NDI საქართველოს ხელისუფლების მიმართ შედარებით კრიტიკული გახდა

NDI საქართველოს ხელისუფლების მიმართ შედარებით კრიტიკული გახდა

ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შუალედური ანგარიში დადო, რომელიც 3-დან 27-მდე აგვისტოს პერიოდს ეხება. მისიის წევრებმა 24 ოლქი მოინახულეს და მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან 120-ზე მეტი შეხვედრა გამართეს.

NDI–ის საარჩევნო მისიის შეფასებით, „არ არსებობს ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ სად გადის ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის“. ამის შესახებ  დოკუმენტის იმ ნაწილშია ნათქვამი, რომელიც უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობას ეხება.

„სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის მიმართ ზოგადად დადებითია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ ზოგიერთ ბრალდებაზე მყისიერი რეაგირების უნარი გამოავლინა, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი კრიტიკულად აფასებს, თუ რა დროს ანდომებს ეს უწყება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ბრალდებებზე რეაგირებას. არსებობს გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა წარმოადგენს კანონის დარღვევად და რა არის სამთავრობო რესურსის კანონიერი ხარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი ბრალდება კამპანიის ღონისძიებების ჩასატარებლად სამთავრობო რესურსების – შენობების, ტელეფონებისა თუ მანქანების გამოყენების შესახებ, ოპოზიციური პარტიები ასევე კრიტიკულად უდგებიან ბოლო წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებში მთავრობის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს და ახალი გზებისა და ხიდების მშენებლობას, განვითარებას და გაზრდილ საპენსიო პროგრამებს ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების მაგალითად აღწერენ. ისინი ამ პროგრამებს მიიჩნევენ სახელმწიფოს მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად. მთავრობის, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრისას იკვეთება, რომ არ არსებობს ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ სად გადის ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის“ - აღნიშნულია შუალედურ ანგარიშში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაზეც NDI ყურადღებას ამახვილებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობაა. კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, პარტიების მიერ ფინანსების შესახებ სწორი ანგარიშგების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომუნიკაციისა და ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა, მაგრამ აქვე საუბარია არაპროპორციულ ჯარიმებზე.

„სამსახურის მიერ ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძის პირადი ანგარიშების დაყადაღებამ - იმ მოტივით, რომ მათ ვერ დაადასტურეს საკუთარი ანგარიშებიდან გამოტანილი მილიონობით დოლარის კამპანიის საქმიანობისთვის არმოხმარება - გაამყარა წარმოდგენა კანონის არაპროპორციული და შერჩევითი გამოყენების შესახებ. ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეების განცხადებით, აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებები დამსჯელი და „არაპროპორციული“ ხასიათისაა. ამ ქმედების სამართლებრივ საფუძვლად „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 26/1 მუხლი გამოიყენება. ანგარიშების დაყადაღების შემთხვევის და კამპანიის არალეგალური დაფინანსების გამოსავლენად გამოყენებული მეთოდოლოგიის განხილვისას აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული კანონი გაცხადებული საარჩევნო ან პოლიტიკური მიზნების მქონე პირებს „ფინანსური გამჭვირვალობის უფრო მაღალ სტანდარტებს“ უწესებს. ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის ანგარიშების შემთხვევაში აუდიტის სამსახურმა საკუთარი დასკვნა დაამყარა არა იმაზე, თუ როგორ დაიხარჯა აღნიშნული თანხები, არამედ „გონივრულ ეჭვზე“ და ამ პირების გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებად იდენტიფიცირებაზე. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა გამომდინარეობს იქიდან, რომ მტკიცების ტვირთი ბრალდებულს ეკისრება“, - აღნიშნულია შუალედურ ანგარიშში.

აქვე საუბარია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების საბანკო ანგარიშზებე ინკასოს დადებაზე და იქიდან ჯარიმის სახით თანხის ამოღებაზე ბიუჯეტის სასარგებლოდ.

