა, არ ვიტყვი. უბრალოდ, ეს იმიტომ ვთქვი, რომ შუამავლებს არასწორად აქვთ ამბავი მიტანილი. პრესაში წაიკითხოს და მიხვდეს, რომ რაღაც პრობლემაა მოლაპარაკებების პროცესში. მე არ ვარ მომხრე, რომ ჩემსა და ბიძინას შორის ლაპარაკი მიდიოდეს პრესის ფურცლებიდან. პარასკევს იუძულებული ვიყავი, მეცნობებინა საზოგადოებისა და მისთვისაც, რომ სწორ ინფორმაციებს არ ვფლობთ არც მე და არც თვითონ.

თავიდან თქვენს შორის არ იყო კომუნიკაციის პრობლემა. შუამავლების გარეშე არ ურთიერთობდით?

- კომუნიკაციის პრობლემა არ ყოფილა და არც ახლა უნდა იყოს. სულ სამჯერ შევხვდით ერთმანეთს, აქედან ორჯერ გვქონდა საშუალება, რომ საქმის ირგვლივ გვესაუბრა. ეს იყო საქმიანი შეხვედრა. ჩემი აზრით, ურთიერთგაგების ფონზე ჩაიარა ამ საუბარმა. თუმცა, ამ საუბრებს შორის, ასევე, დეტალებზე მიდიოდა საუბარი მის წარმომადგენლებთან, ვისაც ის გამოაგზავნიდა ხოლმე. ბოლო შეხვედრა დაახლოებით 20 ივლისამდე შედგა. ეს იყო ერთი კვირით ადრე, ვიდრე ისინი დაასახელებდნენ საბურთალოზე კანდიდატს. იმ შეხვედრებმა ძალიან ნორმალურად ჩაიარა და შევთანხმდით იმაზე, რომ გარკვეული დეტალები უნდა გაგვევლო და ამის შემდეგ ერთიანობა უნდა გამოგვეცხადებინა. შემდგომ, უკვე შევთანხმდით, რომ კომენტარებს 2 აგვისტომდე არ გავაკეთებდით, რათა სააკაშვილსა და მის მედიას გაუგებრობის შემოსატანად არ გამოეყენებინა და 2 აგვისტოს უნდა შევხვედროდით მე და ბიძინა. დღეს კი სექტემბერია და არ შევხვედრივართ.

ბიძინა ივანიშვილმა თქვენს შესახებ აღნიშნა, რომქართული დასისლიდერი ბოლო მომენტში რაღაცამ აცდუნა და ჩვენთან მოლაპარაკება შეწყვიტაო

- ესეც იმის მაჩვენებელია, რომ არასწორ ინფორმაციას ვფლობთ. ის, რომ მე შევწყვიტე მოლაპარაკებები, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის დასადასტურებლად კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დროს ან მასთან მივიდე ოფისში, ან ვუმასპინძლო, თუკი იგი ამას ისურვებს. რაც შეეხება სიტყვას „ცდუნება“, ეს ტერმინი არ შეეფერება იმ მეგობრულ და კორექტულ ურთიერთობას, რომელიც ჩემსა და ბიძინას შორის არსებობს. ამიტომ, მე ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. უბრალოდ, ჩემი შეფასება ასეთია, რომ ეს, შეიძლება, ლინგვისტური, ტექნიკური ხარვეზი იყოს და სხვა არაფერი. ამ ეტაპზე ასე უნდა ჩავთვალოთ.

ჩვენ, ჟურნალისტებმა, ამ ეტაპზე ასე რომ ჩავთვალოთ, რომ ფრაზაში ცდუნებახომ არ მოიაზრება მინდია გულუასთან თქვენი ურთიერთობა?..

- ეს ცდუნება არ არის. იცით რა, მე ნუ მკითხავთ, ვინ რას მოიაზრებს თავის გამონათქვამში. მინდია გულუასთან თანამშრომლობა კარგია, პოზიტიურია და, ასევე, მინდა გითხრა, რომ მინდია გულუაც მზად არის, ქვეყნის გაძლიერებისა და ერთიანობისთვის ყველა ძირითად პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს.

მინდია გულუასთან თანამშრომლობის სურვილი ივანიშვილისგან არ წამოსულა. არ ჩანს ასეთი დამოკიდებულება მათ შორის. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ გაკეთებულა ასეთი განაცხადი.

- მერე რა, რომ ბიძინასგან არ წამოსულა, ჩვენ გვაქვს ასეთი სურვილი. მაშინ, ჩვენზე ნუ იტყვის, შეწყვიტა მოლაპარაკებაო.

თქვენ რომ გულუასთან გიგულათ, იქნებ, ამიტომ მოხდა ხიდის ჩატეხვა?!

- ნუ დაიბნევით. ჩვენ დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოვაცხადეთ ჩვენი ალიანსი.

მართალია, ალიანსის შესახებ ერთი კვირის წინ გამოაცხადეთ, მაგრამ, სავარაუდოდ, მანამდეც ხომ გამართავდით მოლაპარაკებებს გულუასთან?

- არა, ეს უკვე მარჩიელობაა.

ანუ, გულუას ფაქტორს გამორიცხავთ, რომ სწორედ მის გამო ვერ შედგა თანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილთან?

