ბრაზილია ეკონომიკის გადარჩენისათვის იბრძვის

ბრაზილია ეკონომიკის გადარჩენისათვის იბრძვის

ბრაზილიის ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკის განმტკიცებისათვის მასშტაბური პროგრამა შეიმუშავა, რომლის მოცულობა 65,5 მილიარდი დოლარი გახლავთ. ეს ფული განკუთვნილია საავტომობილო და სარკინიგზო გზების, აეროპორტების და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და გაუმჯობესებისაკენ. ამგვარად ქვეყნის მთავრობა ცდილობს ინვესტორთა ნდობა მოიპოვოს და ბრაზილიის ეკონომიკას ზრდის ადრინდელი, მაღალი ტემპი დაუბრუნოს.

ამასთან, ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა განაცხადა, რომ განხორციელდება ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის პრივატიზაცია და ამ სფეროში დიდძალი ინვესტიციები ჩაიდება. პროგრამის ძირითადი ნაწილი 9 საავტომობილო და 12 სარკინიგზო მაგისტრალის ინვესტორთათვის შეღავათიან მართვაში გადაცემა იქნება. “ჩვენ სარკინიგზო და საავტომობილო გზებით ვიწყებთ, შემდეგ კი აეროპორტებისა და საზღვაო პორტების მშენებლობას შევუდგებით”, - განაცხადა პრეზიდენტმა ქვეყნის პოლიტიკოსებთან და მსხვილ ბიზნესმენებთან შეხვედრისას.

2010 წელს ბრაზილიის ეკონომიკა 7,5 პროცენტით გაიზარდა, რაც უკანასკნელი ორი ათწლეულის საუკეთესო შედეგი იყო. მაგრამ გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2,7 პროცენტამდე შენელდა. წელს ანალიტიკოსები ბრაზილიის ეკონომიკას 2 პროცენტიან ზრდას უწინასწარმეტყველებენ, რაც, ცხადია, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

ექსპერტები თვლიან, რომ ბრაზილიის ეკონომიკის ზრდას ამუხრუჭებს განუვითარებელი ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი. ამის გამო იზრდება სახელმწიფოს დანახარჯები და ნელდება მრეწველობის განვითარება.

ბრაზილიის ხელისუფლება ინვესტორებს 10 ათასი კმ სარკინიგზო და 7,5 ათასი კმ საავტომობილო გზის აშენებაში ფულის ჩადებას შესთავაზებს. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, ეს ზომები ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალების ქმედითუნარტიანობას გააორმაგებს.

ინვესტიციების ნახევარზე მეტი უახლოეს ხუთ წელში მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება. დანარჩენი კი 25 წელზე გადანაწილდება. ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა შეღავათიანი პირობებით განხორციელდება.

აღნიშნულის გარდა ბრაზილიის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს მრეწველობისათვის ენერგიის ღირებულება 10 პროცენტით შეამციროს. ამისათვის რამდენიმე ფედერალური გადასახადის შემცირებაა დაგეგმილი.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ბრაზილიის მთავრობა სწორად იქცევა, რადგან სუსტი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად ამუხრუჭებს. მაგრამ ერთია განცხადებების კეთება და მეორე, პროგრამების რეალობაში განხორციელება. საქმე იმაშია, რომ ბრაზილიას, ისევე, როგორც ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობას ინფრასტრუქტურის განვითარების გამოცდილება თითქმის არ აქვს.

გარდა ამისა, ეს მართლაც მასშტაბური პროგრამა, რომლის მოცულობა ბრაზილიის შიდა პროდუქტის მოცულობის 11 პროცენტს შეადგენს, ეკონომიკის მასტიმულირებელ შედეგს შედარებით შორეულ მომავალში გამოიღებს. ხოლო გლობალური რეცესიის შემთხვევაში მისი ეფექტი ძალიან შორეული მომავლის საქმე იქნება.

ადრე ბრაზილიამ უკვე მიჰყიდა ინვესტორებს სამი ადგილობრივი აეროპორტის რეკონსტრუქციისა და მართვის უფლება, რომ 2014 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისათვის მზადება დაჩქარებულიყო. ახლა მათ კიდევ რამდენიმე აეროპორტი დაემატება. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია საზღვაო პორტების მოდერნიზება. საქმე ისაა, რომ კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება ბრაზილიაში 2-ჯერ ძვირია ვიდრე ჩინეთში და 1,5-ჯერ ძვირი ვიდრე ინდოეთში. თანაც, ბრაზილიური პორტები ტვირთის გადაზიდვისას დიდი დაგვიანებით არის განთქმული.

თქმა არ უნდა, ბრაზილიის ეკონომიკის მამუხრუჭებელი პრობლემების აღმოფხვრა მას კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთ სწრაფად განვითარებად ქვეყნად აქცევს. მთავარია, რეფორმები სწრაფად და ხარისხიანად განხორციელდეს და გლობალურმა რეცესიამ თავისი დაღი არ დაასვას.