„ფაშინიანის ამბავი გვიახლოვდება, ფაშინიანს თავად ეპოქა ქმნის, ვითარება ქმნის გმირს, პიროვნებას“

„ფაშინიანის ამბავი გვიახლოვდება, ფაშინიანს თავად ეპოქა ქმნის, ვითარება ქმნის გმირს, პიროვნებას“

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში რევოლუციურ სცენარს არ გამორიცხავს და გაერთიანებული ოპოზიციის 16 დეკემბრისთვის დაგეგმილი აქციის განვითარებასთან დაკავშირებით „მკაფიო შავ წერტილსა“ და „ფერმკრთალ წერტილზე“ საუბრობს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ წერტილი უნდა დაუსვას. თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, თუ ივანიშვილს არ აღმოაჩნდება კეთილგონიერება და გარკვეული ხასიათის დათმობებზე არ წავა, ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი.

„16 დეკემბერი ეს არის გრიგოლ ვაშაძის მართული პროცესი. ამ პროცესს მან უნდა დაუსვას წერტილი – ან ძალიან მკაფიო შავი წერტილი, ან ფერმკრთალი წერილი. ძალიან მკაფიო შავი წერტილი, ჩემი აზრით, არის ორი რამ – ან ხელისუფლებას, უკეთეს შემთხვევაში, ვათმობინებთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და გრიგოლ ვაშაძემ ეს უნდა შეძლოს რამენაირად, ხალხის მხარდაჭერით, ან, უარეს შემთხვევაში, ვერ მოხდება სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება.

ფერმკრთალი წერტილი არის ერთი რამე, ივანიშვილს ხახვივით შერჩება სალომე ზურაბიშვილის კარტოფილით გაპრეზიდენტება. სალომე ზურაბიშვილისთვის გაპრეზიდენტებაში ხელის შეშლა არის მათი გადასაწყვეტი, თუ ექნებათ ამაზე სცენარი. პირდაპირ ვთქვათ, არ მაქვს არაფერი საკეკლუცო და სათაკილო, რომ სიტყვა რევოლუცია ვიხმარო“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუკი საარჩევნო გარემო არ შეიცვლება და, თუ არჩევნები არ ჩატარდება ნორმალურად, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, საქართველო მიიღებს რევოლუციას. როგორც ყოფილი დეპუტატი აცხადებს, სომხეთის ამბავი გვიხლოვდება და ამბობს, რომ რევლუციური სცენარით მოვლენების განვითარებას არ ემხრობა.

„სალომე ფაქტორია დღეს, ძალიან საეჭვო არჩევნებში მოიგო, მაგრამ ფაქტორია. სალომე ზურაბიშვილი რომ პრეზიდენტად არ ვაღიაროთ, დავამხოთ და რევოლუცია მოვაწყოთ, ამას მოყვება უვიზო რეჟიმის გაუქმება, მთელი ამბები, გადაგვისვრიან უკან. ამიტომ, ეს არის ფაქტორი, სალომესთვის უნდა დავტოვოთ ღია ოპოზიციური კარიბჭე.

„მრგვალმა მაგიდამ“ გააკეთა თავის დროზე ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს. „მრგვალმა მაგიდამ“ იმუშავა საარჩევნო გარემოზე, საარჩევნო გარემოთი მიაწვა კომუნისტურ ხელისუფლებას, უკეთეს პირობებში დაანიშნინა არჩევნები და დაამარცხა. ფაშინიანის ამბავი გვიხლოვდება, ფაშინიანს თავად ეპოქა ქმნის, ვითარება ქმნის გმირს, პიროვნებას“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

ოქრუაშვილი–სანიკიძეს გეგმები მიუღებელია ხელისუფლებისთვის. ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ სანიკიძეს ერთი გზა დარჩენია, სკანდალური განცხადება გააკეთოს, რათა როგორმე დაუბრუნდეს პოლიტიკურ ველს.

„სამწუხაროა, რომ სანიკიძე ინტელექტუალურ რესურსს მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ თავი რადიკალური განცხადებებით წარმოაჩინოს. საზოგადოებამ იცის სტაბილურობის ფასი და იცის, თუ რა ფასად დაგვიჯდა ის, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ“, – აცხადებს გია ვოლსკი.

პროცესების რევოლუციური სცენარით განვითრებას გამორიცხავს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ნამდვილად ჰყავს მხარდამჭერები და საკმაოდ სოლიდური რაოდენობა, საქმე მარტივად არ არის.

„ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ოპოზიციაზე, დასაფიქსირებელია ამომრჩევლის გადანაწილება – 800 ათასი და მილიონ 100 ათასი. ორივე მხარის რეალური მხარდამჭერი არის 600 ათასი ამომრჩეველი, ანუ პირველი ტურის შედეგები. დანარჩენი ხმები მეორე ტურში როგორ გადანაწილდა, ეს ცალკე თემაა. ეს არ არის ის ხმები, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ხმებია, ვნახოთ, როგორ დაჯგუფდება ვითარება. ჯერჯერობით ასე მარტივად არ ჩანს.

