„თავდაუსხმელობის ხელშეკრულება მხოლოდ რუსეთთან შეიძლება გაფორმდეს და არა მის მარიონეტებთან“

„თავდაუსხმელობის ხელშეკრულება მხოლოდ რუსეთთან შეიძლება გაფორმდეს და არა მის მარიონეტებთან“

[გეგა ბერიძე]
„კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე“ ჟენევაში დისკუსიების მორიგი უშედეგო რაუნდი გაიმართა. წინასწარი მუქარების მიუხედავად, ცხინვალის უკანონო რეჟიმმა მე–12 რაუნდში მონაწილეობა მაინც მიიღო. კრემლის მარიონეტები თბილისთან „მშვიდობისა და საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ“ შეთანხმებას მოითხოვენ, რაზეც კატეგორიულ უარს იღებენ. საქართველო ასეთ შეთანხმებას გააფორმებს მხოლოდ რუსეთთან, როგორც კონფლიქტის რეალურ მხარესთან და არა მის ყურმოჭრილ მონებთან.

რაც შეეხება კონკრეტიკას, ჟენევის დისკუსიების მორიგი, მე-12 რაუნდი ერთადერთი შედეგით – მომავალი შეხვედრის თარიღზე შეთანხმებით დასრულდა. მე-13 რაუნდი 14 ოქტომბერს გაიმართება. მიუხედავად ბოლო თვეების ინციდენტებისა, მხარეებმა კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარება სტაბილურად შეაფასეს.

დისკუსიების თანათავმჯდომარემ ეუთო-დან ბოლატ ნურგალიევმა ყურადღება გაამახვილა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შემუშავების ჯგუფის შეხვედრების აუცილებლობაზე. ნურგალიევთან ერთად, დისკუსიების თანათავმჯდომარებები იყვნენ ანტი ტურენენი გაერო-დან, პიერ მორელი – ევროკავშირი-დან.

„საჭიროა დისკუსიების ყველა მონაწილის შეთანხმებული ქმედებები, რათა დაცული იყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების პრინციპი“, – ნათქვამია მხარეების მიერ მიღებულ კომუნიკეში. რუსეთის დელეგაცია ქართული მხარის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ რეზოლუციის გაერო-ში შეტანის წინააღმდეგ გამოვიდა. განცხადებები გააკეთეს სეპარატისტების წარმომადგენლებმაც.

„საქართველო და აშშ კვლავ ეწინააღმდეგებიან თავდაუსხმელობის დოკუმენტის მიღებას, რაც მოლაპარაკებების წინსვლას შეუძლებელს ხდის. ამერიკული მხარე კვლავ შეგნებულად არიდებს თავს საკითხის დეტალურ განხილვას. ყველა პრობლემა, რომელიც წარმოიშვა, თანათავმჯდომარეების არაკონსტრუქციული პოზიციის ბრალია. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აპირებს, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შექმნილი სიტუაციის გადაწყვეტაში დახმარება სთხოვოს“, – განაცხადა ე. წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის რწმუნებულმა პოსტკონფლიტური დარეგულების საკითხებში“ ბორის ჩოჩიევმა.

ქართული მხარე კი პოზიციის შეცვლას არ აპირებს – თავდაუსხმელობის ხელშეკრულება ცხინვალთან და სოხუმთან ხელმოწერილი არ იქნება, რადგან საქართველო კონფლიქტში აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს მხარედ არ აღიარებს; ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის, რადგან კონფლიქტის წამომწყები რუსული მხარეა. ხელშეკრულების გაფორმებას მხარს არც ეუთო, გაერო და ევროკავშირი უჭერენ.

ასეთი, ერთი შეხედვით ჩიხური მდგომარეობის მიუხედავად, ევროკავშირი აფხაზეთთან იწყებს პოლიტიკას სახელწოდებით „თანამშრომლობა აღიარების გარეშე“. ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები აცხადებს, რომ პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, „აფხაზეთში არის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს“. ამავე დროს პიტერ სემნების დასძენს, რომ „ჰააგის სასამართლოს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე გავლენას არ მოახდენს“. თუმცა სოხუმი იმედს არ კარგავს, რომ მიმართვის შემთხვევაში, ჰააგის სასამართლო აფხაზეთის დამოუკიდებლობასაც აღიარებს.

ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით კი, კოსოვოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის არანაირი სამართლებრივ–პოლიტიკური ანალოგიები არ არსებობს. ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი განსხვავება კი ის არის, რომ კოსოვოში ეთნიკური კოსოვარების ეთნოწმენდა განხორციელდა, ხოლო აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 500 ათასზე ქართველი დევნილი მშობლიური სახლ–კარიდან არის გამოდევნილი. კოსოვოს პრეცენდენტზე ბევრი საუბრებისგან თავს იკავებენ მოსკოვშიც, სადაც გრძნობენ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობასაც ეს საფრთხე ღიად დაემუქრება.

ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები აცხადებს, რომ პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, „აფხაზეთში არის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს“. ამის შესახებ სემნებიმ „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჰუმანიტარული კუთხით აფხაზეთში ბევრი რამ უკვე გაკეთებულია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ასევე შეიძლება გარკვეული საკითხების მოგვარება საგანმანათლებლო პროგრამების განხორცილების მიმართულებით. გარდა ამისა, შეიძლება, სატრანსპორტო საკითხები იქნეს განხილული. კერძოდ, არსებობს იმის პოტენციალი, რომ სამხედრო გზის არტერია აღდგეს. არის კიდევ ერთი სფერო, რომელიც ბევრს გვპირდება და რომლის ირგლივ თანამშრომლობა შეიძლება – კონტრაბანდასთან და დანაშაულთან ბრძოლა. ყველა ეს საკითხი, პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, აუცილებლად უნა მოგვარდეს, რადგან ეს ყველას ინტერესებში შედის. ასე, რომ, არის ბევრი სფერო, სადაც თანამშრომლობა შესაძლებელია“, – აცხადებს სემნები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები სოხუმში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

პიტერ სემნების განცხადებით, „ჰააგის სასამართლოს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე გავლენას არ მოახდენს“.