„ქართული ოცნების“ მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშების დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაუგებარი იყო, რა ფორმულა გამოიყენა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტიების ანგარიშებიდან თანხის ჩამოჭრის დროს. თუმცა მოწოდებული დოკუმენტაცია ასევე არ ადასტურებდა განცხადებას ყველა პარტიული ანგარიშის გაყინვის შესახებ. იმავე კვირას, როდესაც ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ განცხადება გააკეთეს, უწყებათაშორისმა კომისიამ აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეკომენდაციით მიმართა და ბიუროც დათანხმდა, გადაედო ჯარიმის ამოღების აღსრულება. ეს შემთხვევა ადასტურებს, რომ ხელისუფლება კამპანიის ფინანსების კანონის გამოყენებისა და აღსრულებისას რიგ გამოწვევებს აწყდება.

აღნიშნულ საკითხს კიდევ უფრო ართულებს კამპანიის ფინანსების კანონისადმი „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, რაც აისახება განმეორებით განცხადებებში, რომ კოალიციის ლიდერები უარს აცხადებენ, გადაიხადონ მათი შეფასებით, „უკანონო ჯარიმები“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთანავე, NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანი საარჩევნო კანონების მიღების, ოპოზიციას კი ამ კანონებისადმი დამორჩილებისკენ  მოუწოდებენ.

„ორ უდიდეს საარჩევნო სუბიექტს შორის პოლარიზაცია იზრდება იმ რიტორიკის შედეგად, რომელშიც ოპონენტები ერთმანეთს, ერთი მხრივ, საქართველოს სუვერენიტეტისთვის და მეორე მხრივ, დემოკრატიულობისთვის ფუნდამენტურ  საფრთხედ წარმოაჩენენ. ეს რიტორიკა საარჩევნო გარემოს  მიმართ უნდობლობას ამძაფრებს და განპირობებულია როგორც  მმართველი პარტიის, ისე „ქართული  ოცნების“ ქმედებებით,  რაც თავის მხრივ, მცდარ წარმოდგენებს ქმნის და არჩევნების  მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს. მთავრობა  ვალდებულია, სამართლიანი საარჩევნო კანონებიმიიღოს და  ისინი მიუკერძოებლად აღასრულოს. ოპოზიცია ვალდებულია,    კანონს დაემორჩილოს. მონაწილე მხარეების ქმედებები ტოვებს  შთაბეჭდილებას, რომ პოლიტიკური უპირატესობის მოპოვების  მიზნით ორივე მხარე დროდადრო ცდილობს ამ პასუხისმგებლობებს თავი აარიდოს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

რას ფიქრობენ საქართველოში NDI-ს შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით? ხომ არ არის ეს დასკვნა წინა ამგვარ დოკუმენტებთან შედარებით ხელისუფლების მიმართ უფრო კრიტიკული?

პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი for.ge-სთან საუბარში ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ NDI უწყებათშორისი კომისიის კრიტიკას ერიდება. ექსპერტი აცხადებს, რომ უწყებათშორის კომისიაა საქართველოში სიტუაციის გაკეთილშობილებისკენ სერიოზული ნაბიჯი არ გადაუდგამს, უკეთეს შემთხვევაში ცალყბა განცხადებებს აკეთებს იმის თაობაზე, რაც სრულიად მიუღებელია არა მხოლოდ ქართველი ამომრჩევლისთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც.

„მინდა გითხრათ, რომ ამასაც უშედეგოდ აკეთებს. მახსოვს გულაჩუყებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ არჩევნებამდე ყველას თავი უნდა შეეკავებინა რაიმე მოტივით ადამიანების სამსახურებიდან დათხოვნისგან, მით უმეტეს იმ ადამიანების, რომლებიც რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებულები არიან. თუმცა ესეც დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, რითაც თავად ამ კომისიის ხელმძღვანელობა დარჩა კმაყოფილი. ეს ფსევდოდემოკრატიული მანევრები ქართული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ხოლო ის, რომ ქართულ რეალობაში მმართველ პარტიასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ზღვარს NDI-ც ვერ ხედავს, ვფიქრობ ქართული საზოგადოებისთვის უფრო მკაფიო და დამაჯერებელი იქნებოდა, თუ ეს ორგანიზაცია ამგვარი ვითარების რაიმე მაგალითს მოიყვანდა. ხომ არ შეიძლება, რომ ეს „ნაციონალური მოძროაბის“ ნოუ-ჰაუ იყოს. იქნებ ჩვენი საზოგადოებისთვის საბჭოთა წარსული მაინც შეეხსენებინათ, ვისი გამოცდილებაც ჩვენი ქვეყნის არაერთ თაობას კარგად ახსოვს, როდესაც სახელმწიფო და პარტიულ ორგანიზაციებს შორის განსხვავება არ არსებობდა“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