მიუხედავას იმისა, რომ პროპაგანდისტული მანქანა კარგად მუშაობს და მიუხედავად ბევრი რამისა, მოსახლეობაში რევოლუციური განწყობა არ არის. აქ მნიშვნელოვანი იქნება როგორ იმოქმედებს ხელისუფლება, ხელისუფლების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, თუ ხელუსუფლება ჭკვიანად მოიქცევა, მას შეუძლია პროცესი 2020 წლამდე მიიყვანის.

„რთულია პროგნოზის გაკეთება როგორ იმოქმედებს ხელისუფლება, რადგან თავად არ შეუძლიათ სააკუთარი ქმედების პროგნოზირება. ყველა რევოლუციას შევესწარი რაც კი მოხდა ამ ქვეყანაში. მშვენივრად ვიცი, როდის რა განწყობებია, რომელი ძალები საიდან და როგორ ერევიან, რა განლაგებებია და ა.შ. ასეთი რამე დღეს არ ჩანს. პროტესტი იქნება, იქნება მუდმივი ზეწოლა, მაგრამ არა რევოლუცია.

რევოლუციის მოწოდება შორიდან ადვილია, მაგრამ როცა აქ ხარ, მაშინ არის ძნელი. სააკაშვილი ჩამოვა კი? ჯერ ერთი მას პასპორტს არავინ დაუბრუნებს და მეორე, რომც დაუბრუნონ ასე ადვილია რომ ჩამოვიდეს? რომ ჩამოვიდეს მაშინ ხელისუფლებამ უნდა დააპატიმროს. თუ ხელისუფლება წინასწარ კაპიტულაციას აცხადებს, ესეც არ ვიცი. ამიტომ, ასე რევოლუციის ძახილით რევოლუცია არ ხდება. ოპოზიციას არ აქვს ის მხარდაჭერა, რომ ხალხი რევოლუციას გაყვეს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

დღევანდელი მდგომარეობით რევოლუციის საფრთხეს ვერ ხედავს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, ამის რესურსი დღევანდელ კომპრომიტირებულ ოცოზიციას არ აქვს.

„თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ რევოლუციას არ აწყობს ოპოზიცია, რევოლუციას თავის თავს უწყობს ხელისუფლება. შესაბამისად, ეს თვითილოზაციის პროცესი, რასაც ხელისუფლების შესრულებით ვაკვირდებით, როდესაც არაფრის მოსმენა არ უნდათ, როდესაც ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერიას პრინციპით მოქმედებს – საბოლოო ჯამში, მიდის თვითიზოლაციამდე. ის მოთხოვნები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, პროპორციული წესით არჩევნები მაქვს მხედველობაში, ეს არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა, ან თუნდაც პოლიტიკური სპექტრის მოთხოვნა.

ეს არის ქართული სახელმწიფოსთვის აუცილებელი ცვლილებები. ხელისუფლების ლოგიკა არის ასეთი – კიდევ 4 წელი მაცალეთ, ჩემს ჭიას გავახარებ და 2024 წელს რაღაცას ვიზამ. როდესაც ხელისუფლება ასე ლაპარაკობს, ყველა შეურაცხყოფილად გრძნობს თავს და იმ მცირე მორალურ უპირატესობსაც კარგავს. ხელისუფლებას არ აქვს იმისი ფუფუნება, რომ წაუყროს მოვლენებს, ჩაიკეტოს კაბინეტში და ფეხების ბაკუნით ელაპარაკოს ყველას“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, თუ საქმე მივიდა სერიოზულ გართულებამდე, ეს არ მოხდება იმ მოტივით, რომ ოპოზიციას რამე შნო აქვს, არამედ იმის გამო მოხდება, რომ ხელისუფლება გაიჩალიჩებს.

„იმიტომ, რომ ხელისუფლება არის ყრუ და ბრმა. ამ ვითარებაში სააკაშვილი არის საფრთხობელა ხელისუფლებისთვის. სააკაშვილი გინდა ჩამოსულა გინდა არა. ერთი გატლეკილი კაცი სად იქნება, ამაზე საუბარიც არ მინდა. მე არ ვფიქრობ, რომ მიშას ჩამოსვლით რაღაცა მოხდება. თუ ჩამოვა კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და დაიჭიროს. არ მესმის, რატომ არიან ისტერიკაში, ხომ აქვთ გამოცხადებული, რომ უნდა დააკავონ. თუ ამის ზურგი არ აქვთ, მაშინ თავი გაგვანებონ და ნუ თამაშობენ სახლობანას, თითქოს რამეს წარმოადგნენ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.