ლაფანყურის სპეცოპერაციას ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევებისთვის გამოიყენებენ

ლაფანყურის სპეცოპერაციას ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევებისთვის გამოიყენებენ

  "ლაფანყურის სპეცოპერაციას ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევებისთვის გამოიყენებენ“, - აცხადებს დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე For.ge-სთან საუბრისას განმარტა, 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სულ რაღაც რამდენიმე დღეში, 11 ოქტომბერს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს, საქართველოში ყოფნის ვადა ეწურება. სწორედ ამას გამოიყენებს ხელისუფლება, რათა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან გააძევოს.
მეტიც, დიმიტრი ლორთქიფანიძე დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი ყოველნაირად შეეცდება, ივანიშვილს საქართველოში ყოფნის ვადა არ გაუხანგრძლივოს.

„ეს არის ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გაგრძელება, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს, 11 ოქტომბერს ეწურება სავიზო რეჟიმის ვადა. მიიღებს თუ არა ხელისუფლება გადაწყვეტილებას ამ ვადის გაგრძელების თაობაზე, სწორედ ეს არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ის ფონი, რომელიც დღეს მზადდება სამხედრო კონფრონტაციის ანტურაჟის ქვეშ, მიგვანიშნებს, რომ ეს არის მხოლოდ უვერტიურა და ამას აუცილებლად ექნება გაგრძელება“.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ლაფანყურის ინციდენტი არ იქნება უკანასკნელი და უსაფრთხოების შემცველი გარემოებების შესახებ თითიდან გამოწოვილი სხვა „გაფრთხილებაც“ საზოგადოებას თავს შეახსენებს.

ასე რომ, დეპუტატის პროგნოზით, 11 ოქტომბრამდე სპეცოპერაციის მორიგ სერიალებს უნდა ველოდოთ. მეტიც, დიმიტრი ლორთქიფანიძე მიანიშნებს, რომ  არაერთ ექსპერტს გაუკეთებია ამის შესახებ განცხადება. კერძოდ, შესაძლოა, სექტემბრის შუა პერიოდში კიდევ უფრო დაიძაბოს ვითარება ამ კუთხით, რადგან ხელისუფლება არ მოერიდება არანაირი სცენარის გათამაშებას იმისთვის, რომ არჩევნებში სასურველ შედეგს მიაღწიოს. „მათთვის ხომ მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას,“ - მიიჩნევს ოპოზიციონერი დეპუტატი.

ამასთან, დიპლომატებისა და ბიძინა ივანიშვილის მჭიდრო შეხვედრების მიუხედავად, დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მაინც გარისკავს და ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევებას შეეცდება.

„ხელისუფლებას დასაკარგი არ აქვს, რადგან ეს არის კრიმინალური ბანდა, რომელიც უკანასკნელ რესურესებს გამოიყენებს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კარგად აცნობიერებენ საკუთარ მომავალს გისოსებს მიღმა“.

აქვე დეპუტატი, მსგავსად „ენვერის“ სპეცოპერაციისა, სხვა დადგმულ სპეცოპერაციებზეც საუბრობს. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, რომ ტელემაყურებელს ტელეეთერის მეშვეობით  სპეცოპერაციების შესახებ გადაღებულ მორიგ ფილმებს აჩვენებენ. ეს ყველაფერი კი იმისათვისაა საჭირო, რომ მმართველი გუნდის ქმედებები სამართლებრივი თვალსაზრისითაც გამყარდეს.

„უკვე ვიხილეთ ფილმები „ენვერისა“ და მსგავსი სპეცოპერაციების შესახებ. ამდენად,  საფუძვლიანია მოლოდინი, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციას ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებენ, რასაც შემდეგ მისთვის საქართველოში ყოფნის ვადის გახანგრძლივების წინააღმდეგ გამოიყენებენ“.

დეპუტატის აზრით, სწორედ ამ ფილმს წარუდგენენ საერთაშორისო საზოგადოებას და ამით საკუთარი გადაწყვეტილების გამართლებას შეეცდებიან.

„არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი ემზადებიან მორიგი სცენარის გათამაშებისთვის, რომელიც ისევ და ისევ დოკუმენტური ფილმის სერიალების გადაღებასთან არის კავშირში. ჩვენ გვახსოვს ნიკა გვარამიას პროდიუსერობითა და რეჟისორობით შესრულებული არაერთი „შედევრი“ და როგორც ჩანს, სიტუაციის ესკალაცია დაკავშირებული იქნება სწორედ მსგავსი პროდუქციის გამოშვებასთან“, - აღნიშნა დიმიტრი ლორთიფანიძემ.

მანვე ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის არადამაჯერებლობაზე ისაუბრა. კერძოდ, მას აეჭვებს მძევლად აყვანილი ახალგაზრდები, რომლებიც სახლიდან უბრალო ჩუსტებით გავიდნენ და ფეხსაცმელებით შემოსილნი  დაბრუნდნენ. რა გარემოებებში მოხდა საზღვრის დარღვევა, რატომ არ მოხდა საზღვრის დარღვევის დაფიქსირება და ვინ აგებს ამასთან დაკავშირებით პასუხს? ხელისუფლების მხრიდან რატომ არ კეთდება რაიმე განცხადება პასუხისმგებელ პირთან დაკავშირებით? ვინაიდან 20 კაციანი შეიარაღებული ჯგუფის სახელმწიფო საზღვარზე გადმოსვლის ფაქტი, მინიმუმ, იმ პირების პასუხისმგებლობას უნდა იწვევდეს, რომელთაც სახელმწიფო საზღვრის დაცვა ავალიათ.

ადვოკატ არჩილ კბილაშვილს ნაციონალების ქმედებისა და მათი „მრავალმხრივი ჩანაფიქრის“ ირგვლივ პროგნოზის გაკეთება უჭირს. თუმცა მიიჩნევს, რომ იურიდიულად, რამდენიმე გარემოების გამო, ბიძინა ივანიშვილის გაძევება გამორიცხულია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი კი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ოჯახის წევრები საქართველოს მოქალაქეები ჰყავს, რომლებიც აქ ცხოვრობენ და ეს დაუშვებელს ხდის მის გაძევებას, თუნდაც მისი აქ ყოფნის ვადა იყოს გასული.

ადვოკატის თქმით, არსებობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი პრეცედენტები, რომლებიც მსგავს შემთხვევაში, კრძალავს ოჯახის წევრის ექსტრადაციას. ამ შემთხვევაში, ეს განიხილება ოჯახიდან მოწყვეტად, რაც დაუშვებელია. თუ მეუღლეთაგან ერთ-ერთი გაძევებული იქნება ქვეყნიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ ამით ირღვევა ოჯახის მთლიანობა და, შესაბამისად, - ევროკონვენცია.

„ბიძინა ივანიშვილის კონტექსტში „ენვერის“ მსგავსი ფილმების გამოჩენას არ გამოვრიცხავ. ასეთ აზრს აქვს არსებობის უფლება. იმ აზრსაც აქვს არსებობის უფლება, რომ შესაძლოა, ექსტრადიციის ანუ გაძევების საკითხი მაინც მოაწყონ. ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია. თუმცა, დასავლეთის რეაქცია ამაზე ცალსახად უარყოფითი იქნება. სწორედ ეს არის ერთადერთი შემაკავებელი ბერკეტი, რომ ასეთი რამ არ მოხდეს“, - აცხადებს არჩილ კბილაშვილი და დღემდე ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან გაუძევებლობის ძირითად პირობად არა კანონის უზენაესობას, არამედ დამკვირვებელთა მისიის, უცხოური ორგანიზაციების თუ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას უკავშირებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისადმი სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილ ყველა უსამართლობას მკვეთრად გმობენ და მომავალშიც დაგმობენ.

„ალბათ, ესენი დღემდეც გააძევებდნენ ბიძინა ივანიშვილს, რომ არა ეს შემაკავებელი ფაქტორი,“ - გვითხრა არჩილ კბილაშვილმა.