- ლელა კაკულია ხომ არ ვარ, რომ ვიცოდე, ბიძინა რას გულისხმობდა?

ამას იმიტომ გეკითხებით, რომ გულუასთან თქვენ გაერთიანდით.  

- მე და მინდია გულუა გავერთიანდით და, ღვთის წყალობით მოხდა ისე, რომ ურთულეს პერიოდში მე ღმერთმა მარტო არ დამტოვა და მოკავშირე გამომიჩინა.

მინდია გულუას მიმართ კითხვები იმიტომ გაჩნდა, რომ იგი მანამდე არ ჩანდა პოლიტიკურ ასპარეზზე და მას მერე გამოჩნდა, რაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში. საზოგადოებაში ეჭვები ამან აღძრა.

- რას ნიშნავს კითხვები გაჩნდა? კითხვები იმდენი მაქვს, იმდენ ვინმესთან, რომ დღე და ღამე არ ეყოფა პასუხების გაცემას.

ვისთან გაქვთ კითხვები, ბატონო ჯონდი?

- ბევრ ვინმესთან. თუ ასეთი კითხვები გაჩნდა, დაუსვით მერე გულუას. 

ხომ არ ფიქრობთ, რომ საბურთალოს მაჟორიტარად თქვენი კანდიდატურის წამოყენება იჩქარეთ?

- საბურთალო ჩემი უბანია. იცით რა არის, ვიღაცისთვის ეს არჩევნები არის ბრძოლა პარლამენტის მანდატისთვის, ჩემთვის ეს არის ბრძოლა ჩემი სამშობლოსთვის. მე რომ პარლამენტის წევრობა მდომოდა, ავდგებოდი და ჩავხტებოდი ვიღაცის სიაში და დღეს ამ შეკითხვებს არ დამისვამდით. მაგრამ მე ვიბრძვი ჩემი სამშობლოსთვის. ჩემი სამშობლოს ნაწილია საბურთალო და ქვეყნის მტერს საბურთალოს და ჩემს სამშობლოს ვერ დავუთმობ. ასეთი ტერმინოლოგია პოლიტიკაში არ არსებობს. მე შეიძლება, ბევრი რამ დავუთმო ადამიანებს, მაგრამ სამშობლოს ვერავის დავუთმობ, მით უმეტეს, ქვეყნისა და ღმერთის მტერს.

საბურთალოზე ქართული ოცნებისმაჟორიტარისა (დავით უსუფაშვილი) და თქვენს შესაძლებლობებზე რას გვეტყვით?

- მე არ ვაკეთებ ჩემი კოლეგების შეფასებებს, ამას შეაფასებს ხალხი. იმედი მაქვს, შედეგები ისეთი იქნება, რომ მეც კმაყოფილი დავრჩები და ქართული საზოგადოებაც.  

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იყო შემოთავაზება პარტიული სიის ათეულში თქვენი ყოფნის თაობაზე. ამ შემოთავაზებას რატომ არ მოჰყვა გაგრძელება?

- ჩემთვის ბრძოლა არის სამშობლოსთვის და არა პარლამენტის წევრობისთვის. ეს ყველამ უნდა გაიგოს. ვინც ახლა პარლამენტის წევრობის, მანდატისა და კვოტებისთვის იბრძვის, ის ამას ვერ გაიგებს. რამდენი ადამიანი გეგულებათ საქართველოში, რომელსაც ახლა ივანიშვილი შესთავაზებდა სიის ათეულს და ის უარს იტყოდა?! იქნებ, ამაზე დაფიქრდეთ, რამ მათქმევინა უარი? მე ხომ პრაგმატული პოლიტიკოსი ვარ, ხომ ასეთნაირად მიცნობთ და, რაკი ამაზე უარს ვამბობ, იქნებ, ვინმე დაფიქრდეს?

ანუ, ამ საუბრიდან გამომდინარე, ყველას რაღაც ინტერესი აქვს პოლიტიკაში, მათ შორის, ქართულ ოცნებაშიმყოფებსაც და თქვენ არ გქონდათ ეს ინტერესი?

- ქვეყნის გამო უნდა იბრძოდეს ყველა პატრიოტული ძალა, ოღონდ, ჩვენს კოლეგებს შორის განსხვავებაა ისაა, რომ ზოგი იბრძვის პარლამენტის წევრობისთვის (და ეს არ არის უკანონო), ჩვენ კიდევ ვიბრძვით ჩვენი სამშობლოსთვის. პარლამენტის წევრობა ჩემთვის მთავარი არ არის. ჩემთვის მთავარია, ჩემი ქვეყანა ამ ბანდისგან გავათავისუფლო, რადგან ამ ბანდასთან ერთად ჩემს სამშობლოს მომავალი არ აქვს. მანდატისთვის რომ ვიბრძოდე, მაშინ ვიქნებოდი ამ სიაში. მე საბურთალოზე დავაყენე ჩემი კანდიდატურა და მერე დააყენეს კანდიდატურები სხვებმა. მრავლად არიან კანდიდატურები, საქართველოში არის 73 მაჟორიტარული ოლქი და მე ერთ ოლქში დავაყენე ჩემი კანდიდატურა. ამიტომ, ამაზე იფიქრეთ.