„მე ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების პრაქტიკული ზეგავლენა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე, რომც იყოს, უმნიშვნელო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებს ერთმანეთს ხშირად ადარებენ, რეალურად ეს სრულიად განსხვავებული მოვლენებია. ის გარემოება, რომ როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ამ ორ საკითხს იდენტურს არ ხდის“, – აცხადებს სემნები.

ამასთან, მისივე განმარტებით, საერთაშორისო სასამართლოს თავად ფაქტის კანონიერების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

„სასამართლომ გადაწყვეტილება ერთ კონკრეტულ საკითხზე მიიღო – იყო თუ არა კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია საერთაშორისო სამართლის დარღვევით მიღებული, არსებობს თუ არა საერთაშორისო სამართალში მსგავსი დეკლარაციების მიღების აკრძალვა. სასამართლოს არ განუხილავს საკითხი, ჰქონდა თუ არა კოსოვოს დამოუკიდებლობის უფლება და ამ დეკლარაციის სამართლებრივი გამოყენების შესაძლებლობები“, – განმარტავს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი.

თუმცა სოხუმი იმედს არ კარგავს, რომ შესაბამისი მიმართვის შემთხვევაში, ჰააგის სასამართლო აფხაზეთის დამოუკიდებლობასაც აღიარებს. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეფასებით, გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ ერების თვითგამორკვევის უფლება დაადასტურა.

როგორც სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება აფხაზეთის არგუმენტებს უფრო მეტ წონას მატებს.

„თუ აფხაზეთი ჰააგის სასამართლოს მიმართავს, დარწმუნებული ვარ, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამასთან, ჩვენ კოსოვოზე მეტი ისტორიული, იურიდიული და მორალური საფუძველი და არგუმენტები გვაქვს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარონ. გაერო-ს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ექსპერტები ძველებურად კატეგორიულად ვეღარ იტყვიან, რომ აფხაზეთს თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლება არ აქვს“, – აცხადებს შამბა.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ კოსოვოს დამოუკიდებლობა 22 ივლისს აღიარა.

საგულისხმოა, რომ ჰააგის მიერ კოსოვოს აღიარებაზე ნაკლებად საუბრობენ მოსკოვში. რუსეთი არ აპირებს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას და სხვა ქვეყნებსაც იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდებს. კრემლში იციან, რომ ეს საშიში პრეცენდენტი ადრე თუ გვიან სწორედ რუსეთის ტერიტორუილ მთლიანობას დაემუქრება. თუმცა თვითონ აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და იქ ახალ–ახალ „ერთობლივ ღონისძიებებსაც“ აწყობენ. მაგალითისთვის, ამ დღეებში შავ ზღვაში რუსეთისა და აფხაზეთის ფლოტების სამხედრო-საზღვაო სწავლება დაიწყო. აფხაზური მხრიდან სწავლებაში სანაპირო დაცვის ძალები იღებენ მონაწილეობას.

ორკვირიანი წვრთნების დროს მხარეები „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის აღკვეთაში ივარჯიშებენ.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის სექტემბერში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა დე ფაქტო საზღვაო ძალებს ქართული გემების მიერ „საზღვაო საზღვრის“ დარღვევის შემთხვევაში ცეცხლის გახსნის ბრძანება მისცა. იმავე წლის დეკემბერში „აფხაზეთის საზღვრის“ უკეთ დაცვის მიზნით ოჩამჩირის პორტში ორი რუსული სასაზღვრო კატერი – „სობოლი“ და „მანგუსტი“ შევიდნენ.

ოკუპანტებს ვინ გამოეხმაურებოდა თუ არა შორეული ვენესუელას დამთხვეული პრეზიდენტი უგო ჩავესი. იგი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს დაჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთს ეწვევა და ვენესუელადან აფხაზეთში რამდენიმე გემს გაგზავნის, თუმცა არ დაუკონკრეტებია, სამხედრო გემები იქნება ეს თუ სავაჭრო.

ბაღაფშის ვენესუელაში ვიზიტის ბოლო დღეს კარაკასში ვენესუელასა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ხელი მოეწერა ასევე მეგობრობისა და თანამშრომლობის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და პოლიტიკური დიალოგის დაწყების შესახებ ხელშეკრულებებს.

როგორც ერთობლივი პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ უგო ჩავესმა განაცხადა, ვენესუელა აფხაზეთს ყველა სფეროში დაუჭერს მხარს და აფხაზეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში პოლიტიკურ დახმარებას გაუწევს.

ამასთან, ჩავესი აფხაზეთს დახმარებას ლათინურ ამერიკასთან, კერძოდ, პარაგვაისთან, ურუგვაისთან, კუბასთან, ბოლივიასთან, ეკვადორთან, ბრაზილიასა და არგენტინასთან ინტენსიური კავშირის დამყარებაშიც ჰპირდება.

შეგახსენებთ, რომ 17-დან 25 ივლისის ჩათვლით აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი ვენესუელასა და ნიკარაგუას სტუმრობდნენ.

ბაღაფშის სამხრეთ ამერიკულ ვიზიტს და უგო ჩავესის განცხადებებს თბილისშიც გამოეხმაურნენ. პარლამენტის ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, „როგორც ჩანს ჩავესმა აფხაზეთში ვენესუელური გემების გაგზავნის შესახებ განცხადება ძალიან სარფიანად გაყიდა“.