მისი აზრით, ეს პირველი საჯილდაო ქვა არის თავად NDI-ისთვის, რომლის ვაშინგტონელი ხელმძღვანელების საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებს აჟღერებს ირაკლი კაკაბაძე, გვარებისა და თანხების დასახელებით, და არც ერთი მხრიდან არავინ უარყოფს ასეთი გარიგებების არსებობას. რაც შეეხება ქართულ საზოგადოებაში გაჩენილ მოსაზრებას, რომ თითქოს NDI-ს ტონი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ცოტა გამკაცრებულია, სოსო ცისკარიშვილი აღნიშნავს:

„როცა საქმე არ არის ციფრებზე, რასაკვირველია, ზოგადად საუბარი უფრო ადვილია. კარალეთისა და მერეთის ხსენება, სადაც თურმე ვერ დაუდგენიათ, როგორ დაიწყო ეს ინცინდენტები (ანუ შეიძლება ეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყოფილიყვნენ) ბევრ მინიშნებაზე უფრო მკაფიო, მყვირალა ფრაზა გახლავთ. ამიტომ, იქნებ თვითონ დაინტერესებულიყვნენ ამის გარკვევით და დაინტერესებულიყვნენ იმით, თუ ვინ როგორ დაისაჯა ამ ინცინდენტის გამო. ასევე ხომ არ უნახავთ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე აქციაზე მივარდნილი „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც ამ შეხვედრის ჩაშლას აპირებდნენ. როდესაც ამაზე მკაფიოდ და ღიად არ ლაპარაკობ, ძალაუნებურად გამძიმებს საკუთარი კვლევებით გამოქვეყნებული ციფრებიც. რაც მალე განთავისუფლდება ამ კომპლექსისგან NDI, მით უკეთესი ზოგადად დემოკრატიისთვის“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია ხელისუფლებას და ოპოზიციას ათანაბრებს და პასუხისმგებლობას ერთნაირად აკისრებს, ეს სულ მცირე მათ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს.

„როგორ შეიძლება ხელისუფლება და ოპოზიცია შეფასებებში გაათანაბრო, მაშინ, როდესაც ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, ხოლო ოპოზიციას ყოველთვის უნდა ჰქონდეს გარკვეული ხანდიკაპი. თავისი ბუნებით პასუხისმგებლობითაც ისინი ყველანაირად განსხვავდებიან, ხოლო როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია მათ ათანაბრებს, ეს სულ მინიმუმ მის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს“, - ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, კარგია და მისასალმებელია, რომ NDI-მ გარკვეული შეფასებები გააკეთა არაადექვატურ ჯარიმებთან დაკავშირებით, მაგრამ ასე შუაში დგომით არაფერი გამოვა.

„ობიექტურობა არის საჭირო. დიდი მადლობა, რომ რაღაცის შემჩნევა დაიწყეს, თუმცა მათ ტონალობაში მაინც იგრძნობა, რომ მათ სურთ, ქართულ საზოგადოებას მცირე შესწორებებით გადაურჩნენ, ანუ ობიექტურობანა ითამაშონ. ობიექტურობა არ არის სათამაშო, ობიექტური ან ხარ, ან არ ხარ. ისაუბრო ობიექტურობაზე, რომ რაღაცაზე თვალი აგეხილა და ამ დროს პროცესთან დაკავშირებით ხელისუფლების და ოპოზიციის ერთნაირ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობ, ღრმად არასერიოზულია და არაპროფესიონალურია“, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.